ბორჯომსა და ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 13 დეკემბერი 2019 08:31

ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბორჯომი და ბაკურიანი ოფიციალურად დაარეგისტრირა როგორც 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქები. ოფიციალური წერილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისგან, იანეზ კოჩიანჩიჩისგან და გენერალური მდივანისგან, რაფაელე პანიოცისგან მიიღო.  

წერილის თანახმად, სეოკ-მა ფესტივალის მასპინძლობასთან დაკავშირებული  ყველა აუცილებელი ინფორმაცია EOC-ს 2020 წლის 31 ივლისამდე  უნდა წარუდგინოს. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, თებერვალში ბორჯომსა და ბაკურიანს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება ოლიმპიური ფესტივალის შემფასებელი კომისია.

საქართველომ ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის სურვილი წელს გამოთქვა. ქვეყანას უკვე გააჩნია მსგავსი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება. 2015 წელს, თბილისმა ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმაღლეს დონეზე უმასპინძლა.

შალვა გოგოლაძე (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე): „საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობასთან დაკავშირებით ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში ბორჯომისა და ბაკურიანის კანდიდატურა წარადგინა. სასიამოვნო ფაქტია, რომ ორგანიზაციამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ბორჯომი/ბაკურიანი მასპინძლობის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა. იმედია, რომ ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2025 წლის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლებას სწორედ საქართველოს მიანიჭებს.“

ელგუჯა ბერიშვილი (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი): „ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში ბორჯომი/ბაკურიანის კანდიდატურა ზაფხულში წარვადგინეთ. ორგანიზაციამ ჩვენი კურორტები უკვე ოფიციალურად დაარეგისტრირა მასპინძლობის კანდიდატ ქალაქებებად. პროცედურის მიხედვით, საქართველოს წარმომადგენლობითი კომისია ესტუმრება. კომისია ადგილზე შეისწავლის ვითარებას. 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის ვინაობა ნოემბერში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ ასამბლეაზე გამოცხადდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პატივი ბორჯომსა და ბაკურიანს ერგებათ.“

 

წაკითხულია 183 ჯერ

Related items

  • ბაკურიანში ხუთი კილომეტრის სიგრძის სამი ახალი საბაგირო აშენდება

    ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება, რომელთა საერთო სიგრძე 5 კმ. იქნება. მშენებლობას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიულ-შვეიცარული კომპანია „Doppelmayr Garaventa Group“-ი განახორციელებს. შესაბამისი ხელშეკრულება ავსტრიულ-შვეიცარიულ კომპანიასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ გააფორმა. 

    საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბაკურიანში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.  ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გამოვიდა. მინისტრის განცხადებით, 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ბაკურიანში ჩატარდება, ახალი საბაგიროების მშენებლობასთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელება. 

    „სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა, რასაც დღეს მოეწერა ხელი, არის პირველი პროექტი იმ პროგრამიდან, რომელსაც ვახორციელებთ მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების საქართველოში ჩასატარებლად. გეგმაში გვაქვს შევქმნათ დამატებითი ინფრასტრუქტურა - ეს არის ახალი სათხილამურო არეალები, ბიატლონი, ყინულის მოედნები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აღვადგინოთ ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურა, რომელიც 40 წელია განადგურებულია და სპორტის  ეს სახეობა კვლავ აღვადგინოთ კობა წაქაძის სამშობლოში. ჩვენ ვიქნებით სრულად მომზადებული, რომ საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ვუმასპინძლოთ უდიდეს სპორტულ ღონისძიებებს“ - განაცხადა ნათია თურნავამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. 

    მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ პროექტები შესრულდეს დროულად, ხარისხიანად და ყველა ერთად გავხდეთ ახალი სპორტული წარმატებების მომსწრენი. 

    „მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა, ერთი მხრივ, არის აღიარება იმ უდიდესი პოტენციალის, რაც გააჩნია ჩვენ ზამთრის კურორტებს, მათ შორის, ბაკურიანს, როგორც საუკეთესო სპორტულ კურორტს, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა და ჩვენი სამთავრობო გუნდი ამ გამოწვევას პასუხობს ახალი, მასშტაბური მშენებლობებით, განვითარებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

    2018 წლის მაისში, საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე, სადაც საქართველოს დელეგაცია პრეზენტაციით წარსდგა FIS-ის საბჭოსა და შესაბამისი კომიტეტის წინაშე, განხილული იქნა საქართველოს კანდიდატურა და კენჭისყრით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამარჯვებული, მასპინძელი ქვეყანა საქართველო გახდა. კურორტ ბაკურიანს გამოუცხადეს ნდობა, უმასპინძლოს ჩემპიონატს თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში.

    საქართველოსა და ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „Doppelmayr Garaventa Group“-ის საქმიანი ურთიერთობა 1984 წელს დაიწყო და დღემდე კომპანიას საქართველოს მასშტაბით 23 ინსტალაცია აქვს გაკეთებული, მათ შორის 19 სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ხოლო მსოფლიოში - 15 000-ზე მეტი მოქმედი ინსტალაცია. კომპანიის წარმომადგენლების აზრით, საქართველო წარმოადგენს სამთო და ურბანული ტრანსპორტის განვითარების კუთხით რეგიონალურ ჰაბს და სწორედ ამიტომ გადაწყდა რეგიონული ოფისის საქართველოში ჩამოყალიბება, რომელიც აქტიურად მოემსახურება „დოპელმაიერის“ ყველა ინსტალაციას მარაგი ნაწილებითა და სერვისით.

    ბაკურიანში საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მთავრობის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის, ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო, „Doppelmayr Garaventa Group“-ის რეგიონალური კოორდინატორი ვალერი იაშინი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე მონაწილეობდნენ.

  • ევროკავშირის ელჩი ესტუმრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ განვითარების პროექტებს ბორჯომში

    გაულ კვირას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბორჯომსა და ბაკურიანში გაემგზავრა ევროკავშირის მიერ სასოფლო განვითარების მხარდაჭერის შედეგების განსახილველად. ვიზიტის განმავლობაში ელჩი შეხვდა ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს და ესტუმრა სასოფლო განვითარების ინიციატივას ბაკურიანში.
     
    ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ერთ-ერთია ადგილობრივი განვითარების იმ ჯგუფთაგან, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; მათი ჩამოყალიბების  მიზანი იყო დივერსიფიცირებული ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის წახალისება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის საფუძველზე.
    ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს პარტნიორობის პლატფორმას ადგილობრივი კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის, რომლებსაც შეაქვთ წვლილი მუნიციპალიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში და მხარს უჭერენ ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას.
    შეხვედრის შემდეგ ელჩი ჰარცელი ესტუმრა  ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასოფლო განვითარების ინიციატივას: თხილამურების გაქირავების პუნქტს ბაკურიანში.
    News in English

  • შსს-მ ბორჯომსა და თელავში სიჩქარის მზომი 18 სექციური „ჭკვიანი“ კამერა აამოქმედა
    შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით საქართველოს რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს. ამ ეტაპზე, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონებში, კერძოდ, ბორჯომისა და თელავის მუნიციპალიტეტებში 10 ლოკაციაზე საავტომობილო სიჩქარის მზომი 18 სექციური „ჭკვიანი“ კამერა ამოქმედდა.
     
    სამცხე-ჯავახეთის რეგიონი:
     
    1. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრიდან (ყვიბისის გადასახვევი > ქ. ბორჯომი) - ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრამდე (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ბორჯომი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
     
    2. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრიდან (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ხაშური) - ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრამდე (ყვიბისის გადასახვევი > ქ. ხაშური), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
     
    3. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრიდან (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ახალციხე) - ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრამდე (ბორჯომის ცენტრალური პარკი > ქ. ახალციხე), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
     
    4. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრიდან (ბორჯომის ცენტრალური პარკი > ქ. ხაშური) - ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრამდე (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ხაშური), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
     
    კახეთის რეგიონი:
     
    5. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მე-60 კილომეტრიდან (გომბორი > ქ. თელავი) - ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 65-ე კილომეტრამდე (გომბორი > ქ. თელავი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
     
    6. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 65-ე კილომეტრიდან (ქ. თელავი > გომბორი) - ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მე-60 კილომეტრამდე (ქ. თელავი > გომბორი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
     
    7. ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრიდან (ქ. თელავი > გურჯაანი) - ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრამდე (ქ. თელავი > გურჯაანი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
     
    8. ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 32 კილომეტრიდან (გურჯაანი > ქ. თელავი) - ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრამდე (გურჯაანი > ქ. თელავი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
     
    9. ქ. თელავში, დავით აღმაშენებლის და ალაზნის ქუჩების კვეთიდან - დავით აღმაშენებლის ქუჩისა და შოთა რუსთაველის გამზირის კვეთამდე, ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
     
    10. ქ. თელავში, დავით აღმაშენებლის ქუჩისა და შოთა რუსთაველის გამზირის კვეთიდან - დავით აღმაშენებლის და ალაზნის ქუჩების კვეთამდე, ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
     
    ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1 441 ვიდეოკამერა მუშაობს, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი - ე.წ. "ჭკვიანი" ვიდეოკამერა. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით უკვე 375 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება.
     
    შეგახსენებთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე, ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებენ.
     
    სატელეფონო ნომრის გადამოწმების მიზნით ან მის შესაცვლელად, ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე - 2 41 91 91. შემდეგ, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, ოპერატორს უნდა უკარნახონ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, თავიანთ მფლობელობაში არსებული ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, ტექმოწმობის ან შასის/vin კოდის ბოლო 4 ციფრი და განაახლონ მობილური ტელეფონის ნომერი. მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მიბრძანდნენ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებში.
     
    შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.
     
    იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.
     
    საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად, ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება.
     

     

  • ბორჯომისა და ატენის ხეობებში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე, გასული ღამის მანძილზე ბორჯომისა და ატენის ხეობებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ატენში ხანძარი ლოკალიზებულია. კერების სრული ლიკვიდაციის მიზნით, ხეობაში მუშაობას აგრძელებენ თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილები. ასევე, ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა.
    ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, ცეცხლის არეალი კი საგრძნობლად შემცირებული, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა. მთელი ღამის მანძილზე ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა. დილიდან მუშაობა განაახლა ხუთმა ვერტმფრენმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი. სტიქიის ზონაში იმყოფება 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე მეხანძრე-მაშველი სომხეთიდან, რომლებიც ქართველ მეხანძრეებს დაეხმარებიან.
    ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან გამოგზავნილი მძიმე ტექნიკაც.
    საგანგებო შტაბის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.
    შტაბის სხდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში გაიმართა.

  • „ბორჯომისა” და „ლიკანის” ფალსიფიკაციის ფაქტი

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „ბორჯომისა” და „ლიკანის” ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა. 

    საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ქალაქ ბორჯომში, ერთ - ერთ მოქალაქეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში კუსტარულად მოწყობილი ჰქონდა მინერალური წყლების ჩამოსასხმელი საამქრო, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კუსტარული წესით, სისტემატურად ახდენდა ფალსიფიცირებული მინერალური წყალი „ბორჯომის” და „ლიკანის” დამზადებას. საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია მინერალური წყლების ფალსიფიცირებისთვის განკუთვნილი მანქანა დანადგარები და კუსტარული წესით დამზადებული ”ლიკანი” და ”ბორჯომი.” 

    საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197 - ე პრიმა მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური