საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 23 დეკემბერი 2019 17:08

ჩვენ ვაფასებთ თურქეთთან განსაკუთრებულ ურთიერთობას და მივესალმებით სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას განაცხადა.

საუბრისას, ხაზი გაესვა საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სამმხრივ ფორმატს და აღინიშნა, რომ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-8 შეხვედრა თბილისში, რომელზეც სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობა განიხილება, ამ ფორმატის უნიკალურობას ადასტურებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში ანკარაში გაიმართება.

საუბარი ასევე შეეხო ერთობლივ პროექტებს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანს, რომლის ნაწილის - ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) ინაუგურაცია თურქეთში ახლახან გაიმართა, ასევე - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბრისას, ასევე აღინიშნა კულტურის სფეროში საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ხაზი გაესვა ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი ხაზგასმაა.  

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

წაკითხულია 295 ჯერ

Related items

  • გიორგი გახარია დავოსში ილჰამ ალიევს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

    მოკლე პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის კიდევ ერთი შეხვედრა ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონის დინამიკაზე მიუთითებს.
    საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს, ასევე - ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხებს.

    პრემიერ-მინისტრი გახარია  და პრეზიდენტი ალიევი შეთანხმდნენ, რომ ინტენსიური კომუნიკაცია მათ შორის მომავალშიც გაგრძელდება.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს

    განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დავოსში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რაფაელ მატეომ განაცხადა, კომპანიის დელეგაცია არსებული შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში უკვე იმყოფებოდა.

    მთავრობის მეთაური ინვესტორს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე ესაუბრა.
    პრემიერის განცხადებით, საქართველო არის სანდო და საიმედო პარტნიორი, რომელსაც ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მსოფლიოში მოწინავე პოზიციები უკავია.
    შეხვედრისას აღინიშნა ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის ტენდენცია, რასაც მსოფლიო გენერაციის ახალი წყაროების განვითარებით პასუხობს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ქარის ელექტროსადგურების პროექტების განვითარების შესაძლებლობაზე,  ქვეყნის მდიდარ ჰიდრორესურსებზე და ელექტროენერგიის ტრანზიტის პერსპექტივაზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის როლს რეგიონში და ევროკავშირის ბაზარზე.

    შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ACCIONA-ის წარმომადგენლობა გააგრძელებს მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან ქვეყანაში 200 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით.
    ACCIONA განახლებადი ენერგიისა და წყლის მენეჯმენტის სფეროში მსოფლიო ლიდერი კომპანიაა, რომელიც ექსკლუზიურად განახლებადი ენერგიის სექტორში ხუთ კონტინენტზე, 20 ქვეყანაში ოპერირებს. კომპანია ასევე საქმიანობს ქარის ტურბინების გენერატორების წარმოების სფეროში. ACCIONA-ის წლიური შემოსავალი 7,5 მილიარდ ევროს, ხოლო კომპანიის მიერ დასაქმებულთა რაოდენობა 38 000 ადამიანს აჭარბებს.

  • გიორგი გახარია როვნაგ აბდულაევს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა.

    საუბრისას ხაზი გაესვა „სოკარის“ მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს, რასაც ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

    აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თერჯოლასთან „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის გახსნას, სადაც უმეტესად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.

    შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. 

  • პრემიერ-მინისტრის განცხადება 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით

    ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

    პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომლის შექმნასაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი.  

    პირველ რიგში, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებთ არავის დარჩეს კითხვის ნიშნები. დამოუკიდებელი უწყების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ პასუხის გარეშე არ უნდა დატოვოს არც ერთი კითხვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ, ვავალებ როგორც შინაგან საქმეთა, ისე, განათლების სამინისტროებს, სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რომელიც აუცილებლად იქნება ღია და გამჭვირვალე.

    რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განათლების თუ ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს: 

    მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით კანონმდებლობის თუ პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ჯერ კიდევ გვაქვს წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები. პრაქტიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი სერვისების თუ ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში პროცესის მონაწილეთა კვალიფიკაციის ნაკლებობით არის განპირობებული. 

    ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება ერთად ვართ პასუხისმგებელი ლუკა სირაძის, მისი ოჯახის წინაშე, რომ წლების განმავლობაში არსებული სისტემური ხარვეზები მინიმუმამდე შევამციროთ.
    შესაბამისად, ვავალებ: 


    •  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად, უზრუნველყოს არასრულწლოვნებთან მომუშავე გამომძიებლების და მენეჯერების სპეციალიზაცია და შესაბამისი კრიტერიუმებით ფრთხილად შერჩევა, განახორციელოს მათი მუდმივი გადამზადება და მონიტორინგი.


    • ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში.


    • იუსტიციის სამინისტროს - წარმოადგინოს საკანონმდებლო ხედვა სახელმწიფოსთან შემხებლობაში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე.


    საქართველოს მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დააჩქარებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარმართავს ამ მიმართულებით დაწყებულ რეფორმას; პროცესის კოორდინაციას, არასრულწლოვანთა სფეროში მომუშავე პროფესიონალების და ყველა შესაბამისი აქტორის ჩართულობით, განახორციელებს ღიად და გამჭვირვალედ. ამაში გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი. 

    მიუღებელია მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყოველგვარი მცდელობა. ყველამ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

  • "მიუხედავად მიმდინარე დემოკრატიული პოლიტიკური პროცესებისა, მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ბიზნესგარემო იყოს სტაბილური და პოზიტიური"

    თავისუფალი, წარმატებული და ძლიერი ბიზნესი მნიშვნელოვანია, როგორც ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილების შემქმნელი, ასევე, როგორც  ქვეყნის განვითარების ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურმა  შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი წარადგინა და ხაზი გაუსვა, რომ ის იქნება ეფექტური მედიატორი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის.

    „ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი და სწრაფი კავშირი, რაც მიხეილ დაუშვილს აუცილებლად ექნება და თითოეული პრობლემა, რომელიც მასთან მივა, რამდენიმე წუთის, ან საათის განმავლობაში მოხვდება ჩემთან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

    პრემიერის შეფასებით,  სტაბილური გარემო ეკონომიკისა და ბიზნესისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

    „მსურს დაგარწმუნოთ, რომ მიუხედავად დემოკრატიული პოლიტიკური პროცესებისა, რომელიც ხდება ხან ქუჩაში, ხან პარლამენტში, ხან მედიაში და სხვადასხვა ადგილებში, ბიზნესისა და ეკონომიკისთვის მთავრობა გააკეთებს ყველაფერს და მიაღწევს მიზანს, რომ გარემო იყოს სტაბილური განჭვრეტადი და რაც მთავარია, პოზიტიური. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს საარჩევნო წელიწადი, წყნარად, მშვიდად, ინვესტიციების, ახალი სამუშაოს ადგილების შექმნის და კიდევ ბევრი საკანონმდებლო ცვლილების თვალსაზრისით, პირველ რიგში, თქვენთვის იყოს პროგნოზირებადი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება ის გარკვეული ბიუროკრატიული გამოწვევები, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში ბიზნესის წინაშე იდგა, დავები საბჭოს, ქონების მართვის, თუ სხვა მიმართულებებით.

    „უახლოესი წლების გამავლობაში ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება. ყველა ამ მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობას აქვს ძალზედ დიდი მნიშვნელობა.  ამას ექნება ქმედითი, სწრაფი, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, პრინციპებზე დაყრდნობილი მუშაობის ხასიათი. ბიზნესისა და  ეკონომიკისთვის პროგნოზირებადი და სტაბილური გარემო უნდა იყოს ძირითადი ამოცანა. მთავრობა და მე ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს. რა თქმა უნდა, თქვენი აღქმები და ის გადაცემის ეფექტი, რომელიც გაქვთ თქვენ, აქ მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ  უნდა ვიყოთ პარტნიორები და უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, გვყავდეს უფრო მეტი ძლიერი ქართული კომპანია და ერთად გავზარდოთ ქართული ეკონომიკა. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე და მომავალ წელს ბევრი სამუშაო გვექნება, წარმატებებსაც მივაღწევთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური