საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
კვირა, 07 ივლისი 2019 13:16

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.  თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები18-დან 50 წლამდე ასაკის მოქლაქეებს შესაძლებლობა აქვთ რეზერვის პროგრამაში ჩაირიცხონ ისე, რომ სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და პარალელურად დამატებთი ანაზღაურება მიიღონ.  

ამ ეტაპზე ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან ქალაქ თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. 

ტერიტორიული რეზერვის პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი უნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. საერთო ჯამში, სამხედრო სამსახურის პერიოდში რეზერვისტის წლიური მინიმალური ანაზღაურება ხელზე ასაღები 2700 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება. 

რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და  მათ  აქტიური რეზერვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

საბუთები მიიღება 1 ივლისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე.

წაკითხულია 94 ჯერ

Related items

  • საერთაშორისო ლოჯისტიკურ სწავლებას „LOGDEV 2019“ საქართველო პირველად მასპინძლობს

    სამეთაურო-საშტაბო მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება „LOGDEV 2019“  ოფიციალურად დაიწყო. გახსნის ცერემონიალზე „არმიჰოლში“ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, თავდაცვის  ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და  აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 წარმომადგენელმა, ლოჯისტიკური განვითარების პროგრამის დირექტორმა სტივენ მეტსონმა მიმართეს.

    სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სწავლების მნიშვნელობასა და მის მიზანზე გაამახვილა. „საქართველო პირველად მასპინძლობს საერთაშორისო ლოჯისტიკურ  სწავლებას, რომელშიც ნატოს წევრი 12 ქვეყანა მონაწილეობს. სწავლების მიზანია, ლოჯისტიკური უზრუნველყოფა ნატოს სტანდარტებს დაუახლოვდეს და ჩვენ  შევძლოთ მრავალეროვნულ გარემოში ოპერირება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    სწავლება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზის ტერიტორიაზე ჩატარდება. „LOGDEV 2019“-ში მონაწილეობას 12 ქვეყნის 130 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, მათ შორის - აზერბაიჯანი, ალბანეთი, აშშ,  ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ხორვატია.  

    სწავლების მიზანი ნატოს ლოჯისტიკის დოქტრინების დახვეწა და ნატოს ინფორმაციული სისტემების გამოყენების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე,  ქვედანაყოფების ფორმირების,  გადასროლის, ოპერაციის რაიონში ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და უკუგადასროლის საკითხებში მონაწილეთა შორის ურთიერთთავსებადობის მიღწევაა.

    სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის  (ODC) წარმომადგენლები და  სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობა დაესწრო.

    მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 ხელმძღვანელობით, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო ლოჯისტიკური სწავლება 17 მაისს, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დაიხურება.

  • საქართველოს თავდაცვის ძალები 28 წლის გახდა

    დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 28 წლის იუბილეს აღნიშნავს. მთავარი ღონისძიება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო. 

    ღონისძიების ოფიციალური ნაწილი IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ჩატარდა, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა გვარეობის ქვედანაყოფი იყო წარმოდგენილი. ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების დღე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს. 

    დღესვე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას  გენერალ-ლეიტენანტის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა. ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება მიიღო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ; გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო წოდებები მიენიჭათ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადილგეებს - ბრიგადის გენერალ ზაზა ჩხაიძესა და ბრიგადის გენერალ შალვა ჯაბახიძეს. ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდებებები მიიღეს გენერალური შტაბის  J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ, აღმოსავლეთ სარდალმა პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა,  პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ. ასევე, თავდაცვის გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, თავდაცვის პოლკოვნიკ აბესალომ მანჯავიძეს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მათ სამხედრო წოდების სამხრეები გადასცეს. 

    საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები კი, დაჯილდოვდნენ მედლებით - ,,გენერალი კვინიტაძე“,  ,,სამშობლოსათვის თავდადებული” და ,,გიორგი ანწუხელიძე”. 

    ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ სტუმრებს სამწყობრო მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ. 

    თავდაცვის ძალების იუბილეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ვეტერანები, საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროები, ასევე, გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ. 

    დღესვე თავდაცვის ძალების დღე დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებშიც - II და  III ქვეით ბრიგადებში სენაკსა და ქუთაისში ღია კარის დღით აღინიშნა.

  • პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 8-დან 19 აპრილის ჩათვლით აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.

    საბაზო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ყველა რეგიონში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიებს: ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების, ჟურნალისტიკის, დიზაინისა და ა.შ. მიმართულებებით.

    სოფლის მეურნეობის, მშენებლობის ტურიზმისა და ტრანსპორტის მიმართულებებით მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ დუალური, ანუ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

    პროფესიული განათლების მიღებისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის.

    რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიულ სასწავლებლებში. აპლიკანტებს, ასევე, საშუალება ექნებათ ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ ვებ-გვერდზე: vet.emis.ge. რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.

    პროფესიული ტესტირების ჩატარების შესახებ ინფორმაციას აპლიკანტები მიიღებენ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

    სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს რეგისტრაციის გავლა ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე შეეძლებათ, თუმცა მათ შესაძლებლობა ექნებათ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით ისარგებლონ. დუალური პროგრამები ასევე ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

    ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, ტესტირებას რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე გაივლიან. ჩარიცხვის შემდეგ კი მათ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ.

     

     

  • საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესტონელ გენერალს შეხვდა

    აქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები  განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიასა და ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ მარტინ ჰარემს შორის გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა სამხედრო სფეროში ურთიერთობის  დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მაღალი დონის ვიზიტებით, ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების განვითარებით, ესტონეთისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის პარტნიორობით, კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობითა და მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობით გამოიხატება. 

    ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა ესტონეთის მხარის ჩართულობა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) მიმდინარე ნატო-საქართველოს სწავლებაში და იმედი გამოთქვა, რომ ესტონელი სამხედროები საქართველოში დაგეგმილ სხვა მნიშვნელოვან სწავლებებშიც მიიღებენ მონაწილეობას. 

    თავდაცვის მინისტრმა ესტონეთის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების ურყევი მხარდაჭერისთვის სტუმარს მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ესტონელი დამკვირვებლების როლზე გაამახვილა ყურადღება.  

    ესტონელ გენერალთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრი ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველო თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციას ნატოს შეკავების პოლიტიკის შესაბამისად განაგრძობს, რაც მიზნად ისახავს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საბოლოო გაწევრიანებას.

  • ქართველი მშვიდობისმყოფელების დაჯილდოება ავღანეთში

    ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში IV მექანიზებული ბრიგადის ქართველმა სამხედროებმა კეთილსინდისიერი საქციელით თავი გამოიჩინეს.

    კაპრალმა ნიკოლოზ ფარცვანიამ სპორტულ დარბაზში ვარჯიშის დროს საფულე დიდი ოდენობის თანხით იპოვნა. იმავე დღეს მან თავად მოძებნა საფულის პატრონი და დაკარგული ნივთი დაუბრუნა. კეთილსინდისიერად და სამაგალითოდ მოიქცნენ ასევე, უფროსი სერჟანტი მამუკა მელაძე, კაპრალი გიორგი მღებრიშვილი და უფროსი ლეიტენანტი არჩილ შავდათუაშვილი. მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სხვადასხვა ადგილას განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა აღმოაჩინეს და მესაკუთრეებს დაუბრუნეს.

    საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის სახელით, ავღანეთის დედაქალაქში დისლოცირებულ IV მექანიზებული ბრიგადის მშვიდობისმყოფელებს მადლობა გამოეცხადათ, ხოლო ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

    დღესვე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში „პირადი მცველის“ ორკვირიანი კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალიც გაიმართა. პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და ავღანეთში თავდაცვის ძალების წარმომადგენლობის მთავარმა სერჟანტმა, მასტერ სერჟანტმა რამაზ პაიკიძემ IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური