ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2019 19:22

შეხვედრაზე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ლიდერს თბილი მიღებისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აზერბაიჯანი იჩენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების კუთხით. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საიმედო მეზობელია, ამდენად, საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს ორმხრივი ურთიერთობების შემდეგომ განვითარებას. 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, რომელიც აუცილებელია ქვეყნების სრულფასოვანი განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო - ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციისთვის. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობას, ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის პოპულარიზებას საერთაშორისო დონეზე და ამ მხრივ, ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებას. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალ ხარისხზე. კერძოდ, აზერბაიჯანი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილზეა 9%-იანი წილით, ასევე 2018 წლის მონაცემებით, უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა 19%-იანი წილით. ასევე ხაზი გაესვა წარმატებულ თანამშრომლობას ტურიზმის სექტორში. შარშან საქართველოში აზერბაიჯანიდან ვიზიტორების ზრდამ 9 პროცენტი შეადგინა და ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი ლიდერია. 

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს დაგეგმილ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც წელს მესამედ ჩატარდება და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი მაღალი დონით იქნება წარმოდგენილი აღნიშნულ ღონისძიებაზე. 

წაკითხულია 100 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

    მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, წლების განმავლობაში შეჩერებული, დელიმიტაციის პროცესის განახლებას, რაზეც აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შევთანხმდით.

    დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობით და ეს პროცესი სწრაფად მოგვცემს შედეგს, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

  • ნათია თურნავამ და შეიხმა მოჰამედ ბინ ხალიფა ალ ხალიფამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია RPM W.L.L. ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და შეიხმა მოჰამედ ბინ ხალიფა ალ ხალიფამ მოაწერეს.  

    მემორანდუმის თანახმად, კომპანია RPM W.L.L. დაინტერესებულია საქართველოში განახორციელოს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტები ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის ენერგეტიკაში, მრეწველობაში, ნავთობისა და გაზის გადამუშავებასა და სხვ. კომპანიამ ასევე გამოხატა  ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და ოპერირების ინტერესი.  

    მემორანდუმის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების შესასრულებლად.

  • ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. მისიას ხელმძღვანელობს მერსედეს ვერა-მარტინი. 

    შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და აკაკი საღირაშვილი, აგრეთვე ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო. 

    მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე საქართველოს საგარეო გამოწვევები რეგიონში არსებული რეცესიის ფონზე. 

    განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება 2019 წლის მარტში ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩვენებელზე, რომელმაც 6 პროცენტი შეადგინა. სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული მაჩვენებელი და იმედი გამოთქვეს, რომ მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმების კურსი უზრუნველყოფს ქვეყნის ინკლუზიურ ზრდას.  

    შეხვედრაზე პოზიტიურად აღინიშნა საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები,  ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების რეფორმა, რომლის შედეგადაც აღნიშნულ სექტორში დამატებითი საბაზრო მექანიზმები დაინერგება.

  • საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელით, ოფიციალური ვახშამი გაიმართა

    საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელით, ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
    საპრეზიდენტო რეზიდენციაში ,,გიანჯლიკი" გამართულ ვახშამზე სახელმწიფოს ლიდერებმა ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ სამაგალითო მეგობრობაზე გაამახვილეს.

    ,,თქვენი ასეთი დახვედრა არის დასტური იმისა, რომ მასპინძლობა ჩვენი ერების ერთ-ერთი საერთო მახასიათებელია;
    ეს არის კავკასიური კულტურის ძირძველი ნიშანი, უცვლელი ტრადიცია.
    დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობას.
    მინდა გავიხსენო დიდი აზერბაიჯანელი, ისტორიული  ფიგურა ალი ბეი ჰუსეინზადე, რომელსაც ეკუთვნის აზერბაიჯანის აღორძინების პროგრამა - „თურქიზაცია, ისლამიზაცია, ევროპიზაცია“.
    ჩვენთვის - ქართველებისთვის ასეთი გმირი ილია ჭავჭავაძე იყო. მან ჩვენს ეროვნულ ლოზუნგად აქცია „მამული, ენა, სარწმუნოება“ და ევროპიზაციის იდეას ქადაგებდა.
    ქართველებმა და აზერბაიჯანელებმა ერთად გავიარეთ გზა თავისუფლებისკენ და სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს გზა დღეს საერთო მიზნებს გვისახავს.
    ჩვენ ერთდროულად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა 1918 წელს, გამოვცადეთ ფედერალური წყობაც, შემდეგ დავკარგეთ დამოუკიდებლობა და გავიარეთ მძიმე საბჭოთა წნეხის პერიოდი. ბოლოს ჩვენ ასევე ერთდროულად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა.
    საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობა მძიმედ დაგვაწვა. კონფლიქტები და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა ორივე ქვეყნის ტრაგედიაა. ჩვენ დღემდე ერთად ვიბრძვით საერთაშორისო ორგანიზაციებში - გაეროდან იუნესკომდე, რათა ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული და აღდგენილი. ამ ტრაგედიების მიუხედავად,  ჩვენ შევძელით თანამედროვე სახელმწიფოების მშენებლობა, თანამედროვე ეკონომიკის განვითარება და დიდი პროექტების განხორციელება.
    ჩვენ კავკასია მსოფლიო რუკაზე გამოვაჩინეთ - თქვენ ამ რუკაზე ჩანხართ, როგორც გაზისა და ნავთობის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი, ჩვენ კი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა ვართ. ჩვენი სამეული - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ამ რეგიონის ენერგოგზების ქვაკუთხედი გახდა.
    კავკასიის პოტენციალი მსოფლიოსთვის ამით არ იწურება. ამ რეგიონის გამორჩეული მდებარეობისა და უნიკალური მონაცემებიდან გამომდინარე, დიდი როლი გვაქვს შესასრულებელი.
    ჩვენი ქვეყნები იმ გზაზე მდებარეობს,  რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აზიასა და ევროპას, ჩინეთსა და დასავლეთს, კასპიის ზღვასა და შავ ზღვას. ამ სატრანსპორტო დერეფნების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.
    იმისათვის, რომ ეს გზები მაქსიმალურად დაიტვირთოს და სათანადო მნიშვნელობა შეიძინოს, აუცილებელია, ჩვენმა რეგიონმა შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა. ყველას გვჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტი პარტნიორი, მეტი ტურისტი, მეტი ბაზრები. ეს ყველაფერი ჩვენს სტაბილურობაზეა დამოკიდებული.

    სტაბილურობისა და წინსვლის განუყოფელი ნაწილია კულტურა. ჩვენმა ქვეყნებმა ღირსეული ადგილი უნდა დაიკავონ მსოფლიო და ევროპულ თანამეგობრობაში, რომელიც, ეკონომიკის გარდა, სწორედ კულტურის სფეროს მოიცავს.
    მიმაჩნია, რომ დადგა დრო, როცა საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიანთი კულტურა სავიზიტო ბარათად უნდა აქციონ. ჩვენ ვფიქრობთ ახალ სტრატეგიებზე: ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე, ვფიქრობთ მასშტაბურ კულტურულ პროექტებზე.
    ახლახან, იუნესკოში ვიზიტის დროს, გამოიკვეთა რამდენიმე ასეთი მიმართულება. მათ შორის არის ინდუსტრიული მემკვიდრეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლად იქნას აღიარებული გასული საუკუნის დასაწყისში ბაქოში ნავთობის აღმოჩენა და ინდუსტრიის განვითარება.
    ჩვენ მზად ვართ, გაგიზიაროთ გამოცდილება და, თუ თქვენი სურვილი იქნება, ერთობლივად წარმოვადგინოთ კავკასიის ინდუსტრიული მემკვიდრეობა (ბაქო, რკინიგზა და ფოთი).
    ეს პირადად ჩემთვის იქნება დიდი პატივი, რადგანაც ჩემი წინაპარი - ნიკო ნიკოლაძე  უშუალოდ იყო ჩართული ამ წამოწყებებში და ურთიერთობდა კაპიტალისტებთან, რომლებიც მაშინ კავკასიაში საქმიანობდნენ. ესენი იყვნენ: ნობელები - თქვენთან, როტჩილდები კი - ჩვენთან.
    არ დავივიწყოთ ისიც, რომ ნავთობის ინდუსტრიის ისტორია ჩვენი რეგიონის მშვიდობის ისტორიაცაა. მისი ახლებური წაკითხვა და მსოფლიოსთვის წარდგენა მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ერებს და შეცვლის ცრუ წარმოდგენას რეგიონზე, რომელიც მხოლოდ კონფლიქტების ჭრილში აღიქმება.
    არსებობს მრავალი პროექტი კულტურის, ეკონომიკის სფეროებში. მათ შეუძლიათ ჩვენი ქვეყნების, ხალხების, ახალგაზრდების უფრო მჭიდროდ დაკავშირება.
    ჩვენს დედაქალაქების შორის უფრო აქტიური გაცვლები უნდა მოხდეს: თქვენი ტრადიციული ხელგარჯილობის, მხატვრების, კომპოზიტორების, მწერლების წარმოჩენა; გაიმართოს ფორუმები აქტუალურ საკითხებზე, - მაგალითად, გარემოს დაცვაზე,  რამეთუ კავკასიის ბიოდივერსიფიცირებული ფლორა და ფაუნა ჩვენი დასაცავია.
    ამისათვის უნდა ვიმუშაოთ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე მსოფლიო კონფერეციებზე. ახალგაზრდებს შორის ამ პასუხისმგებლობის შეგრძნება და ამაღლება, ახალი მიდგომების დანერგვა შეიძლება გახდეს ძალიან ეფექტიანი დამაკავშირებელი ინსტრუმენტი.

    არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ჩვენ კიდევ უფრო გვაახლოებენ ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები ქართველები და აზერბაიჯანელები. 
    ხვალ აქ ვესტუმრები ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებს. მათ მიმართ ჩვენ  დიდ სიახლოვეს ვგრძნობთ და გვინდა, რომ ვიზრუნოთ მათზე - ისევე,  როგორც თქვენ გინდათ, ხელი გაუწოდოთ აზერბეიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს. ეს ადამიანები ერთმანეთთან მტკიცედ აკავშირებენ ჩვენს ქვეყნებს.
    მინდა ვისურვო, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და დიდი თუ პატარა მეზობლების კეთილგანწყობით მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას.
    ეს არის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საწინდარი იმ რეგიონში, რომელიც კულტურებისა და ცივილიზაციების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენ მსოფლიოს წინაშე ვალდებული ვართ, დავიცვათ მისი უნიკალურობა!", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურ ვახშამზე.
    ილჰამ ალიევის განცხადებით, დღეს არსებობს კარგი შესაძლებლობები და პერსპექტივები აზერბაიჯანსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის, ესენია: ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურის სფეროები.

  • ​საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

    ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტს დახვდნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნადირ ჰუსეინ ზადე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი.
     
    საქართველოს პეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს გამართავს უმაღლესი თანამდებობის პირებთან: აზერბაიჯანის პრეზიდენტთან,  პირველ ვიცეპრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
     
    ვიზიტის მიზანი აზერბაიჯანთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება და განვითარებაა. პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, პრიორიტეტული იქნება ასევე კულტურული ურთიერთობების განვითარებაც.
     
    აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ქართველ სტუდენტებთნ, წარმატებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დიასპორასთან.
     
    საქართველოს პრეზიდენტი ასევე ეწვევა აზერბაიჯანის რამდენიმე მუნიციპალიტეტს: კახს ზაქათალას და ბელაქანს, სადაც  ეთნიკური ქართველი აზერბაიჯანის მოქალაქეები ცხოვრობენ.
     
    საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო დელეგაციის შემადგენობაში შედიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად ძიძიგური, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე,
    პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი გიორგი მოსიძე,  პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ნინო წილოსანი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ადა მარშანია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ქეთევან მახარაშვილი.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური