ქიმიურ მომწამვლელ ნივთიერებებთან ურთიერთობის კურსის მეორე ეტაპი დასრულდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 29 ოქტომბერი 2019 04:32

საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეულს საბრძოლო ნივთიერების გაჟონვის შედეგად გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრა და პერსონალის დეკონტამინაცია უმოკლეს დროსა და მაღალ დონეზე შეუძლია. დღეს რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეულის სამხედროებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს და „ქიმიურ მომწამვლელ ნივთიერებებთან ურთიერთობის“ ორკვირიანი კურსის ფარგლებში შესწავლილი მოქმედებები პრაქტიკაში განახორციელეს. მათ სცენარის მიხედვით განსაზღვრულ დროზე ბევრად ადრე მოახერხეს ქიმიური ინციდენტის შედეგად დაბინძურებული ადგილიდან ხალხის გამოყვანა და ტერიტორიის ტოქსიკურ-სამრეწველო ქიმიკატებისგან გასუფთავება.
საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის ბაზაზე რქბ დაცვის ასეულს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა შალვა ჯაბახიძემ და DTRA-ს წარმომადგენელმა, მაიორმა დევიდ ფასმა მიულოცეს. გენერალ-მაიორმა შალვა ჯაბახიძემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის სახელით ამერიკელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ქართულ მხარესთან „თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს“ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.
დღესვე ამერიკულმა მხარემ სწავლების განმავლობაში გამოყენებული აღჭურვილობა საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონს უსასყიდლოდ გადასცა.
სწავლება საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და „თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს“ DTRA-ს მხარდაჭერით მეორედ ჩატარდა და მას ამერიკელი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. სწავლების მომდევნო ეტაპები ახლო მომავალში გაიმართება და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

წაკითხულია 208 ჯერ

Related items

  • ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა სამთო მომზადების კურსი გაიარეს

    პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ამერიკელმა  საზღვაო ქვეითებმა  სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო  კურსი გაიარეს.  სწავლება თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ის შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა  და ამერიკელებთან ერთად მასში ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურეც მონაწილეობდა.

    კურსის მონაწილეები სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით სამი კვირის განმავლობაში  კლდეზე ცოცვის ტექნიკას,  სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს,  ფიქსირებულ თოკზე ასვლისა და დაშვების წესებს, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისა და მაღალმთიან რეგიონში გადაადგილების ხერხებს, ასევე, დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის ტექნიკას ეუფლებოდნენ.

    კურსი საჩხერესა და ჭიათურაში სხვადასხვა სასწავლო უბანზე მიმდინარეობდა.

    საჩხერის სამთო მომზადების სკოლა  ნატოს  „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში   ნატოს წევრი  და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით, ზაფხულისა და ზამთრის სამთო მომზადების  კურსებს  რეგულარულად მასპინძლობს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა,  როდესაც  ათმა ამერიკელმა  საზღვაო ქვეითმა  კურსი  აღნიშნულ სკოლაში გაიარა.

  • ზამთრის სამთო შუალედური კურსი გუდაურში

    პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. სამთო კურსის მეორე ეტაპზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები გუდაურში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს სამთო უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარებიან, რომელიც მათ საბაზისო სამთო კურსის ფარგლებში შეასწავლეს. კურსში 14 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის 3 ქართველი, 2 ლატვიელი, 1 ბელარუსი, 1 აზერბაიჯანელი და 7 უკრაინელი. 

    ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოვლენილი სამხედროები თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას გადიან. კურსის ფარგლებში მათ უწევთ გაუკვალავ თოვლში სრიალი, თოკში ჩაბმული სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა, გადარჩენა და ევაკუცია, ასევე უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მიყვანა, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავსაშიშ ადგილებში თოვლის საფარის შემოწმება და ზვავის რისკების დადგენა. მსმენელებს საძებნი ხელსაწყოს A8 გამოყენებით ზვავში მოყოლილი ადამიანის აღმოჩენაც უხდებათ. 

    შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის პირველი ეტაპი სამხედროებმა აბულის მთაზე გაიარეს. 

    შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 8 თებერვალს დასრულდება. კურსის დასრულების შემდეგ სამხედროები სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ. წარჩინებულ მსმენელებს ჯგუფის უფროსის კურსზე დასწრების რეკომენდაცია გაეწევათ.

  • კურსი „პოლიტიკის სტრატეგიული ანალიზი და რეპორტინგი“ დაიწყო

    საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIB) და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით, ტრენინგი - „პოლიტიკის სტრატეგიული ანალიზი და რეპორტინგი“ დაიწყო.

    ტრენინგს უძღვებიან კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენლები, რომლებიც, ქართველ ექსპერტებთან ერთად, მსმენელებს სამი დღის განმავლობაში პოლიტიკის სტრატეგიული ანალიზის კუთხით გამოწვევების იდენტიფიცირების, მიმდინარე პრაქტიკისა და პერსპექტივის შესახებ გამოცდილებას გაუზიარებენ.

    ტრენინგს საქართველოს თავდაცვის უწყებისა და უსაფრთხოების სექტორის ის წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებიც ჩართულნი არიან პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის, ასევე სტრატეგიული და ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავების პროცესში.

    კურსი საქართველოში საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენერების ჩართულობით უკვე მეორედ ტარდება; მომავალში კი, სასწავლო პროცესის ადგილობრივი რესურსებით წარმართვა იგეგმება.

    კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) ინტენსიურად თანამშრომლობენ. ინსტიტუტის ექსპერტები DIB სკოლას რეგულარულად სტუმრობენ და ქართულ მხარეს გამოცდილებას უზიარებენ.

  • DIB სკოლა კურსს - „ნატოს როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში“ მასპინძლობს

    თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში საერთაშორისო უსაფრთხოების კურსი „საერთაშორისო უსაფრთხოების სწავლება: ნატოს როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში“ გაიხსნა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით გამართული კურსი ორი - ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებებისგან შედგება. 

    ნატოს მიმართულებას ქართველ ექსპერტებთან ერთად გაუძღვება კლიგენდაელის წარმომადგენლები სიუზან ოოსტერვიჯკი და გენერალ-ლეიტენანტი ტონ ვან ლუნი, ასევე მოწვეული მკვლევარი ერდოგან აიკაჩი უძღვებიან. კურსი საქართველოს თავდაცვის და ფართო უსაფრთხოების სექტორის საშუალო რგოლის იმ საჯარო მოხელეებისათვისაა გათვლილი, რომლებიც მუშაობენ და ან დაინტერესებულები არიან საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებით და ევროკავშირთან და ნატოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტებით.

    სემინარის ფარგლებში განხილული იქნება ნატოს ბრიუსელის სამიტის შედეგები, ნატოს წინაშე მდგარი შიდა და გარე გამოწვევები და საფრთხეები, ნატოს გაფართოების პოლიტიკა, ნატოს როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ასპექტები, ნატოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და შესაძლებლობები, ნატო და კიბერ-თავდაცვის საკითხები, ნატო და თურქეთში მიმდინარე მოვლენები, ნატოს სტრატეგია შავ ზღვასთან მიმართებაში და რუსეთი. კურსი ინტერაქტიურია და ჯგუფურ სამუშაოებსაც მოიცავს.

  • „უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა“ დაიწყო

    თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში  (DIBS) „უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა“ დაიწყო. ორთვიანი  კურსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა გახსნა, უსაფრთხოების სექტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.

    კურსს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლები დაესწრებიან, სადაც თავდაცვის უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვასა და ანალიზს შეისწავლიან. პროგრამის ფარგლებში მსმენელები შესაბამის უწყებებს ესტუმრებიან და უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე ტენდენციებს  გაეცნობიან.

    „უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა“ 10 სხვადასხვა სასწავლო მოდულისგან შედგება. აღნიშნულ კურსს საჯარო სამსახურის მაღალი თანამდებობის პირები,  მოწვეული ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წარუძღვებიან.

    პროგრამის მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში ეფექტიანი საქმიანობისთვის მონაწილეების მომზადებაა. ორთვიანი კურსის დასრულების შემდებ მსმენელებს სერთიფიკატები გადაეცემათ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური