EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გახარია ლონდონში დაგეგმილ სამიტზე მიიწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2019 12:33

EBRD-ი არა მხოლოდ ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, არამედ არის ორგანიზაცია, რომელმაც პრინციპული როლი შეასრულა საქართველოს განვითარებაში და მრავალწლიანი თანამშრომლობის მანძილზე 200-ზე მეტი პროექტი დააფინანსა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის იურგენ რიგტერინქის შეხვედრისას აღინიშნა.

პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო აფასებს EBRD-ის წვლილს ქვეყნის განვითარებაში. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობას ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების ვიზიტებიც ადასტურებს. 

მთავრობის მეთაურმა EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს საქართველოსთან დაკავშირებით შემუშავებული განვითარების ახალი სტრატეგიისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყოვლისმომცველი დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია მთავრობის პრიორიტეტებთან.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით განხორცილებული ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სფეროში და კერძო სექტორის მხარდამჭერი პროექტები ძლიერ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე. 

საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორის რეფორმას. განსაკუთრებით აღინიშნა EBRD-ის მნიშვნელოვანი როლი ენერგოეფექტურობის, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ მიმართული პროექტების განხორციელების კუთხით, ასევე - მხარდაჭერა ინსტიტუციური და ეკონომიკური რეფორმებისადმი. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ახალ სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. 

„ვისაუბრეთ EBRD-სა და საქართველოს შორის არსებულ შესანიშნავ თანამშრომლობაზე. დღეის მდგომარეობით საქართველოში 3.4 მილიარდი ევროს ოდენობის კაპიტალდაბანდება გვაქვს განხორციელებული 235 პროექტის ფარგლებში. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია და ამდენად საქართველო ლიდერობს ჩვენს საინვესტიციო ქვეყნებს შორის დაბანდებული კაპიტალის სულადობრივი თანაფარდობის მიხედვით", - განაცხადა იურგენ რიგტერინქმა.

EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გახარია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვია, რომელიც ნოემბერში ლონდონში გაიმართება.

წაკითხულია 94 ჯერ

Related items

  • "მიუხედავად მიმდინარე დემოკრატიული პოლიტიკური პროცესებისა, მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ბიზნესგარემო იყოს სტაბილური და პოზიტიური"

    თავისუფალი, წარმატებული და ძლიერი ბიზნესი მნიშვნელოვანია, როგორც ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილების შემქმნელი, ასევე, როგორც  ქვეყნის განვითარების ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურმა  შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი წარადგინა და ხაზი გაუსვა, რომ ის იქნება ეფექტური მედიატორი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის.

    „ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი და სწრაფი კავშირი, რაც მიხეილ დაუშვილს აუცილებლად ექნება და თითოეული პრობლემა, რომელიც მასთან მივა, რამდენიმე წუთის, ან საათის განმავლობაში მოხვდება ჩემთან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

    პრემიერის შეფასებით,  სტაბილური გარემო ეკონომიკისა და ბიზნესისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

    „მსურს დაგარწმუნოთ, რომ მიუხედავად დემოკრატიული პოლიტიკური პროცესებისა, რომელიც ხდება ხან ქუჩაში, ხან პარლამენტში, ხან მედიაში და სხვადასხვა ადგილებში, ბიზნესისა და ეკონომიკისთვის მთავრობა გააკეთებს ყველაფერს და მიაღწევს მიზანს, რომ გარემო იყოს სტაბილური განჭვრეტადი და რაც მთავარია, პოზიტიური. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს საარჩევნო წელიწადი, წყნარად, მშვიდად, ინვესტიციების, ახალი სამუშაოს ადგილების შექმნის და კიდევ ბევრი საკანონმდებლო ცვლილების თვალსაზრისით, პირველ რიგში, თქვენთვის იყოს პროგნოზირებადი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება ის გარკვეული ბიუროკრატიული გამოწვევები, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში ბიზნესის წინაშე იდგა, დავები საბჭოს, ქონების მართვის, თუ სხვა მიმართულებებით.

    „უახლოესი წლების გამავლობაში ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება. ყველა ამ მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობას აქვს ძალზედ დიდი მნიშვნელობა.  ამას ექნება ქმედითი, სწრაფი, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, პრინციპებზე დაყრდნობილი მუშაობის ხასიათი. ბიზნესისა და  ეკონომიკისთვის პროგნოზირებადი და სტაბილური გარემო უნდა იყოს ძირითადი ამოცანა. მთავრობა და მე ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს. რა თქმა უნდა, თქვენი აღქმები და ის გადაცემის ეფექტი, რომელიც გაქვთ თქვენ, აქ მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ  უნდა ვიყოთ პარტნიორები და უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, გვყავდეს უფრო მეტი ძლიერი ქართული კომპანია და ერთად გავზარდოთ ქართული ეკონომიკა. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე და მომავალ წელს ბევრი სამუშაო გვექნება, წარმატებებსაც მივაღწევთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

  • "ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით"

    ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების  პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
     
    მთავრობის მეთაურის თქმით, იწყება მეორე ეტაპი, რომლისთვისაც სრული დაფინანსება უკვე არსებობს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პროექტის პირველი ეტაპი იყო წარმატებული და მასში 6 450-მა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.
     
    „პროექტის მეორე ეტაპი დასრულდება 2019 წლის ბოლომდე. რამაც, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყოს განათლების სისტემაში როგორც ახალგაზრდა პედაგოგების გამოჩენას, ასევე ჩვენი ღირსეული და ღვაწლმოსილი მასწავლებლების შემდგომ პენსიაზე ღირსეულად გაშვებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც დაწყებული იყო ასევე იმ ძალზედ ეფექტურ, ღირსეულ და  წარმატებულ გუნდთან ერთად, გაგრძელდება უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის ელჩს შეხვდა

    ყაზახური მხარე საქართველოში ტურისტული მიმართულებების განვითარებასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირების ინტერესს გამოხატავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბაურჟან მუხამეჯანოვის შეხვედრისას აღინიშნა. 

    პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში მხარი დაუჭიროს ყაზახურ კომპანიებს ინვესტიციების განხორციელებაში.
    საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა ტურიზმის განვითარების პოზიტიურ დინამიკას და დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ ყაზახეთი საქართველოში ვიზიტორების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყნებს შორისაა. 

    შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება.

  • გიორგი გახარია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

    საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების განხილვა იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის შეხვედრის მთავარი თემა.

    აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას ეფუძნება.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას ასევე განხილული იყო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც აღნიშნულ წლებში საქართველოს მიერ ევროპის საბჭოსთან ერთად განსახორციელებელ პროექტებს მოიცავს.

    ხაზი გაესვა დღემდე არსებული სამოქმედო გეგმების მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ მომავალ პროგრამასაც კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ექნება.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას და იმ პროცესებს, რომელიც ევროპის საბჭოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს. პრემიერმა გენერალურ მდივანს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით მტკიცე მხარდამჭერი პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.

  • გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს გაუსვეს ხაზი

    ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმებიან. საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს და დასავლეთ ვირჯინიის კონგრესმენ ალექს მუნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

    მთავრობის მეთაურმა კონგრესმენ კინზინგერს საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების პროცესში ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორპარტიული მხარდაჭერა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების უმაღლეს დონეს ადასტურებს.

    შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებს.

    ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლებში, არაერთი მიმართულებით მიაღწია.

    საუბრისას ასევე განხილული იყო საქართველოში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯები.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური