"საჭიროა დიალოგი საზოგადოებაში, დიალოგი პოლიტიკურ ძალებს შორის და დიალოგი კონფლიქტში მონაწილე ყველა შესაბამის მხარეს შორის"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 10 დეკემბერი 2019 12:59

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე ყოველწლიურ სესიაზე, რომელიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხზე მსჯელობს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევის გზებსა და საზოგადოების პოლარიზაციის დაძლევის მიმართულებებზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა. "ვთხოვ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას შემოგვიერთდეს ჩვენს მიმართვაში, რათა 1 თვის წინ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. რუსეთის ოკუპაციის დასაძლევად უნდა შევიმუშავოთ ეფექტური გზები”, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციის საბოლოო მიზანს მივაღწიოთ, ახლებური გზები უნდა გამოვნახოთ და ამისათვის ახალი ინსტრუმენტები გვჭირდება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავს აღნიშნავს, რომელიც თანამშრომლობის ძალიან წარმატებულ ფორმატს წარმოადგენს.

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლონელ და შვედ პარტნიორებს ამ ინიციატივისათვის, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროკავშირთან. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ინსტიტუციურ სიახლოვეს, აქ საუბარია კულტურისა და საზოგადოების სიახლოვეზე. ამან განამტკიცა ჩვენი დემოკრატიული განვითარება. დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავიზო რეჟიმი, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება, საშუალება გვაქვს ევროკავშირთან ერთად მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები და უფრო დიდი საზოგადოებისა და დიდი ოჯახის წევრად ვგრძნობთ თავს. ჩვენ გვესმის, რომ გვაქვს ერთნაირი მისწრაფებები, საზიარო ღირებულებები და სოლიდარობა, ამასთან, ვგრძნობთ სრულ პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა, ვპასუხობთ უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით არსებულ სირთულეებს. მეტი დემოკრატიის, მეტი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის კონსოლიდაცია. უფრო საიმედო და ნათელი მომავალის მისაღწევად, ეს ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს და განმტკიცდეს, რათა გადავლახოთ უფრო პრობლემური ეტაპები, სხვადასხვა იურიდიულ, თუ ეკონომიკურ სფეროებში. 
 
ჩვენ არ უნდა ვიცადოთ კიდევ შემდეგი ათი წელი. მე ასე არ ვფიქრობ, ასეთია ჩემი პირადი რწმენა და ინტუიცია. ევროკავშირში ინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად, კრეატიულად უნდა ვიაზროვნოთ, რაღაც ახლებური, არაორდინალური გზები გამოვნახოთ, ამისათვის ახალი ინსტრუმენტები და ახალი ტიპის ძალისხმევა გვჭირდება. სხვა ალტერნატივა საქართველოს, მის ხელისუფლებასა და მის მოქალაქეებს არ გააჩნიათ. ჩვენი მიზანი ახალი კონსტიტუციისთვის ახალი პირობების და ახალი ჩარჩოს შექმნაა. მე ამ დოკუმენტის - კონსტიტუციის გარანტორი და დამცველი ვარ. ჩვენი კონსტიტუცია ევროსკეპტიკური ტალღის მიმართ მდგრადია და იმედი მაქვს, მომავალშიც ასეთად დარჩება. საქართველო აღიარებს ევროკავშირთან საზიარო ღირებულებებს - კულტურულ ფასეულობებსა და მომავალის ხედვებს. რა თქმა უნდა, ევროკავშირთან დაკავშირებით არსებობს სირთულეები და გამოწვევები, რომლებიც შიდა და გარე ფაქტორებითაა განპირობებული. ევროკავშირსაც თავისი სირთულეები აქვს - შიდა და გარე კრიზისები. რაღა თქმა უნდა, ჩვენ ვიზიარებთ ამ სირთულეებს, მათ შორის პოლარიზაცია, რომლებიც ბევრი ქვეყნისათვის საერთოა და არც საქართველოა აქ გამონაკლისი. 
 
ქვეყანაში პოლარიზებულია საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და მედია. მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გავხდი ვცდილობ ეს პოლარიზაცია დავძლიოთ და გადავლახოთ. პოლარიზებული საზოგადოება ვერ გადალახავს სირთულეებს. გაყოფილი საზოგადოება ვერ დაძლევს ეგზისტენციალურ პრობლემებს, მით უმეტეს, როდესაც იგი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ის ვერ დაძლევს ამ ოკუპაციის პრობლემას და ვერ მიიღებს პარტნიორების სრულ მხარდაჭერას. გაყოფილი საზოგადოება ვერ იპოვის პოლიტიკურ გამოსავალს; ვერ ჩაერთვება პოლიტიკურ დიალოგში, დიალოგი კი აუცილებელია: პოლიტიკურ ძალებს, ყველა შესაბამის აქტორსა და დაინტერესებულ პირს შორის; არსებული მოლაპარაკებების ფორმატები სხვა პოლიტიკურ დონეზე უნდა ავიდეს, ამას ალტერნატივა არ აქვს. ჰუმანიტარულ საქმეებზეც კი, პროფესიული ვალდებულების შესრულებისას, 1 თვის წინ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მაგალითზე ვხედავთ, რომ ვერც ჟენევის და ვერც სხვა ფორმატები გამოსავალს ვერ პოულობს და თავს ვერ ართმევს ამ პრობლემას ბიუროკრატიულ დონეზე. ექიმები პოლიტიკური საზღვრების გარეშე უნდა იყვნენ. პარტნიორობა ევროკავშირის პოლიტიკური მოთამაშეების ჩართულობით პოლიტიკური გამოსავლის მოძებნას გულისხმობს. არ უნდა მოხდეს არსებული პრობლემების ესკალაცია. 
 
სტაბილურობა აუცილებელია როგორც საქართველოსათვის, ასევე რეგიონისა და ევროპისთვისაც. არავის ინტერესებში შედის ესკალაცია, განსაცდელით სავსე სამყაროში. რუსეთის ოკუპაციის დასაძლევად ყველამ ერთად უნდა შევიმუშავოთ უფრო ეფექტიანი გზები და საშუალებები. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისათვისაც უნდა ვუზრუნველვყოთ ოთხი ძირითადი უფლების განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის. ვერ დავასრულებ ამ სიტყვას იმის გარეშე, რომ არ გთხოვოთ თქვენც, რადგან ეს არის თხოვნა, რომლითაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართავ. დღეს, 9 დეკემბერს, ერთი თვე გავიდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შემდეგ. მინდა თხოვნით მოგმართოთ ასამბლეას, რომ შემოგვიერთდეთ ამ ჩვენს მიმართვაში, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. იმედი მაქვს, აქ ყველა შეუერთდება და გაიზიარებს ამ მიმართვას. დღეს ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება ამ ადამიანის გათავისუფლებაა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

წაკითხულია 513 ჯერ

Related items

  • აშშ-ის საელჩომ სიამაყით დაუჭირა მხარი ამერიკის წყალბურთელთა ნაკრებს, მუდამ გულუხვი მასპინძლის, საქართველოს წინააღმდეგ
    აშშ-ის საელჩომ სიამაყით დაუჭირა მხარი ამერიკის წყალბურთელთა ნაკრებს, მუდამ გულუხვი მასპინძლის, საქართველოს წინააღმდეგ. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
    მაში კერძოდ აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-საქართველო ახლო სტრატეგიული პარტნიორები არიან, სპორტულ არენაზე დიდი მეტოქეობა იყო. ვულოცავთ ამერიკის გუნდს დიდი ბრძოლით მოპოვებულ გამარჯვებას.
    თამაშს ელჩი აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ. მათ მოთამაშეებს გულშემატკივრობის შემდეგ მთავარი მოთამაშის ჯილდოებიც გადასცეს.
    აშშ-ის მხრიდან ელჩმა დეგნანმა ჯილდო მაქს ირვინგს გადასცა.
    მომავალ ტურნირებში საელჩო ორივე გუნდს წარმატებას უსურვებს, - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
    ოლიმპიადამდე მცირე ხნით ადრე, 26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალს მასპინძლობს. მსოფლიო ლიგის სუპერფინალის მასპინძლობის უფლება საერთაშორისო საწყლოსნო ფედერაციამ – FINA-მ (მსოფლიო ასოციაცია) საქართველოს პირველად მიანიჭა. ჩვენი ნაკრების გარდა, ტურნირზე მსოფლიო წყალბურთის საუკეთესო გუნდები ითამაშებენ. საქართველოს ეროვნული ნაკრები „ბ“ ჯგუფში მონტენეგროსთან, იაპონიასთან და ამერიკასთან ერთად თამაშობს, ხოლო „ა“ ჯგუფში ერთმანეთს იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი და ყაზახეთი დაუპირისპირდებიან.

    მატჩები თბილისის ოლიმპიურ აუზზე გაიმართება. ჯგუფური ეტაპი 26-28 ივნისს ჩატარდება, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრები 29 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება.

  • ორბელიანების სასახლეში კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა და დავით ხრიკულის საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართა

    ორბელიანების სასახლეში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა კონცერტი და დავით ხრიკულის საფორტეპიანო მუსიკის სოლოკონცერტი გაიმართა. კულტურის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება ქართული ხელოვნების განვითარებას შეუწყობს ხელს.

    კულტურის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლე ერთგვარ კულტურულ ცენტრად იქცა, სადაც აქტიურად იმართება კლასიკური მუსიკის კონცერტები, რითიც ორბელიანების სასახლე იბრუნებს მრავალი წლის წინანდელ ტრადიციებს. 

  • საქართველოს ეუთოს გენერალური მდივანი ეწვევა

    2021 წლის 14-16 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახაბერ კუჭავასთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან.
    საქართველოში ყოფნისას, ჰელგა შმიდი ეწვევა საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთს და მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაში. იგი ასევე მონაწილეობას მიიღებს საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ციცაგიანთკარში, წყლის მომარაგების პროექტის ინაუგურაციის ღონისძიებაში.

  • IDS ბორჯომი საქართველოს თანამშრომლების დიდი ნაწილი გამოთქვამს სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მუშაობა

    კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    "შექმნილი ვითარების გამო, გვსურს კიდევ ერთხელ და ცხადად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. უკვე მესამე დღეა, რაც ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნები გაჩერებულია. წარმოების პროცესის შეჩერება სატრანსპორტო საშუალებების უკანონო ბლოკირებამ გამოიწვია, რომელიც ინიცირებული იყო პროფკავშირების ლიდერის და სხვა აქტივისტების მიერ.

    კომპანია IDS ბორჯომი საქართველო აგრძელებს დიალოგს თანამშრომლებთან. უნდა აღინიშნოს, რომ მათი დიდი ნაწილი გამოთქვამს სურვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მუშაობა.

    ერთადერთი ფაქტორი რაც ხელს უშლის ბორჯომის ქარხნების მუშაობის განახლებას, ეს არის უპასუხისმგებლო მოქმედებები, რომლებიც ქარხნებში სატრანსპორტო შესასვლელებს ბლოკავს", - აღნიშნულია კომპანია IDS "ბორჯომი საქართველოს" ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  .

  • დავით ზალკალიანი - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, პირველად აღმასრულებელ დონეზე დაფიქსირდა ტერმინი ოკუპაცია

    სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, რადგანაც პირველად აღმასრულებელ დონეზე დაფიქსირდა ტერმინი ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

    „მთავარი პრიორიტეტული მიმართულება გახლავთ საქართველოს საკითხის, კერძოდ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის აქტუალიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებში და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზაცია. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება. კერძოს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. 2014 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ჩვენ ამ ორგანიზაციის ფარგლებში ვიღებთ გადაწყვეტილებებს და აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გადაწყვეტილება არის განსაკუთრებული და უპრეცედენტო, რადგანაც პირველად აღმასრულებელ დონეზე დაფიქსირდა ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინი, როგორიც არის ოკუპაცია.

    გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისიდან გამომდინარე, რომ მინისტრთა კომიტეტი ასევე მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ და გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო პასუხისმგებელია საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე, კერძოდ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, წამებაში, არასათანადო მოპყრობასა და უკანონო დაკავებაში, ქართველების სახლების ძარცვასა და დაწვაში, ქართველების მიმართ ეთნიკური ნიშნით არაადამიანურ მოპყრობაში, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფაში. როგორც ხედავთ, ძალიან მკაცრი შეფასებებია და ასეთი მკაცრი შეფასება საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში იშვიათია, რომ მოიძებნოს. მინდა, კიდევ ერთხელ, ჩემი მადლიერება გამოვხატო ორგანიზაციის ყველა წევრის მიმართ, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ზალკალიანმა.

    ზალკალიანის თქმით, მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება.

    „გარდა ამისა, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს, უზრუნველყოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების დაცვა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, იმ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით, რაზეც გადაწყვეტილებაში არის დეტალურად საუბარი.

    უნდა აღინიშნოს, რომ მინისტრთა კომიტეტი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს საოკუპაციო ძალების მხრიდან ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის გამო და მისთვის 12 წელზე მეტი ვადით უკანონო მისჯის გამო. მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული ყველა უკანონოდ დაკავება. ასევე განსაკუთრებული შეშფოთება არის გამოთქმული საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებზე, დაუსჯელობის გამო და პირდაპირი მოწოდებაა რუსეთისადმი, მოხსნას ყოველგვარი დაბრკოლება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველების მკვლელობის საქმეებზე დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში.

    კიდევ ერთი ელემენტი, რომელზეც ამ გადაწყვეტილებაში არის საუბარი, არის მოწოდება დაუყოვნებლივ გაიხსნას ე.წ. დაბლოკილი გადასასვლელები და ხალხს მიეცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

    მისივე თქმით, გადაწყვეტილებაში ასევე ხაზგასმულია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მნიშვნელობის შესახებ და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, დააწესოს შემზღუდავი ზომები ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ.

    „ამას მიესალმება და ასევე, ეს იქნება კარგი საფუძველი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც მოხდეს გამოხმაურება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

    არის ასევე მოწოდება, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

    როგორც ხედავთ, ძალიან მკაცრი შეფასებებია. უპრეცედენტოც, შეიძლება ითქვას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მინდა, კიდევ ერთხელ ჩემი მადლიერება გამოვხატო ყველა წევრი ქვეყნის მიმართ, ვინც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ჩვენი დიპლომატიური საქმიანობის მნიშვნელოვანი წარმატება, ყველა იმ დიპლომატიის მისიის და განსაკუთრებით, სტრასბურგში ჩვენი მისიის წარმატებული საქმიანობის შედეგი, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ახორციელებს ჩვენი დიპლომატიური სამსახური“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

    წყარო: https://1tv.ge/news/davit-zalkaliani-evropis-sabchos-ministrta-komitetze-mighebuli-gadawyvetileba-uprecedentoa-pirvelad-aghmasrulebel-doneze-dafiqsirda-termini-okupacia/

ბიზნეს ნიუსი

„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა

„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა

„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასა...

პოპულარული

« აგვისტო 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური