სამმხრივმა მინისტერიალმა კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მზადყოფნა კავშირების გაღრმავებაზე - დ. ზალკალიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 24 დეკემბერი 2019 10:30

23.12.2019 თბილისი - თბილისში,  საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მერვე შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა  ერთობლივ განცხადებას და „2020-2022 წლების სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის ახალ სამოქმედო გეგმას. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, აღნიშნული ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის ყოვლისმომცველ და წარმატებულ მექანიზმს წარმოადგენს: „ეს ფორმატი კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, განვიხილოთ სამმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი სხვადასხვა მიმართულებით“. მინისტრის მიხედვით, ის ფაქტი რომ დღეს გამართული შეხვედრა რიგით მერვეა, სამმხრივ ფორმატში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მყარი პოლიტიკური დიალოგის მაჩვენებელია.

„ორმხრივ დონეზე, საქართველოს სამაგალითო ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ეს ორი ქვეყანა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია; ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვა მრავალ სფეროს“ აღნიშნა დავით ზალკალიანმა. 

დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას და „2020-2022 წლების სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის ახალ სამოქმედო გეგმას“ - სამმხრივი ფორმატის მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს ყველა სფეროში სამი ქვეყნის საერთო ინტერესების კონკრეტულ ქმედებებსა და გეგმებს, ასევე, სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის მექანიზმებს.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ რეგიონულ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე დისკუსიას. დაფიქსირდა ტრანსკასპიური მილსადენის პროექტის რეალიზაციის მნიშვნელობა და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის როლი, კასპიის რეგიონიდან ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების ტრანსპორტირების საკითხში და ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ხაზი გაესვა უკვე წარმატებულად განხორციელებულ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის ენერგეტიკულ პროექტებს. ამავდროულად, მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს კოორდინაცია სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის სრულყოფილად რეალიზაციისათვის. ასევე, აღინიშნა ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტის მე-2 ეტაპის დასრულების მნიშვნელობა.

„აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სტრატეგიული მდებარეობისა და სატრანსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, ცხადია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის გაღრმავებას ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის. ამ თვალსაზრისით, გამოვხატეთ მზაობა, განვაგრძოთ მჭიდრო ურთიერთობა მაქსიმალურად მიმზიდველი პირობების უზრუნველსაყოფად და ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოსაჩენად. გამოვყავით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი, რომელიც საგრძნობლად ამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს და ხარჯებს და გახდა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კონკურენტუნარიანი მარშრუტი“.

შეხვედრაზე აღინიშნა სამი ქვეყნის განსაკუთრებული როლი ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის საკითხში, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და გააძლიერებს ხალხთა შორის კონტაქტებს. ამასთან, დაფიქსირდა ერთობლივი მიდგომა, რომ ხელი უნდა შეეწყოს ბიზნეს-წრეებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას, სამმხრივი ბიზნეს-ფორუმების ჩატარებას, მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურებას.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებს. „უდავოა, რომ არსებული კონფლიქტები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას, საერთაშორისო სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ასევე, აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას“, აღნიშნა დავით ზალკალიანმა. ამასთან, დაფიქსირდა, რომ აღნიშნული კონფლიქტები და დავები უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების გათვალისწინებით.

„შეჯამების სახით, კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მზადყოფნა კავშირების გაღრმავებაზე, რაც არსებული ურთიერთობების გამორჩეულად მზარდი დინამიური ხასიათის გამოძახილია“ -  აღნიშნა პრესკონფერენციის დასასრულს დავით ზალკალიანმა. 

მინისტერიალის ფარგლებში მედიისთვის განცხადებები გააკეთეს აზრებაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებმაც ასევე მაღალი შეფასება მისცეს, საქართველოში გამართულ მინისტერიალს და ამ ფორმატში სამი ქვეყნის თანამშრომლობას. 

წაკითხულია 708 ჯერ

Related items

  • საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო (ვიდეო)

    საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე (ევრო 2022) ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. ისტორიულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

    შეხვედრა აზერბაიჯანელთა სწრაფი გოლებით დაიწყო. მეტოქემ ვილელას დუბლით კომფორტული ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. მიუხედავად ორბურთიანი ჩამორჩენისა, საქართველოს ნაკრებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და შესვენებამდე სხვაობის შემცირება შეძლო. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი გოლის ავტორი ელისანდრო გახდა.

    ჩვენმა გუნდმა ანგარიში მეორე ნახევარში, არჩილ სებისკვერაძის გოლით გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი პენალტით თალეს ფეიტოსამ გაიტანა.

    საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 26 იანვარს ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ გამართავს. 

    საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის D ჯგუფში ასპარეზობს. ამ ჯგუფში საქართველოსთან ერთად ასპარეზობენ ესპანეთი, ბოსნი-ჰერცოგოვინა და აზერბაიჯანი.

    ევროპის ჩემპიონატი ნიდერლანდებში მიმდინარეობს.

  • საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს

    საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას. დ. ზალკალიანმა Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნა მიუღებელია და დასძინა:  „ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - წერს ზალკალიანი "ტვიტერზე", რითაც სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას #standwithukraine უერთდება.

    შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, სხვადასხვა წყაროთი ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს ზრდის და, სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

    21 ნოემბერს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი ამ ოპერაციას დაიწყებს 2022 წლის იანვარში, ან თებერვალში. სააგენტო „ბლუმბერგის“ წყაროების თანახმად, რუსეთმა უკრაინაზე იერიში შესაძლოა დაიწყოს ბელარუსის ტერიტორიიდან, ან ანექსირებული ყირიმიდან, რასაც უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ.

     

  • ვაშინგტონი გააგრძელებს თბილისთან მჭიდრო კოორდინაციას რუსეთთან მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში

    2022 წლის 14 იანვარს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კარენ დონფრიდთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, საუბრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ინფორმაცია რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით და აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი დიალოგის, ასევე, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში კვირის განმავლობაში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

    საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოსთან აქტიური კომუნიკაციისა და კოორდინაციისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ გაჟღერებული გზავნილებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიული რიტორიკისა და ქმედებების ფონზე.

    საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსები. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მხარდაჭერა გამოუხატა საქართველოს და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორები განაგრძობენ საქართველოსთან მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს საკითხის განხილვის დროს და რომ საქართველოს შესახებ მოლაპარაკება არ მოხდება საქართველოს გარეშე. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მცდელობები ევროპაში გავლენის ექსკლუზიური სფეროების ლეგიტიმაციისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების მიზნით მიუღებელია. ასევე, ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.

    მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს. აშშ-ის მიერ ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კონსულტაციების ფარგლებში, 5 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, ესაუბრა აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს.

  • აზერბაიჯანი საკუთარ სამხედროებს თურქული პროგრამით გაწვრთნის

    აზერბაიჯანის უმაღლესი სამხედრო აკადემიის პროგრამა, თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამას შეესაბამება. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის მინისტრი უფროსი გენერალი ზაქირ ჰასანოვი ბაქოში პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანის უმაღლეს სამხედრო აკადემიას ეწვია და სტუდენტებსა და განათლების თანამშრომლებს შეხვდა. ჰასანოვმა აქ გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოძმე თურქეთის მორალურ-პოლიტიკურმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეორე ყარაბაღის ომში (2020 წლის 27 სექტემბერი - 9 ნოემბერი), სომხეთის 30-წლიანი ოკუპაციის წინააღმდეგ გამარჯვებაში.

    მან ასევე სასწავლო პროგრამის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და დაამატა: „უმაღლესი სამხედრო აკადემიის პროგრამა შეესაბამება თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სწავლების პროგრამას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა აზერბაიჯანის არმიაში პროფესიონალი ოფიცრების მომზადებისთვის.“

  • თურქეთ-სომხეთის ნორმალიზაციის პროცესის პირველი შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა

    თურქეთ-სომხეთს შორის დაწყებული ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში დანიშნული სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანკარა-ერევანის სპეციალური წარმომადგენლები პირველ შეხვედრა, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 14 იანვარს გაიმართება.

    შეგახსენებთ, რომ თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთთან ნორმალიზაციის ფარგლებში, ყოფილი ელჩი აშშ-ში, სერდარ ქილიჩი დაინიშნა, ხოლო სომხეთმა სერდარ ქილიჩის კანდიდატურა მისაღებად მიიჩნია და თავის სპეციალურ წარმომადგენლად პარლამენტის ახალგაზრდა ვიცე-სპიკერი, რობერ რუბინიანი დანიშნა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური