კონფუცის ინსტიტუტის ქართველი და ჩინელი დირექტორები ჩინეთის ელჩს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 22 იანვარი 2020 09:59

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ქართველი და ჩინელი დირექტორები მარინე ჯიბლაძე და სუ კუოინგი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ლი იენს შეხვდნენ.

ელჩმა დაადასტურა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ეფექტური მუშაობა და დიდი წვლილი ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოხელეებიც გამოხატავენ ჩინური ენის შესწავლის სურვილს. აღსანიშნავია, რომ ისინი ამჟამად სწავლობენ და წარმატებით ეუფლებიან ჩინურ ენას თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში. საელჩომ გამოხატა დიდი მხარდაჭერა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მიმართ.

შეხვედრის დროს მოხსენება წარადგინეს დირექტორებმა კონფუცის ინსტიტუტის მიღწევების შესახებ, განიხილეს ჩინეთის საელჩოსთან თანამშრომლობის გზები; სტიპენდიის პოლიტიკა, მასთან არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, სახელმწიფო მოხელეების ვიზიტი ჩინეთში, ჩინელი მოხალისე პედაგოგების საკითხები.

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორმა მარინე ჯიბლაძემ, როგორც განათლების სამინისტროს ექსპერტმა, შეიმუშავა სკოლებში მეორე უცხო ენის - ჩინური ენის ეროვნული სასწავლო გეგმა, ხოლო თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი განათლების სამინისტროს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, ეხმარება სამინისტროს ადგილობრივი პედაგოგების გადამზადებასა და სასკოლო სახელმძღვანელოს მომზადებაში.

წაკითხულია 275 ჯერ

Related items

  • "ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა" - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ლი იენი

    ახალი კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ეპიდსიტუაციას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მისი ხელმძღვანელობით, ჩინეთის კომპარტიის ცეკას პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის 6 სხდომა ჩატარდა შესაბამისი ზომების მისაღებად. იგი პირადად ეწვია უხანს წინა ხაზზე მდგომარეობის გასაცნობად. იგი საკუთარი ინიციატივით ატარებს ნიღაბს, იზომავს ტემპერატურას და მთელი ქვეყნის მოსახლეობას აძლევს მაგალითს. იგი მეთვალყურეობს და კომპლექსურ კოორდინაციას უწევს ეპიდემიის კონტროლისა და წარმოების აღდგენის სამუშაოებს. პრეზიდენტ სი ძინფინგის მეთაურობით, ჩინეთის მთავრობამ გადამწყვეტი ზომები მიიღო, ყველაზე მკაცრი, ყოვლისმომცველი და რადიკალური ღონისძიებები გაატარა, ხოლო ჩინეთის 1.4 მილიარდიანი მოსახლეობა ერთ მუშტად შეიკრა, სახლში დარჩენისა და იზოლაციის დაცვისაკენ ხელისუფლების მოწოდებას აქტიურად გამოეხმაურა და ეპიდემიის შესაჩერებლად ბრძოლაში თითოეული მოქალაქე ჩაერთო. ჩინეთის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა დადებითი შედეგი გამოიღო, ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, წარმოება და ცხოვრება სწრაფად უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს. გარდა იმპორტირებული შემთხვევებისა, ჩინეთში შიდა გადაცემით გამოვლენილ დაავადებათა შემთხვევა ნულის ტოლია, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე 70 000-ზე მეტია.

    ჩინეთმა ფაქტობრივი ქმედებებით დაამტკიცა, რომ ახალი კორონავირუსის ეპიდემია კონტროლირებადი და განკურნებადია, ხოლო ჩინური მხარის მიერ გატარებული ღონისძიებები სწორი და ეფექტურია. ჩინეთის მიერ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის გატარებულმა სამუშაოებმა საერთაშორისო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, ჩინელმა ხალხმა ახალი კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული ნეგატიური გავლენის შესამცირებლად ყველა ღონე იხმარა, ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის მკაცრი ზომები გაატარა, უდიდესი მსხვერპლი გაიღო და მთელი კაცობრიობის წინაშე დიდი წვლილი შეიტანა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ჩინეთმა ეპიდემიის ქვეყნის შიგნით გავრცელების მართვასთან ერთად, მის სხვა ქვეყნებში გავრცელებასაც შეუშალა ხელი და მსოფლიოს მოსამზადებლად ძვირფასი დრო მოაგებინა. 

    ჩინეთი არასოდეს დაივიწყებს ეპიდემიის ყველაზე მძიმე წუთებში, საერთაშორისო საზოგადოების ძლიერ მხარდაჭერასა და უანგარო დახმარებას. ეპიდემიის გლობალურად გავრცელებით გამოწვეული მწვავე ვითარების წინაშე, ჩინეთი, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციაზე დაყრდნობით, მოუდუნებლად გააგრძელებს როგორც ქვეყნის შიგნით ეპიდემიის მართვას, ასევე სხვა ქვეყნებთან ეპიდემიასთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობას, გაუზიარებს მათ ეპიდემიასთან ბრძოლისა და განკურნების გამოცდილებას, რათა ერთობლივი ძალებით ვუპასუხოთ გლობალური პანდემიის გამოწვევებს. პანდემიამ სახელმწიფო საზღვრები არ იცის. ეს ეპიდემია მთელი მსოფლიოსათვის სერიოზული გამოწვევაა და საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევასა და რეაგირებას მოითხოვს. ეჭვს იწვევს ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა, რომ ტალახში ამოსვაროს ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩინეთის მიერ გაწეული ძალისხმევა და ჩირქი მოსცხოს გლობალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ჩინეთის წვლილს.

    ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირებისთანავე, საქართველოს მთავრობამ ეს სერიოზულად მიიღო, სწრაფი რეაგირება მოახდინა, გადამწყვეტი ზომები გაატარა, გაზარდა პრევენციისა და კონტროლის დონე და უზრუნველყო ეპიდსიტუაციის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება. ყოველივე ამას ჩინეთი დადებითად აფასებს. მჯერა, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობითა და ქართველი ხალხის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო ეპიდემიას მალე დაამარცხებს. ჩინეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, მზადაა აქტიური დახმარება გაუწიოს საქართველოს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

    ჩინური მხარე გააგრძელებს ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის სფეროში საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარებას. ქართული მხარის თხოვნის საპასუხოდ, ჩინეთმა თებერვლის თვეში უკვე მიაწოდა მასალები ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიების, ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის და სხვ. შესახებ. თებერვლის შემდეგ კი, უკვე რამდენჯერმე გადავეცით ამ მასალების განახლებული ვერსიები. ეს ყოველივე ეპიდემიასთან ბრძოლისას პრაქტიკაში დაგროვილი ძვირფასი გამოცდილებაა და გვჯერა, რომ საქართველოს ეპიდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. გარდა ამისა, ჩინურმა მხარემ უკვე ორჯერ მიიწვია ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ქართველი სპეციალისტები რამდენიმე ქვეყნისთვის გამართულ ვიდეო კონფერენციაზე შესაბამისი გამოცდილების გასაზიარებლად. კონფერენციაზე ჩინელმა სპეციალისტებმა დაწვრილებით ისაუბრეს ეპიდემიის გავრცელებისა და სპეციფიკის შესახებ, გაუზიარეს გამოცდილება ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის, კლინიკური მკურნალობის, საბაჟო სანიტარულ-საკარანტინო კონტროლის შესახებ და დაწვრილებით უპასუხეს მხარეების შეკითხვებს. მომავალში ჩინეთი მზადაა ქართული მხარის სურვილისა და საჭიროების მიხედვით, კიდევ გამართოს მსგავსი ღონისძიებები, ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის კუთხით საქართველოს გაუზიაროს „ჩინური გამოცდილება“ და „ ჩინური გეგმა“.

    ჩინური მხარე მზადაა შესაძლებლობის ფარგლებში საქართველოს დასახმარებლად. ჩინეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ქართული მხარისთვის ვირუსის გამოსავლენი 1000 ერთეული რეაქტივების ნაკრების გადაცემის თაობაზე. გარდა ამისა, ჩინეთის სიჩუანის პროვინციამ საქართველოს 420,000 აშშ დოლარის ღირებულების ვირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა. ჩინეთი ძალისხმევას არ დაიშურებს, საერთაშორისო ლოჯისტიკის შეფერხებით გამოწვეული სიძნელეების გადასაჭრელად, რათა ზემოხსენებული უახლოეს მომავალში გამოიგზავნოს საქართველოში, დაეხმაროს საქართველოს გააუმჯობესოს ვირუსის გამოვლენის შესაძლებლობები და სიჩქარე და უკეთ უზრუნველყოს ეპიდემიის პრევენცია და კონტროლი. გარდა ამისა, ჩინეთი კიდევ შეისწავლის საქართველოსთვის სხვა სახის მატერიალური სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხს.

    ცნობილი ჩინელი პოეტი ლი პაი წერდა: „დრო მოვა, ვერ შემაშინებს ქარი და ტალღები, გავშლი იალქნებს და გადავსერავ უკიდეგანო ლურჯ ზღვას“. ქართული ანდაზის მიხედვით, ხანი გაივლის, ჭირი გადაივლისო. ვირუსი ულმობელია, ადამიანი კი - ლმობიერი. ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამოწვევის წინაშე ჩინელები მეგობარი ქართველების გვერდით ვართ, უბედურების ჟამს ერთმანეთს ვეხმარებით და დროებით სირთულეებს ერთად გავუმკლავდებით. დარწმუნებული ვარ, ეპიდემია მალე ჩაქრება და მასთან ბრძოლაში გამობრძმედილი ჩინურ-ქართული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო ძლიერ განვითარდება.

  • საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი დროებით გადაიდო

    კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სადეზინფექციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება დროებით გააიდო და 2020 წლის 06 და 07 მარტს აღარ ჩატარდება (იხ. ბრძანება #334).

    ტესტირების ჩატარების ზუსტი თარიღის შესახებ განახლებული ინფორმაცია მოგვიანებით განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ და სოციალურ გვერდებზე.

    დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 2 200 220 (შიდა 6).

  • ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან,  ლი იენთან.

    შეხვედრაზე ელჩმა მინისტრის მოადგილეს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე და ჩინეთის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან.

    ლი იენმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების გამო. აღინიშნა, რომ ასეთ მძიმე წუთებში მხარდაჭერის გამოხატვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

    ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველომ პარტნიორების დახმარებით, ჩინეთიდან რამდენიმე მოქალაქის ევაკუირება მოახდინა და მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს ამ პროცესში თანამშრომლობისთვის.
    ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისთვის, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი საკითხის არასწორი ინტერპრეტირება და თავიდან იქნას აცილებული ზედმეტი მღელვარება.
    მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი უმოკლეს ვადებში შეძლებს ვირუსის გავრცელების შეჩერებას და აღნიშნულ პროცესში ჩინეთის სამთავრობო წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

    შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხს.
     

  • თბილისში ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი დაფუძნდა

    ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი დაარსებულია ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის მიერ. აღნიშნული ჯგუფის ქოლგის ქვეშ ჩინეთში, ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა სასწავლებელი.

    ინსტიტუტი ემსახურება ჩინური ენის სწავლებას, იმ მრავალმხრივი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოებისთვის ჩინური კულტურის უკეთ გაცნობას და პირიქით. აგრეთვე, ჩინეთსა და საქართველოს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

    ჩვენი ინსტიტუტი არის საქართველოში პირველი სრულიად დამოუკიდებელი ამ ტიპის კერძო სასწავლებელი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფი საქართველოსთვის არის ერთ-ერთი სერიოზული ინვესტორი განათლების სფეროში, ამჟამად განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს დაახლოებით 3 მლნ ლარს, სამომავლოდ იგეგმება ინვესტირება პროფესიული განათლების სფეროში.

    2020 წლის 11 იანვარს, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის სათავო ოფისში გაიმართება ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი.

    ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ჩინეთის ელჩი საქართველოში ქალბატონი ლი იენ, სტუმრები განათლების სამინისტროდან, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, ასევე სპეციალურად ამ დღისთვის ჩინეთიდან პირველად ჩამობრძანდებიან მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეები: ბატონი უ ნი - ჩინეთის განათლების მეცნიერებების აკადემიის განათლების განვითარების და რეფორმების ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი სიუ ჭენგჭუნგ - განათლების განვითარებისა და რეფორმების ინსტიტუტის დირექტორი და სხვა სტუმრები.

    ცერემონიალზე სიტყვით გამოვლენ: ინსტიტუტის დამფუძნებელი ბატონი ქანგ ჭენგ, დირექტორი ქალბატონი ელი ელისაშვილი, ბატონი უ ნი, ბატონი სიუ ჭენგჭუნგ.

    ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყობა ინსტიტუტის დირექტორის ელი ელისაშვილის მიერ თარგმნილი პირველი ჩინურ-ქართული ლექსიკონის პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა ჩინეთში, ხოლო მეორე გამოცემა შესრულდება საქართველოში.

  • “ჩინური ენის ხიდის” გამარჯვებული ცნობილია

    დღეს, 12 ივნისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სტუდენტური „ჩინური ენის ხიდის“ შესარჩევი კონკურსი გაიმართა.

    კონკურსში მონაწილეობდა 6 სტუდენტი, რომლებიც პირველ ნაწილში საზოგადოების წინაშე ჩინურ ენაზე სიტყვით წარსდგნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოავლინეს ცოდნა ჩინეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ, მეორე ნაწილში კი წარადგინეს მხატვრული ნომრები.

    “ჩინური ენის ხიდის” გამარჯვებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ლილიკო მოწონელიძე გახდა, ის გაემგზავრება ჩინეთში ფინალურ კონკურსზე და წარადგენს საქართველოს.

    მეორე ადგილი თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, მარიამ ფაცურიამ დაიკავა, რომელიც გაემგზავრება გულშემატკივართა 2 კვირიან ბანაკში ჩინეთში და დაესწრება ფინალურ კონკურსს.

    მესამე ადგილის მფლობელი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, შოთა გაფრინდაშვილი გახდა.

    კონკურსის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის იეროგლიფების კონკურსისა და სასკოლო ოლიმპიადის „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. იეროგლიფების კონკურსის პირველი ადგილი თბილისი ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ანი მაჩაიძემ მოიპოვა.

    კონკურსს ესწრებოდნენ ჩინეთის საელჩოს მრჩეველი წუო ხუნგპო და სხვა წარმომადგენლები.

    შეგახსენებთ რომ “ჩინური ენის ხიდი” საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის ჩინური ენისა და კულტურის მცოდნე საუკეთესო სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. ფინალი იმართება ჩინეთში, სადაც საუკეთესო მონაწილეებიდან მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული.

    ღონისძიების ორგანიზატორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერისტეტის კონფუცის ინსტიტუტი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური