დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019 14:38

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან. 

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.  განსაკუთრებული  ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ გარემოზე.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირის უმაღლეს  წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებების შესახებ, მათ შორის გორის რ-ნის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე.
 
სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობა.
 
საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში გახშირებული ინციდენტების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა აღნიშნული საკითხების განხილვის აუცილებლობას, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ფარგლებში. ამ კონტექსტში აღინიშნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის მნიშვნელობა.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს წარმომადგენელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისთვის, რომელიც ადგილზე არსებული საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი მექანიზმია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვითარების დეესკალაციისა და უსაფრთხოების შემდგომი უზრუნველყოფისთვის.
 
უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

წაკითხულია 148 ჯერ

Related items

  • „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ!“ - ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციას საქართველო მასპინძლობს

    სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე თბილისი მასშტაბურ კონფერენციას მასპინძლობს. ფორუმი ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

    ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა გახსნეს.

    როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ეფექტიან ნაბიჯებს დგამს.

    „მთავრობის მხრიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტიანი მექანიზმები , როგორც კონკრეტულ სამინისტროებში, ისე ცენტრალიზებულ დონეზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან. როგორც ტრენინგების და კონფერენციების ფორმატში, ისე ზოგადად ამ მიმართულებით ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

    ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე და აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას ყველასთვის, მათ შორის ევროპისთვის.

    "დღევანდელი ღონისძიება ნამდვილად მახარებს, რადგან როდესაც საუბარი ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ამას ნამდვილად გაერთიანებული ძალისხმევით ვაკეთებთ.

    ძალიან მეამაყება და მახარებს იმის დანახვა, რომ ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის გუნდია ჩამოსული თბილისში. ეს პირველი ღონისძიებაა, რომელსაც ბრიუსელიდან წარგზავნილი სტრატეგიული კომუნიკაციის გუნდი მასპინძლობს რეგიონებში. ამჯერად ღონისძიებას მთელი რეგიონიდან ესწრებიან ექსპერტები, დაინტერესებული წრეები და მხარეები. მათ კარგი შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაციის გასაცვლელად. ცხადზე ცხადია, რომ დეზინფორმაცია არის შავი ჭირი ყველასთვის, მათ შორის ევროპისთვის. ეს რეალური გამოწვევაა. და ყველაფერს ვაკეთებთ წარმატების მისაღწევად ჩვენს საზღვრებს შიგნით, თუმცა საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთანაც ვმუშაობთ ინფორმაციის გაცვლის რეჟიმში, რათა ერთად ყოფნით უფრო გავძლიერდეთ ამ დაავადებასთან საბრძოლველად", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

    ღონისძიება სტრატეგიული კომუნიკაციების კვირეულის ნაწილია, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარებასა და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობაზე, ევროკავშირის მხარდაჭერით, 18-22 ნოემბერს იმართება.

    კონფერენციის მიზანია ევროკავშირსა და მის სამეზობლოში  დეზინფორმაციის საფრთხეების გაანალიზება და კოორდინირებული ქმედებების ხელშეწყობა.

    კვირეული ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკავშირის დელეგაციის, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრისა (CDD) და სექტორი 3-ის ორგანიზებით, საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით იმართება.

  • მიღწეული წარმატებები ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირის შედეგია

    „ჩვენს მიერ მიღწეული წარმატებები ევროპის საბჭოსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.
    მინისტრის თქმით, 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად მომზადდა და აღნიშნულ წლებში საქართველოს მიერ ევროპის საბჭოსთან ერთად განსახორციელებელ პროექტებს მოიცავს. ამასთან, სამოქმედო გეგმის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით რეფორმების განხორციელებაში.
    როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ პარტნიორების მხრიდან წარმატებულად შეფასდა წინა ორი გეგმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, რომლებმაც უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები, კერძოდ, მნიშვნელოვნად გაძლიერდა სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლებლობები ადამიანის უფლებათა დაცვის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერების, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, პენიტენციალური სისტემის რეფორმირებისა და თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფის მიმართულებით. წინა გეგმებზე საუბრისას, მინისტრმა განსაკუთრებულად გამოყო სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია და ზოგადად, გენდერული თანასწორობისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით გაწეული ძალისხმევა. ზალკალიანის თქმით, აღნიშნული გეგმების ფარგლებში, საქართველომ ნათლად გამოავლინა ევროპული ფასეულობებისადმი სწრაფვის სულისკვეთება. როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერებაში.
    მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, ევროპის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს წინა სამოქმედო გეგმის განხორცილებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო ნამდვილად ეფექტიანად ახორციელებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ნაკისრი აქვს ევროპის საბჭოს ფარგლებში.
    ზალკალიანის თქმით, საქართველო მომავალშიც განაგრძობს ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებას ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოების ანგარიშებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამასთან, პრიორიტეტები საქართველოსთვის კვლავ უცვლელია: საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს სრულყოფა და მოქალაქეებისთვის პრაქტიკული სარგებლის მოტანა. თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაცია აფერხებს საქართველოს ხელისუფლების დაუღალავ ძალისხმევას ეს სარგებელი ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვისაც გახადოს მისაწვდომი. ზალკალიანის თქმით, ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის ღონისძიებებს, რომელთა მიზანი ომისგან დაცალკევებული მოსახლეობის გაერთიანებაა.
    2019 წლის 11 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას უმასპინძლა. სამოქმედო გეგმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩთან ერთად წარადგინა, რომელიც საქართველოს ვიზიტით 1 ნოემბერს ეწვია.
    როგორც წინა შემთხვევებში, აღნიშნული სამოქმედო გეგმის მიზანია საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების გზით, ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობის და დემოკრატიის სფეროში ქვეყნის კანონმდებლობის, ინსტიტუტებისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება. ახალი სამოქმედო გეგმის ბიუჯეტი შეადგენს 17.5 მილიონ ევროს. უკვე მობილიზებულია დაახლოებით 5 მილიონი ევრო (24 %), რომელიც კონკრეტული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
    ახალი სამოქმედო გეგმა მოიცავს შემდეგ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს: ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა და ხელშეწყობა; სოციალური უფლებების უზრუნველყოფა; მართლმსაჯულების უზრუნველყოფა; სამართლის უზენაესობის განმტკიცება და ამ სფეროში არსებულ საფრთხეებთან ბრძოლა; დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და ინოვაციის წახალისება; ჩართულობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობა; ნდობის აღდგენის მექანიზმები.

  • დავით ზალკალიანი აშშ-ს გლობალური ჩართულობის ცენტრის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

    2019 წლის 30 ოქტომბერს, თბილისში მიმდინარე ნატო-საქართველოს საჯარო დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა  აშშ-ს გლობალური ჩართულობის ცენტრის სპეციალურ წარმომადგენელთან  ლეა გაბრიელთან.
     
    შეხვედრაზე მხარეებმა  მიმოიხილეს საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის  ფართო სპექტრი.  ხაზი გაესვა, რომ  ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ბოლო წლების განმალობაში უმაღლეს ნიშნულზეა,  რაც დასტურდება მათ შორის  უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების აქტიური გაცვლით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დინამიური თანამშრომლობით, სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებით და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის ერთსულოვნად დამტკიცებით.
     
    შეხვედრის მსვლელობისას დავით ზალკალიანმა საგანგებო ყურადღება გაამახვილა რუსეთის მეირ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მცოცავი ანექსიის, უკანონო ბორდერიზაციის და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის  ფაქტებზე. აღინიშნა, რომ ამ ფონზე აქტიურად მიმდინარეობს რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის  კამპანია, რომელიც მიმართულია საქართველოს მოსახლეობაში ანტი-დასავლური განწყობების გაღვივებას და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ სკეპტიციზმის გაზრდისკენ. აღნიშნულ ფონზე, მინისტრმა განაცხადა, რომ აუცილებელია აშშ-ს და საქართველოს დასავლელი მოკავშირეებისა და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შედეგების გაბათილება.
     
    თავის მხრივ, ლეა გაბრიელიმ აღნიშნა, რომ აშშ აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას  და მოწადინებულია, რათა მოხდეს ამ თანამშრობლობის კიდევ უფრო გაღრმავება და დივერსიფიკაცია. მან განაცხადა, რომ აშშ ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას და აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას. ამასთან, ლეა გაბრიელიმ აღნიშნა, რომ აშშ მზადაა ქართულ მხარეს გაუზიაროს დეზინფორმაციასთან და აგრესიულ პროპაგანდასთან ბრძოლის საკუთარი გამოცდილება.
     
    ნიშანდობლივია, რომ გლობალური ჩართულობის ცენტრი, აშშ-ის მთავრობასთან ერთად, უძღვება საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მხრიდან პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას.
     

  • დავით ზალკალიანმა თურქმენ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თურქმენეთის დამოუკიდებლობის 28–ე წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
     
    დავით ზალკალიანმა მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან საქართველოს მთავრობის სახელით, თურქმენ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
     
    მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და დადებითად შეაფასა საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა.
     
    „ჩვენ ერთად გადავლახეთ ის გამოწვევები, რაც დაკავშირებული იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბებასა და განვითარებასთან და, ამ პროცესში, არაერთხელ დავხმარებივართ  ერთმანეთს, რაც არასდროს მიეცემა დავიწყებას.“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

    მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა  სატრანსპორტო და სატრანზიტო სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე.

    „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოც და თურქმენეთიც ისტორიული „აბრეშუმის გზის“ მარშრუტზე მდებარეობენ და სწორედ აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და მისი პოტენციალის სრულად ათვისება არის ის მთავარი მიზანი, რომლის მისაღწევად ჩვენ ერთად ძალისხმევას არ ვიშურებთ. საქართველო მხარს უჭერს იმ ახალ ინიციატივებს, რომლებიც კასპიის და შავი ზღვის აუზის ქვეყნების კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციას ითვალისწინებს და მზად ვართ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ყველა პერსპექტიულ წამოწყებას. „ -განაცხადა დავით ზალკალიანმა.
     
    საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრისას, კმაყოფილებით აღნიშნა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული დინამიკა და თურქმენეთიდან ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობის სიხშირის პოზიტიური დინამიკა.
     
    დავით ზალკალიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დადებითი დინამიკა: „მისასალმებელია, რომ უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული ინტენსივობა შეიძინა პოლიტიკურმა თანამშრომლობამ და გახშირდა მაღალი დონის ვიზიტები, რომლებმაც ხელშესახები შედეგები მოიტანეს ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.“-განაცხადა ზალკალიანმა.
     
    საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და თურქმენეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქმენეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
     
    „ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის არცერთი საკითხი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. როგორც თქვენთვის ცნობილია, თურქმენეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია მრავალმხრივ ასპარეზზე, ისევე როგორც საქართველო ყოველთვის დიდი ყურადღებით ეკიდება თურქმენეთთან დაკავშირებულ საკითხებს საერთაშორისო არენაზე“- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა მიუღებელია - ვლადიმერ კონსტანტინიდი

    „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების უკანონო დაკავება წარმოადგენს ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას. მიუღებელია მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, რამდენადაც ის წარმოადგენს მონიტორინგის ერთადერთ საერთაშორისო და ქმედით მექანიზმს და იძლევა ობიექტურ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა, 24 ოქტომბერს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებული ძალების მიერ, ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრულის დაკავების შესახებ განაცხადა.

    მისივე ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი განიხილება დღეს გამართულ, საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიულ შეხვედრაზე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად დღის წესრიგშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსდა, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ამოცანას - 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას. ქართული მხარე ასევე მკაცრად დასვამს საკითხს დღეს - ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგ შეხვედრაზე.“-აღნიშნა კონსტანტინიდმა.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური