პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის პერსპექტივა განიხილა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 03 ივლისი 2019 18:16

ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა და საქართველოს რეგიონულ ცენტრად გარდაქმნის პერსპექტივა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ქალაქ დალიანში, სახელმწიფო რეზიდენციაში გაიმართა. 

მთავრობის მეთაურმა პრემიერ ლი კეციანს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

საუბრისას ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი გამოყენების აუცილებლობას და საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომელთა საექსპორტო პოტენციალი მაღალია. 

საქართველოს რეგიონულ ცენტრად ქცევის კონტექსტში, ხაზი გაესვა უმსხვილესი კომპანიების დაინტერესების აუცილებლობას, განახორციელონ ინვესტიციები და გახსნან რეგიონული ოფისები საქართველოში.

აღინიშნა ხალხთაშორისი კონტაქტების როლი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების ხელშეწყობაში. 

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა და არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულება დაადასტურა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩინეთის საგარეო საქმეთა, კომერციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრები, ასევე სახელმწიფო რეფორმებისა და განვითარების კომისიის თავმჯდომარე, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტ სი ძინპინს ექვემდებარება. უმაღლესი დონის შეხვედრა მსგავსი ფორმატით პირველად გაიმართა, რაც, მხარეების შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადასვლის დასტურია. 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრემიერ ლი კეციანს ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დალიანში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევისთვის, რომელზეც სულ რამდენიმე ქვეყნის ლიდერია დაპატიჟებული. 

მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ სესიაზე - Talent Transforming Technology. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი დალიანში 2 ივლისს დასრულდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

წაკითხულია 209 ჯერ

Related items

  • ქართველი სინოლოგების კომენტარები კორონავირუსთან დაკავშირებით

    საქართველოში დაიწყო ჩინეთის მხარდამჭერი აქცია, რომლის ფარგლებშიც ქართველი სინოლოგები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ კორონავირუს COVID-19-ის ეპიდემიას ეხმაურებიან.

    ქვემოთ გთავაზობთ ქართველი სინოლოგის, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორის ელისო ელისაშვილის მოსაზრებას:

    მინდა გამოვეხმაურო ბოლო ხანებში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას - კორონა ვირუსის გავრცელებას და თანმდევ პროცესებს. პირველ რიგში კი მინდა თანაგრძნობა გამოვხატო უხანისა და სრულიად ჩინეთისადმი, იმის გამო რისი გადატანაც ახლა უწევთ. ამ ვირუსის გამოვლენაც ისეთივე შემთხვევითობაა, როგორც სხვადასხვა დროს ბევრი სხვა უბედურება, მათ შორის მწვავე დაავადებები, დასტყდომია მსოფლიოს. მთვარია ხალხმა სწორად გავიაზროთ რა რეაქცია შეიძლება გვქონდეს, რა როლი შეიძლება შევასრულოთ პრობლების გადაჭრის პროცესში, რა უნდა, ან რა არ უნდა გავაკეთოთ.
    მსოფლიოს უდიდესი ნაწილი დიდი ყურადღებით მოეკიდა საკითხს და აქტიურად ჩაერთო შველის პროცესში. ახლა რაც შეეხება უშუალოდ ჩინეთს: წარმოუდგენელია და ენითაუწერელია ის ერთსულოვნება, თავგამოდება, გმირობა და სიძლიერე, რაც ამ სახელმწიფომ და ხალხმა ამ დღეეში დაგვანახა. ჩინეთისთვის, როგორც ერთერთი ყველაზე მჭიდროდდასახლებული ქვეყნისთვის, ალბათ ასმაგად დიდი გამოწვევაა მსგავსი დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ამის მიუხედავად, შედეგი გასაოცარია. სულ მეფიქრება, თუ სამყაროს ეს ვირუსი უნდა მოვლენოდა, ალბათ ჩინეთში იმიტომ მოხდა, რომ ეს ქვეყანა მას ყველაზე დიდი შეგნებით და მზაობით დახვდებოდა და პირველ დარტყმას გმირულად მიიღებდა თავის თავზეთქო. წარმოდგენაც არ მინდა რა სავალალო შედეგი შეიძლება მოყოლოდა ამ ვირუსის გავრცელებას საქართველოში, სადაც არც ტექნოლოგიურად ვართ სათანადოდ მზად და მსგავს პრობლემებზე პირველი რეაქცია, როგორც წესი, პანიკა და ქაოსია, არ გვიყვარს წესების დაცვა, არ გვჯერა, რომ ნიღბის ტარებამ შეიძლება დაგვიცვას და ასე შემდეგ.
    ჩემი დასკვნები არ ეფუძნება მხოლოდ ჩინურ მედიას ან ჩემს პირად დამოკიდებულებას ჩინეთისა და ჩინელი ხალხის მიმართ: ვეცნობი უცხოური მედიის უამრავ სიახლეებს, ასევე ყოველდღიურად პირადი კომუნიკაცია მაქვს ჩინეთში მცხოვრებ ბევრ უბრალო ხალხთან, იქ მყოფ ქართველებთან, რომელთა შორის დიდი ნაწილი ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიით დაჯილდოებული ქართველი სტუდენტია. საოცარია ის, რომ მათგან არ მიგვრძნია იმ შიშისა და პანიკის ნახევარიც კი, რაც საქართველოში და ქართულ სოციალურ მედიაში გავრცელდა. შიშს კიდევ რა უშავს, აი ჩინელების და აღმოსავლეთაზიელების მიმართ გამოვლენილი დიდი აგრესია და ცინიზმი კი საერთოდ არ ჯდება საღი აზროვნების ფარგლებში. რას ვერჩით, რატომ ვერჩით, რა დაგვიშავა ამ ქვეყანამ და ხალხმა? პირიქით, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩინეთი საქართველოსთვის პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით სერიოზული სტრატეგიული პარტნიორია, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ახორციელებს სერიოზულ ინვესტიციებს, საქართველოსთან აამოქმედა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და კიდევ უამრავი დამსახურება აქვს, რომელთა ჩამოთვლამ შეიძლება შორს წაგვიყვანოს. ვფიქრობ, კორონა ვირუსზე უფრო საგანგაშო საქართველოსთვის არის ქსენოფობიისადმი დიდი მიდრეკილება და პირველ რიგში მას უნდა გამოვუცხადოთ ბრძოლა. ეს ის დაავადებაა, რომელიც საზიანოა პიროვნულ და სახელმწიფოებრივ დონეზე და ხელს შეუშლის ჩვენი ქვეყნის პროგრესსა და განვითარებას. საქართველოს ბევრი რამ შეუძლია ისწავლოს ჩინეთისგან და მასთან მეგობრობით, იმედი მაქვს ამ შანსს გამოიყენებს. ეს ის ქვეყანაა, რომელიც მყარად დგას თავის დიდებულ ისტორიულ წარსულზე და თანამედროვე განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია. მსოფლიომ ჯერ ის საოცრება ვერ ამოხსნა, ათასწლეულების წინ თუ როგორ ააგო ჩინეთმა მთის მწვერვალზე გიგანტური დამცავი ნაგებობა - ჩინეთის კედელი, რომ ახლა მეორე საოცრება მიიღო: 10 დღეში აშენებული და სრულად აღჭურვილი 1000 კაცზე გათვლილი ჰოსპიტალი. შექმნილი ვითარების მიუხედავად, ჩინეთი ყველა ღონეს მიმართავს რომ სწავლა-განათლება არ შეფერხდეს. მართალია სასწავლებლები დაკეტილია, მაგრამ უსწრაფესად აამუშავეს ონლაინ სასწავლო პლატფორმები და მოსწავლეებსა და სტუდენტებს დისტანციურად სახლის პირობებში შეუძლიათ გააგრძელონ მეცადიოება, ეს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უფრო მეტიც, ჩინეთს არც უცხოელ სტუდენტებზე ზრუნვა დავიწყებია: 6 თებერვლიდან ჩინური ენის დონის გამოცდის ოფიციალურმა საიტმა ხელმისაწვდომი გახადა დიდი რაოდენობით სავარჯიშო ტესტები, რეგისტრაციის გავლის შემდეგ ნებისიერ მსურველს შეუძლია გაიაროს შესაბამისი დონის ტესტირება, ნახოს შეფასება და ასევე შეცდომების ანალიზი, რაც მათ დაეხმარებათ ოფიციალური გამოცდისთვის მზადებაში. ასეთია ჩინეთი, მუდამ მზრუნველი, აქტიური და მომავლისკენ მიმართული, ქედს არ უხრის დროებით კრიზისებს. იმედი მაქვს საზოგადოება მაქსიმალურად გაამხნევებს და მორალურ მხარდაჭერას გამოუცხადებს ვირუსით დაზარალებულებს, ხოლო ჩინეთის მთავრობის და სამედიცინო პერსონალის გმირული ბრძოლა სულ მალე წარმატებით დასრულდება!

  • გაუგზავნე მხარდაჭერის წერილი ჩინელ ხალხს!

    დღეს, სრულიად ჩინეთი კორონავირუსს ებრძვის, ჩინელ ექიმებს, მედდებს, მუშებს და სხვებს უწევთ ურთულეს პირობებში მუშაობა, ისინი თავიანთ სიცოცხლეს სასწორზე დებენ, რათა სხვები გადაარჩინონ, ვირუსს შეებრძოლონ, საფრთხე ააცილონ ქვეყანას და მსოფლიოს.
    მოსახლეობის ნაწილი იმყოფება კარანტინში სახლებში გამოკეტილი, რომლებიც მოუთმენლად ელიან ცხოვრების ჩვეული რიტმის დადგომას.
    ბოლო პერიოდში ვირუსის გამო ჩინელი ხალხი გახდა ქსენოფობიისა და რასიზმის მსხვერპლი, მათ სჭირდებათ ჩვენი მხარში დგომა და გამხნევება.
    გაუგზავნე "ნიუსდეი საქართველოს" დახმარებით ჩინელ ხალხს შენი მხარდაჭერის წერილი. 

    წერილი შეგიძლიათ დაწეროთ ქართულ, ინგლისურ ან ჩინურ ენებზე.

  • გვინდა ჩინეთმა იცოდეს, რომ საქართველო თქვენ გვერდით დგას-დავით ზალკალიანი

    კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად გვინდა ჩინეთმა იცოდეს, რომ საქართველო თქვენ გვერდით დგას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

    „გვინდა იცოდეთ, რომ საქართველო თქვენთან ერთად დგას და გამოვთქვამთ მზაობას ერთად ვიმუშაოთ მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ახლა მხარდაჭერისა და სოლიდარობის დროა“,-წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

    შეგახსენებთ, ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 259 ადამიანამდე გაიზარდა.

  • ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,  ლი იენს შეხვდა.

    შეხვედრაზე ელჩმა მინისტრის მოადგილეს აცნობა, რომ ჩინურმა მხარემ დაასრულა შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“ შეთანხმებაზე. აღინიშნა, რომ შესაბამისი პროცედურები დასრულებულია საქართველოს მხრიდანაც, რის საფუძველზეც შეთანხმება უახლოეს პერიოდში შევა ძალაში.
    შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხს. 

  • თბილისში ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი დაფუძნდა

    ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი დაარსებულია ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის მიერ. აღნიშნული ჯგუფის ქოლგის ქვეშ ჩინეთში, ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა სასწავლებელი.

    ინსტიტუტი ემსახურება ჩინური ენის სწავლებას, იმ მრავალმხრივი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოებისთვის ჩინური კულტურის უკეთ გაცნობას და პირიქით. აგრეთვე, ჩინეთსა და საქართველოს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

    ჩვენი ინსტიტუტი არის საქართველოში პირველი სრულიად დამოუკიდებელი ამ ტიპის კერძო სასწავლებელი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფი საქართველოსთვის არის ერთ-ერთი სერიოზული ინვესტორი განათლების სფეროში, ამჟამად განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს დაახლოებით 3 მლნ ლარს, სამომავლოდ იგეგმება ინვესტირება პროფესიული განათლების სფეროში.

    2020 წლის 11 იანვარს, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის სათავო ოფისში გაიმართება ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი.

    ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ჩინეთის ელჩი საქართველოში ქალბატონი ლი იენ, სტუმრები განათლების სამინისტროდან, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, ასევე სპეციალურად ამ დღისთვის ჩინეთიდან პირველად ჩამობრძანდებიან მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეები: ბატონი უ ნი - ჩინეთის განათლების მეცნიერებების აკადემიის განათლების განვითარების და რეფორმების ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი სიუ ჭენგჭუნგ - განათლების განვითარებისა და რეფორმების ინსტიტუტის დირექტორი და სხვა სტუმრები.

    ცერემონიალზე სიტყვით გამოვლენ: ინსტიტუტის დამფუძნებელი ბატონი ქანგ ჭენგ, დირექტორი ქალბატონი ელი ელისაშვილი, ბატონი უ ნი, ბატონი სიუ ჭენგჭუნგ.

    ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყობა ინსტიტუტის დირექტორის ელი ელისაშვილის მიერ თარგმნილი პირველი ჩინურ-ქართული ლექსიკონის პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა ჩინეთში, ხოლო მეორე გამოცემა შესრულდება საქართველოში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური