განცხადება სოციალურ ქსელში ბავშვის ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2019 11:35

სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის დასწავლის ნიშნები, შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მშობლების ინფორმირება მსგავსი მასალის გავრცელების საფრთხეებსა და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით. აღნიშნული საჭიროებს გრძელვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, სადაც ჩართული უნდა იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სოციალური სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, მანდატურის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ქეის-კონფერენცია გამართა.
შეხვედრაში მონაწილე უწყებები მოუწოდებენ როგორც აღნიშნულ ოჯახს, ასევე, ზოგადად, მშობლებს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების დამზადებისა და გასაჯაროებისგან.
მსგავსი მასალის ფოტო-ვიდეოგადაღება/გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, შეაფერხოს მოზარდის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარება. ამასთან, არსებობს იმის საფრთხე, რომ ბავშვი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მათ შორის, ონლაინ სივრცეში.
ამდენად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას და განვითარებას.
შეხვედრის მონაწილეები აღნიშნულ ოჯახთან მუშაობის სტრატეგიასა და ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის საკითხებზე შეთანხმდნენ.
წაკითხულია 434 ჯერ

Related items

  • განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო გარემოს დაზიანების მცდელობასთან დაკავშირებით

    ბოლო დღეების განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო გარემოს დაზიანების მიზნით. კერძოდ, დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლით, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას და დისკრედიტაციას.

    გაცნობებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში.

    სწორედ აღნიშნული უფლების რეალიზების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა და დადგენილებით მიიღო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები. დადგენილების შემუშავების პროცესი გამჭვირვალედ, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით მიმდინარეობდა და მისაღებ გადაწყვეტილებაზე მხოლოდ 3-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა შენიშვნები, რომელთა დიდი ნაწილი აისახა საბოლოო გადაწყვეტილებაში.

    დადგენილების თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მიეცათ შესაძლებლობა, ესარგებლათ გადასატანი საარჩევნო ყუთით, იმ შემთხვევაში თუ ისინი იქნებოდნენ შესაბამისი უწყების მიერ მოწოდებულ სიებში და იმავდროულად კენჭისყრის დღისთვის იქნებოდნენ თვითიზოლაციაში. აღსანიშნავია, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის, გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა, 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე, ხოლო მოქალაქეთა აქტიური მომართვიანობის გამო, სატელეფონო- საინფორმაციო ცენტრი ზარებს იღებდა 18:00 საათამდე. გამოყენებულ იქნა ყველა ის საინფორმაციო საშუალება, რომლითაც ცესკომ უზრუნველყო ამომრჩევლების მაქსიმალური ინფორმირება, მაგრამ მიუხედავად ამ დაუღალავი შრომისა და საქმიანობისა, არ წყდება ამ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლა და ამას აქვს კამპანიური ხელშეშლის სახე.

    მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც არჩევნებამდე პრაქტიკულად 3 დღე არის დარჩენილი და საარჩევნო კომისიები 24 საათიან რეჟიმში ჩართული ვართ არჩევნების ორგანიზებაში, ადმინისტრირებაში და გვიწევს უამრავი ლოგისტიკური თუ სხვა პროცესის კოორდინირება, მათ შორის პანდემიით გამოწვეულის, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი კონკრეტული დღის წესრიგის მქონე სუბიექტების მიერ დაგეგმილი აქტივობები არის მცდელობა განხორციელდეს ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მოხდეს მისი დისკრედიტაცია და ხელი შეეშალოს მის საქმიანობას.

    ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ყველა ჩართულ მხარეს ვინც მიუკერძოებლობის პრინციპის, პროფესიული სტანდარტისა და ეთიკის ნორმების დაცვით ახორციელებენ საკუთარ საქმიანობას, აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას, და აგვარიდებს არაზუსტი, საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში.

    ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში ცესკოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს ცესკომ შესთავაზა სამუშაო რეჟიმში შეხვედრა, თუმცა მათ შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

    ბოლო დღეების განმავლობაში, მედიაში, სამწუხაროდ კვლავ გრძელდება სპეკულაციები საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით შესაძლო სამხედრო გადაზიდვებთან დაკავშირებით.

    მოგეხსენებათ, რომ საქართველოს დაკეტილი აქვს თავისი საჰაერო სივრცე სამხედრო ტიპის ფრენებისთვის და აღნიშნულის შესახებ საჯაროდაც განვაცხადეთ. რაც შეეხება სამოქალაქო და ჰუმანიტარულ ფრენებს, ამ მიმართულებით საქართველო პირნათლად ასრულებს თავის საერთაშირისო ვალდებულებებს. ამასთან, გვინდა განვმარტოთ, რომ ასეთი ტიპის ფრენები არ საჭიროებს სპეციალურ ნებართვებს და სამოქალაქო ტიპის ფრენები საჰაერო სივრცეში ხორციელდება შეტყობინების და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე. შესაბამისად, საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის და ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში განხორციელებული ფრენები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ნორმებთან და ICAO-ს წესებთან.

    საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების უსაფრთხოებისა და სამოქალაქო ფრენების სხვა დანიშნულებით გამოყენებისგან თავის არიდების მიზნით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, როგორც ტვირთის მიმღებ ქვეყნებს, ასევე, გამგზავნებს, საჰაერო გზით სამოქალაქო და ჰუმანიტარული ტვირთის გადატანისას მკაცრად გააკონტროლონ აღნიშნული გადაზიდვები. პირველ რიგში, გადამზიდავი ქვეყნების პასუხისმგებლობაა სამოქალაქო ფრენები ხორციელდებოდეს ჩიკაგოს კონვენციის პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად, რაც კრძალავს სამოქალაქო ფრენების მიზანმიმართულად გამოყენებას სამხედრო მიზნებისთვის.

    დარღვევის აღმოჩენის და მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში საქართველო მოახდენს მკაცრ რეაგირებას და დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

    წყარო: https://mfa.gov.ge/News/sagareo-saqmeta-saministros-ganckhadeba-(36).aspx?CatID=5

  • სოციალურ ქსელებში პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის უფლების მქონე პირებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

    სოციალურ ქსელებში პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. საუბარია იმაზე, რომ თითქოს აღნიშნულ დაწესებულებებში იგეგმება ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობის ხელოვნური ზრდა პატიმრების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის საშუალებით.

    გვინდა განვმარტოთ, რომ საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად გაიზარდა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა წრე. აღნიშნული ცვლილება წელს პირველად არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს არა მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პირებს, არამედ მათაც ვისაც მძიმე დანაშაულისთვის შეეფარდათ სასჯელი. შესაბამისად, ცხადია, აღნიშნული განაპირობებს გასულ წლებთან შედარებით ხმის უფლების მქონე პირთა განსხვავებულ რაოდენობრივ მაჩვენებელს. 

    ამასთან აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მიხედვით იმ ამომრჩეველთა სიას,  რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან ადგენს და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებამდე დარჩა 16 დღე, ეს მონაცემები ჯერ არ არის გადმოცემული და შესაბამისად ოფიციალურად არ არის ცნობილი.

    აქვე განვმარტავთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ხმის მიცემის უფლების მქონე პირები, მიუხედავად მათი განთავსების ადგილისა, ხმას აძლევენ პროპორციული საარჩევნო სისტემით. ამასთან, მაჟორიტარის არჩევის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ემთხვევა იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, რომლის ტერიტორიაზეც პენიტენციური დაწესებულება მდებარეობს.

  • განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის შეფერხების მცდელობასთან დაკავშირებით

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ უცხო პირები, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელით, უკავშირდებიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და ეუბნებიან ცრუ ინფორმაციას, რომ მათი მისვლა უბანში საჭირო არაა კონკრეტულ დღეს. ამასთან, აძლევენ კომისიის წევრისთვის შეუსაბამო დავალებებს.

    სავარაუდოდ, მსგავსი ზარები, რიგ შემთხევაში, გამიზნულია საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის შესაფერხებლად, რათა წევრებმა არ შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქცია/მოვალეობები და არ გამოცხადდნენ საარჩევნო უბანში; ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, შეუსაბამო დავალებების გაცემით იკვეთება საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა.

    აღსანიშნავია, რომ გუშინ ასევე დაფიქსირდა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლის, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგზე შეჭრისა და მისი ჩაშლის ფაქტი.

    შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ თუ დაინტერესებულ მხარეს, არ ჩაერიონ საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციებში, ნუ შეეცდებიან საარჩევნო უბნის საქმიანობის შეფერხებას ან ჩაშლას, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას მიეცეს შესაძლებლობა მოემსახუროს ამომრჩევლებს და კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს საარჩევნო ღონისძიებები.

     

  • საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მიმართვა თანამემამულეებისადმი

    როგორც ცნობილია, 2020 წლის 27 სექტემბერს ოკუპანტმა სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ განახორციელა თავისი მორიგი ვერაგული თავდასხმა. განზრახ და მიზანმიმართულად ჩადენილი ამ სამხედრო პროვოკაციის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები სამოქალაქო მოსახლეობასა და სამხედრო მოსამსახურეთა შორის, ნათქვამია საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
    "სომხეთის მიზანია ყველა საშუალებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სტატუს-კვოს გაგრძელება, ასევე ქვეყნის საკუთარი მოსახლეობის ყურადღების გადატანა ძალიან სერიოზული სოციალური და ეკონომიკური პრობლემებიდან.
    ხოლო აზერბაიჯანი იცავს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას და გამჭვირვალედ და სამართლიანად აგრძელებს თავის პოლიტიკას. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბატონმა ილჰამ ალიევმა ხალხისადმი თავის მიმართვაში ზახგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის უძველეს მიწას და მთელი მსოფლიო მას აღიარებს აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილად. ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ საერთაშორისო დონეზე.
    ჩვენი ქვეყნის ახლო მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოც მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
    აზერბაიჯანელმა ხალხმა მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე მტკიცედ განაცხადა, რომ არასოდეს არ შეეგუებოდა თავისი მიწების ოკუპაციას და აუცილებლად ბოლოს მოუღებდა ამ ოკუპაციას. სამწუხაროდ, ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების მიზნით წლების მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებებმა ოკუპანტი სომხეთის პოზიციის გამო დადებითი შედეგი არ გამოიღეს. სომხეთის ქმედებებმა მოახდინეს სამშვიდობო პროცესის პარალიზება, ხოლო მის მიერ ჩადენილმა ძალადობის ბოლო აქტმა აზერბაიჯანს არ დაუტოვა სხვა არჩევანი, გარდა გაეროს წესდების შესაბამისად თავისი კანონიერი თავდაცვის უფლების გამოყენებისა.
    ამჟამად მამაცი აზერბაიჯანული ჯარი ასრულებს თავის წმინდა მოვალეობას, ღირსეულად იბრძვის სამშობლოს მიწებისათვის და მტერს, ოკუპანტ ჯარს აყენებს გამანადგურებელ დარტყმებს.
    ამ მოვლენების მიმდინარეობის ბოლო საბედისწერო დღეებში საქართველოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მხრიდან საელჩოში შემოდის უამრავი მიმართვა სხვადასხვა სახის დახმარებისა და შემოწირულობის შემოთავაზების, მოხალისედ ჩაწერის სურვილის თაობაზე.
    საელჩო მიმართავს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მათ ორგანიზაციებს და ღრმა მადლიერებას გამოხატავს გამოჩენილი პატრიოტიზმის, თავგანწირვისა და სოლიდარობისათვის. თუმცა მნიშვნელოვნად მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი.
    აზერბაიჯანის სახელმწიფოს და შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ ყველა საჭირო შესაძლებლობა მათ წინაშე მდგომი მოვალეობისთვის თავის გასართმევად. ამ თვალსაზრისით, ქვეყნის გარედან მოხალისეთა ჩართვის საჭიროება არ არსებობს.
    ამავე დროს, ნივთების და საქონლის სახით ჰუმანიტარული დახმარების და შემოწირულობების საჭიროებაც არ არსებობს.
    ხოლო ფინანსური შემოწირულობების განხორციელების მსურველ პირებს შეუძლიათ ეს განახორციელონ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დახმარების ფონდის მეშვეობით. ფონდის საბანკო რეკვიზიტები ხელმისაწვდომია აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე, შემდეგ ლინკზე: https://mod.gov.az/…/silahli-quvvelere-yardim-fondunun-ban…/.
    ამასთან დაკავშირებით საელჩო ასევე მოგახსენებთ, რომ ადგილებზე მისი სახელით ან აზერბაიჯანის რესპუბლიკის სხვა სახელმწიფო უწყებების სახელით ფულადი სახსრების შეგროვება არ ხორციელდება და გახმოვანებული ამგვარი შესაძლო მოწოდებები უსაფუძვლოა.

    ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
    არსებულ ვითარებაში მოგიწოდებთ, რომ გაგებით მოეკიდოთ მდგომარეობას, გამოიჩინოთ სიფხიზლე, არ წამოეგოთ შესაძლო პროვოკაციებს და იმოქმედოთ საქართველოში მიღებული ნორმებისა და კანონების ფარგლებში. თქვენი მორალური მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, ამ დღეებშიც აზერბაიჯანის გვერდით დგომა აშკარაა.
    საელჩო სამძიმარს უცხადებს დაღუპული ჯარისკაცების და სამოქალაქო პირების ოჯახებს და ახლობლებს. მარადიული იყოს სამშობლოს ხსნისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნა, სამოთხეში განისვენონ მათი სულები!", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური