საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 10:41

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა. ამის შესახებ „ნიუსდეი საქართველოს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ლი იანმა, „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, დიპლომატიური კორპუსისა და ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.

როგორც ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ჯემალ ფუტკარაძემ აღნიშნა, საქართველო აქტიურ მონაწილეობას იღებს აბრეშუმის გზის აღორძინების პროექტში და ამ მიმართულებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში ახლად დაარსებული ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიზანი საქართველო-ჩინეთს შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობების ხელშეწყობა და აკადემიური კავშირების გაძლიერებაა.

„ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიაში. უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დაარსება ჩვენი და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ერთობლივი ინიციატივაცაა. ჩვენთვის დიდი პატივია ჩინეთთან თანამშრომლობა. ინსტიტუტი აქტიურად იმუშავებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის შემუშავებაზე, ასევე, ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ამოქმედებაზე ჩინეთის სოციალურ მეცნიერებებათა აკადემიასა და აკადემიის შემადგენლობაში არსებულ ასზე მეტ ინსტიტუტში. ვფიქრობთ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება, როგორც სამეცნიერო ისე ეკონომიკური კუთხით“, - განაცხადა ჯემალ ფუტკარაძემ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ლი იანმა, ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო წრეებს კიდევ ერთი კვლევითი ინსტიტუტის დაარსება მიულოცა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, როგორც ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან. მოხარული ვართ, რომ შეიქმნა კვლევაზე ორიენტირებული აკადემიური ცენტრი, რომლის ანალოგიც საქართველოში აქამდე არ ყოფილა. მისი შექმნა მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს. ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემია სოციალურ მეცნიერებებში კვლევების ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტია ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კი საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მხარეებს შორის შედგება დიდი მნიშვნელობის და ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებული თანამშრომლობა.

მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გააგრძელებს განვითარებას, ახალ სტანდარტს დააწესებს და გახდება აკადემიური კვლევების, ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთვიზიტების განხორციელების პლატფორმა, ქართველი ხალხისთვის კი - ჩინეთის გაცნობის საუკეთესო საშუალება და ჩვენი ხალხების დამაკავშირებელი მეგობრობის ხიდი“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობათა გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა ვანგ ლეიმ აღნიშნა, ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დაარსებას შორს მიმავალი მიზნები და ორმხრივი სოლიდური სარგებელი ექნება.

„დარწმუნებული ვართ, ჩვენი თანამშრომლობა ბევრ სიკეთეს მოუტანს მომავალ თაობებს. საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებობს პოზიტიური დამოკიდებულება. ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ჩამოყალიბება კიდევ ერთი ახალი არხია, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას. ვინაიდან ინსტიტუტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდა, ეს ორივე მხარის სტუდენტებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი კონტაქტი ჰქონდეთ ერთმანეთთან. ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ სამომავლო გეგმები და განვსაზღვრეთ მთელი რიგი პერსპექტიული საკითხები, რომლებზეც ერთობლივად ვიმუშავებთ. მომავალი წლის დასაწყისში კი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე ერთობლივ კონფერენციას ჩავატარებთ. ვაპირებთ თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ანტიკორუფციული პოლიტიკა. ვფიქრობთ, მომავალში ამ პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, მეტიც, ეს გასცდება საქართველოს ფარგლებს და მოიცავს მეზობელ ქვეყნებსაც. ვფიქრობთ, ჩვენ დავაფინანსებთ ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებსა და პროექტებს, მივცემთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მეცნიერებს საშუალებას, ეწვიონ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს უნივერსიტეტებს“, - განაცხადა პროფესორმა ვანგ ლეიმ.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.

ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ, ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობას შეუდგა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები - აკადემიური დიალოგი ნათელი მომავლისათვის“.

წაკითხულია 157 ჯერ

Related items

  • საქართველოს ჩინეთის სიჩუანის პროვინციიდან ეკონომიკური და კულტურული გაცვლითი დელეგაცია ეწვია

    6–8 ნოემბრს საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციიდან ეკონომიკური და კულტურული გაცვლითი დელეგაცია  ეწვია.

    დელეგაციას სიჩუანის პროვინციაში კომუნისტური პარტიის მუდმივი კომიტეტის წევრი (პროვინციის გუბერნატორის დონე ჩინეთში)  ბატონი ვანგ იანფეი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ: სიჩუანის სახელმწიფო ქონების კონტროლისა და მართვის კომიტეტი (SASAC); სიჩუანის ვაჭრობის დეპარტამენტი, სიჩუანის პროვინციის საგარეო საქმეთა დეპარტამენტი;  სიჩუანის საინვესტიციო კორპორაცია; სიჩუანის ენერგეტიკული ინვესტიციის კორპორაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ლიქიორის პროდუქციის  მწარმოებელი ჯგუფი - უ ლიანგიე (WuLiangye Group).

    7 ნოემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ლიქიორის პროდუციის მთავარი მწარმოებელი ჯგუფის - უ ლიანგიე (WuLiangye Group) მიერ ორგანიზებულ საღამოზე, ჩინურ-ქართული მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გზებზე და იდეებზე ისაუბრეს. ასევე, სტუმრებმა და დამსწრე საზოგადოებამ „უ ლიანგიე“ მიერ წარმოებული პროდუქცია დააგემოვნა.

    აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს მთავრობის წევრებიც მონაწილეობდნენ.

  • ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრები ტვირთების მონიტორინგის პროცესს გაეცნენ

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების გასაცნობად და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვისთვის,  საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე ვანგ ქსიაოტაო ხელმძღვანელობს.

    აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობის ტექნიკური დახმარების ერთ-ერთი მიმართულება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ინფრასტრუქტურის აღჭურვასა და საინსპექციო სისტემების გაძლიერებას ითვალისწინებს. 

    დღეს სტუმრებმა ერთ-ერთი ასეთი აღჭურვილობა - სატვირთო საავტომობილო სტაციონალური რენტგენო სკანერი და ტვირთების მონიტორინგის პროცესი  ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაათვალიერეს.

    ინსპექტირების სისტემის გაცნობის შემდეგ, საუბარი სამუშაო შეხვედრის ფორმატში გაგრძელდა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ქალბატონი ლი იანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია დაესწრნენ.

    შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: აღმოსავლეთ - დასავლეთის სატრანზიტო დერეფანი, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა და ეკონომიკური პარტნიორობის განმტკიცების მექანიზმები. 

    შეხვედრის მსვლელობისას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ სტუმრებს საბაჟო დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურული სიახლეების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

    მისი თქმით, თანამედროვე საბაჟო აღჭურვილობა საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, უზრუნველყოფს მიზნობრივი საბაჟო კონტროლის სწრაფად განხორციელებას, ხელს უწყობს უსაფრთხოების დაცვასა და იმავდროულად, ამცირებს საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას.

    „საქონლის ფიზიკურ დათვალიერებას სჭირდება საშუალოდ 5 საათზე მეტი დრო. საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, დათვალიერება შესაძლებელია რამდენიმე დღეც კი გაგრძელდეს. ტვირთის ამდენი ხნით, დაყოვნება წარმოუდგენლ ზიანს მიაყენებს გლობალურ ვაჭრობას და მასში ჩართულ ყველა სატრანსპორტო კომპანიას. დათვალიერების თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებლობას იძლევა  მნიშვნელოვნად შემცირდეს საბაჟო კონტროლისთვის აუცილებელი დრო, საშუალოდ 4 წუთიდან - 7 წუთამდე, ნაცვლად 2 საათისა ან რამდენიმე დღისა. ამასთან, რენტგენო ინსპექტირება მნიშვნელოვნად ამცირებს დათვალიერბისთვის საჭირო ადამიანურ რესურსს და ამაღლებს რისკის შემცველი ტვირთების იდენტიფიცირების პროცესს“,  - აღნიშნა ვახტანგ ლაშქარაძემ.

    შემოსავლების სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

    აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილია ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, 5 საბაჟო გამშვები პუნქტის  უახლესი სტაციონარული რენტგენის სკანერით აღჭურვისთვის ითვალისწინებს 100 მილიონი იუანის (დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას.

    ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე (სარფი, ვალე, ნინოწმინდა, სადახლო, წითელი ხიდი, ლაგოდეხი, ყაზბეგი, ფოთის პორტი, თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა, ასევე სარკინიგზო ინსპექტირების სისტემები ფოთის პორტსა და გარდაბანში) 46 სხვადასხვა დანიშნულების სტაციონალური სკანერი ფუნქციონირებს. ამასთან, 5 წლიანი გრანტის ფარგლებში, იგეგმება კიდევ 9 ერთეული ახალი რენტგენო სკანერის გადმოცემა.

    აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 2005 წლიდან დღემდე, გრანტების სახით უკვე გამოყოფილია, დაახლოებით, 62 მლნ აშშ დოლარი, ხოლო შეღავათიანი სასაქონლო კრედიტის სახით - დაახლოებით 4.3 მლნ აშშ დოლარი.

     ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

  • „საპარტნიორო ფონდი“ ქართულ კომპანიებს ჩინეთის 1.3-მილიარდიან ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება

    „საპარტნიორო ფონდსა“ და „ჩინეთის ინდუსტრიული პარკების გაერთიანებას“ შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება. საქმიანი ურთიერთობის გაღრმავებისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ფონდს „ჩინეთის ინდუსტრიული პარკების გაერთიანების“ ვიცე-პრეზიდენტი და ანხუეის პროვინციის საკვები პროდუქტების ინდუსტრიული პარკის პრეზიდენტი იანგ სი ეწვია.

    ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა იმ ტექნიკური დეტალებისა და საშეღავათო პირობების შესახებ იმსჯელეს, რომლებითაც ქართული კომპანიები ჩინეთის ინდუსტრიულ პარკში ისარგებლებენ. კერძოდ, ჩინეთის მხარე „სპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის ფორმატში, ქართულ კომპანიებს ანხუეის პროვინციის (0,5 მლრდ. მოსახელობა) ინდუსტრიულ პარკში ერთწლიან უფასო სასაწყობე და საგამოფენო ფართებს, ასევე, პროდუქციის უფასო რეკლამირებას სთავაზობს.   

    ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობისა და კერძო სექტორის მოსაზრებების გაცნობის მიზნით, ფონდის მენეჯმენტმა და „ჩინეთის ინდუსტრიული პარკების გაერთიანების“  ვიცე-პრეზიდენტმა შეხვედრა  ქართულ კომპანიებთან, კერძოდ (პირველ ეტაპზე) ქართველ ღვნის მწარმოებლებთან გამართეს.

    „„საპარტნიორო ფონდი“ მზად არის, ქართველ მეწარმეებს ჩინეთის 1.3-მილიარდიან ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმაროს. ქართული ალკოჰოლური სასმელებისა და ნატურალური პროდუქტების პოპულარიზაციისთვის ფონდის მხარდაჭერით, ჩინეთის სხვადასხვა საერთაშორისო საგამოფენო სივრცე ქართულ კომპანიებს ამ დრომდე არაერთხელ დაეთმოთ. ამჯერად, ქართველ მეწარმეებს კიდევ ერთი შანსი უჩნდებათ, ახლა უკვე ანხუეის პროვინციაში  საკუთარი პროდუქციის რეალიზაციისთვის შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ“, განაცხადა შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ხელაიამ.

    შეხვედრაზე ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ჩოლოყაშვილმა და „ჩინეთის ინდუსტრიული პარკების გაერთიანების“ ვიცე-პრეზიდენტმა იანგ სიმ კერძო სექტორის მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. „ჩინეთის ინდუსტრიული პარკების გაერთიანების“ ვიცე-პრეზიდენტმა ქართველი მეწარმეები, რომლებიც წელს შანხაიში დაგეგმილ იმპორტის გამოფენაში იღებენ მონაწილეობას ანხუეის პროვინციის ინდუსტრიულ პარკში მიიწვია და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, საგამოფენო სივრცეები შესთავაზა.

    „ჩვენი და „საპარტნიორო ფონდის“ ერთობლივი თანამშრომლობის მიზანია მცირე და საშუალო კომპანიებს, რომლებიც დამოუკიდებლად სარეალიზაციო ბაზრების გაფართოებას ვერ ახერხებენ გავუადვილოთ და ხელი შევუწყოთ ჩინეთის დიდ ბაზარზე დამკვიდრებაში“, განაცხადა „ჩინეთის ინდუსტრიული პარკების გაერთიანების“ ვიცე-პრეზიდენტმა და ანხუეის პროვინციის საკვები პროდუქტების ინდუსტრიული პარკის პრეზიდენტმა იანგ სიმ.    

    მხარეები „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად, სამომავლო თანამშრომლობის ფორმატში ერთობლივ წინადადებებს შეიმუშავებენ.

     

  • სოციალური სტაბილურობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად სიანგანში - აცხადებს საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთის რესპუბლიკაში

    პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ეს უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი ფორმით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს მოქალაქეების ჩვეულებრივი ცხოვრების წესი. ამის შესახებ სააგენტო "სინხუას" განუცხადა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა დავით აფციაურმა.

         ”მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პროტესტი უნდა გამოიხატოს მშვიდობიანი ფორმით და უნდა იყოს გადაწყვეტილი მხოლოდ დიალოგის გზით და არა რადიკალური ქმედებებით და არა საზოგადოების ნორმალური ცხოვრების წესის დარღვევით”, - აღნიშნა დ. აფციაურმა.

    საქართველოს ყოფილმა ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ სოციალური სტაბილურობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად სიანგანში /ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი/.

        მისივე თქმით, სიანგანის მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთის მატერიკულ ნაწილთან "ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ვაჭრობისა და ტურიზმის პოტენციალის მნიშვნელოვან ზრდას", - დაამატა მან და სიანგანის მოსახლეობას მოუწოდა გააკეთონ ყველაფერი ამ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“.

    საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა ასევე გაიხსენა, რომ იგი რამდენჯერმე იმყოფებოდა სიანგანში, როგორც საქართველოს ელჩი ჩინეთში და მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სიანგანის მიერ მიღწეულმა არნახულმა პროგრესმა, მას შემდეგ რაც იგი ჩინეთის მატერიკულ  ნაწილს შეუერთდა.

        ”მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს პრინციპს „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“ და არ აპირებს ამ მიდგომის შეცვლას“ - დასძინა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში.

    შეგახსენებთ, რომ სიანგანი მიმდინარე წლის ივნისიდან  საპროტესტო აქციების გამო განიცდის არნახულ ზეწოლას, რომელიც გამოწვეულია კანონში /რომელიც ეხება დამნაშავეებს, რომლებიც ემალებიან მართლმსაჯულებას/ ცვლილების შეტანის მოთხოვნით.

    სიანგანის პოლიციის განაცხადებით, გასული ათწლეულების მანძილზე ეს გახლავთ ყველაზე მასშტაბური აგრესია, რომელიც გამოწვეულია დემონსტრანტების მხრიდან.

  • ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

    4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში გაიმართა ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია. ღონისძიებას წარუძღვა ჩინეთის სამხრეთს ავიახაზების, სინძიანის ფილიალის გენერალური დირექტორი ცაი ვენსი.

    ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის კონსულმა საქართველოში ეკონომიკური და კომერციული საკითხებში ვან ლიანპომ , საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილემ გივი დავითაშვილმა, TAV Georgia-ს გენერალური დირექტორმა მეთ ერკალიმ. 

    ცაი ენსიმ საკუთარ მიმართვაში აღნიშნა, რომ „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ფლოტი სიდიდით პირველია აზიაში ხოლო მესამე მსოფლიოში. 2018 წლის მიწურულისთვის ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ფრენებმა მოიცვა 39 ქვეყანა, 69 ქალაქი და 172 მიმართულება ერთი გზა ერთი სარტყელის ინიციატივის (BRI) ფარგლებში. ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებს ყოველწლიურად თხუთმეტ მილიონზე მეტი ტურისტი გადაყავს, რითიც ხელს უწყობს საჰაერო კორიდორის შექმნას ეკონომიკური თანამშრომლობისა და კოოპერაციისთვის. 

    ვან ლიანპომ, საქართველოში ჩინეთის კონსულმა ეკონომიკურ და კომერციულ საკითხებში, აღნიშნა, რომ ჩინეთ საქართველოს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმდინარე წელს და ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია. მისი თქმით ორ ქვეყანას შორის გაიზარდა და გაძლიერდა თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში და მიმართულებებში. ასევე გაზრდილია ხალხთა შორისი და კულტურული კავშირები. მისი თქმით ჩინეთი საქართველოს რიგითობით მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი.

    შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც 2011 წელს თბილისი-ურუმჩის გზა (ფრენა, რეისი, მიმართულება) გაიხსნა ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა შექმნა მოხერხებული ხიდი საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებს აქვს ყველაზე მეტი ჩინური სატრანსპორტო თვითმფრინავი, ასევე ყველაზე განვითარებული სამარშრუტო ქსელი, უსაფრთხო და ყველაზე დიდი მგზავრთბრუნვა წელიწადში, რომელმაც 140 მილიონს მიაღწია 2018 წელს.

    ავთანდილ ოთინაშვილი

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური