გაერო-ს ეგიდით მიღებული რეზოლუცია ”თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის” თაობაზე, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მსოფლიო პოლიტიკაში, აცხადებს თურქმენეთის ელჩი საქართველოში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 18 იანვარი 2020 13:44

1995 წლის 12 დეკემბერი თურქმენეთის ხალხის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია. ოცდახუთი წლის წინ, გაეროს 185 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერით მიღებული სპეციალური რეზოლუცია ”თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის” თაობაზე, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მსოფლიო პოლიტიკაში. ამის შესახებ თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დოვლეტ მურატოვმა განაცხადა საელჩოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

მისივე თქმით, თურქმენეთი არ შედის არც ერთ სამხედრო ბლოკში, რაც სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტიაა. „მიმდინარე წელს შესრულდა 25 წელი მას შემდეგ რაც თურქმენეთმა მუდმივი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და ამასთან დაკავშირებით წელს თურქმენეთში დაგეგმილია მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება“, - აღნიშნა თურქმენეთის ელჩმა.

გარდა ამისა, დ. მურატოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 12 დეკემბერი არის ნეიტრალიტეტის გამოცხადების საერთაშორისო დღე, ხოლო 2020 წელი აღიარებულია მსოფლიოში ნეიტრალიტეტის და მშვიდობის საერთაშორისო წლად.

„იმ ძალისხმევიდან გამომდინარე, რასაც თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი ეწევა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განსამტკიცებლად, მიმდინარე წელი ასევე გამოცხადდა როგორც „თურქმენეთი - ნეიტრალიტეტის სამშობლო“- დაამატა ბატონმა ელჩმა.

ამ დღესასწაულის დაწესების ინიციატივა გამოთქვა თურქმენეთის სახელმწიფო მეთაურმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა 2015 წლის 12 დეკემბერს აშხაბადში გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე.

თურქმენმა დიპლომატმა ასევე დაამატა, რომ დღეისათვის თურქმენეთის ნეიტრალიტეტი მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგიონალური უსაფრთხოებისთვის. მისი ძირითადი პრინციპები სრულად შეესაბამება გაეროს სტრატეგიულ მიზნებს ცენტრალურ აზიაში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის მშვიდობისა და თანამშრომლობის ზონად გადაქცევას, კონტინენტური სტაბილურობის მძლავრ კავშირს. ამ კონტექსტში გაეროს ყოველთვის შეუძლია იმედი ჰქონდეს თურქმენეთის მხარდაჭერის.

„ნეიტრალიტეტის იურიდიული სტატუსი თურქმენეთის ხალხის მშვიდობისმოყვარე ტრადიციების უმაღლესი გამოვლინებაა და, რა თქმა უნდა, ითვლება ფენომენად საერთაშორისო სამართლის სისტემაში. ნეიტრალიტეტს პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი განიხილავს, როგორც გეოპოლიტიკური ინტერესების გაერთიანების მექანიზმს, მნიშვნელოვან ფაქტორს რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ცივილიზებული დიალოგის კონსტრუქციულ საფუძველს“, - ხაზი გაუსვა დოვლეტ მურატოვმა.

ავთანდილ ოთინაშვილი

წაკითხულია 552 ჯერ

Related items

  • ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის დახვედრის ღონისძიებაზე

    კითხვა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის ვიზიტთან დაკავშირებით?

    აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი: ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს საქართველოს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. მისი ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გრძელდება მჭიდრო ურთიერთობები. უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ, თუ კიდევ რა შეიძლება გააკეთონ ჩვენმა მხარეებმა ერთობლივად, რომ გაძლიერდეს საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. მოხარული ვართ, რომ ოსტინი საქართველოში იმყოფება და მოუთმენლად ველით დატვირთულ და ნაყოფიერ შეხვედრებს.

    აშშ-ის საელჩო საქართველოში

     

  • აზერბაიჯანის საელჩომ დამოუკიდებლობის დღის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი „გამარჯვების მარათონი“ მოაწყო

    საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და სხვა ორგანიზაციების მეშვეობით, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი „გამარჯვების მარათონი“ მოეწყო. გარბენმა სტარტი გუშინ  თბილისში, ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღო და რუსთავში დასრულდა.

    „გარბენი სიმბოლურად 30 კილომეტრი იყო, რაც დამოუკიდებლობის 30 წლისთავს ემთხვევა. როგორც მოგეხსენებათ, 1991 წლიდან აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა აღადგინა და დღეს ჩვენს თანამემამულეებთან ერთად აღვნიშნავთ ამ ღირშესანიშნავ დღეს“, – განაცხადა თავის გამოსვლაში საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფაიგ გულიევმა.

    გარბენში მონაწილეობის მიღება 18 წელს ზემოთ, ნებისმიერ მსურველს შეეძლო. დაჯილდოების ცერემონია რუსთავში, ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერში გაიმართა. მონაწილეებს სხვადასხვა პრიზი და სერთიფიკატები გადაეცათ.

    ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.

    „18 ოქტომბერს აზერბაიჯანი აღნიშნავს კონსტიტუციის მიღების და დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს, რის შესაბისადაც აზერბაიჯანის საელჩომ ეს საზეიმო ღონისძიება მოაწყო. მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და მივულოცო აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ბევრ ერთობლივ პროექტებს ანხორციელებენ“, – აღნიშნა გამოსვლაში ლაშა დარსალიამ.

    „გარჯვების მარათონი“ მოაწყო საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ, საქართველოს აზერბაიჯანელ სპორტსმენთა ასოციაციამ, აზერბაიჯანის ნავთობკომპანია SOCAR-ის წარმომადგენლობამ საქართველოში, აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ასოციაციამ, აზერბაიჯანის ხირდალანის მუსიკალურმა სკოლამ და მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმმა.

  • ელჩმა წარადგინა პრეზენტაცია საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ტურისტული შესაძლებლობების შესახებ
    მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ჩინეთის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს გუანდუნგის კომიტეტის ორგანიზებით, ქ. გუანგჭოუში 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის საერთაშორისო ექსპოს ფარგლებში, გაიმართა გუანდუნგის ბიზნეს შესაძლებლობათა ხელშეწყობის საერთაშორისო კონფერენცია - „აღმოაჩინე საქართველო“ (Guangdong International Business Opportunities Promotion Conference – „Explore Georgia“). აღნიშნული ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი მთავრობისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი, არჩილ კალანდია, ჩინეთის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს, გუანდუნგის კომიტეტის პრეზიდენტი, ფანგ ლისიუ და ქ. გუანგჭოუში არსებული სარტყელისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის დამფუძნებელი, ბექა მიქაბერიძე.
    ელჩმა წარადგინა პრეზენტაცია საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოსა და ტურისტული შესაძლებლობების შესახებ. ასევე აღინიშნა, საქართველოსა და ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩინეთის წამყვან პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მნიშვნელობა.
    თავის მხრივ, ფანგ ლისიუმ ხაზი გაუსვა ჩინური მხარის მზარდ ინტერესს, რეგიონში ქართული პროდუქციის იმპორტის მიმართ და გამოხატა მზადყოფნა, საელჩოსთან კოორდინირებული მუშაობისთვის.
    ბექა მიქაბერიძემ გააცნო დამსწრე საზოგადოებას, ქართული ბიზნეს სახლის კონცეფცია და საქმიანობა, რაც ხელს უწყობს რეგიონში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას.
    კონფერენციის დასასრულს, ჩინეთის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს გუანდუნგის კომიტეტსა და სარტყელისა და გზის ინიციატივის საქართველოს ბიზნეს სახლს შორის, გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ (Memorandum of Understanding between CCPIT Guangdong and Belt and Road Georgian Business House).
    აღსანიშნავია, რომ გუანდუნგის პროვინცია, ჩინეთში როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობით (ჩინეთის მთლიანი მშპ-ს 12 პროცენტი), ასევე მოსახლეობის მხრივ (116 მილიონი) პირველ პოზიციას იკავებს.
  • “მსოფლიო დღე ავტომობილების გარეშე”- კარლ ჰარცელის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება

    მიუხედავად ბოლო დღეების მოვლენებისა, მინდა შეგახსენოთ, რომ “მსოფლიო დღეს ავტომობილების გარეშე” აღვნიშნავთ. ეს ყოველწლიური ღონისძიება ევროპის მრავალ ქალაქში აღინიშნება!
    ამ დღის დაწესების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დაგვაფიქროს პატარა თუ დიდი ქალაქების მომავალზე, იმაზე, თუ როგორ გარდავქმნათ ისინი უფრო მწვანე, მშვიდ და ჯანსაღ საცხოვრებელ ადგილებად.
    საქართველოში ჰაერის დაბინძურების 70%–ს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გამონაბოლქვი იწვევს.  თბილისში, ეს მონაცემი კიდევ უფრო მაღალია და მთლიანი დაბინძურების დაახლოებით 90% -ს შეადგენს.
    ჰაერის დაბინძურება უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე, რაც ზრდის რესპირატორული ინფექციების, დაღლილობის, გულისა და ფილტვების დაავადებათა რისკს.
    ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება  ევროკავშირის მთავარი მიზანია, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ისე აქ, საქართველოში.
    ამ მიზნის მისაღწევად საქართველოში მრავალი წელია   ვმუშაობთ  და გვაქვს დიდი მოლოდინი, ასევე გეგმა, რომ მოხდეს დამატებითი აღჭურვილობის შეძენა და ჰაერის დაბინძურების უკეთ გაკონტროლება.  
    ასევე, გავაგრძელებთ უფრო მდგრად სატრანსპორტო ალტერნატივებში ინვესტირებას, რომ ყველას მოგვეცეს შესაძლებლობა ვისუნთქოთ უფრო სუფთა ჰაერით და ვიცხოვროთ უფრო   ჯანსაღად. 
    იმედი მაქვს, შემოგვიერთდებით! ნება მიბოძეთ, ყველას გისურვოთ დღე ავტომობილების გარეშე!
     
    იხილეთ ვიდეო: https://bit.ly/2XD20pg

  • ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი წარადგინა

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოზიციაზე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ჯონ ბასი წარადგინა.

    ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    ჯონ ბასი საქართველოში ელჩის თანამდებობაზე 2009-2012 წლებში იმყოფებოდა.

    ის კარგად იცნობს საქართველოს და არაერთი განცხადება აქვს თავის დროზე გაკეთებული, მათ შორის სასამართლო სისტემისა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. გასული წლის საახალწლო ვიდეო-მილოცვაში, რომელიც ამერიკის საელჩომ ყოფილი ელჩების მონაწილეობით გაავრცელა, ჯონ ბასი ამბობდა, რომ საქართველო ძალიან ენატრება.

    წყარო: ტელეკომპანია "მთავარი"

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური