შილდის ღვინის ქარხანა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019 17:20

18 ივნისს ევროკავშირმა გამოაცხადა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვების ცერემონიაზე ბრიუსელში. კონკურსის პირველი სერიის გამარჯვებულია შილდის ენერგოეფექტური მეღვინეობა საქართველოდან.

2014 წელს დაარსებული შილდის მეღვინეობა კახეთში, საქართველოს მეღვინეობის წამყვან რეგიონში მდებარეობს. ევროკავშირის და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ მხარდაჭერილ კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამაში (ენერგოკრედიტი საქართველო) მონაწილეობით, კომპანიამ დაიწყო ღვინის წარმოების ენერგოეფექტური ეკოლოგიური პროცესი, რამაც ის რეგიონში პირველ ეკოლოგიურ ღვინის მწარმოებლად აქცია. დღეს, ღვინის ქარხანა 60%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ხოლო მისი ყოველწლიური დანაზოგი ელექტროენერგიის ხარჯზე 60,000 ევროზე მეტს შეადგენს.

აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ჩატარებული ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობდა 50-ზე მეტი განაცხადი 6 ქვეყნიდან, რაც მოიცავდა ძალზე მრავალფეროვან შემოქმედებით, მაღალეფექტურ გადაწყვეტილებებს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის გამოყენების კუთხით საზოგადოებისა და ბიზნესის სასარგებლოდ. ჟიურიმ 6 ფინალისტი შეარჩია, მათ შორის: ბიომასით გათბობის გადაწყვეტილებები სასოფლო განვითარებისთვის (სომხეთი), განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება ნოვოგრუდოკის რაიონში (ბელარუსი), ბიომასა და ენერგოეფექტურობა „პრიჩინდელის“ საბავშვო ბაღში ბუსილაში (მოლდოვის  რესპუბლიკა), შპს ქართული ღვინო და ღვინის მწარმოებელი კომპანია - მეღვინეობა შილდა (საქართველო), ენერგიის მოხმარების და CO2-ის ემისიის შემცირება დოლინაში (უკრაინა), ტრენინგი უმაღლეს ინჟინერიაში ეკოლოგიურად მდგრადი სამრეწველო განვითარებისთვის (უკრაინა).

შერჩეული 6 ფინალისტი მონაწილეობდა საჯარო კენჭისყრაში, რომელიც ონლაინ რეჟიმში, ორი კვირის განმავლობაში, 2019 წლის 28 აპრილიდან 9 მაისამდე მიმდინარეობდა. ყველა ხმა იქნა დათვლილი და დადასტურებული. მოქმედი ხმები დაემატა ჟიურის ხმებს საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად.

ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ტარდება ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2019-ის (EUSEW) ფარგლებში და მონაწილეობის მისაღებად პირველად იყო მიწვეული აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). კონკურსის მიზანია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წარმატებული პროექტების გამოვლენა ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის სფეროში, რომლებიც უშუალოდ ეხმარება მოქალაქეებს და საზოგადოებას ენერგიის დაზოგვაში ან ენერგიის მდგრად წყაროებზე გადასვლაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის: http://bit.ly/2KYV25C 

***

ინიციატივა EU4Energy მოიცავს ევროკავშირის მთლიან მხარდაჭერას, რომლის მიზანია ენერგომომარაგების, ენერგეტიკული უსაფრთხოების და კავშირის გაუმჯობესება, ასევე ენერგოეფექტურობის მხარდაჭერა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. აღნიშნულს ინიციატივა ახორციელებს პროექტების და პროგრამების დაფინანსებით, რომლებიც ხელს უწყობს ენერგეტიკის ბაზრების რეფორმირებას, ქვეყნების ენერგოდამოკიდებულების და ენერგიის მოხმარების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგომომარაგება გახდება უფრო საიმედო, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი, რაც შეამცირებს ენერგეტიკულ დეფიციტს და ენერგიაზე ხარჯებს როგორც მოქალაქეების, ისე კერძო სექტორისთვის.

დამატებითი ინფორმაცია: www.EU4Energy.eu

წაკითხულია 215 ჯერ

Related items

  • აღმოსავლეთ პარტნიორობა: მედიის ექსპერტების შეხვედრა რიგაში დონორების მომავალი მხარდაჭერის განსაზღვრის მიზნით

    100-მდე მედია-პროფესიონალი, დონორი, ოფიციალური პირები ევროკავშირიდან და მედიის განვითარების ორგანიზაციების წარმომადგენლები 13-14 ნოემბერს რიგაში (ლატვია) შეიკრიბნენ ღონისძიებაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის მედია კონფერენცია 2019: ბიზნესი და მდგრადობა“. კონფერენციამ, რომელიც ორგანიზებული იყო ევროკომისიის მიერ საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის და ლატვიის მთავრობის მხარდაჭერით, შესაძლებლობა მისცა მონაწილეებს განეხილათ დამოუკიდებელი მედიის პერსპექტიულობის სტრატეგიები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

    მონაწილეებმა ისაუბრეს ჟურნალისტების წინაშე მდგარ გამოწვევებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) და წარმოადგინეს იმ ცალკეული მედია-საშუალებების მაგალითები, რომლებიც წარმატებით გადადიან ბიზნესის მომგებიან მოდელებზე.

    ციფრული ტრანსფორმაცია, მონაცემთა ანალიზის და აუდიტორიის კვლევის გაუმჯობესებული წვდომა, მონეტიზაციის სტრატეგიები, ახალი პლატფორმების და სერვისების დივერსიფიკაცია და მედია-მენეჯმენტის უნარების განვითარება - ეს გადაწყვეტები იყო შემოთავაზებული დამოუკიდებელი მედიის პოტენციალის გაძლიერების მიზნით რეგიონში. კონფერენციის შედეგები და რეკომენდაციები ემსახურება მედიისთვის გასაწევი სამომავლო დახმარების განსაზღვრას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

    ეს კონფერენცია იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-2 მედიაკონფერენციის გაგრძელება, რომელიც ჩატარდა 2017 წელს კიევში და განსაზღვრა ეკონომიკური მდგრადობა, როგორც პროფესიული ჟურნალისტიკის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევა მთელ რეგიონში.

     

     

  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა მიუღებელია - ვლადიმერ კონსტანტინიდი

    „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების უკანონო დაკავება წარმოადგენს ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას. მიუღებელია მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, რამდენადაც ის წარმოადგენს მონიტორინგის ერთადერთ საერთაშორისო და ქმედით მექანიზმს და იძლევა ობიექტურ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა, 24 ოქტომბერს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებული ძალების მიერ, ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრულის დაკავების შესახებ განაცხადა.

    მისივე ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი განიხილება დღეს გამართულ, საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიულ შეხვედრაზე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად დღის წესრიგშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსდა, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ამოცანას - 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას. ქართული მხარე ასევე მკაცრად დასვამს საკითხს დღეს - ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგ შეხვედრაზე.“-აღნიშნა კონსტანტინიდმა.

  • საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

    პრეზიდენტის განკარგულებით, დღეს საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის 9 კაციანი შემადგენლობა დამტკიცდა, რომელსაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი პროფესორი ზვიად გაბისონია უხელმძღვანელებს.

     პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში შედიან მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ეროვნული პრემიის ლაურეატები.

     პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნათია სულავას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე შექმნილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიამ დღეიდან გამოაცხადა კონკურსი საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად.

    საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

     პრემია გაიცემა ყოველწლიურად და მას შეიძლება ჰყავდეს ერთი, ან ორი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო, თითოეულს 10 000 ლარის ოდენობით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

    საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის მიერ შერჩეული ლაურეატობის კანდიდატები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.
    პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები მიიღება მოხდება 10 ოქტომბრის ჩათვლით,
    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, (ათონელის ქუჩა N25), დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ

    საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო.

    მსგავსი დესტრუქციული ქმედება, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობის ყოვლად მიუღებელი განცხადებები,  წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას.

    საქართველო პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მტკიცედ ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვითარების დეესკალაციისა და უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის.

    ქართული მხარე განაგრძობს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ და მჭიდროდ მუშაობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.

    ამასთანავე,  ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა 29 აგვისტოს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად.

    http://mfa.gov.ge/News/saqartvelos-sagareo-saqmeta-saministros-ganck-(52).aspx?lang=ka-GE

  • დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან. 

    სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.  განსაკუთრებული  ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ გარემოზე.

    საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირის უმაღლეს  წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებების შესახებ, მათ შორის გორის რ-ნის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე.
     
    სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობა.
     
    საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში გახშირებული ინციდენტების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა აღნიშნული საკითხების განხილვის აუცილებლობას, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ფარგლებში. ამ კონტექსტში აღინიშნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის მნიშვნელობა.
     
    საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს წარმომადგენელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისთვის, რომელიც ადგილზე არსებული საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი მექანიზმია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვითარების დეესკალაციისა და უსაფრთხოების შემდგომი უზრუნველყოფისთვის.
     
    უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური