გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელთან გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019 10:56

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ურყევი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერთან შეხვედრისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის რანგში გამართულ პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებაზე, მათ შორის უსაფრთხოების და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. 

ამერიკული მხარისგან მკაფიოდ დაფიქსირდა ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელების და კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობა. 

ხაზი გაესვა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას. 

შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ჭრილში არსებულ მძიმე მდგომარეობას. ფილიპ რიკერმა ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებსა და ე.წ ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ აშშ-ი კვლავაც მოუწოდებს რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ. 

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მადლობა გადაუხადა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

წაკითხულია 68 ჯერ

Related items

  • პრემიერმინისტრმა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს

    ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოსადმი ალიანსის მხარდაჭერის კიდევ ერთი ხაზგასმაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნთან შეხვედრისას განაცხადა.

    მხარეებმა საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და განსაკუთრებით აღნიშნეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

    მედლინ მუნმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა და განაცხადა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთან თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი შეფასებით, მისასალმებელია, რომ საქართველო მონდომებულია, იყოს ამ ოჯახის მყარი და სრულუფლებიანი წევრი. ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული განხორციელების პროცესს.

    ყურადღება გამახვილდა ქვეყნის განვითარების სხვადასხვა მიმართულებაზე. დელეგაციის წევრები ასევე დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებით, მათ შორის უსაფრთხოების, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში.

    შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობას. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

  • საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

    საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და „სამთავრობო პროგრამას 2019 - 2020“  მხარი 98  ხმით დაუჭირა.

    საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა,  მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის ბოლო ეტაპი  გაიმართა. საპარლამენტო ტრიბუნა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ დაიკავა.

    „მე დღეს შევეცდები პრინციპულ, საკვანძო ფასეულობებზე და მთავრობის ძირითად განზომილებებზე ვისაუბრო. ჩვენ ძირითადად ორიენტირებული ვიქნებით საქმეზე, შედეგებზე და ეფექტურობაზე. ეს იქნება ჩვენი ძირითადი პრინციპები და ხალხის ხმა იქნება ჩვენი ძირითადი მაკოორდინირებელი ძალა. მიზნის მისაღწევად, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, მთავრობამ, პარლამენტმა, ხელისუფლებამ მთლიანად და მათ შორის, ოპოზიციამ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

    პრემიერმინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრებს სამთავრობო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები წარუდგინა.

    მისი განცხადებით, ეფექტურობა გონივრულ ვადებში და კეთილსინდისიერება იქნება მთავრობის მუშაობის ძირითადი პრინციპი. გიორგი გახარიამ მთავრობის პრიორიტეტებზე საუბრისას ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კორუფციასთან ბრძოლა დაასახელა.

    მან ასევე გაამახვილა ყურადღება სიმართლის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, სიცრუით და მოდელირებული რეალობით მოქალაქეებზე ზემოქმედება არ უნდა ხდებოდეს.

    მან ამ კონტექსტში ისაუბრა ოკუპაციის პრობლემაზე და აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მდუმარე პასუხისმგებლობას მაინც უნდა გრძნობდნენ ოკუპაციაზე, ხელისუფლებას დებენ ბრალს ოკუპაციის შეფასებაში, რაც მისივე თქმით მიუღებელია და ამას ხელისუფლებამ სიმართლე უნდა დაუპირისპიროს. „სამართლიანობა, რომელსაც ჩვენ სიმართლის სახით მივიტანთ თითოეულ მოქალაქემდე არის ის ძირითადი კომპონენტი, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას ვიყოთ უფრო მომთხოვნები, როგორც ჩვენი ოპონენტების, ისე ჩვენი თანაგუნდელების მიმართ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

    პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და  ადამიანური კაპიტალის განვითარება, ქვეყნის განვითარების იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებად დაასახელა, რომელზეც მთავრობა 2019-2020 წლების განმავლობაში იქნება კონცენტრირებული.

    უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად, გიორგი გახარიას განცხადებით რჩება ქვეყნის ოკუპაცია. „როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, აქვე უნდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკის, ქვეყნის განვითარების, ქვეყნის ადამიანური კაპიტალის 20 პროცენტია ოკუპირებული და ამაშია სწორედ ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე დიდი გამოწვევა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

    მისი თქმით, ხელისუფლება ოკუპაციის პრობლემის მოსაგვარებლად, ომის გარდა გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს.

    გიორგი გახარიამ ისაუბრა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური კურსი რჩება ქვეყნის ძირითად პრიორიტეტად და ამ მიმართულებით არსებობს მნიშვნელოვანი პროგრესი და ხელშესახები შედეგები.

    საზოგადოების რადიკალიზაციის მაღალი დონე, გიორგი გახარიამ ქვეყნის შიდა უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა. მისი თქმით, საპარლამენტო დემოკრატია რადიკალიზაციის ასეთ ხარისხთან არათავსებადია.

    „ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური ძალა პარლამენტზე შტურმს ეძახის გამოხატვის თავისუფლებას და იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ ხალხს, რომ შეჭრილიყვნენ სახელმწიფო ინსტიტუტში, პოლიტიკურ დონეზეც არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება. ამ ქვეყანაში ძალადობით პოლიტიკური შედეგების და პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილება აღარ უნდა მოხდეს არასოდეს. ამისთვის არსებობს პარლამენტი და არჩევნები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

    პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ეკონომიკური მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას დასაქმების პრობლემის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის მთავრობისეულ ხედვებზე ისაუბრა.

    ასევე გაამახვილა ყურადღება თავისუფალი და ეფექტური ბიზნესის არსებობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას თანაბარი და მისაღები პირობები ბიზნესის განვითარებისთვის, რათა  ბიზნესმა, რომელიც გაძლიერდება და შექმნის სამუშაო ადგილებს, აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა დასაქმებულების წინაშე.

    მომხსენებელმა ისაუბრა ინფრასტრუქტურის,  საგარეო ვაჭრობის, სახელმწიფო რესურსების უკეთესად ამოქმედების, ენერგოუსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის  და საპენსიო რეფორმირების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე.

    „სახელმწიფოს როლია და ძირითადი ფუნქცია, რომ ყველას შეუქმნას თანაბარი პირობა, იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის წინსვლაში. ჩვენი ხელისუფლების როლია, რომ შევქმნათ ყველა პირობა  თითოეული სოციალური ჯგუფისთვის, რომ ერთად შევძლოთ პასუხისმგებლობის ტარება ჩვენი ხვალინდელი დღის, ჩვენი ბავშვების წინაშე, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინ და ხვალ უკეთესი ვიდრე არის დღეს“, - განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ.

    სხდომა, რეგლამენტის თანახმად, კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

    პარლამენტის  წევრების შეკითხვები მედიკამენტების ფასების რეგულაციის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს, განათლების რეფორმის გაგრძელების პერსპექტივებს, სისხლის სამართლის პოლიტიკის მიმართულებებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის გრძელვადიან ხედვებს, ახალგაზრდული და სოციალური პოლიტიკის მიმართულებებს, სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ხარვეზების აღმოფხვრას, სამინისტროების სტრუქტურული რეორგანიზაციის შესაძლებლობების საკითხს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დაგეგმილ პროექტებს, მთავრობასა და ბიზნესს შორის დამოკიდებულებას, ეროვნული ვალუტის მდგრადობის საკითხებს, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პროგრამას და ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხებოდა.

    პარლამენტის წევრების შეკითხვებს გიორგი გახარიამ და მინისტრობის კანდიდატებმა ვრცელი და დეტალური პასუხები გასცეს.

    რეგლამენტით დადგენილი წესის თანახმად, სხდომა  კომიტეტების, ფრაქციების და ცალკეული დეპუტატების გამოსვლებს დათმო.  

    საპარლამენტო კომიტეტები

    ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე: „ბატონი გიორგი გახარია და მისი კაბინეტი იქნება თანმიმდევრული და ეფექტიანი იმ პროგრამის განხორციელებაში, რომელიც დაიწყო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. პრემიერმინისტრობის კანდიდატს აქვს  სისტემური ძლიერი ხედვა და მან ბევრი სისტემური რეფორმა განახორციელა მეტად საპასუხისმგებლო პოზიციების შესრულებისას. სწორედ ამიტომ, მე მხარს ვუჭერ გიორგი გახარიას და მის კაბინეტს.“

    განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში: „ახალ სამთავრობო პროგრამაში, ერთ-ერთი ქვაკუთხედი მომავალი პრიორიტეტების კვლავ რჩება ადამიანური კაპიტალის გაძლიერება და განათლების რეფორმა. ჩვენი კომიტეტის სახელით, მინდა დაგიდასტუროთ მხარდაჭერა წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაზე. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს როგორც განათლების, როგორც მასშტაბური რეფორმის, ასევე დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდის გაგრძელების გარანტიები.“

    დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია:  „ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, არსებობენ პოლიტიკოსები, რომელთაც თავის არსენალში აკრძალული მეთოდებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობა აქვთ. მე მინდა, რომ ამ პერიოდში ან ეს ადამიანები პოლიტიკურად დაასრულოთ და ჩვენ გვერდში დაგიდგეთ ამ თემაში, ან ამ თემაზე საუბარი დასრულდეს სამუდამოდ, რომ მომავალი არჩევნების დროს, საზოგადოებას ეს აღარ ჰქონდეს განსახილველი. მეორე იმედი, რასაც მგონია, რომ თქვენ დაასრულებთ არის იმედი იმისა, რომ დასრულდება „ქართული ოცნების“ პრორუსულობაზე საუბარი და საუბარი იმაზე, არის თუ არა ეროვნული ინტერესების გამტარებელი „ ქართული ოცნება.“

    თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი: „მინდა, ვუსურვო მინისტრობის ახალ კანდიდატებს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და ბატონ ვახტანგ გომელაურს წარმატებები, ისევე, როგორც თითოეულ მათგანს, მთლიან შემადგენლობას განსაკუთრებულ პატივს ვცემ, არ გამომრჩება და ლევან იზორიას ვეტყვი განსაკუთრებულ მადლობას. მასთან ერთად მე ძალიან ბევრი ვიმუშავე თავდაცვის საკითხებზე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლევან იზორიამ ძალიან მაგარი რეფორმები განახორციელა და მიხარია, რომ მას ვიხილავთ უშიშროების საბჭოში. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხი ძალიან აქტუალური და პრობლემატურია. ვიცი, რომ ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა და დანარჩენი საქმეში ვაჩვენოთ ერთმანეთს.“

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი:  „ჩვენმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას. ჩვენი მხარდაჭერა განაპირობა ორმა ძირითადმა ფაქტორმა. პირველი ეს არის სამთავრობო პროგრამა, რომელიც დაფუძნებულია ოთხ ძირითად პრინციპზე: დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის დეოკუპაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. მეორე, ფაქტორი მდგომარეობს იმაში, რომ წარმოდგენილ მთავრობის წევრობის კანდიდატებს შესწევთ უნარი წარმატებით შეასრულონ  სამთავრობო პროგრამით დასახული ამოცანები. მათ მიერ წარმოდგენილი ხედვები და მოტივაცია ჩვენთვის არის დამაჯერებელი, რომ ისინი შეძლებენ მათზე დაკისრებული მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებას.“

    საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე: „მთავრობას აქვს რეალისტური ხედვა და ორიენტირებული იქნება საქმეზე. მათი ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობას, რის გარეშეც ეკონომიკური ზრდა, დასაქმება, სოციალური საკითხების მოგვარება წარმოუდგენელია. პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატებს აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება შესაბამის სფეროში, ვიცნობთ თითოეულ მათგანს და მიმაჩნია, რომ არიან პროფესიონალები და წარმატებით გააგრძელებენ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე რეფორმებს.“

    სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი:  „ის გზავნილები, რომელიც თქვენ გააჟღერეთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარი გზავნილი ეს არის ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავარი ორიენტირი ყოველთვის იყო ადამიანი. გზავნილები, რომელიც ბატონმა გიორგიმ გააჟღერა, მაძლევს იმის საფუძველს, რომ დარწმუნებული ვიყო, რომ  იმ დაგეგმილ პროცესებს, რომელიც უკვე განხორციელების გზაზეა,  შეემატება გეგმები და ეფექტური განხორციელება, რასაც ელოდება ჩვენი მოსახლეობა.“

    დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია: „როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ  მინდა გულწრფელი მადლობა ვუთხრა იმ პროფილურ სამინისტროებს და მათ წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის, რასაც მოყვა შედეგები, განსაკუთრებით, ჩვენი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიმართ. ასევე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ დამოუკიდებლობის ისტორიაში ჩვენ პირველად გვქონდა შვიდწლიანი პერიოდი, როდესაც საქართველოში არ ისმოდა იარაღის ჟღარუნი, რამაც სტიმული მისცა ჯერ კიდევ სუსტ ქართულ ეკონომიკას და ტურიზმის სექტორს. ამ მშვიდობიან პროცესს ახორციელებენ და ქმნიან კონკრეტული ადამიანები. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება მომავალში უზრუნველყოფილი იქნება.  მე მაქვს დიდი იმედი, რომ ეს იქნება მთავრობა, რომელიც სქესის, ასაკის და შეხედულების მიუხედავად იქნება ყველას მთავრობა, რომლის დღის წესრიგშიც არის მხოლოდ ერთი რამ, წინწასული და განვითარებული საქართველო.“

    ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე: „ჩვენ 2016  წელს გავეცით რამდენიმე მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც თითოეული ადამიანის ცხოვრების დონეზე მოახდენდა და მოახდენს ზეგავლენას, აი იმ ძირითადი დაპირების დასრულება შეგვიძლია ჩვენ ამ ერთ წელიწადში, იმ ძალიან მნიშვნელოვანი თემების, ჯანდაცვაში, სოციალური მიმართულებით. უზარმაზარი მიღწევა იყო საყოველთაო ჯანდაცვა თავის დროზე, ათასობით ოჯახი გადაარჩინა ფიზიკურ განადგურებას და ასიათასობით ოჯახი სიღარიბეს. კარგი ინიციატივები გაჟღერდა, მივადევნებთ თვალყურს, კომიტეტი თქვენთან ერთად იმუშავებს და საპარლამენტო ზედამხედველობასაც განვახორციელებთ, რომ ჩვენ ეს დაპირებები ერთად მივიყვანოთ ხალხის საკეთილდღეოდ.“

    ცალკეული დეპუტატები

    კარლო კოპალიანი: „მატყუარა და დამნაშავე ძალას სურდა 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო და ძალადობრივი გზით ჩაეგდო ხელში ძალაუფლება. მინისტრ გახარიას პასუხისმგებლობა მაშინ უნდა დამდგარიყო, თუ გამოიჩენდა სისუსტეს, დაუშვებდა არეულობას და ვერ დაიცავდა სახელმწიფო ინსტიტუტებს.“

    ალექსანდრე ქანთარია: „დღევანდელი დღე უნდა გახდეს საეტაპო მნიშვნელობის დღე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ამას გვკარნახობს შექმნილი რეალობა და სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი. გისურვებთ ვიაროთ სიმართლით და თუ ვივლით სიმართლით ჩვენ შედეგს დავდებთ.“

    ეკა ბესელია: შიდა უსაფრთხოება ნამდვილად გადის მართლმსაჯულების ერთიან სისტემაზე. გარე უსაფრთხოებაც, ადამიანების თავისუფლება გადის ამ სისტემაზე, ქვეყნის ეკონომიკის და ბიზნესის სიძლიერე. და ეს რეფორმა თუ ჩავარდა და ეს არის ბოლო ცდა, როდესაც ეს სია შემოვა პარლამენტში, ჩათვალეთ, რომ ყველა რეფორმას დაეკარგება აზრი. იმიტომ, რომ ეს არის ის მთავრი ფუნდამენტი, რომელიც განსაზღვრავს ყველა ტიპის ღირებულებას, რეფორმას და მცდელობას.“

    ლევან კობერიძე:  „თქვენ საუბრობდით სისტემაზე და გინდოდათ ბიუროკრატიად წარმოგეჩინათ  დამნაშავე მოსამართლები.  ეს სისტემა იყო სწორედ ის, რაზეც ადამიანები იყვნენ აღშფოთებული და რის გამოც დაინგრა ის, რაც დასანგრევი იყო.“

    ლევან გოგიჩაიშვილი:  „თქვენ გადაუხვიეთ დემოკრატიის პრინციპებს და დღეს აძლევთ საშუალებას ერთმა ხელმა მართოს, სასამართლო, პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება. ამას ჰქვია კონსტიტუციის პრინციპების დარღვევა.“

    ბექა ნაცვლიშვილი:  „დააკვირდით, შეიძლება თქვენს ეკონომიკურ პოლიტიკაშია არსებული სიღარიბისა და უმუშევრობის საფუძველი. რაღაც არის შესაცვლელი. მე გთავაზობთ კონკრეტულ ნაბიჯებს.“

    საპარლამენტო ფრაქციები

    „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე:  „არცერთი თანამდებობა, არცერთი ხელისუფლება არ არის მუდმივი და ხელოვნური არ ვიქნები, თუ ვიტყოდი, რომ მთელი ჩვენი საქმიანობა მთავარ გამოწვევებზე მუშაობასთან ერთად, მათ შორის, უნდა მივმართოთ იქითკენ, რომ როცა დრო მოვა, შეგვცვალონ ჩვენზე უკეთესებმა და არა წარსულის მძიმე ცოდვებით დამძიმებულმა, მატყუარა და მოძალადე პოლიტიკოსებმა. ბატონო გიორგი, ვუერთდები თქვენს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სიცრუე  არის არა გამოწვევა, არამედ პრობლემა, დეზინფორმაცია, რომლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შეიძლება, პროგრესი ვერ ვაჩვენოთ, ვერ უზრუნველვყოთ, უფრო მეტიც,  იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, არსებობს ამ ქვეყანაში ძალა, თავისი სხვადასხვა განშტოებებით, თავისი მედიასაშუალებებით, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მუდმივად სტრესის და დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ და ამ ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ამყოფოს საზოგადოება. ოკუპაციასთან, სიღარიბესთან ერთად, რომელიც გამოწვევების ადეკვატურად არის შეფასებულია სამთავრობო პროგრამაში და გადაჭრის გზებზეც არის საუბარი, ჩვენ მხარს დავუჭერთ მთავრობის შემადგენლობას.“

     „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკანორ მელია:  „საქართველოს ისტორია გრძელდება. ამ ისტორიაში თქვენ თვითონ განსაზღვრეთ თქვენი პერსონების როგორობა და თქვენი ადგილი საქართველოს ისტორიაში არ არის ნათელ და სწორ ადგილას, თქვენი ადგილი არ არის მორალურად სწორ მხარეს. რა თქმა უნდა, თქვენი ადგილი ისტორიაში იქნება, მაგრამ იქნება სხვა ადგილას, რომლის თაობაზეც უკვე ვისაუბრე. მეც ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ამ სიტყვის წარმოთქმის აუცილებლობა არ მქონოდა, მაგრამ ეს არის ფაქტი. მხოლოდ ნათქვამ-ნამოქმედარის ჭეშმარიტი ფასის დადგენა მომავალს ძალუძს და მომავალი ამას დაადასტურებს.“

    „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი კობა კობალაძე;

    „მისასალმებელია, რომ აღნიშნულ დოკუმენტში, დეტალურად არის წარმოდგენილი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ ხედვა. ჩვენი სამშობლო თითოეული ჩვენგანის დასაცავია, ამიტომ თავდაცვისუნარიანობის ამაღლება ჩვენი ქვეყნისთვის უმაღლესი ამოცანაა. მივესალმებით სამთავრობო გეგმაში წარმოდგენილ ხედვას კონფლიქტის მოგვარების, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მექანიზმების გამოყენების შესახებ, რაც ორიენტირებულია გონივრული თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოებაზე და მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, მათ სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მავთულხლართებით ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას. აღნიშნულ პროცესებში ჩვენი უცხოელი პარტნიორების ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპონენტისა მისასალმებელია 2019-2020 წლების სამთავრობო გეგმაში გაწერილი სხვა პრიორიტეტული მიმართულებებიც.“

    „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ადა მარშანია: „საქართველოს უახლოეს ისტორიაში ჩვენ მივიღეთ ორი უდიდესი კატასტროფა. ჩვენ დროებით დავკარგეთ სოხუმი და ცხინვალი. და მეორე, კატასტროფა არის ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.  არ არსებობს ქვეყანაში გეგმა, როგორ ვამთლიანებთ ქვეყანას, როგორ ვძლევთ უმუშევრობას და სიღარიბეს. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დღეს ეს მთავრობა დამტკიცდება, მაგრამ ჩვენ ამაში მონაწილეობას ცხადია ვერ და არ მივიღებთ. და ამის მიზეზი არის თქვენს მიერ განხორციელებული კოჰაბიტაციის დანაშაულებრივი პოლიტიკა.“

    „ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე: „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გამოდიოდა აქ. ეს იყო მწვერვალი იმ იდეოლოგიისა და  პიარ-მანქანისა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას გააჩნია წლების განმავლობაში. ანუ იმ სიყალბის მანქანისა, რომელიც ცდილობს საზოგადოებას თავზე მოახვიოს,  ის, რომ თვითონ არიან დასავლური ორიენტაციის და ჩვენ თურმე გეზი ავიღეთ ჩრდილოეთისაკენ. ეს მაშინ, როდესაც საქართველო  არასოდეს არ ყოფილა ისე ახლოს ნატოსთან, ევროკავშირთან  სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აშშ-სთან. მაშინ, როდესაც მათ ყველაფერი რუსეთს დაუთმეს. მთელი ეკონომიკა, ტერიტორიები და ყოველმხრივ შეუწყვეს ხელი იმას, რომ რუსეთი გაბატონებულიყო არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. ბატონო გიორგი, მე უნდა გითხრათ, რომ ის, რაც მოხდა 20-21 ივნისს,  იმ სიცრუის მანქანის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. საპარლამენტო რესპუბლიკაში, პარლამენტის შენობაზე, ნომერ პირველი სახელმწიფო უწყების აღებაზე იყო საუბარი და მადლობა თქვენ, რომ საქართველო გადაარჩინეთ დესტაბილიზაციას.“

    „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე: „ბატონო გიორგი, თქვენ ძალიან კარგად ახსენით ტოტალური სიცრუის მექანიზმი, რომლითაც სარგებლობს ნაციონალური მოძრაობა. აშკარაა, რომ მათ პასუხის მოსმენის შეეშინდათ და სიმართლის გაგონება არ უნდათ. მათი საქციელი ძველი წესის ერთგულებაა. მოსახლეობამ თავისი თვალით დაინახა, ისევ რომ მობრუნდეს ნაციონალური მოძრაობა, როგორ მოექცევა საზოგადოებას. საზოგადოებამ თვითონ უნდა გამოიტანოს დასკვნა.“

    საპარლამენტო უმრავლესობა

    უმრავლესობის ლიდერიგიორგი ვოლსკი: „როდესაც ნაციონალები განაგებდნენ ქვეყანას, წაშლილი იყო  ყველანაირი ზღვარი ადამიანის უფლებებსა და ხელისუფლების პოლიტიკას შორის, მაგრამ არ არსებობდა პოზიტიური დამოკიდებულებით კი არა, არ არსებობდა იმიტომ რომ საერთოდ იგნორირებული იყო სრულფასოვნად და მარტო ციფრებით მანიპულირებდნენ.

    შეხვედრები სოფლად ძალიან კარგი წამოწყებაა და სწორია პარტიის ლიდერმა გადაწყვიტა და  ძალიან სწრაფად და კარგად მხარი აუბა მთავრობამ პარლამენტარებთან ერთად. იყო გასვლები და აი ამ ფონზე ყალიბდება ჩვენი მიდგომები საკითხებთან დაკავშირებით და თუნდაც ბიუჯეტის საკითხთან დაკავშირებით რომლის დამტკიცებაც გველის. 

    ის მომავალი გეგმები, რაზეც ილაპარაკა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, სწორედ ის არის, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება, ამიტომ უნდა დავუჭიროთ მხარი და არა იმიტომ რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და დახუჭული გვაქვს თვალი თუნდაც იმ გარკვეულ ნაკლოვანებებზე, რომელიც არსებობს. სწორედ იმიტომ უნდა დავუჭიროთ მხარი, რომ ამ ნაკლოვანებებზე  არიან ორიენტირებულები და იმ პოზიტიურის გაძლიერებაზე არიან ორიენტირებულები ,რომლებიც სტრატეგიულ გეგმებად  ჩამოყალიბდა“.

    უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი: „სამწუხაროდ, ჩვენ იმ რეალობაში აღმოვჩნდით, როდესაც პოლიტიკური ოპოზიციის დიდი ნაწილი სრულიად მოწყვეტილია რეალობას. როდესაც ვხედავთ, რომ პოლიტიკური ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს გათავისებული მისი როლი როგორც ხელისუფლების ნაწილის. ძალიან ძნელია ვისაუბროთ ჯანსაღ  პოლიტიკურ პროცესზე და ამიტომაც უკვე ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩნდება, რომ ჩვენ ვიყოთ, ადეკვატურად კრიტიკულები და ის რაციონალური მარცვალი ჩვენთან ერთად ეძებოს მთავრობამ და ამ შემთხვევაში ცოტა განსხვავებული როლი შეიძლება შევთავაზოთ მთავრობას, ჩემი აზრი ასეთია. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ის ვაკუუმი, რომელიც არის საზოგადოებაში, იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკული აზრი შეიძლება ბოლომდე არ იყოს მოტანილი ხელისუფლებამდე, ეს ვაკუუმი ალბათ ჩვენ თვითონ უნდა შევავსოთ“.

    სხდომის დასასრულს, პრემიერმინისტრმა პარლამენტის წევრებს კიდევ ერთხელ მიმართა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

    მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

  • მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა

    მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა. განცხადება ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გააკეთა.

    გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ მთავრობაში 2017 წლის 13 ნოემბრიდან შინაგან საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს იკავებს. ასევე ის არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

    2016 წლის 27 ნოემბერი-2017 წლის 13 ნოემბრის პერიოდში გიორგი გახარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, მანამდე ეკონომიკურ საბჭოს ხელმძღვანელობდა, ასევე იკავებდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება დასჭირდება. კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობას ტოვებს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განცხადებას ავრცელებს. მამუკა ბახტაძე აღნიშნავს, რომ განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე, რადგან მიაჩნია, რომ მისი მისია ამ ეტაპისათვის შესრულებულია.

    მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომელიც „ფეისბუქში“ მის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, უცვლელად გთავაზობთ:

    „შარშან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცებისას, ქართულ საზოგადოებას წარვუდგინე 5 პრინციპი, რომელიც ჩვენი მთავრობის სამოქმედო გეგმის მთავარ ქვაკუთხედად ჩამოყალიბდა.

    ეს პრინციპებია:

    • ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანის − ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარება და შეუქცევადობის უზრუნველყოფა;
    • ძირეული და ინოვაციური რეფორმების გატარება ეკონომიკაში; ახალი ეკონომიკური მოდელის შექმნა;
    • მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა;
    • ეფექტიანი, გამჭვირვალე, ოპერატიული და მოქნილი ბიუროკრატიის შექმნა;
    • განათლების, ახალგაზრდობისა და ინოვაციების უპირობო პრიორიტეტად გამოცხადება, რადგან სწორედ განათლებული, მოტივირებული, სამეწარმეო სულისკვეთებით აღსავსე და საკუთარ ძალებში დარწმუნებული ახალგაზრდობა არის იმ მთავარი შედეგის მომტანი, რომელიც საქართველოს ჩააყენებს განვითარებული და ინოვაციური ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგში;
    • ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა და მასზე ზრუნვა.

    მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოს აქვს ორი მთავარი გამოწვევა − რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ინიციატივა, რეფორმა თუ სტრატეგიული განვითარების მიმართულება უნდა ემსახურებოდეს ამ ორი მთავარი გამოწვევის დაძლევას.

    მიმაჩნდა, რომ ჩვენს სახელმწიფოს აკლდა ძირითადი სტრატეგიული განვითარების აქცენტები, რის გამოც ქვეყანა ცხოვრობდა არჩევნებიდან არჩევნებამდე.
    ჩვენ ვართ ახალგაზრდა დემოკრატია და, სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიების მიერ შეთავაზებული პროგრამებიც უმეტესად იყო მოკლევადიანი (ხშირად პოპულისტური) და ძირითად შემთხვევაში, მხოლოდ საარჩევნო პერიოდზე ორიენტირებული.

    იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას და განვითრების იმ ეტაპზე, რომელზეც არის ჩვენი სახელმწიფო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სტრატეგიული განვითარების მიმართულებები, რომელთა ერთობლიობა შექმნის სტრატეგიული განვითარების ჩარჩოს. სწორედ ამ სტრატეგიული განვითარების ჩარჩომ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადი განვითარება, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა.

    განვითარების ეს სტრატეგიული მიმართულებები უნდა იყოს მკაფიო, გაზომვადი, რეალისტური და სარგებლობდეს საზოგადოების მხარდაჭერით.

    ჩემი შეხედულებით, ეს სამი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებაა:

    1. საქართველოს ადგილისა და როლის განსაზღვრა გლობალურ სამყაროში − ევროპისა და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობა;
    2. განვითარების ახალი ეკონომიკური მოდელი (21-ე საუკუნის გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით);
    3. განათლება, როგორც ეროვნული იდეა.

    სწორედ, აღნიშნული სტრატეგიული განვითარების ჩარჩოს შექმნა და დანერგვა გახდა ჩემი პრემიერ-მინისტრად არჩევის საფუძველი და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა სრული კონსესუსი ამ საკითხზე.

    ამ მიმართვის მიზანიც გახლავთ ის, რომ მოგახსენოთ, რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს ზემოხსენებული მიმართულებაში წარმატების მისაღწევად.

    ► საქართველოს ადგილი და როლი გლობალურ სამყაროში − ევროპისა და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობა

    ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო, ხარისხობრივად ახალ დონეზე აგვეყვანა ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირსა და ნატო-სთან და წარმოგვეჩინა საქართველოს გაძლიერებული სტრატეგიული როლი რეგიონში; სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ეს ურთიერთობები უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა. ჩვენი საერთაშორისო პოზიციები ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა და მას სჭირდება განსაკუთრებული მოფრთხილება და შემდგომი განმტკიცება.
    ევროინტეგრაცია − ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური არჩევანი, როგორც ხშირად პოლიტიკოსები მოიაზრებენ, ევროინტეგრაცია არის ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი.
    დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირის ასოციირებული წევრები, გვაქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), ვიზა ლიბერალიზაცია რამაც პირდაპირი და ხელშესახები შედეგები მოუტანა ჩვენს ხალხს.

    საქართველო დღეს არის იმაზე ახლოს ევროპულ ოჯახთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

    • ყველა პარტნიორი ერთხმად აღიარებს, რომ ვართ ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებს შორის.
    • ჩვენ გვჭირდება კონკრეტული გეგმა შემდგომი ფაქტობრივი ინტეგრაციისთვის ევროპულ სივრცეში, ვიდრე ევროკავშირს ექნება შესაძლებლობა, მოგვცეს ევროკავშირის წევრობის ოფიციალური პერსპექტივა.
    სწორედ ამიტომ, ჩვენ:
    • შევიმუშავეთ ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა (Roadmap2EU);
    • ბათუმის კონფერენციაზე ვიმსჯელეთ ფაქტობრივი ინტეგრაციისათვის საჭირო დამხმარე მექანიზმებზე, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან არის მზადყოფნა და ჩვენგან ელიან ინიციატივებს;
    • ევროკავშირთან ერთად შევიმუშავეთ უნიკალური ფორმატი, რომელიც შეიქმნა სპეციალურად საქართველოსთვის − ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად გაიმართა უმაღლესი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით ბრიუსელში;
    • სექტორალური ინტეგრაცია არის ევროკავშირში ფაქტობრივი ინტეგრაციის საუკეთესო გზა.
    • ჩვენი ევროპული ცივილიზაციური არჩევანი განპირობებულია ჩვენი ისტორიითა და უნიკალური კულტურით. ჩვენი კულტურა არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, უფრო მეტიც − ჩვენ განსაკუთრებული წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციის შექმნაში. შესაბამისად, განსაკუთრებით ემოციური და პრაგმატულადაც უმნიშვნელოვანესია, რომ სრულფასოვანი სექტორალური ინტეგრაციის პირველი ნაბიჯები ხორციელდება სწორედ კულტურისა და განათლების სფეროებში.
    შესაბამისად, კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა, მის დაცვასა და შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი ხარჯების გაღება არის უალტერნატივო არჩევანი, რომ, ერთის მხრივ, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ ევროპულ ოჯახში შესვლის პერსპექტივის რეალიზაცია.
    • ცირკულარული შრომითი მიგრაციის (ლეგალური დასაქმება ევროპაში) შესახებ მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან;
    • და ბოლოს, სანამ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ევროპასთან ფაქტობრივი ინტეგრაციის საუკეთესო მექანიზმად მიმაჩნია საქართველოს ევროპის ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანება (European Economic Area).

    ► ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან

    დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ერთგული მეგობარი და პარტნიორი, დგას საქართველოს გვერდით. ჩვენი ურთიერთობები ვითარდებოდა ყველა ადმინისტრაციის პირობებში და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ის უმაღლეს ნიშნულზეა. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთი მრავალვექტორული და ყოვლისმომცველი, როგორც ეს მოხერხდა ბოლო ერთი წლის მუშაობის შედეგად.

    უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესში. ივნისში, სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მივიღეთ ერთობლივი დეკლარაცია, ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელმაც განსაზღვრა ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტები შემდეგი წლების განმავლობაში.

    აშშ-სთან ურთიერთობის დღის წესრიგში არის სამი უმთავრესი პრიორიტეტი:

    • ორივე პარტნიორი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტკიცე დაცვა;
    • ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში;
    • ეკონომიკური თანამშრომლობა;
    • ჩვენ გვჭირდება მეტი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში, ჩვენ გვჭირდება მეტი მსხვილი ამერიკული კომპანია, რომელიც საქართველოდან მოახდენს ოპერირებას რეგიონის მასშტაბით. ამისთვის საჭიროა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რომელზეც მიმდინარეობს კონსულტაციები და ეს ინიციატივა ასახულია კონგრესის დოკუმენტშიც (Georgia Support Act).

    ►ნატო

    პარალელურად, ვანვითარებთ და ვაღრმავებთ ნატო-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.
    დღეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა. ამაზე მეტყველებს:

    • გაზრდილი საერთო სამხედრო წვრთნების ინტენსივობა;
    • პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების ფაზის განხორციელება მოხდა სრულად ქართველი სამხედროების მიერ. ეს არის საქართველოს აღიარება, როგორც ნატოს ღირსეული პარტნიორის, რომელიც მზად არის, გახდეს ალიანსის წევრი ქვეყანა;
    • საქართველოს ჩართულობა და როლი ნატო-ს ოპერაციებში;
    • კონცეფცია − „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში“;
    • ნატო-ს სტანდარტებთან სრული თავსებადობა.
    ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ იყო, რომ წარმოუდგენელია, ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახს ჰქონდეს მდგრადი უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის დიდი მიღწევა, რომ როგორც ევროკავშირი, ისე ნატო, დღეს შავი ზღვის რეგიონს მიიჩნევს როგორც უმთავრეს პრიორიტეტს.
    ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმები.
    გამოვყოფ რამდენიმე მათგანს:
    • ტოტალური თავდაცვის კონცეფცია;
    • სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემური რეფორმა;
    • სამხედროებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება (მათ შორის, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბინათმშენებლობის პროექტი).

    ► ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან

    სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების მიზნით, გააქტიურდა ურთიერთობა თურქეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.

    აქტიურად ვითარდება ურთიერთობები სომხეთის რესპუბლიკასთან ყველა მიმართულებით.

    ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვახორციელებთ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და ამ მიდგომაში არ უნდა იყოს წყვეტა. ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობისას, ყოველთვის უნდა იდგეს დღის წესრიგში ახალი რეგიონული პროექტების განვითარება, რომელიც კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას მიანიჭებს ჩვენს რეგიონს და გახდის უსაფრთხოს.

    ► ოკუპაციის დაძლევა და არაღიარების პოლიტიკა

    დღეს საქართველოს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა საერთაშორისო პოლიტიკაში. ამას ცხადყოფს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიც. ბრძოლა რუსულ ოკუპაციასთან არის ძალიან მძიმე და ჩვენგან მოითხოვს მაქსიმალურ პრინციპულობასა და თანმიმდევრულობას.

    ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა შევაჩეროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რადგან იქ ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენ გვაქვს ვალდებულებები მათ წინაშე.

    თითოეული ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უნდა გრძნობდეს, რომ საქართველო მათზე ზრუნავს და რომ საქართველოს თითოეული წარმატება მათი წარმატებაა, მათი ტკივილი კი, ჩვენი საერთო ტკივილია.

    სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება ჩვენ მიერ შექმნილი სამშვიდობო ინიციატივა − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარადჭერით შევძლოთ ამ ინიციატივის სრულფასოვანი დანერგვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.

    ჩვენ ვაგრძლებთ ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენებას ოკუპაციის შესაჩერებლად და მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის პროცესის დასაწყებად.
    ამაზე მეტყველებს:

    • ევროკავშირის მხარდამჭერი დეკლარაციები და ევროპარლამენტის რეზოლუცია;
    • გაერო-ს გენერალური ასამბლეისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში მიღებული რეზოლუციები, ასევე დისკუსიები უშიშროების საბჭოს ფორმატში;
    • ნატო-ს სამიტისა და მინისტერიალების დეკლარაციები, ევროპის საბჭოს მინისტერიალების გადაწყვეტილებები.
    გაერო-ში შარშან გავაჟღერე და საერთაშორისო საზოგადოებას შევთავაზე „თბილისის მშვიდობის ფორუმის“ ჩატარება. მნიშვნელოვანია, მეტიც, აუცილებელია, სწორედ ჩვენ ავიღოთ ხელში ინიციატივა და საქართველო გავხადოთ ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ლიდერი, რომ შავი ზღვის რეგიონი და სამხრეთ კავკასია, რომელიც დღეს დაპირისპირებისა და გამოწვევების არეალია, გადაიქცეს მშვიდობის, თანამშრომლობისა და განვითარების სივრცედ.

    ► დემოკრატიის კონსოლიდაცია

    ჩვენ ვართ ლიდერი ქვეყანა დემოკრატიის კონსოლიდაციის მხრივ. ადამიანის უფლებების დაცვა და მისი ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა არის უწყვეტი პროცესი და მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას.

    მაგალითისთვის, 2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ქართული მხრიდან იყო 395 საჩივარი, ხოლო 2018 წელს ეს ციფრი თითქმის მეოთხედი გახდა. ჩემთვის წარმატებული რეფორმის ინდიკატორი სწორედ მსგავსი სტატისტიკაა, პირდაპირი და ხელშესახები შედეგი.

    მართლმსაჯულების რეფორმის ყოველი შემდგომი ეტაპი ხდება უფრო კომპლექსური, უფრო რთული და მოითხოვს მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას.

    ყველა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სასამართლოში, პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში შედგენილია საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით და ჩვენ ამ უმაღლეს თამასას აუცილებლად შევინარჩუნებთ.

    ეს არის იმ ტიპის რეფორმები, რომელთა განხორციელების დროსაც ჩვენ ვეყრდნობით საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას იმ ქვეყნების მაგალითზე, რომლებმაც ეს გზა წარმატებით გაიარეს და დღეს საერთო ევროპული ოჯახის წევრები არიან.

    საქართველოს ევროსაბჭოს მომავალი პრეზიდენტობა ამ წარმატებულად გატარებული რეფორმების განმტკიცების საწინდარია.

    მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, როგორც ევროპული ოჯახისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრმა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროპის კონტინენტზე ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმეში.

    ► საქართველო, როგორც რეგიონული ცენტრი

    საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე უნდა პასუხობდეს ეკონომიკურ ამოცანებს. ჩვენ გვაქვს რეალური შანსი და მსოფლიოს ვთავაზობთ, საქართველო გახდეს მულტიფუნქციური რეგიონული ცენტრი შემდეგ სექტორებში:

    • საერთაშორისო ბიზნესში;
    • ინოვაციებში;
    • განათლებაში;
    • ტურიზმსა და
    • ლოგისტიკაში.
    საქართველოს პოზიციონირება ევრაზიის კონტინენტზე უნდა იყოს აზიელებისთვის როგორც კარიბჭე ევროპაში, ხოლო ევროპელებისთვის ის ევროპული ქვეყანა, რომელიც დამაკავშირებელი ხიდია აზიასთან.
    მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში მნიშვნელოვანია მოვახდინოთ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის სწორი და გააზრებული გამოყენება, რათა ეს ისტორიული შანსი არ გავუშვათ ხელიდან.
    ამისათვის აუცილებელია:
    • ინოვაციების განსავითარებლად, სტარტაპების ახალი ეკოსისტემის წარმატებით დანერგვა;
    • თავისუფალი ვაჭრობის არეალის შემდგომი გაფართოება;
    • საერთაშორისო კომპანიებისთვის მიმზიდველი საგადასახადო და საოპერაციო გარემოს შექმნა (კანონი, რომელიც ძალაშია პირველი ივლისიდან, უპრეცედენტოა მსოფლიო მასშტაბით);
    • ელექტრონული რეზიდენტობის სისტემის დანერგვის დასრულება;
    • რეგიონული მნიშვნელობის კაპიტალის ბაზრის შექმნა.

    ► ახალი ეკონომიკური მოდელი

    ეკონომიკური პოლიტიკა, ყველა რეფორმა, ყველა ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს სიღარიბის დაძლევასა და ჩვენი ხალხისთვის დოვლათის შექმნას. მხოლოდ მაღალი და ამავე დროს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდით შევძლებთ სიღარიბის დაძლევას, სადაც თითოეული მოქალაქე ჩართული იქნება ეკონომიკურ აქტივობაში.
    სიღარიბე არის ფუნდამენტური პრობლემა და მის დაძლევას სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები (ის ვერ დაიძლევა მხოლოდ მოკლევადიანი და მიმდინარე გადაწყვეტილებების შედეგად).

    რატომ არის საქართველო ღარიბი ქვეყანა?!

    სიღარიბის გამომწვევი მთავარი მიზეზი არის კატასტროფული დამოკიდებულება იმპორტზე. წლების განმავლობაში ისე იზრდებოდა ჩვენი ეკონომიკის დამოკიდებულება იმპორტზე (ეს დეფიციტი კი, დიდწილად ფინანსდებოდა ეკონომიკის მიერ აღებული ვალებით), რომ საბოლოო ჯამში მივედით იმ მდგომარეობამდე, როდესაც ქვეყნის საგარეო ვალი მთლიან ეკონომიკაზე მეტია.

    ამის შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მუდმივად ორნიშნა მაჩვენებელს აღწევდა. თვალსაჩინოებისთვის − მსგავსი დეფიციტის მაჩვენებლები აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: გამბია, ერაყი, ტოგო, მალავი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.

    სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, არ ხდებოდა ამ პრობლემის სწორი შეფასება, რაც ქრონიკულ დაავადებად იქცა.

    სწორედ ამიტომ, პირველი რიგის ამოცანაა, რომ აღმოვფხვრათ ეს გამოწვევა. ამიტომაც შევიმუშავეთ ახალი ეკონომიკური მოდელი, რათა ქვეყანას არ ეცხოვრა ვალით და აღარ გაგრძელებულიყო დამანგრეველი და ქვეყნისათვის ბოლოს მომღები ეკონომიკური პოლიტიკა.

    სწორედ ახალი ეკონომიკური მოდელის დამსახურებაა, რომ 3 წლის განმავლობაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 13%-იდან შემცირდა 4.5%-მდე (2019 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი), რაც მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო წარმატებაა.

    საგარეო მოწყვლადობის კუთხით, აღნიშნული ეკონომიკური მოდელის ეფექტიანობა დაამტკიცა გასულ წელს ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში − თურქეთის ეკონომიკაში შექმნილმა პრობლემებმა, რომლის მიმართ საქართველოს ეკონომიკამ განსაკუთრებული მდგრადობა გამოიჩინა და რასაც ხაზი გაუსვეს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
    ჩვენი ეკონომიკის მოწყვლადობის მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მისი კიდევ ერთი სენი − მაღალი დოლარიზაცია. ამ მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის ჩვენ წამოვიწყეთ ამბიციური ლარიზაციის რეფორმა. ჩვენი ოპონენტები ამ რეფორმას ეწინააღმდეგებოდნენ მთავარი არგუმენტით, რომ საპროცენტო განაკვეთები გაიზრდებოდა, თუმცა სახეზე გვაქვს აბსოლუტურად საპირისპირო სურათი. დღეს იპოთეკურ სესხზე განაკვეთი მერყეობს 7-8 პროცენტის ფარგლებში, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე წლების განმავლობაში უცხოურ ვალუტაში არსებულ სესხებზე არსებობდა. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, ახალგაზრდა ოჯახებისათვის პირველი ბინის შეძენისას საპროცენტო განაკვეთი იყოს 6 პროცენტის ფარგლებში.

    ► საინვესტიციო რეიტინგი

    მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ ჩვენ განვახორციელებდით ყველა რეფორმას, რომელიც დაგვეხმარებოდა საინვესტიციო რეიტინგის მიღებაში და წინ აღვუდგებოდით ნებისმიერ წამოწყებას, რომელსაც შეიძლებოდა, ეს დაეზიანებინა.

    რატომ ვარ ასე ფოკუსირებული საინვესტიციო რეიტინგზე?
    ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა − გლობალურ ეკონომიკაში ქვეყანას ან აქვს საინვესტიციო რეიტინგი (ან მისი მიღების პრაქტიკული პერსპექტივა), ან ის რჩება „მაჩანჩალა“ რეპუტაციის მქონე ქვეყნად.

    საინვესტიციო რეიტინგი ნიშნავს ბევრ სამუშაო ადგილს, მეტ ინვესტიციას, მეტ კეთილდღეობას, მეტ სტაბილურობას, იაფ ფულს ჩვენი მეწარმეებისათვის, განახევრებულ საპროცენტო განაკვეთებს ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობისათვის.

    პოლიტიკოსების მხრიდან ნებისმიერი სხვა მაჩვენებლის გამოყენება ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის საწარმოებლად ან შესაფასებლად არის შეცდომა და საზოგადოების მოტყუება.
    21-ე საუკუნეში მსოფლიო ეკონომიკაში არის წინსვლის ერთადერთი მართებული საზომი და ეს არის საინვესტიციო რეიტინგი.
    ეკონომიკური პრობლემების დაძლევის პარალელურად, საინვესტიციო რეიტინგის მიღება ამავე დროს იქნება უმნიშვნელოვანესი სტიმული ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მისაღწევად.

    ბოლო ორი წლის განმავლობაში საკრედიტო რეიტინგებში მიღწეული წარმატებების შემდეგ, გვრჩება ორი საფეხური საინვესტიციო რეიტინგის მისაღებად.
    უპრეცედენტოდ შემცირებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფონზე და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, გაგვიჩნდა ისტორიული შანსი, რომ უკვე 2022 წელს მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი.

    საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა 2022 წელს ნიშნავს, რომ გვაქვს ხელშესახები პროგრესი:

    • მშპ ერთ სულ მოსახლეზე იქნება $5500-6000-მდე;
    • სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანობის მაქსიმალური მიახლოება ევროკავშირის ქვეყნებთან; და
    • საგარეო მოწყვლადობა (სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულება) მაქსიმალურად შემცირებული.

    ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობები კიდევ უფრო შევამციროთ და მინიმალურ ნიშნულზე შევინარჩუნოთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ამის კარგი მაგალითია:
    ტურისტების რაოდენობისა და შესაბამისად, პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, შესაძლებელი გახდა, სოფლის მეურნეობის პროდუქტებში სავაჭრო დეფიციტი 900 მილიონ აშშ დოლარიდან შეგვემცირებინა 300 მილიონ აშშ დოლარამდე. 2020 წელს კი, გვაქვს რეალური შანსი, ეს დეფიციტი გავანულოთ, მით უმეტეს, რომ ამ დროისთვის ფაროსანასთან დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

    ►ჭარბვალიანობა

    ეკონომიკის ქრონიკული დამოკიდებულება ვალზე აისახა მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე, ეს იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული ქართველი ხალხის ძარცვისკენ. მსოფლიოში ვერ ნახავთ წარმატებულ ქვეყანას, სადაც მსგავსი ტიპის თამაშის წესები არსებობს, როდესაც 800-1000%-იან პროცენტებსა და ჯარიმებს ახდევინებდნენ მოსახლეობას.

    ეს იყო ყოვლად ამორალური, წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხების გაცემა, იმაზე გათვლით, რომ მოქალაქე დაკარგავდა ბინას ან სხვა ქონებას!
    ჩვენ დავაწესეთ:

    • პროცენტის მაქსიმალური ზღვარი;
    • ჯარიმებისა და საურავების ნებისმიერი დამატებითი ხარჯების მაქსიმალური ზღვარი;
    • 200 000 ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში.

    ამით ჩვენ შევძელით, დაგვემკვიდრებინა სამართლიანი თამაშის წესები და გამოგვერიცხა ალბათობა, რომ საქართველო დაბრუნებულიყო ამ ჭაობში.

    მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომლის დახმარებითაც 600 000 ადამიანი სესხის გარეშე შეხვდა 2019 წელს.

    ► რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა

    ახალი ეკონომიკური მოდელის პრინციპი არის კაპიტალური ინვესტიციების მასშტაბური ზრდა. 2016 წელთან შედარებით, 2/3-ით გავზარდეთ ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, ხოლო 2019 წლის პირველ 8 თვეში 45%-ით გავზარდეთ ათვისება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
    გაზრდილმა ბიუჯეტმა მოგცვა საშუალება, რომ დაგვეწყო რეგიონების თანაბარი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე განხორციელებული შესყიდვებით მომავალ წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სიტუაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით.

    განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო:

    • კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის რეალიზაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის დამთავრება 2023 წლამდე;
    • საქართველოს დიდი ქალაქების თანამედროვე ურბანულ ცენტრებად ჩამოყალიბება;
    • ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია;
    • შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;
    • მთის კურორტებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა;
    • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება.

    ► ბიზნესგარემო

    საქართველო იმყოფება გლობალურ კონკურენციაში, შესაბამისად ბიზნესგარემოს გაუმჯობესება არის მუდმივი ჩვენ შევძელით და განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ინიციატივები ამ მიმართულებით.

    • დღგ-ის დაბრუნების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, 2018-2019 წლებში 1 მლრდ ლარზე მეტს დაიბრუნებს ბიზნესი;
    • საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის რეგიონული ოფისის გახსნის ინიცირება;
    • მედიაციის ინსტიტუტის შემოღება;
    • კანონპროექტი საინვესტიციო ფონდების შესახებ;
    • გადახდისუუნარობის ახალი და ბიზნესისათვის ლიბერალური კანონი;
    • ევრორეგულაციებთან ჰარმონიზებული ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსები;
    • მაქსიმალური აქცენტის გაკეთება მაღალტექნოლოგიური და საექსპორტო პოტენციალის მქონე ინვესტიცების მოზიდვაზე (მზის პანელების მაღალტექნოლოგიური საწარმო; ელექტრომანქანების წარმოება საქართველოში);
    • ახალგაზრდული ეკონომიკის მაქსიმალური სტიმულირება, სტარტაპებისა და ახალგაზრდებში სამეწარმეო კულტურის წახალისების გზით.
    შემდგომმა რეფორმებმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ საქართველო 2022 წლისთვის მსოფლიოს ყველა წამყვანი საერთაშორისო რეიტინგების ხუთეულში იყოს.

    ► მცირე და საშუალო ბიზნესი

    მცირე და საშუალო ბიზნესი არის ახალი ეკონომიკური მოდელის მთავარი პრიორიტეტი. მისი შემდგომი განვითარებისა და მთლიან ეკონომიკაში წილის ზრდის გარეშე, შეუძლებელია სიღარიბესთან ეფექტიანი ბრძოლა.

    ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად დავნერგეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები. გამოვყოფ რამდენიმეს:

    • საკრედიტო საგარანტიო სქემის განვითარება;
    • 1%-იანი გადასახადის შემოღება (500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე მეწარმეებში);
    • საგადასახადო ადმინისტრირების მნიშვნელოვანი გამარტივება;
    • მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსების მასშტაბური ზრდა.

    ► ენერგეტიკა და ტრანსპორტი, მწვანე ეკონომიკა

    ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ენერგეტიკა და ტრანსპორტი არის ის ორი ძირითადი სექტორი, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, სხვანაირად ჩვენ ვერ შევძლებთ სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევას − ეს არის მარტივი კანონზომიერება.

    ენერგოსექტორის მასშტაბური რეფორმა და ახალი სიმძლავრეების მშენებლობა უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და, მეორე მხრივ, მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

    ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ დავიწყეთ ისეთი რეფორმები, რომლებითაც საქართველო 21-ე საუკუნეში გახდება მოწინავე ქვეყანა მწვანე ეკონომიკის თვალსაზრისით. ეს შეეხება როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ელექტრომობილების პოპულარიზაციას, ისე ევროპული სტანდარტის რეგულაციებს გარემოზე და სოფლის მეურნეობაში ორგანული პროდუქტების წარმოებაზე აქცენტის გაკეთებას.

    ► სოფლის განვითარება

    ჩვენი მოსახლების 40%-ზე მეტი ცხოვრობს სოფლად, შესაბამისად, სოფლის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. მიუღებელია მოსაზრება, თითქოს სოფლის მეურნეობას არ აქვს საქართველოში მომავალი – საქართველოში მომავალი აქვს საბაზრო პრინციპებზე ფუნქციონირებად ფერმერულ მეურნეობას.

    ამ განვითარებისთვის აუცილებელია:

    • მიწის საკუთრების რეფორმა − სახელმწიფოს აქტიური თანამონაწილეობით, მომდევნო 2 წელიწადში შესაძლებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო მიწების სრულად რეგისტრაცია საქართველოს მოქალაქეებზე;
    • სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება;
    • მაღალპროდუქტიული კულტურების წახალისება;
    • სოფლის მეურნეობაში სადაზღვევო სისტემის განვითარება.

    ► მცირე მთავრობა

    მცირე მთავრობის ამოსავალი წერტილია, რომ გადასახადის გადამხდელებს რაც შეიძლება ნაკლები უჯდებოდეთ სახელისუფლებო უწყებების დაფინანსება და ეს ამოცანა მიღწეულია:

    • შემცირდა სამინისტროების რაოდენობა, რაც საშუალებას იძლევა, გაუმჯობესდეს კოორდინაცია და მართვის ეფექტიანობა;
    • ჩვენ თანმიმდევრულად ვაუმჯობესებთ ჩვენს პოზიციებს მმართველობითი ინდიკატორების საერთაშორისო რეიტინგში;
    • 2019 წელს შრომის ანაზღაურება პირველად დაიგეგმა მშპ-ის 3.9%-ის ოდენობით;
    • რეგიონული მმართველობის გასაუმჯობესებლად, გაიზარდა კოორდიანაცია ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ ორგანოებს შორის, მმართველობის პროცესში აქტიურად ჩაერთო რწმუნებულების ინსტიტუტი, რამაც უკვე წელსვე მოიტანა ხელშესახები შედეგები. კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია 40%-ით;

    ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია, გაგრძელდეს:

    • ელექტრონული მმართველობის განვითარება და თანამედროვე IT ტექნოლოგიების სრულყოფილი დანერგვა;
    • ფუნქციური და ფინანსური დეცენტრალიზაცია;
    • საჯარო სამსახურის სრულყოფილი რეფორმა.

    ► ჯანდაცვა

    საყოველთო ჯანდაცვა არის „ქართული ოცნების“ უდიდესი მონაპოვარი, რომელმაც გადაარჩინა მრავალი სიცოცხლე. ამ უმნიშვნელოვანეს რეფორმას სჭირდება შემდგომი განვითარება,
    რაც გულისხმობს:

    • სელექტიური კონტრაქტების დანერგვას;
    • პირველადი ჯანდაცვის განვითარებას;
    • ეტალონური კლინიკების ჩამოყალიბებას;
    • დიაგნოზების ჯგუფებით (DRG) დაფინანების მეთოდის სისტემის დანერგვას;
    • სადაზღვევო სისტემის განვითარებას.

    ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მასობრივი სპორტის განვითარება არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ჩვენ გვაქვს მართლაც უპრეცედენტო შედეგები პროფესიულ სპორტში (2019 წელს ჩვენმა სპორტსმენებმა 800-ზე მეტი მედალი აიღეს), მაგრამ ჩვენი ბავშვებისა და მოზარდების ჩართულობა მასობრივ სპორტში რჩება დაბალ ნიშნულზე.
    ხშირად მესმოდა არაკომპეტენტური კრიტიკა სპორტის მზარდი დაფინანსების გამო.

    მასობრივ სპორტში განუხორციელებელი ინვესტიციები ერთი ათად დაუჯდება სახელმწიფოს ჯანდაცვის ხარჯების ზრდით მომავალში.

    ზემოაღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკა, მისი შემადგენელი რეფორმის მიმართულებებით, განათლების რეფორმასთან ერთად, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად შეიქმნას 50 ათასი დამატებითი სტაბილური სამუშაო ადგილი, რაც ერთადერთი გზაა ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დასამარცხებლად.

    2020 წლის ბიუჯეტში დამატებითი რესურსი გვექნება დაახლოებით 700 მილიონი ლარის ოდენობით და გუნდში მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები სხვადასხვა პროგრამებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას.

    ეკონომიკის განვითარების პარალელურად, სანამ სიღარიბე სრულად იქნება დაძლეული, აუცილებელია ვუზრუნველყოთ, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს აღნიშნული განვითარების მიღმა.

    ამიტომ, აუცილებელია, მაქსიმალური ყურადღება მიექცეს მოსახლეობის იმ ფენებს, რომლებიც არ არიან ჩართული ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში და სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა. ამისათვის საჭიროა:

    • 2019-2020 წლებში დევნილებისთვის ბინათმშებლობის ბიუჯეტი იქნება 250 მილიონი ლარი და ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს მისი მოცულობა. ამის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია, მოხდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა შემოსავლის წყაროთი უზრუნველყოფა, რათა არ იყვნენ დამოკიდებულნი სოციალურ შემწეობაზე;
    • 2020 წელს პენსიების ზრდა და მისი შემდგომი ინდექსაცია, რაც იქნება პენსიების ყოველწლიური ზრდის გარანტი;
    • მედიკამენტების პროგრამა − ვინაიდან ქვეყანაში წამალზე გაწეული ხარჯები მთლიანად ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების თითქმის ნახევარია, ჩვენ დავიწყეთ და ეტაპობრივად უნდა განვითარდეს ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის სისტემა. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც ათეულობით ათას ადამიანს მოუტანა შვება, თუმცა ბევრისთვის ისევ რჩებოდა მაღალ ფინანსურ ბარიერად, 2019 წლის აგვისტოში გაფართოვდა აღნიშნული პროგრამა, რითაც სიმბოლურ ფასად − 1 ლარად უმეტესი ქრონიკული დაავადების სამკურნალო წამლებზე მიეცა წვდომა არა მარტო სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, არამედ ასაკით პენსიონრებს, ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვეტერანებსა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას;
    • ბავშვების სოციალური უზრუნველყოფის სისტემის განვითარება − 2019 წელს სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 5-ჯერ გავზარდეთ, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი, ჩვენი ბავშვების 25% ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში და ეს არის დიდი ტრაგედია. შესაბამისად, აუცილებელია სხვა მხარდამჭერი მასშტაბური პროექტების განხორციელება [მაგალითისთვის, საინტერესოდ მეჩვენება ამერიკული გამოცდილება Food Bank -ის სახით (კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა)].

    ► განათლება, როგორც ეროვნული იდეა

    ზემოთ ხსენებულ სტრატეგიული განვითარების ჩარჩოში განათლებას აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი და მე ყოველთვის ვამბობდი, რომ განათლების − როგორც ეროვნული იდეის წარმოჩენა და რეალიზაცია იყო ჩემთვის საჯარო პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მოტივაცია.

    სწორედ ამ სტრატეგიულ მიმართულებებთან ერთობლიობაში, განათლება არის ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგში ჩააყენებს. მეტიც, განათლების, როგორც ეროვნული იდეის, რეალიზაცია არის ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც კი ჩვენ გადაგვიდგამს დამოუკიდებლობის შემდეგ.

    მე ამაზე ბევრი მისაუბრია: წლების განმავლობაში ყველაზე მცირე დაფინანსება სწორედ განათლების სექტორზე მოდიოდა − ეს იყო სტრატეგიული (ზოგიერთ წლებში − მიზანმიმართული) შეცდომა, რომლის ფასსაც საქართველო დღემდე იხდის.

    მოცემულობა არის ძალიან მარტივი − ან განათლებაში მივმართავთ ქვეყანაში არსებულ საბიუჯეტო და საინვესტიციო შესაძლებლობების უდიდეს წილს, ან 21-ე საუკუნეში ქართული სახელმწიფო ვერ იქნება წარმატებული. მეტიც, ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, არსებობაც კი შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.

    შესაბამისად, ეს არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის და ეროვნული იდეის დატვირთვას ატარებს.
    ჩვენი თავისუფლება გადის განათლებაზე!

    პოლიტიკაში მოსვლამდე ძალიან აქტიურად ვმუშაობდი ამ სტრატეგიულ მიმართულებაზე და ფინანსთა მინისტრად მუშაობის დროს დავინახე ის სისტემური პრობლემა, რომელიც საშუალებას არ აძლევდა მთავრობას, მოეხდინა რადიკალური ცვლილებები ამ მიმართულებით.

    ეს პრობლემა ყველაზე კარგად გამოჩნდა ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, როდესაც ფაქტის წინაშე დავდექით − ერთდროულად უნდა გაგვეთვალისწინებინა მიმდინარე გამოწვევები, საზოგადოების ყოველდღიური პრობლემები და ამავე დროს, რესურსები მიგვემართა სტრატეგიული მიმართულებების დასაფინანსებლად და თან ეს ყველაფერი მწირი ბიუჯეტის პირობებში. შეუძლებელია, ბიუჯეტში ყველაფერი იყოს პრიორიტეტი, ეს ნიშნავს, რომ არაფერს არ ექნება სტრატეგიული განვითარების პერსპექტივა.

    ეს იყო მიზეზი, რის გამოც დავსვი ეს საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგში, რათა საკანონმდებლო დონეზე დაგვეყენებინა განათლებისათვის რესურსების მობილიზაციის საკითხი. შედეგად მივიღეთ კანონში ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ყველა შემდეგი მთავრობა ბიუჯეტის შედგენისას ვალდებული იქნება, მშპ-ის 6%, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი, მიმართოს განათლების სექტორის დაფინანსებისკენ.

    შეიძლება ბევრმა ჩათვალოს, რომ ეს არის ძალიან დიდი ციფრი, თუმცა, სინამდვილეში ესეც მინიმალურია. სახელმწიფოს მხრიდან მშპ-ის 6%-ის ინვესტირება განათლებაში საშუალებას მოგვცემს, კერძო სექტორიდან მოვიზიდოთ დამატებით 4-5% და ქვეყნის ეკონომიკაში განათლება გავხადოთ დომინანტი სექტორი ორნიშნა წილით მთლიან ეკონომიკაში − ეს კი იმას ნიშნავს, რომ გავუსწორდებით ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს, რომლებმაც შეძლეს და შექმნეს ცოდნაზე დაფუძნებული მდგრადი ეკონომიკა.

    განათლების ასეთ ფუნდამენტურ რეფორმას გარკვეულწილად ისტორიული მისიის გაგრძელებად აღვიქვამ, ვინაიდან, ჩვენი მრავალსაუკონოვანი ისტორიის განმავლობაში, ქართული სახელმწიფოს აღმავლობის პერიოდებში, ჩვენი დიდი წინაპრები მთავარ აქცენტს სწორედ განათლებაზე აკეთებდნენ.

    ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულია პირველი რესპუბლიკის გამოცდილება, რომლის დროსაც, სულ რაღაც სამ წელიწადში, მთავრობამ 1000-ზე მეტი სკოლა გახსნა და დააარსა პირველი უნივერსიტეტი.

    21-ე საუკუნეში საქართველოს სავიზიტო ბარათი უნდა იყოს ცოდნა. მე მწამს ქართველი ერის განსაკუთრებული ნიჭიერების და, შესაბამისად, განათლება ჩვენთვის არის უალტერნატივო გზა თავისუფლებისკენ.

    სწორედ განათლების სისტემამ უნდა გაზარდოს მომავალი საჯარო მოხელეები, სამხედროები, პოლიციელები, მეწარმეები, ექიმები, ინჟინრები, პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანები − ხალხი, რომლის მხრებზეც დგას ქართული სახელმწიფო.

    განათლების რეფორმაში გამოვყავით ხუთი დონე:

    • სკოლამდელი განათლება;
    • ზოგადი განათლება;
    • პროფესიული განათლება;
    • უმაღლესი განათლება და
    • მეცნიერება.

    ეს რეფორმა გულისხმობს:

    • ხელფასების მნიშვნელოვან ზრდას ბაღებისა და სკოლის მასწავლებლებისთვის, მეცნიერებისთვის, პროფესორებისთვის, მკვლევარებისთვის;
    • ყველა დასახლებულ პუნქტში უმაღლესი სტანდარტის სკოლებისა და ბაღების მშენებლობას;
    • ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიებისა და კვლევითი ცენტრების შექმნას;
    • წამყვანი დასავლური უნივერსიტეტების შემოსვლას საქართველოში;
    • საქართველოს, როგორც განათლების კერის იდეის რეალიზაციას.

    განათლება, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და კულტურასთან ერთად, არის საქართველოში ყველაზე ძლიერი და დიდი რესურსის − ადამიანური კაპიტალის განვითარების საფუძველი. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სამივე ამ მიმართულების განვითარება იყოს ჰარმონიული და ურთიერთდაკავშირებული.

    2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო.
    განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე.

    2012 წლის პირველმა ოქტომბერმა ახალი შესაძლებლობები მისცა ქართული სახელმწიფოს განვითარებას, დაფუძნებულს ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე. ამ გამარჯვების სულისჩამდგმელი იყო პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი − ბიძინა ივანიშვილი და მსურს, გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა მას და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრს იმ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელსაც მე ყოველთვის ვგრძნობდი.

    ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუსიხსმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
    მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი.

    მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს.

    დღეს 15:00 საათზე ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან, სადაც ყველა შეკითხვას ვუპასუხებ.

    ჩემი გულწრფელი მადლობა სახელმწიფო უწყებების ყველა თანამშრომელს, მინისტრთა კაბინეტს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს, საერთაშორისო პარტნიორებსა და ყველას, ვისთან ერთადაც შესაძლებელი გახდა ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევა.

    მადლობა ჩემს თითოეულ თანამშრომელსა და თანამებრძოლს, ვისთან ერთადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდი.

    მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ − ქართულ საზოგადოებას, თქვენი მხარდაჭერა, რჩევები, კრიტიკა ჩემთვის იყო და არის მთავარი მამოძრავებელი იმპულსი ქვეყნის მშენებლობის საქმეში.

    მიუხედავად სტრატეგიული განვითარების მთავარი ჩარჩოს შექმნისა და ხელშესახები პროგრესისა, მე ვგრძნობ და ვხედავ, რომ არის რიგი საკითხები, სადაც უკეთესი შედეგის მიღება შეგვეძლო.

    მეგობრებო, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები იმდენად მძიმეა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ქვეყანაში გვქონდეს ნეგატიური დღის წესრიგი და პოლიტიკურად ასეთი პოლარიზებული გარემო. იცით, რომ თანამედროვე მსოფლიოსა და დასავლეთის ქვეყნებშიც სულ უფრო იზრდება პოლიტიკური პოლარიზაცია, თუმცა, ეს სახელმწიფოები სისტემურად იმდენად მდგრადია, რომ ასეთ რყევებს უძლებენ − ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი, ვინც ქართული საზოგადოების პოლარიზაციით მოიგებს, იქნება ოკუპანტი ქვეყანა.

    მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან, საკუთარი მოკლევადიანი ამოცანის გადასაწყვეტად, განგვისაზღვროს დღის წესრიგი, რომელიც პოლიტიკურ რყევებზე გადის.

    ამიტომ, პრინციპულად მნიშვნელოვანია, პარტიის თავმჯდომარის − ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ, ნულოვანი ბარიერის პირობებში, რათა მოქალაქეთა მცირე ჯგუფის ხმაც ისმოდეს პარლამენტში. ამავე დროს, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ახალ სახეებსაც გაეხსნათ გზა ქართულ პოლიტიკაში, რაც, ჩემი აზრით, მოსახლეობის დიდი ნაწილის დაკვეთაა.

    2020 წლის არჩევნები უნდა იყოს პროგრამებისა და იდეების შეჯიბრი და არა შეჯიბრი ლანძღვასა და სიძულვილის ენაში. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციას ქვეყანაში და ამკვიდრებს ნეგატიურ დღის წესრიგს, ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას, აფერხებს მის განვითარებას და მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესებში შედის.

    დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება სრული კონსოლიდაცია და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ეს არის წარმატების ერთადერთი ფორმულა.

    კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას!

    მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ!

    ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, – აღნიშნულია მამუკა ბახტაძის განცხადებაში.

  • მამუკა ბახტაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

    ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

    ჩინელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა ჩინეთის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების მიმართულებით.

    დადებითად შეფასდა ჩინეთიდან ტურისტების ნაკადის მზარდი მაჩვენებელი და აღინიშნა, რომ ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 50 პროცენტით არის გაზრდილი და აღნიშნული მაჩვენებელი წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზრდება.

    ხაზი გაესვა ორმხრივი ვაჭრობის პოზიტიურ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა China International Import Expo-ში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება ქართული კომპანიებისთვის, თავიანთი პროდუქცია  ჩინელ ინვესტორებს წარუდგინონ.

    შეხვედრაზე განიხილეს ასევე აბრეშუმის გზის ფორუმი, ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა" და აღინიშნა, საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით. 

    პრემიერ-მინისტრიის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური