"გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია"- ნიკა გვარამია

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 18 ივლისი 2019 18:04

"რუსთავი 2"-ის დირექტორი ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ევროსასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად სკანდალურია. ნიკა გვარამიამ გადაწყვეტილებას შოკისმომგვრელი უწოდა. მისი განცხადებით, კომპანია გასაჩივრების უფლებას გამოიყენებს. 

"რუსთავი 2"-ის ეთერში ვართ და არ ვაპირებთ, არყოფნას. უნდა გითხრათ, რომ არ ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია, არ ვიქნები მართალი. იურისტი ვარ, ყველაფერთან ერთად, შეიძლება დაგავიწყდათ, მაგრამ ვარ და არც თუ ისე ცუდი, ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს, გადაწყვეტილება სრულიად წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ყველაფერთან ერთად, მოთხოვნების არდაკმაყოფილებასთან ერთად, მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება. ამ უფლებას გამოვიყენებ, დანარჩენ შემთხვევებში, სამწუხაროდ, გასაჩივრების უფლებებიც კი ჩაკეტა. მე კონსპირაციების მომხრე არ ვარ, მე ეჭვს ვერ შევიტან მიუკერძოებლობაში, უბრალოდ უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას. კრიტიკის უფლება მაქვს. არ ვეთანხმები ამ გადაწყვტილებას სრულად, თუმცა გასაჩივრების შესაძლებლობა გვაქვს ერთ შემთხვევაში, მაგრამ ეს შემთხვევა არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის დასაშვებად ცნობა მოსამართლე ურთმელიძის, მზია თოდუას და სააპელაციო სასამართლოს ერთი მოსამართლის, ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას," - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თქმით, დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. 

„დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. დროებითი ღონისძიება გაუქმდა იმიტომ, რომ ის წაბმული იყო „რუსთავი 2"-ის მოთხოვნაზე, რომელიც სრულიად გაურკვევლად ჩვენთვის დაუშვებლად იქნა ცნობილი, მე ვიტყოდი, რომ სამართლებრივად სკანდალურიც არის ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ იგივე სასამართლოს მეორე კოლეგიამ „რუსთავი 2“-ის მოთხოვნას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ უპასუხა რევოლუციური გადაწყვეტილებით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ პირველად ისტორიაში თქვა, რომ ვიღებ დროებით ღონისძიებას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმიტომ, რომ ვხედავ დასაბუთებულ შეზღუდვას გამოხატვის თავისუფლების. ეს თქვა ერთმა პალატამ და მეორე პალატამ თქვა, რომ ეს პალატა ნულოვანი კვალიფიკაციისა იმიტომ, რომ ამ საკითხს საერთოდ არ ვიხილავ და ეს საკითხი არის ღიად დაუსაბუთებულიო, მე ვიტყოდი, რომ სკანდალურიც არის ეს გადაწყვეტილება, შიგნით სასამართლოს ურთიერთმიმართების კუთხით, თუმცა ეს არ არის ჩემი კომპეტენციის საკითხი, მე შემიძლია მხოლოდ შევაფასო ეს საკითხი და ცხადია, რომ არ დავეთანხმო მეორე პალატის გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია იუსტიციის მინისტრს მიმართავს და ამბობს, რომ მან ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა.

„მე მივმართავ იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, მისი ინტერპრეტაცია ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით და იმის თქმა, რომ ქიბარ ხალვაშს შეუძლია მივიდეს სადღაც და სახელმწიფო დაურეგისტრირებს იმიტომ, რომ ეს ასეა, არასწორი ინტერპრეტაციაა სამართლებრივად და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თუ არა დანაშაულებრივი მითვისება მედიის, რომელიც ჯერ კიდევ, მიუხედავად უმძიმესი გადაწყვეტილებისა სტრასბურგის სასამართლოსი, ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანს, რომ ეს გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს,“ - ამბობს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია ასევე საუბრობს იმ მუხლზე, რომლის გასაჩივრებაც სამაუწყებლო კომპანიას შეუძლია. ნიკა გვარამია ამბობს, რომ თუ დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საჩივარს დააკმაყოფილებს, საქმე „დაინგრევა“.

ნიკა გვარამიას თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო, რის თქმაც არ შეუძლია სამთავრობო გუნდზე, რომლებიც სამი თვეა, მსგავსი გადაწყვეტილების მოლოდინში იყვნენ.

„იმ შემთხვევაში თუ დიდი პალატა მიიღებს ამ ერთ საკითხზე გასაჩივრებას და ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გასაჩივრებას წარმოებაში, იმ შემთხვევაში, რომ წარმოებაში მიიღებს, განიხილავს და დაადგენს, რომ მაგალითად, პირველი ინსტანციის მოსამართლე ურთმელიძე განსხვავებით ამ პალატისგან ჩათვლის, რომ იყო მიკერძოებული, საქმე ინგრევა სრულად და ამ შემთხვევაში, თუ დარეგისტრირებული იქნება ქიბარ ხალვაში, თან უკანონოდ, საქმის შეტრიალება იქნება შეუძლებელი. ამიტომ, ახლა ქიბარ ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტრირება იქნება საქართველოს კონსტიტუციის, ასევე ევროპული კონვენციის დარღვევა და ჩემი შეფასებით და შესაძლოა, არა მარტო ჩემი შეფასებით, ოდესღაც სხვა ხელისუფლების შეფასებითაც, იყოს თანამდებობრივი დანაშაული. ამიტომ, მე მოვუწოდებ არა იმისკენ, რომ თვითონ ჩათვალოს, ჩემს ინტერპრეტაციას დაეთანხმოს, მე მოვუწოდებ ღია ადმინისტრაციული წარმოებისკენ ამ საკითხზე, იმიტომ, რომ ეს არ არის უბრალო საკითხი, სადაც ერთი ადამიანის თავი, როგორც უნდა დისკრეციულად მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არის ძალიან სენსიტიური და ქვეყნის დემოკრატიისთვის გადამწყვეტი საკითხი, ზუსტად ამიტომ ვარ ყველაზე მეტად გაოგნებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და მოულოდნელი იყო ეს ჩვენთვის ძალიან. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მთავრობისთვის არ იყო, იმიტომ, რომ ბოლო სამი თვეა, ჩვენ გვესმის, რომ ზუსტად ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ეს აჩენს რა თქმა უნდა, შეკითხვებს, განსაკუთრებით ეროვნული მოსამართლის მიმართ, რომლის აცილებაც არ დააკმაყოფილა ამ სასამართლომ სრული დაუსაბუთებლობის გამო. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ არ იქნეს ჩადენილი დანაშაული, არ იქნეს გადაფორმებული ქიბარ ხალვაშზე კანონის დარღვევით და არასწორი ინტერპრეტაციით მხოლოდ ერთი ადამიანის, ჩვენ ამას ჩავთვლით დანაშაულებრივ ქმედებად და რუსთავი 2-ის მითვისებად. ჩვენ გვაქვს უფლება გასაჩივრების, გასაჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს საქმის სრულ დასმას და ამ უფლების რეალურად გაუქმება იუსტიციის მინისტრის მიერ, არის კანონდარღვევა და თანამდებობრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

www.rustavi2.ge

წაკითხულია 397 ჯერ

Related items

  • გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა

    ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა - განცხადება ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

    გვარამიამ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა. გვარამიას თქმით, გიორგი გაბუნიას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

    კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წლის 21 დეკემბერს. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით", - განაცხადა გვარამიამ.

    "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ქართველ და უკრაინელ სამართალდამცველებს მოუწოდებს შესაძლებლობების ფარგლებში გასაჯაროვდეს მქასიმალურად მეტი ინფორმაცია გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას განცხადებით, ზიანი, რომელიც შესაძლოა "მთავარი არხის" რომელიმე თანამშრომელს მიადგდეს, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლება იქნება.

    ნიკა გვარამია ამბობს, რომ გიორგი გაბუნიაზე განხორციელებული თვალთავალის შესახებ "მთავარი არხისთვის" რამდენიმე კვირაა ცნობილია. კონკრეტულად ეს ფაქტი კი გიორგი გაბუნიას საქმიანობას უკავშირდება: 

    ჩვენ ზუსტად ვიცით ჩვენი წყაროებიდან კონტრტერორისტულ სამსახურში, რომ ეს დაკავშირებულია პირდაპირ იმ გამოთქმებთან და იმ გამოსვალსთან, რომელიც გიორგი გაბუნიას ჰქონდა ჯერ კიდევ რუსთავში ორში, პროგრამა პოსტკრიპტუმში, პუტინთან დაკავშირებით. შემკვეთი არის კადიროვი" ამბობს ნიკა გვარამია

    მთავარი არხის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ თბილისში სპეციალური დავალებით ორგანიზებული ჯგუფი მოქმედებდა. კერძოდ, რამდენიმე პირი გიორგი გაბუნიას გადაადგილებას აკვირდებოდა, ამის შემდეგ კი საქმეში უკვე დაქირავებული მკვლელი უნდა ჩართულიყო.

    შეგახსენებთ, რომ გახმაურებული სპეცოპერაცია თბილისში, პარასკევს ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარდა. "დრიმ თაუნის" საცხოვრებელ კომპლექსში, დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სუს-მა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი აიყვანა. 

    აჰმედის სახელით ცნობილი მამაკაცი რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბიკოვი აღმოჩნდა, რომელიც თბილისში სპეციალური დავალებით იყო ჩამოსული.

     

    წყარო: https://mtavari.tv/news/7487-giorgi-gabunias-likvidatsia-ramzan-kadirovis

  • ევროსაბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ რეჟიმში სთავაზობს

    ახალი კორონავირუსის /COVID-19/ პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების ონლაინ-კვირეულს სთავაზობს. ამ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

    „2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგმა არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის იყო ქართული ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც მარტის თვეში კინოთეატრ „ოდისეში“ გაიმართა.

    ამჯერად, COVID-19-ის პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ რეჟიმში სთავაზობს“, – აცხადებენ ეროვნულ კინოცენტრში.

    მათივე ინფორმაციით, 15 მაისის ჩათვლით მოცემულ ვებგვერდზე კინომოყვარულები შემდეგი ქართული ფილმების ნახვას შესძლებენ:

    ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფი“
    ზაზა ხალვაშის „ნამე
    ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“
    ნინო ჟვანიას „აღლუმი“
    ლევან თუთბერიძის „მოირა
    ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“
    დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე
    სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობა“
    რატი ონელის „მზის ქალაქი“

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააგრძელოს კონსულტაციები

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გააგრძელოს კონსულტაციები და მიაღწიოს შეთანხმებას საარჩევნო სისტემის საკითხზე, - ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

    ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ კონსულტაციების საფუძველზე შეთანხმება მიღწეული იქნება.

    „პირდაპირი ტექსტით ეწერა პროექტში, რომ უნდა შეთანხმებულიყვნენ პოლიტიკური პარტიები 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. სიტყვა“პროპორციული“ იქნა ამოღებული, გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება. მოგვიწოდებენ, რომ გავაგრძელოთ ჩვენ კონსულტაციები და მივაღწიოთ შეთანხმებას საარჩევნო სისტემის საკითხზე. იმედი გვაქვს, რომ კონსულტაციების საფუძველზე შევთანხმდებით“, - აღნიშნა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა.

    შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

    რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ მიიღო, ევროსაბჭო მმართველ პარტიას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციში საქართველოზეცაა საუბარი

    სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე რეზოლუცია მიიღეს, რომელიც 10 ქვეყნის: საქართველოს, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ალბანეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, თურქეთის, მოლდოვის, სერბეთის და უკრაინის მონიტორინგის შედეგებს აჯამებს.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავის რეზოლუციაში შეშფოთებას გამოხატავს ზოგიერთ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც „წინააღმდეგობაში მოდის ამ სახელმწიფოების ვალდებულებებთან“. ამ კონტექსტში საუბარია საქართველოზეც:

    „2020 წლისთვის დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების დანერგვის შეუსრულებლობა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სავარაუდო ინციდენტების და საარჩევნო კოდექსის დარღვევის არასათანადო გამოძიება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფუნქციონირებაში არსებული ხარვეზები, მათ შორის მკაფიო და ერთიანი შერჩევის კრიტერიუმების ხარვეზები, საკუთარი დისკრეციის გადაჭარბებულად ვერგამოყენება, რომ მოეხდინა სრულყოფილი და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

    დოკუმენტში ასევე საუბარია რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ უკანონო ქმედებებზეც, მათ შორის, დაგმობილია საქართველოს რეგიონების, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რუსეთის მიერ მცოცავი ანექსია და სამხედრო აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

  • სტრასბურგში ცხრა ქვეყნის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს

    სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ცხრა ქვეყნის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს. როგორც მოსალოდნელი იყო, კრიტიკის მთავარი სამიზნე რუსეთის დელეგაცია წარმოადგენდა, რომელსაც ყირიმის ანექსიის გამო შეწყვეტილი უფლებამოსილება შარშან ზაფხულის სესიაზე დიდი ძალისხმევის შედეგად აღუდგინეს.

    რუსეთის დელეგაციის საკითხი ორჯერ დადგა დღის წესრიგში - როგორც არსებით, ასევე პროცედურულ საფუძველზე. ამ მხრივ ლატვიელი და ლიეტუველი დელეგატები აქტიურობდნენ, რომელთაც სხვა ქვეყნებმაც დაუჭირეს მხარი, მათ შორის საქართველომაც.

    არსებით საკითხში ფიგურირებდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული სიტუაცია და, ასევე, ახალი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმადაც სამართლებრივი ბალანსი საერთაშორისო და შიდა სამართალს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ შეიცვალა. რაც შეეხება პროცედურულ საკითხს, აქ  საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ რუსეთის დელეგაციის წევრებში ოკუპირებული ყირიმის წარმომადგენლებიც ფიგურირებენ.

    საბოლოოდ, ამ საკითხზე მსჯელობა გადაიდო.

    საპასუხოდ, რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი პიოტრ ტოლსტოი იმუქრება, რომ თუ საბოლოოდ მათ უფლებამოსილებას მაინც შეუჩერებენ, მისი ქვეყანა ევროსაბჭოს საერთოდ დატოვებს. სხვათაშორის, თავის დროზე ამ მუქარამ გაჭრა, გარკვეულწილად იმის გამო, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური კონტრიბუტორია, ნაწილობრივ კი აქ თავისი როლი ლობისტურმა სამუშაომაც შეასრულა.

    რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მათ უმრავლესობას კრიტიკა გენდერული ბალანსის დარღვევისთვის დაატყდათ. რაოდენ უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ ქვეყნების სიაში შვედეთიც მოხვდა, ამ მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა. სხვა ქვეყნების სია კი ასე გამოიყურება: ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, პორტუგალია, სან მარინო და შვეიცარია.

    კიდევ ორი ქვეყნის - მოლდოვისა და ესპანეთის - საკითხი პოლიტიკური ბალანსის დარღვევისთვის დააყენეს.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური