ჩინეთი და მისი სპეციალური ეკონომიკური ზონები - წარმატების საუკეთესო მაგალითი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ხუთშაბათი, 19 დეკემბერი 2019 15:43

2019 წლის 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით ჩინეთის ქალაქ თიენძინში დიდი წარმატებით  ჩატარდა სასწავლო სემინარი: „ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ზონების, სამრეწველო პარკების მშენებლობა და განვითარება“ განვითარებადი ქვეყნების ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც მდებარეობენ „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ მარშრუტის გასწვრივ. სასწავლო სემინარის მიზანს მრავალი წლის განმავლობაში არსებული „დიდი აბრეშუმის გზის“ ფორმატის შენარჩუნება, ასევე ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინის ინიციატივის „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ კიდევ უფრო განვითარება წარმოადგენდა. სასწავლო სემინარის კურსებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელორუსის, თურქმენეთის და ყირგიზეთის თვითმმართველობების ხელმძღვანელელმა პირებმა და ჟურნალისტებმა. კურსების მთავარი ამოცანა იყო ჩინეთის ეკონომიკური პოტენციალის გაცნობა და მათი გამოცდილების გაზიარება აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლებისათვის.

გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და საინფორნაციო სააგენტო „ნიუს დეი საქართველოს“ ხელმძღვანელობის სახელით, უღრმესი მადლობა გადავუხადოთ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჩინეთის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხთა მრჩეველს, მის აღმატებულება ვან ლიენფოს, ჩინეთის კომერციის სამინისტროს და თიენძინის კორპორატიულ კომპანია TEDA-ს, აღნიშნული კურსების ორგანიზებისათვის და იმ უდიდესი დახმარებისთვის, რომელიც აღმოუჩინეს სემინარის მონაწილეებს.   

საერთაშორისო ექსპერტების აზრით, სემინარი ორგანიზებული იყო ძალიან მაღალპროფესიონალურ დონეზე. სასწავლო სემინარს გააჩნია ისტორიული მნიშვნელობა, ვინაიდან იგი ადასტურებს ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინის ინიციატივის „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ მისწრაფებას რეგიონში ეკონომიკური აღმავლობისკენ და მშვიდობის განმტკიცებისკენ.

2013 წელს, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინმა წარადგინა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ანუ „ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ პროექტი. გრანდიოზული პროექტი გულისხმობს ჭანგ ციენისა (ძვ. წ. II ს.) და ჭენგ ხეს (ახ.წ. XV ს.) მიერ წამოწყებული სახმელეთო და საზღვაო სავაჭრო გზების აღდგენა-გაფართოებას.  პროექტი გულისხმობს ჩინეთის ქ. სიანიდან იტალიის ვენეციამდე სახმელეთო და ცუენჭოუდან ვენეციამდე საზღვაო „სარტყელის“ შექმნას.

საქართველოს განსაკუთრებული გეოგრაფიულ-პოლიტიკურ-სტრატეგიული მდებარეობის და, ასევე, რამდენიმე ათასწლოვანი ისტორიის გათვალისწინებით, რთულია მოიძებნოს ქვეყანა, რომელთანაც მას პირდაპირი ან ირიბი კავშირი არ ჰქონია. ბუნებრივია, საქართველოს მნიშვნელოვანი შეხება ჰქონდა „დიდ აბრეშუმის გზასთან“, რომელიც ძვ.წ. მეორე საუკუნიდან ახ.წ. მეთხუთმეტე საუკუნემდე ევროპასა და აზიას შორის ძირითად მაკავშირებელს წარმოადგენდა. 

ცხადია,  ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობები ასეთი დინამიკური თავიდანვე არ ყოფილა.  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ 1992 წელს – ერთ-ერთმა პირველმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. მე-20 საუკუნეში სავაჭრო ბრუნვა ამ ორ ქვეყანას შორის მხოლოდ 3.7 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. თუმცა, ბოლო წლებში ჩინეთის დაინტერესება ჩვენი ქვეყნით საგრძნობლად გაიზარდა, თუ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ეს გამოიხატებოდა ჩინური კრედიტებით ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ბოლო წლებში ჩინეთი უკვე თავად გვევლინება ერთ-ერთ მთავარ ინვესტორად და მოთამაშედ. ძალიან მალე ჩინეთი საქართველოს ნომერ მესამე სავაჭრო პარტნიორი გახდა, თურქეთის და აზერბაიჯანის შემდეგ. თუ 2006 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 115 მილიონი ამერიკული დოლარი იყო, 2014 წლისთვის ის 820 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

დღეისათვის ჩინეთი უკვე შეგვიძლია საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო ეკონომიკურ პარტნიორად მივიჩნიოთ, თუმცა, ჩინეთის ინტერესი მხოლოდ ახლა მძლავრდება და ეს ციფრები მომავალში საგრძნობლად გაიზრდება, ჩინეთი იწყებს ინვესტიციების განხორციელებას ენერგეტიკაში, სატრანსპორტო სისტემებში და ინფრასტრუქტურაში.

სემინარის ფარგლებში, სემინარის მონაწილეები იმყოფებოდნენ  თიენძინში, შენჭენში და პეკინში, სადაც დაათვალიერეს სპეციალური ეკონომიკური ზონები.

სპეციალური ეკონომიკური ზონები – ჩინეთის წარმატებული ექსპერიმენტი

სპეციალური ეკონომიკური ზონები უცხოელ ინვესტორებს ჩინეთში 1979 წლიდან იზიდავენ. ისინი ტენგ სიაოფინგის ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და წარმოადგენდნენ ისეთ სივრცეს, სადაც საბაზრო ეკონომიკითა, დაბალი გადასახადებით და დასავლური კაპიტალიზმით ჩინეთი სტიმულებს აძლევდა უცხოურ ბიზნესებს, რათა სწორედ მათ ქვეყანაში ჩაედოთ ინვესტიციები.

სპეციალური ეკონომიკური ზონების მნიშვნელობა

შექმნის დროს აღნიშნულ ზონებს ეწოდებოდათ „სპეციალური“, რადგან მთელს ჩინეთში ვაჭრობა იყო მთლიანად ცენტრალიზებული და მას სრულად აკონტროლებდა მთავრობა. ახალი ზონების თავისებურებას კი წარმოადგენდა ის, რომ ინვესტორებს შეეძლოთ მცირე სამთავრობო კონტროლის და თავისუფალი ბაზრის პირობებში განევითარებინათ საკუთარი ბიზნესი, რაც მათთვის მნიშვნელოვან ელემენტებს წარმოადგენდა. 

სპეციალურმა ეკონომიკურმა ზონებმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს ჩინეთის ეკონომიკის ფორმირებაში ისეთად, როგორიც ის დღესაა. წარმატებული უცხოური ინვესტიციები გახდა ურბანული განვითარების, საოფისე შენობების აშენების, ბანკებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების წამოწყების საწინდარი. 

პირველი ოთხი სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც 1979 წელს შეიქმნა, გახლავთ შენჭენი, შანთოუ, ჭუხაი და სიამენი.

მათგან დღეს მთელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული შენჭენია, რომელიც 300  კვადრატული კილომეტრის ფართობზე გაშენებული სოფლების გაერთიანებიდან იქცა ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნეს მეტროპოლისად. შენჭენი, რომელიც სამხრეთ ჩინეთში, ჰონგ-კონგიდან რამდენიმე საათის სავალზე მდებარეობს, დღეს ჩინეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქია. 

ოთხი თავისუფალი ეკონომიკური ზონის წარმატებამ ჩინეთის მთავრობას მისცა სტიმული, რომ  კიდევ 14 ქალაქისთვის მიენიჭებინათ მსგავსი სტატუსი. ეს ქალაქებია: დალიანი, ფუჭოუ, გუანგჭოუ, ლიენიუნგანგი, ნანთონგი, ნინგპო, ცინჰუანგტაო, ცინგტაო, შანხაი, თიენძინი, ვენჭოუ, იანთაი და ჭანძიანგი.

სპეციალური ეკონომიკური ზონები ჩინეთის  მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 22%-ს ქმნიან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45%, ექსპორტის 60%.  მათ ჯამში დაახლოებით 30 მილიონზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს და საგრძნობლად შეუწყვეს ხელი რეგიონების ურბანიზაციასა და მოდერნიზაციას. 

ჩინეთის ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქი: თიენძინი

ხშირად თიენძინს შემოკლებით „ ძინ“- საც უწოდებენ.  პეკინის, შანხაისა და ჩუნგცინგთან ერთად თიენძინი, ჩინეთის ოთხი მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის. პეკინიდან 120 კილომეტრში, მდებარეობს დედაქალაქის „დად„ წოდებული თიენძინი, რომელიც წლის განმავლობაში პეკინის მსგავსად უამრავ ტურისტს მასპინძლობს.

ქალაქი მდებარეობს ზღვის სანაპიროზე და უკვე მრავალი წელია წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის სატრანსპორტო კერას. დღეისათვის თიენძინი, გამოირჩვა უდიდესი ნავსადგურით, რომელიც მდებარეობს ჩინეთის ჩრდილოეთით და მოიცავს 30 სხვადასხვა  საზღვაო მარშუტსა და 300-ზე მეტ მსოფლიო პორტს.

ისტორიის მანძილზე, ქალაქს დიდი საგარეო პოლიტიკური გავლენა ჩამოუყალიბდა, განსაკუთრებით სავაჭრო სფეროში. მისი ასეთი მნიშვნელობა არც მსოფლიოს ქვეყნებს გამოჰპარვიათ, ისტორიის მანძილზე ხშირად ცდილობდნენ ქალაქის დასაკუთრებას. მაგალითად,  1860 წლიდან 1903 წლამდე, დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, იაპონია, იტალია, ბელგია და სხვა დასავლური ქვეყნები ძალის გამოყენებით აიძულებდნენ  ქალაქ ცინგტაოს (ცინგის) რეჟიმს, დაეთმო აღმოსავლეთ თიენძინი მათთვის, რათა შემდეგ დაენაწილებინათ ერთმანეთში. ქალაქის ასეთმა ღირებულებამ სავაჭრო კუთხით გამოიწვია ის, რომ  ამ პატარა ტერიტორიაზე უამრავმა მომხიბვლელმა შენობა-ნაგებობამ მოიყარა თავი, რომლებიც ძირითადად ეროვნული ხასიათისაა.

ამ შენობათა  ნანგრევები დღეისათვის ძირითადად ქალაქის ცენტრშია თავმოყრილი. იმ ქუჩებზე, რომლებიც ნაგებობების მსგავსად უამრავ წელს ითვლის. რაც დღეისათვის ქალაქის ამ ნაწილშია   შემორჩენილი, ის წარსულში არსებულის მხოლოდ მცირე, უმნიშვნელო ნაწილია. საერთო ჯამში, წარსულში ნაგებობები დაახლოებით 1,3 მილიონ კვადრატულ მეტრს იკავებდა, რომელშიც აგრეთვე შედიოდა 100 -მდე  შთამბეჭდავი რეზიდენცია, თავისი ტრადიციული არქიტექტურით, რომელიც მოკრძალებითა და დახვეწილობით იწონებდა თავს. მდინარე ხაის ორივე მხარეს, მინგისა და ცინგის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მრავალ საუკუნეს ითვლის, რომელიც საკუთარი ინდივიდუალურობითა და დახვეწილობით ცნობილია არა მხოლოდ ჩინეთში არამედ მსოფლიოშიც.

ქალაქის ცნობილი და საინტერესო  ადგილია სასტუმრო „ასტორი“, რომელიც არსებობის მრავალ წელს ითვლის. მისი დაარსება უკავშირდება  ერთ-ერთი პასტორის სახელს, რომელიც მოღვაწეობდა 1863 წელს ამ ქალაქში. ამავე წელს ჩაეყარა საფუძველი ნაგებობას. სასტუმროს არქიტექტურა ხასიათდება გამოკვეთილი ბრიტანული სტილით. თუ მას ეწვევით თვითონაც დარწმუნდებით, რომ შენობა ძირითადად აგურითა და ხით არის ნაგები. თავდაპირველად შენობა მცირე ზომის იყო და ასრულებდა კოტეჯის როლს, დროთა განმავლობაში მისი მოცულობა გაიზარდა და დღეისათვის იქ კეთილმოწყობილი სასტუმროა, რომელიც მუდამ სითბოთი ელის სტუმრებს. გარდა დასასვენებელი ადგილისა, სასტუმრო მუზეუმის დანიშნულებასაც ასრულებს. მისი არქიტექტურა უნიკალურია იმ კუთხით, რომ აქვს თაღოვანი ტიპის მოჩუქურთმებული ფანჯრები, რომელიც მნახველში დიდ განცვიფრებას იწვევს. რაც შეეხება, იქ განთავსებულ მუზეუმს, თქვენ აქ შეგიძლიათ იხილოთ ადრეული დროის ჩინური ტექნიკის ექსპონატები, როგორიცაა, ტელეფონები, გრამაფონის ფირფიტები. დიდ მოწონებას იწვევს სასტუმროში დღესაც მოქმედი პირველი ჩინური ლიფტი.

რაც შეეხება მდინარე „ხაის„ იგი სათავეს იღებს პეკინში, კერძოდ “მეფის ხიდთან”. ამის შემდეგ იგი მიედინება 70 კილომეტრის მანძილზე, მანამ სანამ ჩავა ზღვა  ტა კუქოუში. მდინარე არის არტერიული სახის. მდინარის მიდამოები არის საუკეთესო ადგილები, სადაც შეგიძლია დატკბე ქალაქი თიენძინის, ძველი არქიტექტურით.

შემდეგი, ტურისტებისთვის საყვარელი, ადგილია “თიენძინის თვალი”. ეს არის უზარმაზარი ეშმაკის ბორბალი, რომელიც განთავსებულია მდინარეზე, ხიდის მსგავსად. იგი ორი დანიშნულებისაა, გამოიყენება როგორც ხიდი და აგრეთვე მისი მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ქალაქს უმაღლესი წერტილიდან. აქვე აღვნიშნავ, რომ ბორბლის სიმაღლე მთლიანობაში 35 სართულიანი სახლის სიმაღლეს უტოლდება. ტურისტებს მისით სარგებლობის საშუალება ეძლევათ ყოველდღე, დილის ცხრა საათიდან საღამოს ათის ნახევრამდე, გამონაკლისია ორშაბათი დღე, როდესაც ატრაქციონი არ მუშაობს დილის საათებში, მისით სარგებლობა დღის მეორე ნახევარშია შესაძლებელი. 

თიენძინის შემდეგი ღირშესანიშნაობაა „ცნობილ ადამიანთა ჩაის სახლი“. ეს სახელწოდება მან მიიღო იქ გამართული წარმოდგენებიდან გამომდინარე. დღეში სამჯერ, დილით, შუადღითა და საღამოს ჩაის სახლში იმართება სხვადასხვა წარმოდგენები, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის ნებისმიერ ადამიანს. თიენძინში ჩაიხანის ორი ფილიალი მოქმედებს. ერთი მდებარეობს ქალაქის ძველ ნაწილში, ხოლო მეორე – სინხუას გზაზე. ქალაქის ძველ ნაწილში მდებარე ჩაიხანა პირველია და შესაბამისად მეტი პოპულარობით სარგებლობს. აქ მუდამ ხალხმრავლობაა. აქ თქვენ გაგიმასპინძლდებიან უგემრიელესი ტრადიციული კერძებით და შემოგთავაზებენ ადგილობრივ ხელნაკეთ ნივთებს, რომლებიც ადგილზე იყიდება.

ქალაქის ღირშესანიშნაობას ასევე წარმოადგენს თიენძინის „ფაიფურის სახლი”. ალბათ, გაგიკვირდებათ რადგან, ეს არის ტრადიციული, ფრანგული ტიპის სახლი, რომელიც ძირითადად გაფორმებულია ანტიკვარებით. ის მდებარეობს ქალაქის „ჩიფენგის გზაზე”. სახლში წარმოდგენილი ექსპონატების უმრავლესობა ფაიფურისაა და დროის სხვადასხვა მონაკვეთში შეძენილი და შეგროვებულია. აქ თქვენ აღმოაჩენთ ფაიფურის დახვეწილ  ნამუშევრებს, აგრეთვე ნახავთ თეთრი მარმარილოს, ბროლისა და სხვა ძვირფას ქვათა დეკორატიულ ნაწარმებს. მნახველთა განცვიფრებას იწვევს „ფაიფურის სახლში„ არსებული ლომების კოლექცია, რომელთა რიცხვი 300-ს აჭარბებს, ისინი განსხვავებული ზომისა და ფორმისაა  და სახლის სხვადასხვა კუთხეშია განლაგებული. მთლიანობაში, სახლის ეს მორთულობა შესანიშნავ და დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნის.

ქალაქის დათვალიერებისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ თიენძინის საკრუიზო პორტს, ადგილს საიდანაც დაიწყო ქალაქის ისტორია, ადგილი რის გამოც გახდა ის მსოფლიოს ინტერესის წყარო და რაც მთავარია პორტი, რომელიც  ჩინეთის იმპერიის კარიბჭედ არის ცნობილი. ალბათ, ყველაზე განსაცვიფრებელი  მაგალითი, რითაც ხაზი ესმევა პორტის მნიშვნელობასა და თანამედროვეობას არის იქ, ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგარი ბრწყინვალე კრუიზები. რამდენიმე გემი, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ მხარეს ასრულებენ სვლებს, თიენძინის პორტი უკვე უღიარებიათ თავის სახლად. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პორტი რომელიც არის მიზეზი თიენძინის დაარსებისა, დღესაც ქალაქის მთავარი შემოსავლის წყაროა.

შენჭენიჩინეთის ახალი სილიკონის ველი

30 წლის წინ შენჭენი მეთევზეების პატარა სოფელი იყო, სადაც მხოლოდ 3 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს კი ამ ქალაქში თქვენ შეხვდბით ჩინეთის უმსხვილეს ტექნოლოგიურ hi-tech კომპანიებს. სწორედ ამ ქალაქში გაჩნდა ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა Huawei, Xiaomi, Remax, Tencent, ZTE, DJI და სხვა. 

შენჭენის მნიშვნელობის და მასშტაბების გასააზრებლად ისიც საკმარისია, რომ ამ ქალაქშია ტექნოლოგიური გიგანტი Huawei-ს ცენტრალური ოფისი. თანამშრომლების რიცხვი 60,000-ს ითვლის, რომელთაგან 25,000 ადამიანი კვლევისა და განვითარების კუთხით მუშაობს. 2013 წელს შენჭენი იქცა სამომხმარებლო ელექტრონული მოწყობილობების უდიდეს მწარმოებლად მსოფლიოში.  2015 წელს კი ელექტრონული მოწყობილობების ექსპორტმა ქალაქიდან $29 მილიარდი შეადგინა

ბოლო 20 წლის განმავლობაში შენჭენის მოსახლეობა 5 მილიონიდან 20 მილიონამდე გაიზარდა. იგი იქცა ინოვაციების თავშეყრის ადგილად, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მიდიან  კონკურენტუნარიანი ტალანტები.  მაგალითისთვის, ყოველწლიურად 6 მილიონი სტუდენტი მიდის სამსახურის და ახალი შესაძლებლობების საძებნელად დიდი ყურის ტერიტორიაზე, რომლის შუაგულშიც შენჭენი მდებარეობს. ქალაქის საშუალო ასაკი 20-30 წელია და აქ შეხვდებით სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა სტარტაპერებსა და უკვე დამკვიდრებულ კომპანიებს. ამ ქალაქში ხალხი მომავალში ცხოვრობს.  დიდი ყურეს ტერიტორია ჯამში 11 ქალაქისგან შედგება და ჯამური მოსახლეობა 66 მილიონს აღემატება. ტექნოლოგიური რეგიონის განვითარებამ, რომელიც ინოვაციებით იყო გამოწვეული, შედეგად ამ რეგიონისთვის მოიტანა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. მაგალითისთვის, მახოლოდ ამ რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტი აღემატება სამხრეთ კორეის მშპ-ს.

ის ინოვაციები, რომლებსაც  შენჭენში არსებული კომპანიები სთავაზობენ მსოფლიოს, იქცა ამ ქალაქის სიმბოლოდ. ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანია Huawei-მ $400 მილიარდის ინვესტიცია ჩადო კვლევასა და განვითარებაში. ქალაქის და მთლიანად დიდი ყურეს სივრცის წარმატება მისი ადგილმდებარეობითაცაა განპირობებული. ბოლო ათწლეულების მანძილზე განსაკუთრებით გაიზარდა ჩინური, დასავლური და ამერიკული კომპანიების თანამშრომლობის შემთხვევები. შენჭენი ამის ნათელი მაგალითია. ის იქცა დანარჩენ მსოფლიოსთან ჩინეთის ერთგვარ დამაკავშირებლად, როცა საქმე ეხება ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს. ამასთან, ამ ქალაქმა დაამსხვრია ბევრი სტერეოტიპი, რომელიც წლების მანძილზე ჩინურ პროდუქციას უკავშირდებოდა. 

შენჭენის კულტურა დიდ პატივს სცემს დამოუკიდებელ ბიზნესებს და აფასებს ინდივიდუალურ ძალისხმევას.  ამ ქალაქში ადამიანების სტატუსი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ინოვაციური და წარმატებულები არიან ისინი ტექნოლოგიის სფეროში. ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდები ცდილობენ, თავად შექმნან ახალი პროდუქტი, თუნდაც დიდი რისკის ფასად.  დიდი კომპანიები კი ხშირად მათი თანამშრომლების მიერ შექმნილ სტარტაპებში აბანდებენ ფულს. მსგავსი პრეცედენტები ხშირადაა Tencent-ის და Huawei-ს შემთხვევებში.  ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და სიახლეების მიმართ ასეთი დამოკიდბულება ეხმარება ქალაქს შეინარჩუნოს  მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ინოვაციების ჰაბის სტატუსი.

ბოლო ათწლეულების მანძილზე შენჭენმა დააგროვა ფასდაუდებელი გამოცდილება და დაამტკიცა, რომ მას  ბევრი სამართლიანად უწოდებს ახალ სილიკონის ველს.

ჩინეთის მაღალტექნოლოგიური ცენტრი “შენჭენი” ტრადიციულად აგრძელებს მონაწილეობას სამომხმარებლო ელექტრონულ სავაჭრო გამოფენაში, რომელსაც ლას-ვეგასი მასპინძლობს. სამხრეთ ჩინეთის ქალაქის სახელი, გამოფენაში მონაწილე 500 კომპანიის გვერდით წელსაც გამოჩნდება. სახელწოდება “შენჭენი” გარდა კუანგტუნგის პროვინციაში არსებული ქალაქისა, ასევე  652 ჩინურ კომპანიას უკავშირდება.

გვინდა ასევე ავღნიშნოთ, რომ ჩინეთი სიდიდით მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა, აშშ-ს შემდეგ, რომლის მშპ მიმდინარე ფასებში 11.2 ტრილიონ დოლარს აღწევს. მსყიდველობით უნარიანობის პარიტეტის მიხედვით კი შეერთებულ შტატებსაც აჭარბებს, შესაბამისად მისი ეკონომიკის ზრდის ტემპს მთელი მსოფლიო ყუდაღებით აკვირდება.

ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა წელი, რომ ჩინეთის ეკონომიკა 6.5%-ზე ნაკლებით გაზრდილიყოს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია არა მხოლოდ ამ ზომის ქვეყნისთვის. მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევაში 2017 წლის ეკონომიკის ზრდა 6.8-ზეა დაკორექტირებული, მაგრამ 2018-2020 წლებისთვის შესაბამისად 6.4; 6.3 და 6.2 პროცენტია ნავარაუდევი.

ასე რომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი ეკონომიკურ და პოლიტიკურ აღმასვლას სრული ტემპით განაგრძობს. 

თბილისი-თიენძინი-შენჭენი-პეკინი

ავთანდილ ოთინაშვილი

წაკითხულია 453 ჯერ

Related items

  • ჩინეთი მზად არის აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს-აცხადებს ჩინეთის პრეზიდენტი

    ჩინეთი მზად არის, აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.

    „ამ სიტუაციაში ჩინეთმა და აშშ-მა უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ეპიდემიასთან საბრძოლველად. ზოგიერთმა ჩინურმა კომპანიამ და საწარმო უკვე აღმოუჩინა დახმარება აშშ-ს. ჩინეთი აცნობიერებს სირთულეებს, რომელიც ამერიკულ მხარეს აქვს და მზადაა დახმარებისა და მხარდაჭერისთვის“ – აღნიშნა სი ძინპინმა

    ჩინეთის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ ითანამშომრლებს ჩინეთთან და ორი ქვეყნის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგმას, რაც მისივე თქმით, „ორივე ქვეყნის ინტერესებშია“.

    მისივე განცხადებით, ჩინეთი გააგრძელებს აშშ-თან თანამშრომლობას ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

    შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, 27 მარტის მონაცემებით, ჩინეთში დაავადებული პირების რაოდენობას აჭარბებს.

  • ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია - აცხადებს საქართველოს ელჩი

    ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“,  საკუთარ გვერდზე წერს და შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს.

    მისი ინფორმაციით, კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენად განკუთვნილი ტესტები 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულებისაა.

    „სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი სწრაფი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობითა და აპარატურით უკვე თბილისშია“, – წერს ელჩი არჩილ კალანდია.

     

  • ჩინეთის ხუბეის პროვინციაში ორთვიანი მკაცრი კარანტინი ნაწილობრივ მოიხსნა

    ჩინეთის ხუბეის პროვინციაში კორონავირუსის გვარცელების გამო, ორთვიანი მკაცრი კარანტინის შედმეგ შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინხუა“ ავრცელებს.

    ჩინეთის პროვინციის ცენტრალურ ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტით შიდა გადაადგილება ნაწილობრივ განახლდა.

    კერძოდ, დღეიდან მოქალაქეებს ქალაქის ფარგლებში ავტობუსით გადაადგილება შეუძლიათ. ყოველ ავტობუსში მძღოლთან ერთად იმყოფება ზედამხედველი, რომელიც უსაფრთხოების წესებს უზრუნველყოფს.

    გარდა ამისა, 28 მარტიდან უხანში მუშაობას განაახლებს მეტროს ექვსი ხაზი. მგზავრები ვალდებულები იქებიან, ატარონ პირბადეები, ასევე მგზავრობამდე გაიზომონ ტემპერატურა და გაიარონ რეგისტრაცია.

    ხელისუფლება რისკ ჯგუფების წარმომადგენლებს, კერძოდ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ურჩევს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან ჯერ თავი შეიკავონ.

    უხანში ტრანსპორტის გადაადგილება 23 იანვარს აიკრძალა. უპრეცენდენტო ზომების ფარგლებში, ასევე აიკრძალა ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება, ასევე საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა.

    მოგვიანებით ანალოგიური ზომები აამოქმედეს ხუბეის მთელ პროვინციაში.

    აღსანიშნავია, რომ დღეიდან ხუბეის პროვინციიდან სხვა პროვინციაში ტრანსპორტით გადაადგილება დასაშვები გახდა.

    გამონაკლისს მხოლოდ ქალაქი უხანი წარმოადგენს, სადაც ჯერ მხოლოდ შიდა გადაადგილებაა დასაშვები.

    ქალაქ უხანიდან გასვლის შეზუდვა კი 8 აპრილიდან მოიხსნება.

     

  • "ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა" - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ლი იენი

    ახალი კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ეპიდსიტუაციას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მისი ხელმძღვანელობით, ჩინეთის კომპარტიის ცეკას პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის 6 სხდომა ჩატარდა შესაბამისი ზომების მისაღებად. იგი პირადად ეწვია უხანს წინა ხაზზე მდგომარეობის გასაცნობად. იგი საკუთარი ინიციატივით ატარებს ნიღაბს, იზომავს ტემპერატურას და მთელი ქვეყნის მოსახლეობას აძლევს მაგალითს. იგი მეთვალყურეობს და კომპლექსურ კოორდინაციას უწევს ეპიდემიის კონტროლისა და წარმოების აღდგენის სამუშაოებს. პრეზიდენტ სი ძინფინგის მეთაურობით, ჩინეთის მთავრობამ გადამწყვეტი ზომები მიიღო, ყველაზე მკაცრი, ყოვლისმომცველი და რადიკალური ღონისძიებები გაატარა, ხოლო ჩინეთის 1.4 მილიარდიანი მოსახლეობა ერთ მუშტად შეიკრა, სახლში დარჩენისა და იზოლაციის დაცვისაკენ ხელისუფლების მოწოდებას აქტიურად გამოეხმაურა და ეპიდემიის შესაჩერებლად ბრძოლაში თითოეული მოქალაქე ჩაერთო. ჩინეთის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა დადებითი შედეგი გამოიღო, ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, წარმოება და ცხოვრება სწრაფად უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს. გარდა იმპორტირებული შემთხვევებისა, ჩინეთში შიდა გადაცემით გამოვლენილ დაავადებათა შემთხვევა ნულის ტოლია, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე 70 000-ზე მეტია.

    ჩინეთმა ფაქტობრივი ქმედებებით დაამტკიცა, რომ ახალი კორონავირუსის ეპიდემია კონტროლირებადი და განკურნებადია, ხოლო ჩინური მხარის მიერ გატარებული ღონისძიებები სწორი და ეფექტურია. ჩინეთის მიერ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის გატარებულმა სამუშაოებმა საერთაშორისო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, ჩინელმა ხალხმა ახალი კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული ნეგატიური გავლენის შესამცირებლად ყველა ღონე იხმარა, ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის მკაცრი ზომები გაატარა, უდიდესი მსხვერპლი გაიღო და მთელი კაცობრიობის წინაშე დიდი წვლილი შეიტანა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ჩინეთმა ეპიდემიის ქვეყნის შიგნით გავრცელების მართვასთან ერთად, მის სხვა ქვეყნებში გავრცელებასაც შეუშალა ხელი და მსოფლიოს მოსამზადებლად ძვირფასი დრო მოაგებინა. 

    ჩინეთი არასოდეს დაივიწყებს ეპიდემიის ყველაზე მძიმე წუთებში, საერთაშორისო საზოგადოების ძლიერ მხარდაჭერასა და უანგარო დახმარებას. ეპიდემიის გლობალურად გავრცელებით გამოწვეული მწვავე ვითარების წინაშე, ჩინეთი, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციაზე დაყრდნობით, მოუდუნებლად გააგრძელებს როგორც ქვეყნის შიგნით ეპიდემიის მართვას, ასევე სხვა ქვეყნებთან ეპიდემიასთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობას, გაუზიარებს მათ ეპიდემიასთან ბრძოლისა და განკურნების გამოცდილებას, რათა ერთობლივი ძალებით ვუპასუხოთ გლობალური პანდემიის გამოწვევებს. პანდემიამ სახელმწიფო საზღვრები არ იცის. ეს ეპიდემია მთელი მსოფლიოსათვის სერიოზული გამოწვევაა და საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევასა და რეაგირებას მოითხოვს. ეჭვს იწვევს ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა, რომ ტალახში ამოსვაროს ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩინეთის მიერ გაწეული ძალისხმევა და ჩირქი მოსცხოს გლობალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ჩინეთის წვლილს.

    ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირებისთანავე, საქართველოს მთავრობამ ეს სერიოზულად მიიღო, სწრაფი რეაგირება მოახდინა, გადამწყვეტი ზომები გაატარა, გაზარდა პრევენციისა და კონტროლის დონე და უზრუნველყო ეპიდსიტუაციის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება. ყოველივე ამას ჩინეთი დადებითად აფასებს. მჯერა, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობითა და ქართველი ხალხის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო ეპიდემიას მალე დაამარცხებს. ჩინეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, მზადაა აქტიური დახმარება გაუწიოს საქართველოს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

    ჩინური მხარე გააგრძელებს ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის სფეროში საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარებას. ქართული მხარის თხოვნის საპასუხოდ, ჩინეთმა თებერვლის თვეში უკვე მიაწოდა მასალები ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიების, ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის და სხვ. შესახებ. თებერვლის შემდეგ კი, უკვე რამდენჯერმე გადავეცით ამ მასალების განახლებული ვერსიები. ეს ყოველივე ეპიდემიასთან ბრძოლისას პრაქტიკაში დაგროვილი ძვირფასი გამოცდილებაა და გვჯერა, რომ საქართველოს ეპიდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. გარდა ამისა, ჩინურმა მხარემ უკვე ორჯერ მიიწვია ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ქართველი სპეციალისტები რამდენიმე ქვეყნისთვის გამართულ ვიდეო კონფერენციაზე შესაბამისი გამოცდილების გასაზიარებლად. კონფერენციაზე ჩინელმა სპეციალისტებმა დაწვრილებით ისაუბრეს ეპიდემიის გავრცელებისა და სპეციფიკის შესახებ, გაუზიარეს გამოცდილება ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის, კლინიკური მკურნალობის, საბაჟო სანიტარულ-საკარანტინო კონტროლის შესახებ და დაწვრილებით უპასუხეს მხარეების შეკითხვებს. მომავალში ჩინეთი მზადაა ქართული მხარის სურვილისა და საჭიროების მიხედვით, კიდევ გამართოს მსგავსი ღონისძიებები, ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის კუთხით საქართველოს გაუზიაროს „ჩინური გამოცდილება“ და „ ჩინური გეგმა“.

    ჩინური მხარე მზადაა შესაძლებლობის ფარგლებში საქართველოს დასახმარებლად. ჩინეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ქართული მხარისთვის ვირუსის გამოსავლენი 1000 ერთეული რეაქტივების ნაკრების გადაცემის თაობაზე. გარდა ამისა, ჩინეთის სიჩუანის პროვინციამ საქართველოს 420,000 აშშ დოლარის ღირებულების ვირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა. ჩინეთი ძალისხმევას არ დაიშურებს, საერთაშორისო ლოჯისტიკის შეფერხებით გამოწვეული სიძნელეების გადასაჭრელად, რათა ზემოხსენებული უახლოეს მომავალში გამოიგზავნოს საქართველოში, დაეხმაროს საქართველოს გააუმჯობესოს ვირუსის გამოვლენის შესაძლებლობები და სიჩქარე და უკეთ უზრუნველყოს ეპიდემიის პრევენცია და კონტროლი. გარდა ამისა, ჩინეთი კიდევ შეისწავლის საქართველოსთვის სხვა სახის მატერიალური სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხს.

    ცნობილი ჩინელი პოეტი ლი პაი წერდა: „დრო მოვა, ვერ შემაშინებს ქარი და ტალღები, გავშლი იალქნებს და გადავსერავ უკიდეგანო ლურჯ ზღვას“. ქართული ანდაზის მიხედვით, ხანი გაივლის, ჭირი გადაივლისო. ვირუსი ულმობელია, ადამიანი კი - ლმობიერი. ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამოწვევის წინაშე ჩინელები მეგობარი ქართველების გვერდით ვართ, უბედურების ჟამს ერთმანეთს ვეხმარებით და დროებით სირთულეებს ერთად გავუმკლავდებით. დარწმუნებული ვარ, ეპიდემია მალე ჩაქრება და მასთან ბრძოლაში გამობრძმედილი ჩინურ-ქართული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო ძლიერ განვითარდება.

  • ჩინეთის მთავრობამ იტალიაში ექიმები გაგზავნა

    ჩინელი ექიმების 9–კაციანი ჯგუფი იტალიაში უკვე ჩავიდა. როგორც ჩინური სახელმწიფო მედია იუწყება, მედიკოსებმა ქვეყანაში დაახლოებით ერთი ტონა სამედიცინო მასალა ჩაიტანეს, რათა იტალიელებს ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ.

    შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა მანამდე მსგავსი დახმარება ირანსა და ერაყს გაუგზავნა.

    ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ექიმები მზად არიან საკუთარი ცოდნა იტალიელებს გაუზიარონ.

    ამ დროისთვის ქვეყანა ინიფიცირებულთა რაოდენობით ევროპაში ლიდერობს. ექიმების გარდა, ჩინეთმა იტალიას სპეციალური აღჭურვილობა და ნიღბები გაუგზავნა. საუბარია 2 მლნ ნიღაბსა და 200 ათას დამცავ აღჭურვილობაზე.

    ექიმებზე კომენტარი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრამც გააკეთა და თქვა რომ ჩინეთიდან ის ექიმები ჩავლენ, რომლებიც ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის პირველი პიკის დროს მუშაობდნენ. “ჩვენს ექიმებს არ სჭირდებათ სწავლა როგორ გააკეთონ საკუთარი საქმე, თუმცა ჩინელი ექიმები პირველები იყვნენ, რომლებიც ვირუსს გაუმკლავდნენ და გაგვიზიარებენ გამოცდილებას”.

    ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 11 მარტის მონაცემებით იტალიაში კორონავიურით ინფიცირების 10 149 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 631-ია.

    12 მარტიდან მთელი იტალიის ტერიტორიაზე დაიხურება სავაჭრო ცენტრები, სალონები, ბარები და რესტორნები. მუშაობის უფლება მხოლოდ სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქებს ექნებათ. შეზღუდვა მომდევნო 14 დღის მანძილზე იმოქმედებს. ახალი გადაწყვეტილების შესახებ იტალიელებს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ფეისბუქ ლაივიდან ამცნო.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური