ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 22 იანვარი 2020 11:30
სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა.
 
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია.
 
მინისტრებმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზეც იმსჯელეს. შეხვედრის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა და ზაკირ ჰასანოვმა 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმეს, რაც თავდაცვის სფეროში ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და წარმატებულ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
 
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი გმირთა მოედანზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან ერთად იმყოფებოდა.
წაკითხულია 332 ჯერ

Related items

  • ი. ღარიბაშვილმა და ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა COVID-19-ის ვაქცინის დამატებითი დოზების მიღების პროცესში ჯანმოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

    ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან ვაქცინის დამატებითი დოზების უმოკლეს ვადაში მიღებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბრისას ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

    მხარეებმა COVID-19 პანდემიის კუთხით მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ვითარება მიმოიხილეს და საქართველოში ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი შეაფასეს.

    პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოსთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

     

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი (კოვიდ-19) დაუდასტურდა
    საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გეგმური ტესტირების შედეგად კორონავირუსი (კოვიდ-19) დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
    "პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავს კარგად გრძნობს. იგი თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს", - აღნიშნულია განცხადებაში.
  • პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად შეიქმნა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო

    საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს, რომელიც, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს. 
    ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოს საქართველოს მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს. 
    განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 
    განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არა უგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი. 
    ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური 

  • გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

    გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

    როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, გერმანია მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პროევროპული რეფორმების გატარებას და ასევე ტერიტორიულ მთლიანობას.

    „ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად კვლავ არჩევას. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი ორმხრივი ურთიერთობები ქმნის სანდო ჩარჩოს ნდობით აღსავსე თანამშრომლობისათვის ჩვენს მთავრობებს შორის.

    გერმანია, რომელიც ინტერესით ადევნებს თვალს აქტუალურ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს თქვენს ქვეყანაში, მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პროევროპული რეფორმების გატარებას და ასევე ტერიტორიულ მთლიანობას.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა. 

    ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე - ნატოში. 

    პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართავს. 
    16 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია. 

    17 მარტს მაღალი დონის შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატოში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. 

    საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური