პრემიერ-მინისტრის განცხადება 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 18 დეკემბერი 2019 12:49

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომლის შექმნასაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი.  

პირველ რიგში, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებთ არავის დარჩეს კითხვის ნიშნები. დამოუკიდებელი უწყების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ პასუხის გარეშე არ უნდა დატოვოს არც ერთი კითხვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ, ვავალებ როგორც შინაგან საქმეთა, ისე, განათლების სამინისტროებს, სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რომელიც აუცილებლად იქნება ღია და გამჭვირვალე.

რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განათლების თუ ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს: 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით კანონმდებლობის თუ პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ჯერ კიდევ გვაქვს წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები. პრაქტიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი სერვისების თუ ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში პროცესის მონაწილეთა კვალიფიკაციის ნაკლებობით არის განპირობებული. 

ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება ერთად ვართ პასუხისმგებელი ლუკა სირაძის, მისი ოჯახის წინაშე, რომ წლების განმავლობაში არსებული სისტემური ხარვეზები მინიმუმამდე შევამციროთ.
შესაბამისად, ვავალებ: 


•  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად, უზრუნველყოს არასრულწლოვნებთან მომუშავე გამომძიებლების და მენეჯერების სპეციალიზაცია და შესაბამისი კრიტერიუმებით ფრთხილად შერჩევა, განახორციელოს მათი მუდმივი გადამზადება და მონიტორინგი.


• ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში.


• იუსტიციის სამინისტროს - წარმოადგინოს საკანონმდებლო ხედვა სახელმწიფოსთან შემხებლობაში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე.


საქართველოს მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დააჩქარებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარმართავს ამ მიმართულებით დაწყებულ რეფორმას; პროცესის კოორდინაციას, არასრულწლოვანთა სფეროში მომუშავე პროფესიონალების და ყველა შესაბამისი აქტორის ჩართულობით, განახორციელებს ღიად და გამჭვირვალედ. ამაში გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი. 

მიუღებელია მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყოველგვარი მცდელობა. ყველამ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

წაკითხულია 397 ჯერ

Related items

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

    მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ,  ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

    ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.

    აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში, მტკიცებულებათა მოპოვებისა და სისხლის სამართლის საპროცესო წესით მათი დამაგრების მიზნით, მოსამართლის განჩინებათა საფუძველზე, ჩატარდა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება; ამასთან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ბრალდებული ვ. ბ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების ოპერატიული კონტროლი, რის შედეგადაც გამოიკვეთა კიდეც ვ. ბ.-ს მიერ დანაშაულის, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტი. გამოძიების მიერ მოპოვებული, უტყუარი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანომ მიიღო ვ. ბ.-ს დაკავების გადაწყვეტილება, რის შედეგადაც, ერთის მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში მხილებული პირი და იმავდროულად, თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული.

    აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზეც საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ინტერპოლის არხებით, გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა.

    ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმის მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის, დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს გამოძიებას და არ მოხდეს გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ან/და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რაც საბოლოო ჯამში დააზიანებს მთავარ საჯარო ინტერესს, საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-რელიზი

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

    სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქ-ლაივში თავად განაცხადა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული არიან პრემიერის ოჯახის წევრებიც.

    ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მას ვირუსის არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნება. ”ოფიციანტმა, რომელმაც ჭიქები დააწყო მაგიდაზე, ეს გააკეთა ხელთათმანების გარეშე. მე ვთხოვე მას, რომ შეეცვალა ეს ჭიქები, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ოფიციანტი ამას ხელთათმანების გარეშე ადრეც აკეთებდა. გარკვეული დროის შემდეგ, ოფიციანტს ასევე დაადასტურა კოროვირუსი”, - აღნიშნა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

    ფაშინიანის თქმით, ვიდრე ამის შესაძლებლობა ექნება, იგი მუშაობას რეზიდენციიდან გააგრძელებს.

    ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 9282-ია. COVID-19– ით დაღუპული პაციენტების რიცხვი ვირუსის აღმოჩენის შემდეგ 131-მდე გაიზარდა. ამ დროის განმავლობაში, სხვა მიზეზით კიდევ 50 პაციენტი გარდაიცვალა.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის სენატორ ლინდსი გრემს ესაუბრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთან, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და სენატის საგარეო ურთიერთობათა და ასიგნებების კომიტეტის წევრ ლინდსი გრემთან სატელეფონო საუბარი შედგა.

    მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირის შემდგომი განვითარების გზები.

    პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სახელით ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის და მათ შორის ლუგარის ცენტრის გაძლიერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა ლუგარის ლაბორატორიის განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევის წარმატებაში. 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ ფრთხილ ნაბიჯებზე, რომლებიც იდგმება ქვეყნის გახსნისა და ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით. 

    მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთის მოქმედებები უკანონო „ბორდერიზაციის" პროცესის გაგრძელების მიმართულებით, რაც პანდემიის პარალელურად ხორციელდება.

    მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა მოკავშირეებს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირების შემდგომი გაღრმავების, ასევე საქართველოს დემოკრატიზაციის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმების მხარდაჭერის კუთხით. 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატორი ლინდსი გრემი თბილისში მოიწვია.

     

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური  
  • EBRD-ისა და ADB-ის პრეზიდენტებმა გიორგი გახარიასთან დაადასტურეს მზაობა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის დაბრუნებაში დაეხმარონ

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტებთან ვიდეოკონფერენცია გამართა იმ შესაძლო დახმარებასა და ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი საქართველოს გლობალური პანდემიის გამოწვევებიდან გამომდინარე გამოუყოფენ.

    ვიდეოკონფერენციისას ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზე. განსაკუთრებით აღინიშნა EBRD-ისა და ADB-ის მიერ საქართველოს კერძო სექტორისთვის, ქართული ბანკებისა და სხვა ბიზნესსუბიექტებისთვის გამოყოფილი დაფინანსება.

    მხარეებმა ასევე განიხილეს პოსტკრიზისული ზომები და დახმარება, რომელიც შეიძლება საქართველომ საფინანსო ინსტიტუტებიდან მიიღოს, რათა მთავრობამ შემდგომშიც შეძლოს იმ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების გაგრძელება, რომლებიც დღესაც ხორციელდება მოქალაქეებისა და კერძო ბიზნესის მხარდასაჭერად.

    აღინიშნა, რომ სამთავრობო გუნდი აქტიურად მუშაობს როგორც EBRD-ისა და ADB-ის ადგილობრივ წარმომადგენლებთან, ისე სათავო ოფისებთან, რათა ერთობლივად შემუშავდეს იმ ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მიზნობრივად ორიენტირებული იქნება მიმდინარე გამოწვევებთან გამკლავებაზე.

    საფინანსო ინსტიტუტების პრეზიდენტების შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველო კრიზისს წარმატებით უმკლავდება, იძლევა საფუძველს ითქვას, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფად დაიბრუნებს ეკონომიკური განვითარების იმ ტემპსა და პოზიციებს, რომელიც ქვეყანას 2020 წლის დასაწყისში ჰქონდა. სუმა ჩაკრაბარტიმ და მასაცუგუ ასაკავამ დაადასტურეს მზადყოფნა ამ მიმართულებით საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.

    ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ EBRD-ი და ADB-ი საქართველოსთვის ძალიან ძლიერი და სერიოზული პარტნიორები არიან. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში ასობით მილიონი დოლარის ღირებულების უმნიშვნელოვანესი პროექტები დააფინანსა, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში. აღინიშნა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ყველა მსხვილი, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, კრიზისის მიუხედავად, დღესაც განხორციელების აქტიურ ფაზაშია.

    მთავრობის მეთაურმა EBRD-ს და ADB-ს აქტიური თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    ვიდეოკონფერენციაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მონაწილეობდნენ.

  • საქართველოს მთავრობა თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებას განაგრძობს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით:
     
    ✔️16 აპრილი - პარიზი-თბილისი
     
    ✔️18 აპრილი - თელავივი-თბილისი
     
    ✔️21 აპრილი - რომი-თბილისი
     
    აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”.
     
    ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.
     
    მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.
     
    საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება :
     
    7 აპრილი - ათენი-თბილისი
    10 აპრილი - ლარნაკა - თბილისი
    12 აპრილი - ბერლინი-თბილისი
    14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი
     
    მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური