თბილისის მერმა საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 ნოემბერი 2019 13:31

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში გააცნო. კახა კალაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ორწლიანი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ მობრძანებისთვის. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობით აგვირჩიეს და უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შევუდექით. ამ ორი წლის განმავლობაში, მართლაც ძალიან ბევრი საინტერესო და ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ყველას აინტერესებს, თუ რა იქნება ხვალ - როგორი იქნება ჩვენი დედაქალაქი. იმისთვის, რომ ქალაქში საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელო, მნიშვნელოვანია ქალაქის ბიუჯეტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თბილისელების სახელით მადლობა გადაუხადა, რადგან მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.

„მომავალი წლის პროექტებისთვის დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონ ლარს დავხარჯავთ. 2020 წლის ბიუჯეტი 300 მილიონი ლარით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 300 მილიონი ლარით მეტი ღირებულების მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. მინდა, ბიზნესსექტორს მადლობა გადავუხადო, რადგან ურთიერთთანამშრომლობით, საინტერესო პროექტები უკვე განვახორციელეთ. რა თქმა უნდა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

„ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ქალაქში სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაგრამ გპირდებით, რომ გამოწვევებისა და პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს გავაკეთებთ. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება იქნება. ბიუჯეტის დაახლოებით, 27-28% მიმართული იქნება ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად. ჩვენ წამოვიწყეთ და წარმატებით ხორციელდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ და დღეს ცხრა მოქალაქე, რომელმაც ამ პროგრამით ისარგებლა ჩვენს ღონისძიებას ესწრება. მინდა, ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო ამ ადამიანებს. ჩვენ ყველას გვერდში დავუდგებით. არავინ არასდროს მიგვიტოვებია. არასდროს დაგვიყვია საზოგადოება პოლიტიკური ნიშნით და ვეხმარებით ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მხარდაჭერისთვის მადლობა 100 წლის მერი მაღრაძესაც გადაუხადა, რომელიც ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო რიგით მოქალაქეებს, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქალაქზე და ვისაც გული შესტკივა, თუ როგორი იქნება ხვალინდელი თბილისი და რა პრობლემები არსებობს ქალაქში. რა თქმა უნდა, ჯანსაღი კრიტიკაც მისაღებია. არსებობს გამოწვევები, თუმცა ძალიან დიდი შემართებით ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს ქალაქს აწუხებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებს და აღნიშნული უწყების დაახლოებით, 29 000 თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ღირსეულად გადავლახოთ ყველა ის გამოწვევა და პრობლემა, რომელიც გვაწუხებს. ეს პროექტები არ არის მხოლოდ კახა კალაძე. ჩემს უკან დგას 29 000 ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად, თავიანთი საქმიანობით აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი თბილისი იყოს განსხვავებული, ლამაზი და შენარჩუნებული ის ღირსშესანიშნაობები, რომელიც ქალაქს გააჩნია. ესაა ის დიდი გუნდი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს საუკეთესო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი - ყველას ძალისხმევით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, თქვენი - რიგითი მოქალაქეების თანადგომით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი მართლაც განსხვავებული იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრები, თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ასევე, ბიზნესის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. დედაქალაქის მერმა მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

წაკითხულია 91 ჯერ

Related items

  • "თითოეული მოქალაქე გრძნობს,როგორ ვითარდება თბილისი ევროპულ ქალაქად"

    დღევანდელი ღონისძიება არის იმის დამადასტურებელი, რამდენად ეფექტურად მუშაობს დღეს მერია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
      
    მთავრობის მეთაურის თქმით, კახი კალაძემ კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან. პრემიერის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ თბილისის მერი სრულად შეასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც მას გააჩნია ქალაქის წინაშე.

    "მთავარია, რომ თბილისში თითოეული მოქალაქე გრძნობს და აქვს შეხება იმასთან, როგორ ვითარდება და როგორი მეტად ევროპული ხდება ეს ქალაქი. მე დარწმუნებული ვარ, კახი კალაძემ ყველაზე კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ის სრულად შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც მას გააჩნია ქალაქის წინაშე. ვუსურვებ მას წარმატებებს და ვთვლი, რომ ის, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ამ წარმატების ერთ-ერთი ყველაზე აშკარა დამადასტურებელი ფაქტი იყო", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • შინაგან საქმეთა მინისტრი და თბილისის მერი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობებს გაეცნენ

    შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზაზე გამართულ სახანძრო-სამაშველო საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ.

    სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალკვალიფიციური ფრანგი ინსტრუქტორები 22 ქართველ მეხანძრე-მაშველს ერთკვირიან სწავლებას უტარებენ და ხანძრის ქრობის მიმართულებით ამზადებენ. საჩვენებელი სწავლება აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში გაიმართა.
    მეხანძრე-მაშველებმა სასწავლო მოედანზე სიმაღლიდან დაშვება განახორციელეს და „დაშავებული“ მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს, ასევე, ძლიერი დაკვამლიანების პირობებში და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გაჩენილი იმიტირებული ხანძრები ჩააქრეს.
    ვახტანგ გომელაური და კახა კალაძე იმ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფს შეხვდნენ, რომლებმაც მაღაროებში სამაშველო ოპერაციების წარმოების ინტენსიური წვრთნა სამხრეთ აფრიკაში გაიარეს.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ამ დროისთვის უკვე ჰყავს მაღაროში სამაშველო ოპერაციების წარმოების მიმართულებით მაღალ დონეზე მომზადებული პროფესიონალები, რომლებსაც წვრთნა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ბაზაზე აქვთ გავლილი და სამომავლოდ ქართველ კოლეგებს გადაამზადებენ.
    ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები სამსახურში მიმდინარე ტექნოლოგიურ სიახლეებს გაეცნენ და სამაშველო დრონები დაათვალიერეს, რომლებიც წელს, პირველად ჩაერთნენ სამაშველო ოპერაციებში. მათი მეშვეობით შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, საზღვაო სეზონზე, შტორმის დროს 2 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. მულტიფუნქციური სამაშველო დრონები გამოიყენება როგორც წყალზე სამაშველო ოპერაციების დროს, ასევე, ხანძრის გავრცელების არეალის შესასწავლად, სხვადასხვა სახის სამაშველო ოპერაციების დროს ტერიტორიის დაკვირვებისა და მონიტორინგის წარმოების მიზნით.
    შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და თბილისის მერმა ბაზაზე არსებული ფსიქოლოგის ახალი კაბინეტი დაათვალიერეს. აღნიშნული კაბინეტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ოქტომბრიდან ამოქმედდა და მეხანძრე-მაშველებს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება. ფსიქოლოგთან შეხვედრა მიმდინარეობს როგორც ჯგუფურად, ასევე, ინდივიდუალურად.
    გარდა ამისა, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზაზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის ავტოპარკს უკვე შეემატა Toyota Hilux-ის მარკის 15 ახალი მანქანა. ავტომანქანების ნაწილი დეპარტამენტის რეგიონულ სამსახურებს გადაეცა. ამასთანავე, გაიზარდა საშტატო ერთეულები და გადამზადდნენ თანამშრომლები, რომლებიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შენობების სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს გადაამოწმებენ და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ზედამხედველობის დეპარტამენტში განხორციელებული სიახლეები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მის ეფექტიან მუშაობას და ქვეყანაში ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების რისკების შემცირებას.
    შინაგან საქმეთა მინისტრი და დედაქალაქის მერი, ასევე, გაეცნენ ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანის შესაძლებლობებს, რომელიც წელს, პირველად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების მიზნით, სამორიგეოდ დააყენა.
    ღონისძიების დასასრულს, სახანძრო-სამაშველო ბაზაზე გამწვანების აქცია გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა და ფრანგმა ინსტრუქტორებმა, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ფიჭვის 100 ნერგი დარგეს.
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას 2018 წ. ანგარიში და 2019 წ. პრიორიტეტები წარუდგინა

    ოთხშაბათს, 1 მაისს,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამართა შეხვედრა 2016-2020 წწ. სტრატეგიის ,,პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის” განხორციელებისას   2018 წელს მიღწეული შედეგებისა  და  2019 წლის პრიორიტეტების განსახილველად.  ეს სტრატეგიული დოკუმენტი ასახავს გაეროს მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, რაც თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებსა და მდგრადი განვითარების მიზნებთან.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-საქართველოს მთავრობის ერთობლივი მმართველი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას  ხაზი გაუსვა გაეროსა და მის 16 სააგენტოსთან სხვადასხვა სფეროში ეფექტიან თანამშრომლობას და განაცხადა, რომ ორგანიზაციის მხარდაჭერამ და ჩართულობამ საქართველოს წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

     „საქართველო დღესაც ერთგულია გაეროსა და მისი საქმიანობისადმი. გაეროსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებული ერთობლივი სტრატეგია „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ მოიცავს ხუთ პრიორიტეტულ სფეროს: დემოკრატიული მმართველობა; სამუშაო ადგილები, საცხოვრებელი პირობები და სოციალური დაცვა; განათლება, ჯანდაცვა; მოქალაქეთა უსაფრთხოება და დაცვა და ეს სტრატეგია სრულ თანხმობაშია ჩვენი მთავრობის ვალდებულებებსა და ღირებულებებთან. გარდა ამისა, ერთობლივი სტრატეგიის ფარგლებში ჩამოყალიბებული 2019-2020 წლების პრიორიტეტები ეხმიანება ჩემი მთავრობის სექტორული პოლიტიკის და მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის მიზნებს, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ რეფორმების ეფექტიანად განხორციელებაში და დაპირებების პირნათლად შესრულებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა ,,პარტნიორობა მდგრადი განვითარების” სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების გზაზე 2018 წელს მიღწეული ედეგები შეაფასა. მან აღნიშნა, რომ გაეროს 16 სააგენტომ სტრატეგიული დოკუმენტის განსახორციელებლად 2018 წელს   41.6 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, ხოლო 2019- 2020 წწ. იგეგმება 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა.  მან მადლობა გადაუხადა დონორებს დახმარებისთვის.

    შეხვედრაზე განიხილეს გასულ წელს მიღწეული  შედეგები ხუთ პრიორიტეტულ მიმართულებაში:  დემოკრატიული მმართველობა; დასაქმება, საარსებო პირობები და სოციალური დაცვა; განათლება; ჯანდაცვა;  საზოგადოების უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება. თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად  დასახელდა:  

    • პარლამენტის საკანონმდებლო ღიაობის გაზრდის, კანონშემოქმედებითი საქმიანობის გაუმჯობესებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მხარდაჭერა; 
    • შრომის უსაფრთხოების კანონის მიღება;
    • იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციური და ტექნიკური  მხარდაჭერა, რომელიც  ყოველწლიურად   50 ათასზე მეტ ადამიანს ეხმარება იურიდიული დახმარების მიღებაში, ასევე კომერციულ დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენების ხელშეწყობა;
    • საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონის ამოქმედება;
    • 70 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება  მრავალმხრივი საფრთხეების ადრეულიშეტყობინების სისტემის განვითარებისათვის, და სხვ.

    შეხვედრას, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოში გაეროს სააგენტოების მიერ,   ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

  • თამარ ჟვანიამ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შუალედური ანგარიში წარუდგინა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა.  ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

    ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა საარჩევნო პროცესის ორგანიზების,  საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის, ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობების გაზრდის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

    პრეზიდენტის არჩევნებამდე 5 დღით ადრე ცესკოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის შესახებ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესის,  რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების და აკრედიტებული მედია ორგანიზაციების თაობაზე. „ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, ვინაიდან ყველა შეკითხვა რომელიც დაისვა და ინფორმაცია, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ, ძალიან პოზიტიურად იქნა აღქმული. ამავდროულად ჩვენ არასდროს ვივიწყებთ იმ მხარდაჭერას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გვაქვს და ცხადია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა არჩევნების დღისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საარჩევნო პროცესში“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

  • 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე  განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

    თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა გააცნო. 2018 წელს ცესკომ გაზარდა ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, პირველად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მისცა ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო და სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

    „ჩვენი საქმიანობა შეეხება ყველა იმ სასწავლო და სატრენინგო პროგრამას, საორგანიზაციო საკითხს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ანგარიში მოიცავს ყველა იმ სატრენინგო პროგრამას რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით ემსახურება სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ჩართული მხარეების მომზადებას. წელს განსაკუთრებული აქცენტი იყო ახალგაზრდა ამომრჩეველზე და მათ აქტიურობაზე. ამავდროულად ანგარიშში ასახულია შშმ პირებისთვის მიწოდებული სერვისები, ასევე ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჩართული მხარეებისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც მათ თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური