ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 23 იანვარი 2020 10:20

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,  ლი იენს შეხვდა.

შეხვედრაზე ელჩმა მინისტრის მოადგილეს აცნობა, რომ ჩინურმა მხარემ დაასრულა შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“ შეთანხმებაზე. აღინიშნა, რომ შესაბამისი პროცედურები დასრულებულია საქართველოს მხრიდანაც, რის საფუძველზეც შეთანხმება უახლოეს პერიოდში შევა ძალაში.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხს. 

წაკითხულია 285 ჯერ

Related items

  • ჩინურ ვაქცინა „სინოფარმს“ უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ძალიან მაღალი დონე გააჩნია - აცხადებს ჩინეთის ელჩი

    ჩინურ ვაქცინა „სინოფარმს“ უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ძალიან მაღალი დონე გააჩნია. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჩინეთის ელჩმა საქართველოში ლი იენმა განაცხადა. პრესს-კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი. 

    როგორც ელჩმა ვაქცინის წარდგენისას ბრიფინგზე განაცხადა, „სინოფარმის“ ვაქცინა ტრადიციული და სანდო მეთოდითაა წარმოებული და მისი უსაფრთოხება საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდანაა აღიარებული.

    „ჩვენ საქართველოს მივაწოდეთ კომპანია „სინოფარმის“ მიერ წარმოებული ვაქცინა, რომელიც ტრადიციული, სანდო, ვირუსის ინაქტივირების მეთოდით არის დამზადებული. ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დონე ძალიან მაღალია. ეს ვაქცინა ამ მომენტისთვის არა მხოლოდ ჩინეთში გამოიყენება ფართოდ, არამედ მისი ექსპორტი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. მსოფლიოში გამოყენებულია 100 მლნ-ზე მეტი დოზა, - აღნიშნა ჩინელმა დიპლომატმა.

    მისივე თქმით, ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდანაა აღიარებული და მოწოდებული. ჩინური მხარე იმედოვნებს, რომ ჩინური ვაქცინა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს მიერ ეპიდემიის დამარცხების და ქართველის ხალხის სიცოცხლის, უსაფრთოხებისა და ჯანმრთელობის დაცვის საქმეში.

    "შემდეგ ეტაპზე ჩინეთი მზადაა, გააგრძელოს ქართულ მხარესთან ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის ვაქცინების მიმართულებით. მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ ჩინური ვაქცინა საქართველოს კოვიდ 19- ის ეპიდემიის მალე დამარცხებაში და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარების და ნორმალური ცხოვრების რეჟიმის აღდგენაში დაეხმარება“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

    მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინა ვირუსის საწინაააღმდეგო იარაღი და სიცოცხლის გადარჩენის იმედია. „კოვიდ 19-ის გლობალური პანდემიის დაწყებიდან ჩინეთი და საქართველო მუდამ ეხმარებიან და მხარში უდგანან ერთმანეთს. როგორ იტყვიან, „მეგობარი გასაჭირში იცნობაო“. 

    ლი იენის სიტყვებით, ვაქცინა ვირუსის საწინაააღმდეგო იარაღი და სიცოცხლის გადარჩენის იმედია. ჩინეთი მსოფლიოში ვაქცინის კვლევის, განვითარების და წარმოების და ვაქცინების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის პირველი ეშელონი იყო. "ჩინური ვაქცინების ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალურ ომში უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, - დასძინა ჩინელმა დიპლომატმა.

    თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ სანდოობაზე კითხვები არ არსებობს. როგორც მან ვაქცინის წარდგენისას აღნიშნა, საქართველოს ინტენსიური მიმოწერა აქვს ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომ ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ, დაიწყოს მსჯელობა, თუ როდის დაიწყება ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია საქართველოში.

    „როგორც იცით, უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული „სინოფარმი“, რის საფუძველზეც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმი“ შეიძლება დაშვებული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი „სინოფარმის“ ვაქცინით. შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან ის ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებიოთ ჩვენ გვაქვს ინტენსიური მიმოწერა ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც საბჭოებთან მსჯელობის შემდეგ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია საქართველოში უკვე შესაძლებელი“, - განაცხადა ე. ტიკარაძემ.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • სიღარიბეზე გამარჯვების ბუკმა დაჰკრა და ახალი მოგზაურობა დაიწყო

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ლი იენი

    ცოტა ხნის წინ, ჩინეთში სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა, სადაც პრეზიდენტმა სი ძინფინგმა საზეიმოდ განაცხადა, რომ ჩინეთმა სიღარიბის აღმოფხვრის ბრძოლაში სრული გამარჯვება მოიპოვა. ამჟამინდელი სტანდარტების თანახმად, 98.99 მილიონმა სოფლად მოსახლემ სიღარიბის ზღვარი გადალახა, 832 დაბამ და 128 000 სოფელმა სიღარიბეს თავი დააღწია და ამ სტატუსისგან განთავისუფლდა, რეგიონულ დონეზე სიღარიბის პრობლემა მოგვარდა და ჩინეთმა უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრის რთულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა. 1978 წელს რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის დაიწყების შემდეგ, ჩინეთში სულ 770 მილიონმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს, რაც ამავე პერიოდში გლობალურად სიღარიბისგან გათავისუფლებული მოსახლეობის 70% -ზე მეტს შეადგენს. ჩინეთმა თითქმის შეუძლებელი მისია ბოლომდე მიიყვანა. აბსოლუტური სიღარიბის აღმოფხვრა არა მხოლოდ ჩინეთისთვის არის დიდი მიღწევა, ეს მსოფლიოში სიღარიბის შემცირებისათვის კარგი მაგალითი და ამ საქმეში შეტანილი დიდი წვლილია.

    სიღარიბის დაძლევა ჩინეთის კომუნისტური პარტიის დამსახურებაა, რომლის ძირითადი მიზანიც მუდამ ხალხის სამსახურში ყოფნაა. პარტია არასოდეს ივიწყებს მის თავდაპირველ მისწრაფებასა და მისიას და დაუღალავად იბრძვის ჩინელის ხალხის ბედნიერებისა და ერის აღორძინებისათვის. 2012 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-18 ყრილობის შემდეგ, ცენტრალურმა კომიტეტმა და ამხანაგმა სი ძინფინგმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ზომიერად დოვლათიანი საზოგადოების“ მშენებლობის პროცესში ერთი ღარიბი რეგიონი, ერთი ღარიბი ადამიანიც კი არ უნდა დარჩეს. ამისათვის მთელი პარტია, მთელი ქვეყანა, ყველა ეთნიკური ჯგუფი მობილიზდა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევით გაიმარჯვა.

    საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ როდესაც ქვეყანაში ღარიბი მოსახლეობის რიცხვი მთლიანი მოსახლეობის 10% -ზე ნაკლებია, სიღარიბის დაძლევა "უმძიმეს ფაზაში" შედის. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე -18 ყრილობის შემდეგ, სიღარიბის აღმოფხვრის ბრძოლაში ჩინეთი მართლაც ამგვარი სირთულის წინაშე აღმოჩნდა. იმ დროისთვის ჩინეთში ჯერ კიდევ 98,99 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა. ერთად თავმოყრილი ღარიბი რეგიონები, მკაცრი ბუნებრივი პირობები, მთავარი სამრეწველო დარგებისა და სამუშაო ადგილების ნაკლებობა - ეს ის სიძნელეები და დაბრკოლებები იყო, რომელიც "ზომიერად დოვლათიანი საზოგადოების მშენებლობის" დიადი მიზნისა და დაპირების ასრულების გზაზე სიღარიბის დასაძლევად უნდა გადაელახა ქვეყანას.

    სიღარიბის აღმოფხვრის მიზნით, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ზუსტი კონცეფცია წამოაყენა. იგი სიღარიბის დაძლევის ინოვაციურ მექანიზმს სათავეში ჩაუდგა და ისეთი კომპლექსური ღონისძიებები გაატარა, როგორიცაა წარმოების განვითარება, განსახლება, ეკოლოგიური ზარალის ანაზღაურება, განათლების განვითარება და სოციალური დაცვა. ჩინეთმა სრულად გამოიყენა სოციალისტური სისტემის პოლიტიკური უპირატესობები და დიდი საქმეების გასაკეთებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ერთ საჭადრაკო დაფაზე ძალების კონცენტრირება და კოორდინირება მოახდინა. აღმოსავლეთის განვითარებულმა რეგიონებმა ღარიბი ცენტრალური და დასავლეთის რეგიონების დახმარება დაიწყეს. მე-18 ყრილობის შემდეგ, ჩინეთმა თითქმის 1,6 ტრილიონი იუენის ინვესტიცია განახორციელა სიღარიბის დაძლევის ფონდებში. ყოველწლიურად საშუალოდ 10 მილიონი ადამიანი აღწევდა სიღარიბეს თავს, რითაც ჩინეთმა სიღარიბის აღმოფხვრის საქმეში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია და სიღარიბის დაძლევის მსოფლიო მატიანეს ბრწყინვალე თავი შეჰმატა.

    ამავდროულად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა ფინიში არ არის. ჩინეთი კვლავ მსოფლიოში ყველაზე დიდი განვითარებადი ქვეყანაა. წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა დაუბალანსებელი და არასაკმარისი განვითარების პრობლემის გადასაჭრელად, ქალაქებისა და სოფლების  განვითარებას შორის ჩამორჩენის შესამცირებლად, ადამიანების სრულად განსავითარებლად, მთელი ერის საერთო კეთიდლღეობის მისაღწევად. ჩინეთი ახლანდელი მიღწევებით სიამაყესა და თვითკმაყოფილებას არ მიეცემა, არ მოდუნდება და არ შეისვენებს. პირიქით, ხელსაყრელი მომენტით ისარგებლებს, მიღწეულს არ დასჯერდება და ბრძოლას გააგრძელებს. ჩინეთი განამტკიცებს და გააფართოებს სიღარიბის დაძლევით მიღწეულ შედეგებს და მათ სოფლის აღორძინებას ეფექტურად დაუკავშირებს, შეინარჩუნებს დახმარების პოლიტიკის საერთო სტაბილურობას, განამტკიცებს სიღარიბის დაძლევის მიღწევებს, რათა ხალხმა მიიღოს უფრო არსებითი სარგებელი, უზრუნველყოფილი ბედნიერება და მდგრადი უსაფრთხოება.

    ჩინეთში უძველესი დროიდან არსებობდა ფილოსოფიური კონცეფცია, რომელიც "მთელ სამყაროს, როგორც ერთ საზოგადოებას" განიხილავდა, ასევე არსებობდა იდეა სიღარიბის დაძლევის შესახებ. მიზანს მივაღწიეთ და გვსურს სიკეთე სხვებსაც გავუნაწილოთ, ამიტომ მზად ვართ მსოფლიოს გავუზიაროთ სიღარიბის დაძლევის თეორია და პრაქტიკა და "ჩინური გამოცდილება". ჩინეთი გააგრძელებს სიღარიბის შემცირების საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობას, სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარება განვითარებად ქვეყნებს და მსოფლიოში სიღარიბის შემცირების საქმეში ძალისხმევას არ დაიშურებს. ჩინეთი მზადაა სხვა ქვეყნებთან ითანამშრომლოს, რათა სტიმული მისცეს სიღარიბის შემცირების საერთაშორისო პროცესს, აქტიურად შეუწყოს ხელი გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მიხედვით სიღარიბის აღმოფხვრის მიზნის დროულად განხორციელებას და "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" შექმნას, სადაც არ იქნება სიღარიბე და იქნება ერთობლივი განვითარება.

  • ჩინეთი სიღარიბის დამარცხებას აღნიშნავს

    ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთს შეერთებული შტატების „მთავარ მეტოქეს“ უწოდებს და მასთან ხანგრძლივი სტრატეგიული კონკურენციისთვის ემზადება. ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი კი ამასობაში სიღარიბის დაძლევაში 40–წლიან ბრძოლას მოგებულად აცხადებს და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე გადასვლას გეგმავს. ევროკავშირის ქვეყნებში კი, ჩინეთს ერთდროულად აღიქვამენ როგორც პარტნიორს, ასევე როგორც კონკურენტს და ზოგჯერ – მოწინააღმდეგეს.

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის სი ძინპინის განცხადებით, მისმა ქვეყანამ სიღარიბე დაძლია და ამ მხრივ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ბოლო 8 წლის განმავლობაში სიღარიბის ზღვარი ჩინეთში 850 მილიონამდე ადამიანმა გადალახა, ხოლო სიღარიბის აღმოფხვრის მიზნით ჩინეთმა 1,6 ტრილიონი იუანი (246 მილიარდი აშშ დოლარი) გაიღო.  

    ამ განცხადებამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე აშშ–ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა: „ჩვენ უნდა ვემზადოთ ჩინეთთან ხანგრძლივი სტრატეგიული კონკურენციისთვის“. მანამდე კი, სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას მან ჩინეთი მოიხსენია, როგორც აშშ–ს მთავარი მეტოქე. თუმცა ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია მისთვის, ტელეფონით ესაუბრა ჩინეთის ლიდერთან. ამ დიალოგის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ბაიდენმა ჩინელებზე განაცხადა: „თუ ჩვენ არ გავინძრევით, ისინი შეჭამენ ჩვენს სადილს!“  

    რაც შეეხება ევროკავშირის დამოკიდებულებას, გაერთიანების ქვეყნები ჩინეთს აღიქვამენ ერთდროულად როგორც პარტნიორს, კონკურენტს და ზოგჯერ – მოწინააღმდეგეს. ახალი წლის წინ კი, ჩინეთსა და ევროკავშირს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა, რასაც აშშ–ს და ევროკავშირის ზოგიერთი წევრის თითქმის ღია უკმაყოფილება მოჰყვა. თუმცა, ხელშეკრულებას მხარი დაუჭირეს გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა.

    მსოფლიო ბანკის მონაცემები ასევე ადასტურებს ჩინეთის მთავრობის წარმატებებს და მიუთითებს, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში სიღარიბეს აქ 850 მლნ ადამიანმა დააღწია თავი. თავად ჩინეთის ლიდერი აცხადებს, რომ 1978 წლიდან, როცა ქვეყანაში დაიწყო რეფორმებისა და გამჭვირვალობის პოლიტიკა, სიღარიბე 770 მლნ ადამიანმა დაძლია.

    ამ მიზნის მიღწევისკენ ჩინეთმა სვლა მართლაც ჯერ კიდევ 1978 წლიდან დაიწყო და უკვე იმ პერიოდში ჩინური რეფორმების „არქიტექტორმა“ დენ სიაოპინმა „საშუალო შემოსავლების მქონე საზოგადოების“ შექმნის შესახებ იდეა გააჟღერა. ამ იდეის საბოლოო მიზნად ჩინეთის მოდერნიზაცია სახელდებოდა.

    2002 წელს კი, ჩინეთის კომპარტიის მე–16 ყრილობაზე მიზნად იქნა დასახული, რომ ამგვარი საზოგადოების მშენებლობის პროცესი 2020 წლისთვის დასრულებულიყო. მაშინ სი ძინპინს ჯეძიანის პროვინციის პარტკომის მდივნის პოზიცია ეკავა და მხოლოდ იმ წელს, აღნიშნულ ყრილობაზე გახდა ჩინეთის კომპარტიის წევრი. ხოლო უკვე ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდგომ, 2012–2013 წლებში, თავისი წინამორბედების მსგავსად, მან სიღარიბის დაძლევა ეროვნული პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. მას შემდეგ ჩინეთის ლიდერმა ქვეყნის ყველაზე ღარიბ რეგიონებში ინსპექტირების მიზნით 50–ზე მეტი ვიზიტი განახორციელა.

    „მე მჯერა საქმისადმი რეალისტური მიდგომის, რაზეც საუბრობდა ჯერ კიდევ მაო ძედუნი. ფაქტები – ესაა ჭეშმარიტების საფუძვლები. რეალური მუშაობა – ესაა წარმატების საწინდარი. ამავე აზრს ატარებს ძველებური გამონათქვამიც: „ცარიელი, ზედმეტი საუბრები ღუპავენ ქვეყანას, ხოლო მის გამოცოცხლებას და წინსვლას რეალური, ეფექტური მუშაობა განაპირობებს“, – წერს ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი წიგნში „სახელმწიფო მმართველობის შესახებ“. 

    სიღარიბის ლიკვიდაციის პროგრამა მოიცავდა ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე გზების, ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზების მშენებლობას ყველაზე შორეულ რეგიონებში, მათზე სატრანსპორტო წვდომისა და ადამიანთა ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით; ასევე რთულად მისადგომი ადგილებიდან მილიონობით ადამიანთა ადგილმონაცვლეობას (სულ 9,6 მილიონი მცხოვრები), სახელმწიფო სუბსიდირებას (25 მილიონ დაბალშემოსავლიან მცხოვრებს გაურემონტდა საცხოვრებელი), სასოფლო დასახლებებში ბიზნესის მოზიდვას მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით; ფერმერების გადამზადებისა და მათთვის სპეციალური სასწავლო პროგრამების ორგანიზებას თამნამედროვე მეურნეობის წარმართვის და სავაჭრო საქმიანობაში მათი აქტიურად ჩართვის მიზნით. გარდა ამისა, დაბალშემოსავლიან რეგიონებში აშენდა სკოლები, ტექნიკუმები, სხვა სასწავლო დაწესებულებები, სადაც ბავშვები და ახალგაზრდები უფასოდ იღებენ განათლებას.

    თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სიღარიბე შედარებითი ცნებაა, ისევე როგორც შედარებითია მისი შეფასების კრიტერიუმები. ჯერ კიდევ 2010 წელს ჩინეთის მთავრობამ სიღარიბის ზღვრად სოფლად მცხოვრებთათვის 2300 იუანის (დაახლოებით 356 აშშ დოლარის) ოდენობის წლიური შემოსავალი მიიჩნია.  ამჟამად კი, ეს მაჩვენებელი 4000 იუანს (დაახლოებით 620 დოლარს) შეადგენს. ამ მაჩვენებლიდან გამომდინარე, ჩინეთის ხელისუფლებამ სიღარიბის ზღვარი დღეში 1,7 დოლარის ოდენობის შემოსავლით განსაზღვრა. თუმცა, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით, სიღარიბის ზღვრის საერთაშორისო მაჩვენებელი დღეში 1,9 დოლარის ტოლფას შემოსავალს შეადგენს.

    აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მაისში ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა გააჟღერა მაჩვენებელი, რომელიც თვალნათლივ მეტყველებს 1,4–მილიარდიანი მოსახლეობის მქონე ჩინეთში შემოსავლების განაწილების შინაარსზე. მისი თქმით, დაახლოებით 600 მლნ მცხოვრების შემოსავალი 1090 იუანამდეა (დაახლოებით 170 დოლარია) თვეში. შესაბამისად, ქვეყანაში რეალური, ფართო საშუალო კლასის ფორმირებამდე აბსოლუტურ სიღარიბეზე გამარჯვების გამოცხადება არასაკმარისია და ჩინეთს ამ მხრივ წინ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.

    2020 წელს ჩინეთისთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, სერიოზულ პრობლემად კოვიდ–19–ით გამოწვეული პანდემია იქცა. თუმცა, ქვეყნის ხელისუფლებამ შეძლო ეპიდემიის ნეიტრალიზება, მისი კონტროლზე აყვანა და ჩინეთი წარმოჩინდა, როგორც მსოფლიოში ერთადერთი მსხვილი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო, რომელმაც გასული წლის შედეგად მთლიანი შიდა პროდუქტის დადებითი ზრდის მაჩვენებელი დააფიქსირა.

    მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ჩინეთის განვითარების ახალი არქიტექტონიკა, რომელშიც პრიორიტეტი ადგილობრივ ბაზარს ენიჭება (ამასთან, საშინაო და საგარეო ბაზრები უზრუნველყოფენ ურთიერთზრდას), წარმოადგენს სტრატეგიულ არჩევანს ჩინეთის ეკონომიკის განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე გადასასვლელად. ჩინეთის ეკონომიკის მთლიანი მოცულობის ზრდამ 2020 წელს 100 ტრილიონ იუანს (დაახლოებით 14,9 ტრილიონ აშშ დოლარს) გადააჭარბა. 

    ჩინეთში აბსოლუტური სიღარიბის დაძლევა არა მხოლოდ ჩინეთის კომპარტიის და მთავრობის დამსახურებად მიიჩნევა, არამედ პირადად სახელმწიფოსა და კომპარტიის ლიდერის – სი ძინპინის მიღწევად. ეს კი შესანიშნავი საჩუქარია ჩინეთის კომპარტიის 100–წლისთავისადმი, რომელიც ქვეყანაში წელს აღინიშნება.     

    ვასო კაპანაძე

    საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, პოლიტოლოგი

  • ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებში პროფესიონალები ჩაერთვებიან

    ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის ღონისძიებებში სერტიფიცირებული პროფესიონალები ჩაერთვებიან.

    ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” მიერ „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში ხუთი ღვინის პროფესიონალი შეირჩა, რომლებიც, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით,  სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ჩაატარებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და  კომპანიის  „Meiburg Wine Media” პირველ ერთობლივ ოფიციალურ საგანმანათლებლო პროგრამას ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა.

    სერტიფიკატები მიიღეს შემდეგმა ღვინის პროფესიონალებმა: ღვინის მაგისტრი ჟულიენ ბულარი (Julien Boulard MW, კომპანია Zhullian Wines დამფუძნებელი); დორიან ტენგი (Dorian Tang, კომპანია ASC Fine Wines ნაციონალური განათლების დირექტორი; ლინგზი ჰე (Lingzi He, გრაპეას ინსტიტუტის დირექტორი);  ტანგ ზუ (Tang Zhu, საკონსულტაციო კომპანია Dragon Phoenix-ის ღვინის ლექტორი); რაინტრე ჯუნ ვეი (Raintree Jun Wei,  ღვინისა და სპირტიანი სასმელების საკონსულტაციო კომპანია Tasting Annex-ის დამფუძნებელი, დირექტორი და მთავარი კონსულტანტი). მათ  პროგრამის ფარგლებში შეისწავლეს ქართული ღვინის წარდგენა, თეორია, დეგუსტაცია და პრაქტიკა, ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია, კულტურა და ტრადიციები.

    ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება.

    სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო

  • მთლიანი პასუხისმგებლობა გახელაძის საქმეზე რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რომელიც ცდილობს ამგვარი აგრესიით გადაფაროს საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერა - ლაშა დარსალია

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძისთვის 12 -წლიანი სასჯელის დაკისრებაზე ისაუბრა და ამ ნაბიჯს რუსეთის პროვოკაცია და ჰიბრიდული ომის ნაწილი უწოდა.
    მისი თქმით, რუსეთი ამგვარ ნაბიჯებს  სპონტანურად არ დგამს და მას თავისი კონკრეტული ამოცანები და  გეგმა აქვს. „ვითარების მაქსიმალურად დაძაბვა და ესკალაცია არის სწორედ იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს და ამ ომს როგორც საგარეო-პოლიტიკური, ისე საშინაო განზომილება გააჩნია“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
    როგორც ლაშა დარსალიამ დასძინა, რუსეთის საგარეო-პოლიტკური გზავნილი როგორც საქართველოს პარტნიორების, ისე შიდა საზოგადოებისთვის არის ის, რომ რაც არ უნდა დიდი იყოს რუსეთზე ზეწოლა, ის მაინც გააგრძელებს თავის დესტრუქციულ ნაბიჯებს. ამასთან,  ჰიბრიდული ომის  ერთ-ერთი მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ნიჰილიზმის დანერგვა და „იმ პროპაგანდისტული ეფექტის შექმნა, რომ თითქოსდა რუსეთი არის მოგებულ მხარეს, თითქოსდა რუსეთი არის ის, ვინც არ გადაიხდის არანაირ ფასს თავისი დესტრუქციული ქმედებებისთის.“
    ლაშა დარსალიას თქმით, ამგვარი აგრესიით და სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობით,  რუსეთი ცდილობს გადაფაროს საქართველოს მიმართ  საერთაშორისო საზოგადოების  მხარდაჭერა და ის, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი დღეს საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. როგორც მინისტრის მოადგილემ დასძინა, ამ მხარდაჭერას ადასტურებს ის ფაქტი, რომ „ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე რუსეთში ვიზიტისას საუბრობდა საქართველოს საკითხზე,  ასევე სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ლავროვთან საუბრისას საუბრობდა საქართველოს საკითხზე. ასევე  მინდა გაგახსენოთ ის 70-მდე რეზოლუცია, მოხსენებები, რომლებიც  ბოლო დროს არის მიღებული, მათ შორის ადმიანის უფლებათა დარღვევებზე თავად ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, ერთის მხრივ,  რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიორიებზე  რუსეთის ეფექტურ კონტროლზე და, მეორეს მხრივ, იქ მიმდინარე ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე, რაც ნიშნავს ეთნიკურ წმენდაზე რუსეთის პასუხისმგებლობას“ - განაცხადა დარსალიამ.  მინისტრის მოადგილის ცალსახა განცხადებით,  მთლიანი პასუხისმგებლობა გახელაძის საქმეზე  რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
    ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური