ირლანდიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 28 ივნისი 2019 14:50

ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი და ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის აღსანიშნავი საზეიმო მიღება. საღამო გაიხსნა საქართველოსა და ირლანდიის ჰიმნებით, რომელიც ქართული დიასპორის წარმომადგენელმა ნინო წერეთელმა შეასრულა.

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა  სიტყვით მიმართა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს. მან მიულოცა თანამემამულეებს ღირსშესანიშნავი თარიღი და ისაუბრა საქართველოს ევროპული ფასეულობებისა და  დემოკრატიული ღირებულებების შესახებ, ირლანდიასა და საქართველოს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე.
 
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღების პარალელურად დარბაზში განთავსებული იყო საქართველოს  ტურისტული  პოტენციალის ამსახველი ფოტო გამოფენა. შესაბამისად, გიორგი ზურაბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე და წარმოაჩინა ქვეყნის უნიკალური მხარეები, ისაუბრა ისტორიულ-კულტურული ძეგლების, ტურისტულ-საკურორტო პოტენციალისა და ქართული ღვინის შესახებ. მან მოუწოდა დამსწრე აუდიტორიას ეწვიონ საქართველოს, სადაც მათ ელოდება ახალი და განუმეორებელი შთაბეჭდილებები, სტუმართმოყვარე ხალხი. გიორგი ზურაბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში სტუმრობა მიმზიდველია წელიწადის ნებისმიერ დროს, საქართველოს ღირსშესანიშნაობები და ქართული სამზარეულო დაუვიწყარი გამოცდილება იქნება ყველასთვის.  
 
საღამოს მსვლელობისას ნაჩვენები იქნა საქართველოს საიმიჯო ვიდეო-რგოლები. სტუმრებმა ქართული ღვინო და  კერძები დააგემოვნეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, ირლანდიაში აკრედიტებული ელჩები, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი საზოგადოების, ბიზნეს სექტორისა და ქართული დიასპორის წევრები.

წაკითხულია 107 ჯერ

Related items

  • "საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არ დასრულებულა, ის დღესაც გრძელდება"

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1921 წლის თებერვალში, კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებთან, რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.
    როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი მებრძოლებისა და იუნკერების თავდადებით გადარჩა საქართველო და ჩვენ დღემდე მოვიტანეთ ეს დამოუკიდებლობა.
    ,,აქ, ამ ადგილზე, თბილისის გადარჩენისათვის  დაიღუპა იუნკერების დიდი ნაწილი. ეს დღე საქართველოსათვის ძალიან მძიმე დღეა, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არ დასრულებულა, ის დღესაც გრძელდება.
    ქართველი მებრძოლებისა და იუნკერების თავდადებით გადარჩა საქართველო და ჩვენ დღემდე მოვიტანეთ ეს დამოუკიდებლობა. ამისათვის ჩვენ არა მხოლოდ მადლიერი უნდა ვიყოთ, არამედ ყოველდღე უნდა ვიხსენებდეთ მათ.
    ვწუხვარ იმის გამო, რომ აქ ტაბახმელა-კოჯრის მიდამოებში იუნკერთა მემორიალის გარდა, არ არის ამ უდიდესი ისტორიული მოვლენის ამსახველი არანაირი კვალი.
    აქ ახალგაზრდები და უცხოელები თუ ამოვლენ უნდა შეეძლოთ იმის გაგება, რა ბრძოლები ჩატარდა, რა დატვირთვის იყო და რატომაა ეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნისათვის ასეთი მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
     
    საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული.

  • ირლანდია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და მზად არის საკუთარი წარმატებული გამოცდილების გასაზიარებლად

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  ლუქსემბურგში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა  ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან  საიმონ კოვენისთან. 

    შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და ირლანდიას შორის ბოლო წლების განმავლობაში გააქტიურებულ ორმხრივ ურთიერთობებს და გამოხატეს მზაობა ხელი შეუწყონ თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

    ხაზი გაესვა ირლანდიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის  მტკიცე მხარდაჭერას, ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოხატა ირლანდიის მზადყოფნა ხელი შეუწყოს საქართველოს ამ პროცესში და გაუზიაროს მას ირლანდიის წარმატებული გამოცდილება ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და მიღწეულ წარმატებას.

    საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას. დავით ზალკალიანმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია  კონფლიქტის დარეგულირების პროცესის, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ საკითხი მუდმივად იდგეს საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში.  ირლანდიის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა, რაც აისახება თანამშრომლობის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

    მინისტრები მიესალმნენ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის გააქტიურებულ ურთიერთობებს და ორმხრივი ვიზიტების გაცვლას. განსაკუთრებით  აღინიშნა ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ვაჭრობის და თავდაცვის კომიტეტის მიერ 2017 დ 2018 წწ-ში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები.

    შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ  ორი ქვეყნის  აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს  შორის  მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  სხვადასხვა სფეროებში  თანამშრომლობის  შემდგომ განვითარებას.

    მინისტრმა მადლობა გადაუხადა ირლანდიას საქართველოს უსაფრთხო ქვეყანათა კატეგორიაში დასახელების გამო, რითიც კიდევ ერთხელ დადასტურდა ირლანდიის მხრიდან საქართველოში არსებული პოლიტიკური და დემოკრატიული გარემოს, ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თავალსაზრისით არსებული პროგრესის აღიარება.

    მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე, „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის“ ინიციატივაზე, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან რეგიონალურ სატრანზიტო და ენერგეტიკულ ჰაბს და ირლანდიის ბიზნეს წრეების შესაძლო დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო გარემოთი.

    მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე. დავით ზალკალიანმა ყურადღება გამახვილა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და კოლეგას გააცნო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.

  • ირლანდიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო მიღებით აღინიშნა

    დუბლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის ლორდ მერმა ბრენდან კარმა. გამოსვლისას საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა საქართველოსა და ირლანდიას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვა ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის მზარდ დინამიკას, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ განხორციელებულ შთამბეჭდავ პროგრესზე და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მე-5 სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე.

    დუბლინის ლორდ-მერმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, გამოთქვა იმედი, რომ საქართველოსა და ირლანდიას შორის პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება, ასევე, დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს წარმატებები უსურვა.

    ღონისძიების ფარგლებში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს შესახებ ფოტოსურათებისა და ქართული ანბანის გამოფენა, სახელწოდებით "Life and Language in Georgia", სადაც წარმოდგენილია საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების, უნიკალური კულტურის, არქიტექტურის, სხვადასხვა ქალაქებისა და ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოსურათები, ასევე, გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა".

    მიღებაზე დუბლინში მოქმედმა ბავშვთა ქართული სიმღერის ანსამბლმა „Mixed Melodies”, შეასრულა საქართველოსა და ირლანდიის სახელმწიფო ჰიმნები, ასევე,  ქართული ხალხური და თანამედროვე სიმღერები.

    ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს საელჩო ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.

    საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ქართული დიასპორის, მედიის, ბიზნესის, კულტურისა და აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორისა და დუბლინში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

  • საქართველო ირლანდიასთან დამარცხდა

    6 ოქტომბერს, დუბლინის „ავივას“ სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი ირლანდიასთან გამართა. 

    მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ირლანდიელთა კაპიტანმა, 
    შეიმუს კოლმნმა გაიტანა. მთელი მატჩის განმავლობაში ვლადიმერ ვაისის გუნდმა მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ირლანდიელთა გამარჯვებით დასრულდა.

    საქართველოს ეროვნული ნაკრები 7 ოქტომბერს ჩარტერული რეისით კარდიფში გაემგზავრება და მესამე ოფიციალური მატჩისთვის მოემზადება. უელსისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება, 9 ოქტომბერს "კარდიფ სიტის" სტადიონზე შედგება. 6 
    ოქტომბერს, საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში, კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. ავსტრია-უელსი 2:2, მოლდოვა-სერბეთი 0:3 დასრულდა.

    ვლადიმირ ვაისის მატჩის შემდგომი კომენტარი:

    "პირველ რიგში ვულოცავ ირლანდიას. ეს კარგი გუნდია, რომელსაც ჩინებული მწვრთნელები ჰყავს.. თამაშს რაც შეეხება, როდესაც გოლის გატანას ვერ ახერხებ, რჩები ხელცარიელი, თუმცა, ჩვენ განსაკუთრებით პირველ ტაიმში ხარისხიანი თამაში ვაჩვენეთ, სამი საგოლე მომენტი შევქმენით და მოედნის შუაში კარგად გამოვიყურებოდით, სადაც გამოვყოფდი ვალერი გვილიას, რომლისთვისაც ეს სადებიუტო თამაში იყო. მე ვფიქრობ, რომ დროის განმავლობაში ეს გუნდი უფრო და უფრო მოუმატებს თამაშს. ხუთ თვეში შედეგის მიღწევა რთულია, თუმცა, ჩვენ ავსტრიასთანაც საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და დღესაც. ამის მიუხედავად, გვაქვს 0 ქულა, ამას კი მხოლოდ უიღბლობას ვერ დავაბრალებთ. მართალია, არ გაგვიმართლა, მაგრამ მე გუნდს შესვენებაზე ვუთხარი, რომ დაცვაში არც ერთი შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა და განსაკუთრებით კოულმენისთვის უნდა მიგვექცია ყურადღება. ის გადასარევი ფეხბურთელია, ერთი შანსი მიეცა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. ეს ერთი შეცდომა მეტად ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ ახლა წინ უნდა ვიყუროთ. მე დღეს ბედნიერი ნამდვილად არ ვარ, თუმცა, ის, რომ ჩემმა გუნდმა ირლანდიაში კარგი თამაში აჩვენა, ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

    გუშინდელ პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, რომ საქართველოს ტექნიკურად კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ირლანდიას კი - ბრძოლისუნარიანი მოთამაშეები. ეს დღევანდელ თამაშშიც გამოჩნდა: ჩვენ ბურთს კარგად ვფლობდით, მაგრამ ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. 3-4 საგოლე შანსიდან ერთით მაინც უნდა გვესარგებლა. თქვენ, ჟურნალისტებს, ვრცლად შეგიძლიათ ამ თამაშზე დაწერა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენთვის ეს ცუდი შედეგი იყო."


    ირლანდია - საქართველო 1:0

    დუბლინი, ავივას სტადიონი

    ირლანდია: რენდოლფი, კო
    ლმნი, დაფი, კლერკი, უორდი, მაკარტი, ჰენდრიკი, ბრეიდი (79’ ველანი), მაკლინი, უოლტერსი, ლონგი (90’ ოში)

    მთ. მწვრთნელი: მარტინ ონილი

    საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ნავალოვკსი (
    90’ კობახიძე), გვილია, დაუშვილი (90’ კაჭარავა), ანანიძე (73’ სხირტლაძე), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, მჭედლიძე

    მთ
    . მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

    მსაჯები: ტონი ჩაპრონი, მიკაელ ანონიერი, ერიკ დანიზანი, ნიკოლას რაინვილი (ყველა საფრანგეთი)

    გაფრთხილება: ჰენდრიკი (83), მჭედლიძე (87)

    გოლი: 1:0 კო
    ლმნი (56)

  • ოპერის თეატრი საზეიმოდ გაიხსნება

    ოპერის თეატრი საზეიმოდ გაიხსნება,სპექტაკლს კი მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ოპერის შენობა არ იძლევა საშუალებას, რომ ყველა მსურველი გახსნის პირველივე დღეს დაესწროს პრემიერას, შესაბამისად  სამი საპრემიერო ჩვენება გაიმართება : "გვსურს განვაცხადოთ, რომ გახსნის პირველ დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე დამსწრეთა ნუსხა ოპერისა და ბალეტის ადმინისტრაციამ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთობლივად შეადგინა. მოწვეულია მრავალრიცხოვანი დასის ყველა წევრი, შემოქმედებითი კოლექტივი, მსახიობები, მუსიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, დიდი ქართველი კომპოზიტორების ოჯახის წევრები და შთამომავლები, უცხოელი სტუმრები, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსი. საპრემიერო ჩვენებაზე მოსაწვევებით დასწრება საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა და აპრობირებული მეთოდია.

    ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გახსნა ჩვენი ეროვნული ზეიმია. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომდევნო საპრემიერო ჩვენებებზე დასწრების ასეთივე მაღალი ინტერესი იქნება. "- ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური