საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 ივნისი 2019 11:24

ის რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში ხდებოდა, რასაკვირველია, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს და ეს პროცესი ორ ნაწილადაა დაყოფილი.

ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომების შედეგად, რაც სამართლიანად გახდა ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი პროტესტის მიზეზი, ჩვენმა გუნდმა დღის პირველ ნახევარში პრაქტიკულად სრულად აღკვეთა. შეწყდა ფორუმი, რუსეთის დელეგაციამ დატოვა თბილისი, ჩვენი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს შესაბამისი უმკაცრესი განცხადებები და აღუთქვეს მოსახლეობას, რომ დეტალურად შეისწავლიდნენ ყველაფერს და სათანადო პასუხს მოსთხოვდნენ გუნდის წევრებს.

იმავდროულად, 19:00 საათის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე ხალხის მიერ გამოხატული გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს.

რევანშისტული ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მათ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და მთელმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, როგორ იძალადეს ჩვენს პოლიციელებზე.
შედეგად შეიქმნა ვითარება, რომელიც გასცდა დღის პირველ ნახევარში განვითარებული მოვლენებით გამოწვეულ სრულიად სამართლიან რეაქციას და მივიღეთ რევანშს მოწყურებული, დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების მიერ ორგანიზებული ძალადობა. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები.
პარლამენტზე და პოლიციის ძალებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ისარგებლეს ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი ემოციით.

ბოლო მომენტამდე პოლიცია არ გასცდენია პარლამენტის შენობის პერიმეტრს. პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, დაიცვა სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული.

ახლა უმთავრესია ყველა დაშავებულის ჯანმრთელობა და ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი.

ხვალ, რასაკვირველია, პროცესები გაგრძელდება - ჩვენ სიტყვას არ გადავალთ, არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა ეს კრიზისული ვითარება. მათ მოუწევთ პასუხის გაცემა გუნდის და საზოგადოების წინაშე. იმავდროულად, ჩვენ ყოველი მიზეზის გარეშე უზრუნველვყოფთ, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერებს, ვინც ხელყო კანონი და კონსტიტუცია.

ჩვენი ამოცანაა სიტუაციის დეესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი სრულად ინფორმირებულია, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები დღეს.
ვპირდებით საზოგადოებას, რომ ამ პირებს სრულად მოუწევთ პასუხისმგებლობის გაზიარება მათ მიერ ორგანიზებულ მასობრივ არეულობასა და დესტაბილიზაციის მცდელობაზე.

გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ სიმშვიდისკენ. ხელისუფლება დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს.

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

წაკითხულია 205 ჯერ

Related items

  • პარლამენტის ვიცე-სპიკერის, უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადება

    საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში, ჩვენს გუნდში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შემოღებაზე მუშაობს, თუმცა უმრავლესობის დიდი ნაწილი ამ ინიციატივის წინააღმდეგია.

    ყველას ესმის, რომ მსგავსი ტიპის აზრთა სხვადასხვაობის თუ დაპირისპირების გაღვივება საფრთხის შემცველია როგორც გუნდის ერთიანობისთვის, ასევე ზოგადად, პოლიტიკური სტაბილურობისთვის, ამიტომ, ჩვენთვის პრიორიტეტული იყო, მაქსიმალურად სწრაფად მიგვეღწია გარკვეული კონსესუსისთვის გუნდის შიგნით და ვფიქრობთ, რომ უმრავლესობის ბოლო სხდომაზე და მას შემდეგ სხვადასხვა ფორმატში კონსულტაციებით შეთანხმების მიღწევა შევძელით.

    უმრავლესობის მხრიდან გაზიარებული იყო მაჟორიტარი დეპუტატების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის არჩევნებიდან 2024 წლამდე მუდმივად იქნება საუბარი, რომ უნდა გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, რაც მუდმივი არასტაბილურობის განცდას გააჩენს და ეს პროცესი შექმნის ნიადაგს და ცდუნებას პოლიტიკური კრიზისების ხელოვნურად გამოწვევისთვის. საუბარია 2020 წლის შემდეგ პერიოდზე.

    ჩვენ, უმრავლესობის დიდი ნაწილი, მათი სხვა არგუმენტებისგან განსხვავებით, საბოლოოდ დავეთანხმეთ მაჟორიტარ დეპუტატებს რისკის ამ ნაწილში მხოლოდ და შევთანხმდით, რომ ისინი უკან გაიწვევენ თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების ინიციატივასთან დაკავშირებით, ჩვენ კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებამდე ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნას მოვახერხებთ, რითაც ზემოთ დასახელებულ რისკებს მოვხსნით.

    შესაბამისად ჩვენ, 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება და ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე. ამ შემთვევაში, მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ინიციატივაზე იტყვიან უარს.

    თუ ჩვენ ამ გარანტიის შექმნას ვერ შევძლებთ, მაშინ მაჟორიტარები აგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

     

  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

    საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.
     
    პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით.
     
    პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები/მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.

    აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გათავისუფლებულია.
    პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვას კანონის მოთხოვნები.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
    პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 28 პირი.
    სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ.
  • "მიუხედავად მიმდინარე დემოკრატიული პოლიტიკური პროცესებისა, მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ბიზნესგარემო იყოს სტაბილური და პოზიტიური"

    თავისუფალი, წარმატებული და ძლიერი ბიზნესი მნიშვნელოვანია, როგორც ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილების შემქმნელი, ასევე, როგორც  ქვეყნის განვითარების ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურმა  შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი წარადგინა და ხაზი გაუსვა, რომ ის იქნება ეფექტური მედიატორი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის.

    „ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი და სწრაფი კავშირი, რაც მიხეილ დაუშვილს აუცილებლად ექნება და თითოეული პრობლემა, რომელიც მასთან მივა, რამდენიმე წუთის, ან საათის განმავლობაში მოხვდება ჩემთან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

    პრემიერის შეფასებით,  სტაბილური გარემო ეკონომიკისა და ბიზნესისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

    „მსურს დაგარწმუნოთ, რომ მიუხედავად დემოკრატიული პოლიტიკური პროცესებისა, რომელიც ხდება ხან ქუჩაში, ხან პარლამენტში, ხან მედიაში და სხვადასხვა ადგილებში, ბიზნესისა და ეკონომიკისთვის მთავრობა გააკეთებს ყველაფერს და მიაღწევს მიზანს, რომ გარემო იყოს სტაბილური განჭვრეტადი და რაც მთავარია, პოზიტიური. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს საარჩევნო წელიწადი, წყნარად, მშვიდად, ინვესტიციების, ახალი სამუშაოს ადგილების შექმნის და კიდევ ბევრი საკანონმდებლო ცვლილების თვალსაზრისით, პირველ რიგში, თქვენთვის იყოს პროგნოზირებადი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება ის გარკვეული ბიუროკრატიული გამოწვევები, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში ბიზნესის წინაშე იდგა, დავები საბჭოს, ქონების მართვის, თუ სხვა მიმართულებებით.

    „უახლოესი წლების გამავლობაში ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება. ყველა ამ მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობას აქვს ძალზედ დიდი მნიშვნელობა.  ამას ექნება ქმედითი, სწრაფი, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, პრინციპებზე დაყრდნობილი მუშაობის ხასიათი. ბიზნესისა და  ეკონომიკისთვის პროგნოზირებადი და სტაბილური გარემო უნდა იყოს ძირითადი ამოცანა. მთავრობა და მე ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს. რა თქმა უნდა, თქვენი აღქმები და ის გადაცემის ეფექტი, რომელიც გაქვთ თქვენ, აქ მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ  უნდა ვიყოთ პარტნიორები და უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, გვყავდეს უფრო მეტი ძლიერი ქართული კომპანია და ერთად გავზარდოთ ქართული ეკონომიკა. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე და მომავალ წელს ბევრი სამუშაო გვექნება, წარმატებებსაც მივაღწევთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.

     
    დღეს, რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური