პრემიერმინისტრმა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 სექტემბერი 2019 10:32

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოსადმი ალიანსის მხარდაჭერის კიდევ ერთი ხაზგასმაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნთან შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებმა საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და განსაკუთრებით აღნიშნეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

მედლინ მუნმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა და განაცხადა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთან თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი შეფასებით, მისასალმებელია, რომ საქართველო მონდომებულია, იყოს ამ ოჯახის მყარი და სრულუფლებიანი წევრი. ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული განხორციელების პროცესს.

ყურადღება გამახვილდა ქვეყნის განვითარების სხვადასხვა მიმართულებაზე. დელეგაციის წევრები ასევე დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებით, მათ შორის უსაფრთხოების, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობას. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

წაკითხულია 100 ჯერ

Related items

  • გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

    გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქტიურად ვხვდებოდით, განვიხილავდით ყველა მწვავე საკითხს, არ არსებობდა დახურული თემები და შესაბამისად, ეს პირველ რიგში, ხელს უწყობდა ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა.

    მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური ზრდის და დასაქმების თვალსაზრისით ბიზნესის როლს და აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებობდეს სწრაფი ეფექტური კომუნიკაცია, იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს რეაგირება არსებულ გამოწვევებზე.

    „ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა დარგში. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბიზნესი არის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ამავდროულად, ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. ამის გათვალისწინებით, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვქონდეს ძალზე სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია, სადაც შევძლებთ, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელსაც დღეს ყველამ ერთად უნდა გავცეთ პასუხი, რადგან გვესმის, რომ ეკონომიკური ზრდის ნაწილში ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. გამოწვევა ბევრია, გვესმის, რომ სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია. გვესმის, რომ ქართულ ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რათა გვქონდეს ძლიერ ქართული ბიზნესი, გვყავდეს რაც შეიძლება მეტი ძლიერი ქართული კომპანია, რამეთუ შემდეგ სახელმწიფომ შეძლოს მართლზომიერად, ნელ-ნელა ბიზნესსაც გაახსენოს, რა არის სოციალური პასუხისმგებლობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

    პრემიერ-მინისტრის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ გამოიკვეთოს პრობლემები და მოინახოს გადაჭრის გზები. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველა ის საკითხი რომელიც მოკლევადიან გადაწყვეტას მოითხოვს, მთავრობის მხრიდან ეფექტურად გადაიჭრება.

    „ჩვენ ასევე ძალიან კარგად გვესმის, რომ ასევე ბიზნესის მხრებზეა ქვეყანაში საშუალო ფენის შექმნაში ძირითადი როლი და ფუნქცია. აქ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აქვს თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქცია. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ იქ, სადაც არსებობდა გადაწყვეტილების სწრაფად მიღების და პრობლემების გადაჭრის კომუნიკაციები, წარვადგინოთ. იქ, სადაც არ არსებობდა, შევქმნათ ახალი. ჩემი მხრიდან შემიძლია დაგარწმუნოთ იმაში, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც მოკლე ვადიან, სწრაფ და ეფექტიან რეჟიმში არის გადაწყვეტადი მთავრობის მხრიდან, იქნება გადაწყვეტილი. იქ, სადაც სისტემური პრობლემებია, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობით, ერთობლივად უნდა მივაღწიოთ შედეგს. აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მიმდინარე პერიოდში ყველა გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ან სისტემური ცვლილება რომელიც იქნება მიღებული, იქნება თქვენი სრული ჩართულობით, ოღონდ მოლოდინებიც უნდა იყოს ადეკვატური და ობიექტური. იქ, სადაც მთავრობას მოუწევს „არას" თქმა, ეს „არა" უნდა იყოს ადეკვატურად მიღებული. ჩვენი ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ პასუხი იყოს სწრაფი და არ დავხარჯოთ ამაზე ბევრი დრო. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში „არაც" პასუხია. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში „არას" ყველაზე დიდ ხანს ელოდება ხოლმე ბიზნესი და კომპანია. თქვენ პრაგმატული ხალხი ხართ, აფასებთ დროს. ჩვენც საკმაოდ პრაგმატულად ვაფასებთ დროს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს განაგრძობს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. პრემიერი დღეს მეღვინეებს და მევენახეობის წარმომადგენლებს შეხვდება.

    როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საუბარი შეეხება იმ გამოწვევებს, რომელიც უკავშირდება როგორც ადგილობრივ წარმოებას, ასევე ბაზრებზე წვდომას და ექსპორტს.

    „ჩვენ დავიწყეთ ბიზნესის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრები. დღეს გვექნება შეხვედრა მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით. განსაკუთრებულად აქტუალურია დღეს შეხვედრა, რამეთუ რთველი დასრულების ფაზაში გადავიდა. უკვე გვაქვს გარკვეული შედეგები, გვესმის, რომ იყო გარკვეული გამოწვევები, თუმცა საბოლოო ჯამში რთველმა კახეთის რეგიონში კარგად ჩაიარა. თუ გვექნება საშუალება, კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ რთველის ბოლო ფაზაში, რა თქმა უნდა, იქნება მისასალმებელი. ჩვენ გვინდა დარგს ვესაუბროთ იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც არის როგორც ადგილობრივი წარმოების, მევენახეობის, ასევე ბაზრებზე წვდომის და ექსპორტის თვალსაზრისით," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის პირველ საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

    2019 წლის 9 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრი ეწვევა აზერბაიჯანის რესპუბლიკას, შემდეგ კვირას ვიზიტი შედგება სომხეთში. ასევე, მზადდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.

    პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტი ბრიუსელში შედგება ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.

  • პრემიერ-მინისტრმა და საქართველოში EUMM-ის ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელ ერიკ ჰოგის შეხვედრის მთავარი თემა.

    საუბრისას აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის სოფელ ჩორჩანას და გუგუტიანთკარის მიმართულებით, ასევე ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ადგილობრივი მცხოვრებლების დაკავება, მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და უხეშად არღვევს ადამიანთა უფლებებს.

    პრემიერმა ხაზი გაუსვა დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ შექმნილი მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებაში EUMM-ის საქმიანობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

    გიორგი გახარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა EUMM-ის, როგორც ადგილზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლზე დაძაბულობის შემცირებასა და ადგილზე მშვიდობის შენარჩუნებაში. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. 

     

  • პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორია-გიორგი გახარია

    საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

    შეხვედრისას ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების მიმართულებით არსებულ პოტენციალს. გერმანიის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო ეკონომიკური რეფორმების კუთხით ლიდერია და ამ სფეროში არსებული პარტნიორობის დინამიკა მისასალმებელია.

    მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დასავლელი პარტნიორების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების მაღალ დონეზე დაყენების მნიშვნელობას, როგორც საერთაშორისო, ისე - რუსეთთან ორმხრივ ფორმატებში. გიორგი გახარიამ გერმანიას ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში  ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.  

    საუბრისას, ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით აღნიშნა  გერმანელი ექსპერტების როლი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტის განხორციელების პროცესში.

    შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობა და აღინიშნა გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი პროფესიული განათლების განვითარების სფეროში. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს გერმანიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების მიმართულებით და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზად არის. 

     პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური