აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების აქტიურად ჩართვა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვების დაცვის საკითხში

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ორშაბათი, 17 ივნისი 2019 10:37

ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ ცენტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის თავიდან აცილება და დაცვა, როგორც ვირტუალური, ისე რეალურად, იყო მთავარი თემები საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში 2019 წლის 8-9 აპრილს სტრასბურგში. საერთაშორისო კონფერენციის "სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა ლანსაროტის კონვენციის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში"  მონაწილეები გაეცნენ სტრატეგიულ პროგრამას და ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმას ბავშვთა უფლებათა დაცვის სფეროში. მათ შორის განიხილეს ლანსაროტის კონვენციის განხორციელების მონიტორინგი. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე გაანალიზეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გაძლიერების როლი კონვენციის განხორციელებაში და ეროვნულ დონეზე. ასევე მათ ისაუბრეს ურთიერთობების გაღრმავებაზე ლანსაროტის კომიტეტთან. გარდა ამისა, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ ცოდნა ამ სფეროში, გაეზიარებინათ თავისი გამოცდილება სხვა მონაწილეებისათვის და ეჩვენებინათ მაგალითები თავის ქვეყნების ცხოვრებიდან.

საერთაშორისო კონფერენციაზე სტრასბურგში, განისაზღვრა ბავშვთა უფლებების ევროპული სტრატეგიის (2016-2021) განხორციელების ფარგლებში საქმიანობის პრიორიტეტული სფეროები. მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველანაირი ფორმის აღმოფხვრა, სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის სახით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შევხვდით და ვესაუბრეთ კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს საქართველოდან, ანა არგანაშვილს - არასამთავრობო ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, აღმასრულებელი დირექტორს.

„ნიუსდეი საქართველოსთან“ საუბარში ა. არგანაშვილმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მუშაობს ბავშვთა დაცვის, ქალთა დაცვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის საკითხებზე და ეს საკითხები გულისხმობს ბავშვთა ძალადობისგან დაცვასაც.

ეს კონფერენცია ეძღვნებოდა ლანსაროტის ევროპის საბჭოს კონვენციას, კონვენცია არის ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის ერთ-ერთი უახლესი ინსტრუმენტი, ამ კონვენციას რამდენიმე წელია რაც საქართველო შეუერთდა, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ აქტიურად არ არის ამოქმედებული ეს კონვენცია ბევრი მიზეზის გამო. ერთ ერთი მიზეზი არის ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად ვერ იყენებს ამ კონვენციას, ცნობიერების ამაღლების კამპანია არის საკმაოდ სუსტი, როგორც მოგეხსენებათ ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე დღემდე სამოქალაქო საზოგადოებას არ გაუგზავნია ალტერნატიული ჩრდილოვანი ანგარიშები, რასაც სხვა კონვენციებზე ვაგზავნით და ამიტომ სწორედ ამ ხარვეზების გამოსასწორებლად იქ ვიყავით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები წარმომადგენლები, განაცხადა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, აღმასრულებელი დირექტორმა.

რაც შეეხება კონვენციას, ა. არგანაშვილი ხაზს უსვავს, რომ ისინი კარგად გაეცნენ კონვენციის მოქმედებას და იგი ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ საქართველოში დღემდე ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე საკმაოდ მოძველებული ხედვები არსებობს: „მაგალითად, ისეთი უახლესი სფერო როგორიც არის სექსუალური კიბერ-ძალადობა ბავშვებზე არ არის საკმარისად გამოკვლეული და ძალიან ბევრი ბავშვი საქართველოში კიბერ-დანაშაულის მსხვერპლი ხდება. ჩვენ ვიცით ტრაგიკული შემთხვევები რომელიც მოხდა და ვფიქრობთ რომ არასამთავრობოებს საკმაოდ სერიოზული როლი უნდა ჰქონდეთ. ამ ყველაფრის შესახებ მოსახლეობას ცნობიერებას უნდა ვუმაღლებდეთ, თავად ბავშვებმა უნდა იცოდნენ როგორ დაიცვან თავი სექსუალური მოძალადისგან, სად გააკეთონ შეტყობინება, ამავე დროს საჭიროა რომ სახელმწიფო აქტიურად იძიებდეს სისხლის სამართლებლივად ამას, ძალიან აქტიურად ცვლიდეს კანონებს. სარეაბილიტაციო სერვისები უნდა შეიქმნას ამ ბავშვებისთვის და სხვა. ამ ყველაფერზე სწორედ ამაზე სასაუბროდ და ჩვენი განათლების ასამაღლებლად ვიმყოფებოდით სტრასბურგში. ჩვენთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც .

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, აღმასრულებელი დირექტორის აზრით, ეს  კონვენცია ევროპის საბჭოს სივრცეში  არის ახალი და საკმაოდ რთული კონვენცია. „ეს კონვენცია რამდენიმე წლის წინ მიიღეს და რთული კონვენციაა, რადგან ფაქტიურად ბავშთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის სფეროში განსხვავებულ მოწესრიგებას გვთავაზობენ, უფრო დეტალურს უფრო ზუსტს უფრო მკაცრს რაც ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამიტომაც ამ კონვენციას სჭირდება სწავლა რადგან ესეთი მარტივი არ არის“, - დასძინა მან.

ა. არგანაშვილმა ასევე დაამატა, რომ მისთვის ძალიან საინტერესო იყო იმის აღმოჩენა, რომ ბევრ ქვეყანაში კრიმინალიზებულია ზრდასრული პირების მხრიდან ბავშვისთვის სოციალურ ქსელში ისეთი მესიჯების მიწერა რომლის მიზანიც არის მაგალითად პაემანის დანიშვნა შემდგომში სექსუალური ურთიერთობის დამყარების მიზნით. „ჩვენთან ეს ყველაფერი ამ ფორმით არ არის კრიმინალიზებული მაგრამ ჩვენ უნდა გავეცნოთ სხვა ქვეყნის გამოცდილებას“, - ამბობს ა. არგანაშვილი.

მისივე თქმით, „ორი დღის განმავლობაში ჩვენც ვსწავლობდით როგორ დაგვეცვა ბავშვები სექსუალური ძალადობისგან, რა საინფორმაციო კამპანიები აქვთ სხვა ქვეყნებს, რომელი უწყებები უნდა თანამშრომლობდნენ, რა გარანტიები უნდა არსებობდეს, სკოლაში რა უნდა ისწავლებოდეს და ასე შემდეგ. მიგვაჩნია, რომ ეს საკითხები ძალიან აქტუალურია საქართველოსათვის და ჩვენი მონაწილეობა ამ კონფერენციაში ძალიან ნაყოფიერი იყო“, ხაზი გაუსვა ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, აღმასრულებელმა დირექტორმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ა. არგანაშვილის თქმით, 20 ნოემბერი არის ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის დღე. „გვინდა რომ ეს დღე ავღნიშნოთ სათანადოდ. ავამაღლოთ ცნობიერება, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც მოხდება დანაშაული, ყველაფერი დაგვიანებულია. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ პრევენცია განხორციელდეს მანამ სანამ დამნაშავე ჩაიდენს დანაშაულს და ამითი დაზარალდება ბავშვი“, - ამბობს ანა არგანაშვილი.

ავთანდილ ოთინაშვილი

წაკითხულია 184 ჯერ

Related items

  • ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

    4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში გაიმართა ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია. ღონისძიებას წარუძღვა ჩინეთის სამხრეთს ავიახაზების, სინძიანის ფილიალის გენერალური დირექტორი ცაი ვენსი.

    ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის კონსულმა საქართველოში ეკონომიკური და კომერციული საკითხებში ვან ლიანპომ , საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილემ გივი დავითაშვილმა, TAV Georgia-ს გენერალური დირექტორმა მეთ ერკალიმ. 

    ცაი ენსიმ საკუთარ მიმართვაში აღნიშნა, რომ „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ფლოტი სიდიდით პირველია აზიაში ხოლო მესამე მსოფლიოში. 2018 წლის მიწურულისთვის ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ფრენებმა მოიცვა 39 ქვეყანა, 69 ქალაქი და 172 მიმართულება ერთი გზა ერთი სარტყელის ინიციატივის (BRI) ფარგლებში. ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებს ყოველწლიურად თხუთმეტ მილიონზე მეტი ტურისტი გადაყავს, რითიც ხელს უწყობს საჰაერო კორიდორის შექმნას ეკონომიკური თანამშრომლობისა და კოოპერაციისთვის. 

    ვან ლიანპომ, საქართველოში ჩინეთის კონსულმა ეკონომიკურ და კომერციულ საკითხებში, აღნიშნა, რომ ჩინეთ საქართველოს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმდინარე წელს და ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია. მისი თქმით ორ ქვეყანას შორის გაიზარდა და გაძლიერდა თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში და მიმართულებებში. ასევე გაზრდილია ხალხთა შორისი და კულტურული კავშირები. მისი თქმით ჩინეთი საქართველოს რიგითობით მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი.

    შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც 2011 წელს თბილისი-ურუმჩის გზა (ფრენა, რეისი, მიმართულება) გაიხსნა ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა შექმნა მოხერხებული ხიდი საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებს აქვს ყველაზე მეტი ჩინური სატრანსპორტო თვითმფრინავი, ასევე ყველაზე განვითარებული სამარშრუტო ქსელი, უსაფრთხო და ყველაზე დიდი მგზავრთბრუნვა წელიწადში, რომელმაც 140 მილიონს მიაღწია 2018 წელს.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • თურქმენეთში წარმატებით ჩატარდა კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმი

    კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმი, რომელიც 12 აგვისტოს თურქმენბაშიში, ტურისტულ ზონა „ავაზაში“ გაიმართა, ძირითადად საპილოტე ღონისძიება იყო, რომლის მიზანს მრავალი წლის განმავლობაში არსებული „კასპიის ხუთეულის“ ფორმატის შენარჩუნება იყო. ფორუმის ჩატარების იდეა შემოგვთავაზა თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა, კასპიის ზღვის სახელმწიფოების მეთაურების მეხუთე სამიტზე, რომელიც ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართა. სამიტზე ხელი მოეწერა კონვენციას კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ.

    ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს კასპიის ზღვის ხუთი ქვეყნის /თურქმენეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ირანი/ მთავრობის ხელმძღვანელელმა პირებმა. ფორუმის მთავარი ამოცანაა კასპიის სიმდიდრის ოპტიმალური გამოყენების პრობლემების მოგვარება საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში.

    თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა შექმნან ინოვაციური ქალაქი - "კასპიური". „მიზანშეწონილად მიგვაჩნია ჩამოვაყალიბოთ მნიშვნელოვანი პლატფორმა ტექნოლოგიური და ინოვაციური გაშვებისთვის. ამ მიზნებისათვის, ჩვენ გთავაზობთ საერთაშორისო ინოვაციების და ტექნოლოგიების ცენტრის შექმნას. მას შეიძლება ეწოდოს ინოვაციური ქალაქი "კასპიური". აქ, იდეების ამ თავისებურ ლაბორატორიაში, მეცნიერები, ექსპერტები კასპიის და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების საკითხებში, ერთად იმუშავებენ, რათა შეიქმნან ახალი ტექნოლოგიური გეგმა კასპიის ზღვის ქვეყნებისთვის” - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. 

    კასპიის პირველ ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლების დროს, კასპიის ზღვის სახელმწიფოების მთავარობების მეთაურებმა გამოხატეს თავიანთი მიდგომები კასპიის ზღვასთან დაკავშირებული ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების მიმართ. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ ქვეყნების ინტეგრაციის საკითხი, რომლებიც განსხვავებული ეკონომიკური მიდგომებისა და გეოპოლიტიკური ინტერესების არსებობის პირობებში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ყველა ნავთობის ექსპორტიორია და, ფაქტობრივად, კონკურენტები, ცდილობენ გაიგონ და გაითვალისწინონ ერთმანეთის ინტერესები.

    თურქმენეთში გამართული ფორუმის დროს ბევრი ითქვა სატრანსპორტო გადაზიდვების შესახებ, ასევე ნახშირწყალბადების რესურსების თაობაზე, რომლითაც კასპიის ზღვა მდიდარია და რომელიც ევროპულ ბაზრებზე უნდა იქნას ექსპორტირებული.

    კერძოდ, ვრცელი დისკუსიები გაიმართა რუსული მხარის წინადადებაზე თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ - ტურისტული საკრუიზო კატარღების გაშვებასა და საქონლის ტრანსპორტირებაზე თურქმენეთიდან რუსეთში კასპიის ზღვის გამოყენებით.

    ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 1500-ზე მეტმა უცხოელმა სტუმარმა, მათ შორის 19 მაღალი რანგის პოლიტიკოსმა 19 საერთაშორისო ორგანიზაციიდან. სხვათა შორის, ხუთივე ქვეყნის სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად, თურქმენეთში ჩავიდნენ დელეგაციები მეზობელი რეგიონებიდან - კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებიდან. მსგავსი ფაქტი მიუთითებს კასპიის მზარდი გავლენის გავლენა ევრაზიის მეზობელ რეგიონებზე.

    ფორუმის მუშაობის შედეგად, კასპიის ზღვის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავებენ გეგმას ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, რაც მათ საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდოს სავაჭრო ტვირთბრუნვა.

    ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, თურქმენეთში სამიტს შეიძლება ეწოდოს ისტორიული და მთავარი რაც შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში, არის საკრუიზო მომსახურების დაწყება კასპიის ზღვისპირა ხუთ ქვეყანას შორის.

    რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმის მონაწილეები მიიწვია ასტრახანში, სადაც დაგეგმილია მომავალ წელს შემდეგი ასეთი ფორუმის ჩატარება.

    ავთანდილ ოთინაშვილი

    თბილისი-თურქმენბაში-თბილისი

  • "გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია"- ნიკა გვარამია

    "რუსთავი 2"-ის დირექტორი ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ევროსასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად სკანდალურია. ნიკა გვარამიამ გადაწყვეტილებას შოკისმომგვრელი უწოდა. მისი განცხადებით, კომპანია გასაჩივრების უფლებას გამოიყენებს. 

    "რუსთავი 2"-ის ეთერში ვართ და არ ვაპირებთ, არყოფნას. უნდა გითხრათ, რომ არ ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია, არ ვიქნები მართალი. იურისტი ვარ, ყველაფერთან ერთად, შეიძლება დაგავიწყდათ, მაგრამ ვარ და არც თუ ისე ცუდი, ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს, გადაწყვეტილება სრულიად წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ყველაფერთან ერთად, მოთხოვნების არდაკმაყოფილებასთან ერთად, მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება. ამ უფლებას გამოვიყენებ, დანარჩენ შემთხვევებში, სამწუხაროდ, გასაჩივრების უფლებებიც კი ჩაკეტა. მე კონსპირაციების მომხრე არ ვარ, მე ეჭვს ვერ შევიტან მიუკერძოებლობაში, უბრალოდ უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას. კრიტიკის უფლება მაქვს. არ ვეთანხმები ამ გადაწყვტილებას სრულად, თუმცა გასაჩივრების შესაძლებლობა გვაქვს ერთ შემთხვევაში, მაგრამ ეს შემთხვევა არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის დასაშვებად ცნობა მოსამართლე ურთმელიძის, მზია თოდუას და სააპელაციო სასამართლოს ერთი მოსამართლის, ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას," - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

    "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თქმით, დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. 

    „დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. დროებითი ღონისძიება გაუქმდა იმიტომ, რომ ის წაბმული იყო „რუსთავი 2"-ის მოთხოვნაზე, რომელიც სრულიად გაურკვევლად ჩვენთვის დაუშვებლად იქნა ცნობილი, მე ვიტყოდი, რომ სამართლებრივად სკანდალურიც არის ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ იგივე სასამართლოს მეორე კოლეგიამ „რუსთავი 2“-ის მოთხოვნას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ უპასუხა რევოლუციური გადაწყვეტილებით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ პირველად ისტორიაში თქვა, რომ ვიღებ დროებით ღონისძიებას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმიტომ, რომ ვხედავ დასაბუთებულ შეზღუდვას გამოხატვის თავისუფლების. ეს თქვა ერთმა პალატამ და მეორე პალატამ თქვა, რომ ეს პალატა ნულოვანი კვალიფიკაციისა იმიტომ, რომ ამ საკითხს საერთოდ არ ვიხილავ და ეს საკითხი არის ღიად დაუსაბუთებულიო, მე ვიტყოდი, რომ სკანდალურიც არის ეს გადაწყვეტილება, შიგნით სასამართლოს ურთიერთმიმართების კუთხით, თუმცა ეს არ არის ჩემი კომპეტენციის საკითხი, მე შემიძლია მხოლოდ შევაფასო ეს საკითხი და ცხადია, რომ არ დავეთანხმო მეორე პალატის გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

    ნიკა გვარამია იუსტიციის მინისტრს მიმართავს და ამბობს, რომ მან ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა.

    „მე მივმართავ იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, მისი ინტერპრეტაცია ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით და იმის თქმა, რომ ქიბარ ხალვაშს შეუძლია მივიდეს სადღაც და სახელმწიფო დაურეგისტრირებს იმიტომ, რომ ეს ასეა, არასწორი ინტერპრეტაციაა სამართლებრივად და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თუ არა დანაშაულებრივი მითვისება მედიის, რომელიც ჯერ კიდევ, მიუხედავად უმძიმესი გადაწყვეტილებისა სტრასბურგის სასამართლოსი, ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანს, რომ ეს გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს,“ - ამბობს ნიკა გვარამია.

    ნიკა გვარამია ასევე საუბრობს იმ მუხლზე, რომლის გასაჩივრებაც სამაუწყებლო კომპანიას შეუძლია. ნიკა გვარამია ამბობს, რომ თუ დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საჩივარს დააკმაყოფილებს, საქმე „დაინგრევა“.

    ნიკა გვარამიას თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო, რის თქმაც არ შეუძლია სამთავრობო გუნდზე, რომლებიც სამი თვეა, მსგავსი გადაწყვეტილების მოლოდინში იყვნენ.

    „იმ შემთხვევაში თუ დიდი პალატა მიიღებს ამ ერთ საკითხზე გასაჩივრებას და ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გასაჩივრებას წარმოებაში, იმ შემთხვევაში, რომ წარმოებაში მიიღებს, განიხილავს და დაადგენს, რომ მაგალითად, პირველი ინსტანციის მოსამართლე ურთმელიძე განსხვავებით ამ პალატისგან ჩათვლის, რომ იყო მიკერძოებული, საქმე ინგრევა სრულად და ამ შემთხვევაში, თუ დარეგისტრირებული იქნება ქიბარ ხალვაში, თან უკანონოდ, საქმის შეტრიალება იქნება შეუძლებელი. ამიტომ, ახლა ქიბარ ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტრირება იქნება საქართველოს კონსტიტუციის, ასევე ევროპული კონვენციის დარღვევა და ჩემი შეფასებით და შესაძლოა, არა მარტო ჩემი შეფასებით, ოდესღაც სხვა ხელისუფლების შეფასებითაც, იყოს თანამდებობრივი დანაშაული. ამიტომ, მე მოვუწოდებ არა იმისკენ, რომ თვითონ ჩათვალოს, ჩემს ინტერპრეტაციას დაეთანხმოს, მე მოვუწოდებ ღია ადმინისტრაციული წარმოებისკენ ამ საკითხზე, იმიტომ, რომ ეს არ არის უბრალო საკითხი, სადაც ერთი ადამიანის თავი, როგორც უნდა დისკრეციულად მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არის ძალიან სენსიტიური და ქვეყნის დემოკრატიისთვის გადამწყვეტი საკითხი, ზუსტად ამიტომ ვარ ყველაზე მეტად გაოგნებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და მოულოდნელი იყო ეს ჩვენთვის ძალიან. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მთავრობისთვის არ იყო, იმიტომ, რომ ბოლო სამი თვეა, ჩვენ გვესმის, რომ ზუსტად ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ეს აჩენს რა თქმა უნდა, შეკითხვებს, განსაკუთრებით ეროვნული მოსამართლის მიმართ, რომლის აცილებაც არ დააკმაყოფილა ამ სასამართლომ სრული დაუსაბუთებლობის გამო. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ არ იქნეს ჩადენილი დანაშაული, არ იქნეს გადაფორმებული ქიბარ ხალვაშზე კანონის დარღვევით და არასწორი ინტერპრეტაციით მხოლოდ ერთი ადამიანის, ჩვენ ამას ჩავთვლით დანაშაულებრივ ქმედებად და რუსთავი 2-ის მითვისებად. ჩვენ გვაქვს უფლება გასაჩივრების, გასაჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს საქმის სრულ დასმას და ამ უფლების რეალურად გაუქმება იუსტიციის მინისტრის მიერ, არის კანონდარღვევა და თანამდებობრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

    www.rustavi2.ge

  • "რუსთავი 2"-ის საქმე - თეა წულუკიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე განცხადებას აკეთებს

    „სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულებულია დავა,"-ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

    მისი თქმით "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების მხოლოდ ერთი ნაწილიარ ექვემდებარება გასაჩივრებას - შეჩერების ღონისძიების გაუქმება. 

    „სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულებულია დავა. 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ გადაწყვიტა შემდეგი: ერთხმად დაადგინამ რომ აღარ არსებობს  2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილება და ის არის მოხსნილი. დაუშვებლად სცნო სრულად "რუსთავი 2"-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა. დაუშვებლად სცნო როგორც დაუსაბუთებელი ძმები, ყარამანაშვილების და "TV საქართველოს" საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისადა "TV საქართველოს" სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება ნინო გვენეტაძეს. ამ საქმეზე არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

    www.rustavi2.ge

  • სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ
    2019 წლის 18 ივლისს გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე − „რუსთავი 2“ (პირველი მომჩივანი), მისი მესაკუთრეები -შპს „ტელეკომპანია საქართველო“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები (შესაბამისად, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები) საქართველოს წინააღმდეგ.
    ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ:
    1. ერთხმად გადაწყვიტა, რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი;
    2. დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა;
    3. დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით;
    4. 6 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლებთან თ. ურთმელიძესა და მ. თოდუასთან დაკავშირებით;
    5. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლე ნ. გვეეტაძესთან დაკავშირებით;
    6. ერთხმად დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები.
    7. ერთხმად დაადგინა, რომ არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში.
    გადაწყვეტილებას ერთვის მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების ნაწილში სამართლიანი სასამართლოს უფლების საკითხთან დაკავშირებით უმცირესობაში დარჩენილი 1 მოსამართლის ბ-ნი დე გაეტანოს ნაწილობრივ განსხვავებული აზრი.
    ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილულ იქნა მომჩივანი მხარის აცილების მოთხოვნა მოსამართლე ლადო ჭანტურიასადმი და ის უარყოფილ იქნა, როგორც „სრულიად დაუსაბუთებელი“.
     
    საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე:
     
    1. მოკლე ინფორმაცია საქმის შესახებ
    „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშმა, 2015 წლის 4 აგვისტოს საქართველოში სამოქალაქო დავა დაიწყო, სხვებს შორის, ზემოაღნიშნული მომჩივნების წინააღმდეგ. იგი აცხადებდა, რომ 2005-2006 წლებში, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების სათავეში იდგა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მაღალი თანამდებობის პირებმა იგი აიძულეს გაესხვისებინა თავისი წილები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, რადგან არ მოსწონდათ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა.
    2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერ მფლობელად ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია „პანორამა“ გამოაცხადა.
    1. შეჩერების ღონისძიება
    როგორც ცნობილია, 2017 წლის 3 მარტს, რუსთავი 2-ის ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება დაავალა და მიუთითა:
    „შეჩერდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება და საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს რაიმე ფორმით მომჩივანი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან“.
    მოცემული შეჩერების ზომა 2017 წლის 7 მარტს ევროპული სასამართლის მიერ გაგრძელებულ იქნა „მორიგ შეტყობინებამდე“. საქართველოს მთავრობის მიერ შეჩერების ეს ღონისძიება არ გასაჩივრებულა, რადგან ამგვარი გადაწყვეტილება, ევროპული სასამართლოს პროცედურული წესების თანახმად, გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
    1. მესამე მხარეები
    სტრასბურგის სასამართლოს წინაშე საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვეს საქართველოს სახალხო დამცველმა და შემდეგმა ორგანიზაციებმა: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,  ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი (თავისუფალი უნივერსიტეტი).
    ევროპული სასამართლოს მიერ მესამე მხარედ ჩართულნი იქნენ მხოლოდ სახალხო დამცველი და საია, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები წარადგინეს.
    1. მხარეთა არგუმენტები ევროპული სასამართლოს წინაშე
    სტრასბურგის სასამართლო საქმის არსებითად განხილვას 2017 წლის 28 ნოემბრიდან შეუდგა. მხარეთა მიერ პოზიციების წარდგენა 2018 წლის 15 სექტემბერს დასრულდა.
    უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ ქართულ სასამართლოებში წარმოებულ პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს სახელმწიფოს უჩიოდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-10 მუხლისა (გამოხატვის თავისუფლება) და დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) საფუძველზე, როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-18 მუხლთან ერთობლიობაში. კერძოდ, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ 2015 წლის 5 აგვისტოს უზრუნველყოფის ღონისძიების განგრძობადი გამოყენებით კომპანიის ქონების დაყადაღება წარმოადგენდა თვითნებურ გადაწყვეტილებას, რაც არაპროპორციულად ზღუდავდა მის საკუთრების უფლებას, უარყოფით გავლენას ახდენდა მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და წარმოადგენდა ტელეარხის გაჩუმების ფარულ მცდელობას. „რუსთავი 2“ ასევე ასაჩივრებდა, რომ ზოგიერთი გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუას ჩართულობა უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურებში უტოლდებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევას.
    ძირითად საქმესთან (საკუთრების დავა) დაკავშირებით, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები ჩიოდნენ, რომ პირველი ინსტანციის, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე ჩამოშორებული უნდა ყოფილიყვნენ საქმიდან, ვინაიდან არსებობდა გარემოებები, რაც ეჭვქვეშ აყენებდა მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი).
    ზემოაღნიშნული სამი მომჩივანი ასევე ამტკიცებდა, რომ უზენაესმა სასამართლომ მოულოდნელად შეცვალა დავის სამართლებრივი სტრუქტურა, რომელიც ვითარდებოდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში სამართალწარმოების დროს და არ მისცა მომჩივნებს საკმარისი შესაძლებლობა (ზეპირი განხილვა ან სხვა), გაებათილებინათ მეორე მხარის აშკარად დაუსაბუთებელი არგუმენტები.
    მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები, ასევე, ჩიოდნენ დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე (საკუთრების უფლება) და ამტკიცებდნენ, რომ სამოქალაქო დავის შედეგი იყო თვითნებური და არღვევდა მათ ქონებრივ უფლებებს.
    ევროპული კონვენციის მე-18 მუხლზე მითითებით, დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან ერთობლიობაში, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები შინაარსობრივად იმეორებდნენ პირველი მომჩივნის მოსაზრებას იმის თაობაზე, თითქოს საკუთრების დავასთან დაკავშირებით სასამართლო პროცედურები სახელმწიფოს მიერ გამოიყენებოდა იმ ფარული მიზნით, რომ მომხდარიყო „რუსთავი 2“-ის გაჩუმება.

    უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურასთან დაკავშირებით მთავრობამ 2018 წლის 28 მარტსა და 15 სექტემბერს ევროპული სასამართლის წინაშე წარადგინა შემდეგი არგუმენტები:
    • საჩივრის მთელი ის ნაწილი, რომელიც წარდგენილი იყო „რუსთავი 2“-ის მიერ, უნდა ყოფილიყო ცნობილი დაუშვებლად, რადგან კომპანიას არ ამოუწურავს უფლების დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებები და ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარდგენილ იქნა  ექვსთვიანი ვადის დარღვევით;
    • უზრუნველყოფის ღონისძიების განგრძობადი გამოყენება არ იყო თვითნებური. განჩინებები შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას, იყო დასაბუთებული, განხილვა მოხდა გაჭიანურების გარეშე და დაცული იყო შეჯიბრებითობის პრინციპი;
    • უზრუნველყოფის ღონისძიებას ვერ ექნებოდა და არც მოუხდენია უარყოფითი გავლენა „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე: არხი მუდამ ფუნქციონირებდა სრული თავისუფლების პირობებში;
    • უზრუნველყოფის ღონისძიება არ წარმოადგენდა მომჩივნის საკუთრების უფლებაში ჩარევას;
    • არ არსებობს მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ამ სამართალწარმოებასთან მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კავშირს. უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურას არ ჰქონია რაიმე არამართლზომიერი მიზანი;
    • არაფერი იწვევდა მართლზომიერ ეჭვებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის - ნინო გვენეტაძის, ან მოსამართლეების - თამაზ ურთემლიძისა და მზია თოდუას დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
    ძირითად სამართალწარმოებასთან (საკუთრების დავა) მიმართებით, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების საჩივრებთან დაკავშირებით მთავრობამ 2018 წლის 28 მარტსა და 15 სექტემბერს წარადგინა შემდეგი არგუმენტები:
    • მომჩივანთა განცხადებებით არ დგინდება დასახელებულ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრობლემა. მომჩივნები თავად იყენებდნენ აშკარად დაუსაბუთებელ ბრალდებებს არაერთი მოსამართლის წინააღმდეგ, რათა ჯერ შეელახათ მათი რეპუტაცია და შემდგომ, უკვე ამგვარად მომზადებული საფუძვლებით მათი აცილება მოეთხოვათ;
    • უზენაესი სასამართლოს სამართალწარმოება და განჩინებები შეესაბამებოდა მომჩივანთა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას. უზენაეს სასამართლოს ბოლო ეტაპზე არ წამოუჭრია რაიმე ახალი სამართლებრივი საკითხი და არ შეუცვლია დავის სტრუქტურა, ვინაიდან ქვედა ინსტანციის სასამართლოებში განხილულ იქნა იძულების საკითხი; უფრო მეტიც, პირველად შესაგებელში თავად მომჩივნები უთითებდნენ, რომ მოცემულ დავაში სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლი (იძულებით დადებული გარიგება) უნდა ყოფილიყო გამოყენებული. შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს ვერ უსაყვედურებდნენ, რომ მან ის მუხლი გამოიყენა, რომლის გამოყენებასაც თავდაპირველად თავად ითხოვდნენ. შესაბამისად, არც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ნიშნები იკვეთებოდა;
    • საკუთრების შესახებ დავის შედეგი არ წარმოადგენდა მომჩივანთა საკუთრების უფლების დარღვევას, ვინაიდან სადავო სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონის შესაბამისად და მხარეთა შორის თანაზომიერების პრინციპის სრული დაცვით;
    • და ბოლოს, არ არსებობდა არავითარი საფუძველი, რაც დაადასტურებდა, რომ სახელმწიფომ სამართალწარმოება გამოიყენა რუსთავი 2-ის გაჩუმებისათვის ან რომ ქართულ სასამართლოებს არასათანადო მიზნები ამოძრავებდათ.
    დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობის არგუმენტები სრულად გაიზიარა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური