დავით ზალკალიანმა ჩინეთის რესპუბლიკის ელჩი მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 19 ივნისი 2019 14:12

2019 წლის 18 ივნისს გაიმართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ძი იენჩის შორის, რომელიც საქართველოში თავის მისიას ასრულებს.

განხილულ იქნა საერთო ინტერესის მქონე თემების ფართო სპექტრი, მათ შორის ეკონომი-კური მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ხაზი გაესვა ჩინეთის სახელმწიფო მრჩევლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ამასწინდელ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და მის ისტორიულ მნიშვნელობას.
ჩინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დავით ზალკალიანმა კი, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი საქართველოს ერთგულებას.
~
ყურადღება გამახვილდა „სარტყელისა და გზის“ გლობალურ ინიციატივაზე (Belt and Road Initiative) და მასში საქართველოს უფრო მეტ ჩართულობაზე.

კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანაა, რომლის ჩართულობითაც არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.

ჩინეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ის კვლავაც შეეცდება თავისი წვლილის შეტანას საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საქმეში. გამოითქვა იმედი, რომ ჩინეთის ახალი ელჩი, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამობრძანდება, იქნება ძალზედ წარმატებული, რაც ორივე ქვეყნის ინტერესს ემსახურება.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ჩინეთის ელჩის განსაკუთრებულ როლს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში და ჩინელ დიპლომატს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

წაკითხულია 125 ჯერ

Related items

  • საფრანგეთის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან დიეგო კოლასთან, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. 
    დავით ზალკალიანმა ფრანგ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებისა და „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალს.
    მინისტრმა ზოგადად მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების პროცესი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარება. მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.
    საფრანგეთის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა და გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ფრანგული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი, აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ფრანგმა დიპლომატმა აგრეთვე კმაყოფილება გამოხატა სექტორულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს ორი ქვეყნის უწყებებს შორის. ამის გარდა, ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გააქტიურდება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები.
    შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

  • დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან. 

    სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.  განსაკუთრებული  ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ გარემოზე.

    საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირის უმაღლეს  წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებების შესახებ, მათ შორის გორის რ-ნის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე.
     
    სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობა.
     
    საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში გახშირებული ინციდენტების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა აღნიშნული საკითხების განხილვის აუცილებლობას, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ფარგლებში. ამ კონტექსტში აღინიშნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის მნიშვნელობა.
     
    საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს წარმომადგენელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისთვის, რომელიც ადგილზე არსებული საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი მექანიზმია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვითარების დეესკალაციისა და უსაფრთხოების შემდგომი უზრუნველყოფისთვის.
     
    უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

  • მამუკა ბახტაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

    ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

    ჩინელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა ჩინეთის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების მიმართულებით.

    დადებითად შეფასდა ჩინეთიდან ტურისტების ნაკადის მზარდი მაჩვენებელი და აღინიშნა, რომ ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 50 პროცენტით არის გაზრდილი და აღნიშნული მაჩვენებელი წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზრდება.

    ხაზი გაესვა ორმხრივი ვაჭრობის პოზიტიურ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა China International Import Expo-ში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება ქართული კომპანიებისთვის, თავიანთი პროდუქცია  ჩინელ ინვესტორებს წარუდგინონ.

    შეხვედრაზე განიხილეს ასევე აბრეშუმის გზის ფორუმი, ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა" და აღინიშნა, საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით. 

    პრემიერ-მინისტრიის პრეს-სამსახური

  • დავით ზალკალიანმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან განიხილა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელების საკითხზე საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

    დავით ზალკალიანმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციების შესახებ. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სრულ სურათს ფლობს სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესისა და საქართველოს 8 მოქალაქის გატაცების შესახებ.

    სატელეფონო საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის პარალელურად, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება კიდევ უფრო ამძიმბეს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით ისედაც რთულ მდგომარეობას, და წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

    საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩეკს თხოვნით მიმართა, რომ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ აამოქმედოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რათა შესაძლებელი გახდეს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შეჩერება და გატაცებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ დაბრუნება საკუთარ ოჯახებში.

    დავით ზალკალიანმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ასევე სთხოვა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს თემის მაღალ დონეზე წამოწევა. სატალეფონო საუბრისას ასევე აღინიშნა ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის მნიშვნელობა.

    ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარადჭერა და ხაზი გაუსვა ადგილზე უსაფრატხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

  • გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს მნიშვნელოვან მოკავშირედ და მხარდამჭერად - კრისტოფერ პინჩერი

    2019 წლის  5 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან კრისტოფერ პინჩერთან.

    მინისტრმა კრისტოფერ პინჩერს მიულოცა მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნვა და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში. საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. განსაკუთრებით აღინიშნა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობა და იმედი გამოითქვა, რომ ბრექსიტის შემდგომ თანამშრომლობის აღნიშნული პლატფორმა კიდევ უფრო მეტ დინამიურობას შეიძენს.

    სახელმწიფო მინისტრმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს მნიშვნელოვან მოკავშირედ და მხარდამჭერად. საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი შეხვედრების აქტიური დინამიკის მნიშვნელობა და დააფიქსირეს ამ კუთხით მზაობა, იქნება ეს ორმხრივი გაცვლითი ვიზიტების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ღონისძიებების ფარგლებში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური