შინაგან საქმეთა მინისტრმა შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019 12:32

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს, მარიო გატიკერს შეხვდა. გატიკერი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები და ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას „მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

მარიო გატიკერმა დადებითად შეაფასა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობა ევროპული საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსა და ევროპოლთან, ასევე, პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება და რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება.

ვახტანგ გომელაურმა სტუმარს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პოზიტიურად აისახება უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ გამოწვევებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანმა დეტალურად განიხილეს უვიზო მიმოსვლის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.

წაკითხულია 234 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

    შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს - დურსუნ ჰასანოვს შეხვდა. ელჩმა ვახტანგ გომელაურს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის შესახებ აზერბაიჯანელი კოლეგის ოფიციალური მისალოცი წერილი გადასცა.

    ვახტანგ გომელაურმა მეზობელი ქვეყნის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროების მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს.

    ვახტანგ გომელაურმა ელჩს ოფიციალური მისალოცი წერილის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა და უახლოეს მომავალში ვიზიტის დაგეგმვის მზაობა გამოთქვა.

     

     
  • სუს-ის უფროსი საქართველოში ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა.
    შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მხარეებმა მიმოიხილეს თანამედროვე მსოფლიოსა და რეგიონში არსებული სიტუაცია და გამოკვეთილი ტენდენციები. ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და ხაზი გაუსვეს ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურების შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცებისა და გააქტიურების აუცილებლობას.

    ვახტანგ გომელაურმა და ჯასტინ მაკენზი სმიტმა სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის უახლოესი პერსპექტივები შეაჯერეს

  • საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

    შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ სოციალური კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში გამოცხადებულ ესეებისა და ნახატების კონკურსში გამარჯვებულები საჩუქრებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

    კონკურსი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა სკოლაში ჩატარდა, თემაზე - „ერთად დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები, ერთმანეთის გულისთვის“.

    გიორგი მღებრიშვილმა სკოლის მოსწავლეებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა: "იცით, რატომ იყო ეს კონკურსი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ასეულობით ბავშვმა დაიწყო ფიქრი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ეს ჩემთვის და ჩემი უწყებისთვის ძალიან დიდი გამარჯვებაა. დანაშაულის პრევენცია, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება პირდაპირ კავშირშია ბავშვებისა და მოზარდების შესაბამის განათლებასთან. ამ მიზნით, ჩვენ ბევრ პროექტს ვახორციელებთ. მალე საქართველოში პატარებისთვის „უსაფრთხო სოფელი“ შეიქმნება, სადაც ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე, შემეცნებით-გასართობი მეთოდებით, უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს აზიარებენ. გმადლობთ ყველას, რომ ერთად გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი უსაფრთხო საგზაო მოძრაობისკენ".

    კონკურსისთვის სპეციალურად შერჩეული ჟიურის წევრებმა მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი, ფინალურ ეტაპზე გასული 500-მდე ესედან და ნახატიდან 9 გამარჯვებული და 21 საუკეთესო ნამუშევრის ავტორები გამოავლინეს და დააჯილდოვეს. ასევე დაჯილდოვდა კონკურსში მონაწილე მაკეტის ავტორიც.

    ნახატების კონკურსში გამარჯვებული უმცროსკლასელები:

    1.ქრისტინე ხითარიშვილი - ქ. ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მე-6კლასის მოსწავლე;

    2.ანა კურტანიძე - ქ. თბილისის N39 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე;

    3.მარიამ ზირაქიშვილი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსაწავლე.

    ნახატების კონკურსში გამარჯვებული უფროსკლასელები:

    1.თამთა ნაცვლიშვილი - ქ. თბილისის N180 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე;

    2.მარიამ ტოგონიძე - ქ. რუსთავის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე;

    3.ვალერია მელიქიანი - ქ. თბილისის N96 საჯარო სკოლის მე-8კლასის მოსწავლე.

    ესეების კონკურსში გამარჯვებულები:

    1.ოლანი ბიწაძე - ქ. ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე;

    2.მარიამ აბაშიძე - ქ. რუსთავის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე;

    3.გვანცა ბარბაქაძე - ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე.

     

    მაკეტის ავტორი: გიორგი ხაჟალია - ქ. სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე.

     ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა პერტაია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ფიქრია მიქაბერიძე, ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ია ვახტანგიშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი, მხატვარი გუგა თევდორაძე და ფსიქოლოგი ნანა ჩიჩუა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ გრძელვადიანი, ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

  • უნივერსიტეტებში არანაირი ოდეერები არ არსებობს"- ვახტანგ გომელაური

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი უნივერსიტეტებში ე.წ. ოდეერების არსებობას გამორიცხავს.ვახტანგ გომელაურის განმარტებით, ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი იყო მანამდე, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახური გამოეყოფოდა.„უნივერსიტეტებში არანაირი ოდეერები არ არსებობს, ოდეერები იყო, სანამ გამოეყოფოდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, 25 სუბიექტიდან ჯერ 13 სუბიექტშია დანიშნული ჩვენი ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცერი, 12-ში ჯერ კიდევ არა, ეს ერთპიროვნულად არ წყდება,“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

  • ოპოზიცია პარლამენტში გომელაურის მისვლას ითხოვს

    საპარლამენტო ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ისევ ითხოვს.

    ვახტანგ გომელაური უწყების ანგარიშის წარსადგენად პარლამენტში უკვე იმყოფებოდა, თუმცა საკითხის მოსმენა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური