“ჩინური ენის ხიდის” გამარჯვებული ცნობილია

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019 10:08

დღეს, 12 ივნისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სტუდენტური „ჩინური ენის ხიდის“ შესარჩევი კონკურსი გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობდა 6 სტუდენტი, რომლებიც პირველ ნაწილში საზოგადოების წინაშე ჩინურ ენაზე სიტყვით წარსდგნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოავლინეს ცოდნა ჩინეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ, მეორე ნაწილში კი წარადგინეს მხატვრული ნომრები.

“ჩინური ენის ხიდის” გამარჯვებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ლილიკო მოწონელიძე გახდა, ის გაემგზავრება ჩინეთში ფინალურ კონკურსზე და წარადგენს საქართველოს.

მეორე ადგილი თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, მარიამ ფაცურიამ დაიკავა, რომელიც გაემგზავრება გულშემატკივართა 2 კვირიან ბანაკში ჩინეთში და დაესწრება ფინალურ კონკურსს.

მესამე ადგილის მფლობელი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, შოთა გაფრინდაშვილი გახდა.

კონკურსის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის იეროგლიფების კონკურსისა და სასკოლო ოლიმპიადის „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. იეროგლიფების კონკურსის პირველი ადგილი თბილისი ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ანი მაჩაიძემ მოიპოვა.

კონკურსს ესწრებოდნენ ჩინეთის საელჩოს მრჩეველი წუო ხუნგპო და სხვა წარმომადგენლები.

შეგახსენებთ რომ “ჩინური ენის ხიდი” საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის ჩინური ენისა და კულტურის მცოდნე საუკეთესო სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. ფინალი იმართება ჩინეთში, სადაც საუკეთესო მონაწილეებიდან მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერისტეტის კონფუცის ინსტიტუტი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

 

 

წაკითხულია 823 ჯერ

Related items

  • 30 წლის წინ აშშ-მ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა

    საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის 25 დეკემბერს ამერიკელი ხალხისადმი სადღესასწაულო მიმართვისას ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება გამოაცხადა. ამის შესახებ აშშ-ს საელჩოს ადმინისტრაცია იუწყება.

    მათი ინფორმაციით, ამის შემდგომი 30 წლის განმავლობაში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ჩამოყალიბდა მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს თავისუფალი და მშვიდობიანი საქართველოსა და მთელი ევროპის სახელით.

    აშშ-ს საელჩო საქართველოში

  • აშშ-ის საელჩოს განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ

    ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში ამ დღეებში გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ. ჩვენ ასევე ვწუხვართ, რომ მოსამართლეების დანიშვნა მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე. მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა ნაჩქარევად წარმართა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გასული წლის განმავლობაში, არანაირი ქმედება არ განხორციელებულა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამდებობები თვეების განმავლობაში ვაკანტურია. ქართველ ხალხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მეშვეობით უნდა ჰქონდეს ხმა ამ გავლენიანი და მნიშვნელოვანი მოსამართლეების შერჩევისას, რომლებიც უვადოდ გამწესდებიან მოსამართლეებად უზენაეს სასამართლოში. დამოუკიდებელი ხმების გამოთიშვა ამ პროცესიდან კიდევ უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის გარეშე.

    უზენაესი სასამართლოს შემდგომი მოსამართლეების დანიშვნამდე, ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ პარლამენტს, პრიორიტეტი მიანიჭოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და 2022 წლის გაზაფხულამდე დაასრულოს რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვათა დახმარებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო განხორციელდა. საქართველოს უახლოესი პარტნიორები და მხარდამჭერები, ასევე, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ უნდა გაგრძელდეს სასამართლო რეფორმა. ახლა მიზანი უნდა იყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის შექმნა, რომლის მიმართაც ქართველ ხალხს ექნება სრული ნდობა და რომელიც უზრუნველყოფს სრულ მონაწილეობას მრავალი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლისა და იურისტისა, რომელიც პატიოსანი საქმიანობით ემსახურება კანონის უზენაესობის განმტკიცებას", - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

  • აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში საზეიმო მიღება გამართა, რომელიც მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოეწყო

    დღეს, აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში კოვიდრეგულაციების სრული დაცვით საზეიმო მიღება გამართა, რომელიც მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოეწყო.
    ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის „სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, ნავთობკომპანია "სოკარის" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მაირ მამედოვი დაესწრო. მიღებას ასევე ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები.
    მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის ელჩმა ფაიგ გულიევმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე კონტროლი დაიბრუნა და „სამხედრო-პოლიტიკურ კონფლიქტს, რომელიც თითქმის 30 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში სერიოზულ სამხედრო საფრთხეს ქმნიდა ბოლო მოუღო".
    აზერბაიჯანის ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს 44-დღიან ომში აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, როგორც განსაკუთრებულ მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს.
    მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამშვიდობო ინიციატივებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
    „აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის მომგებიანი პარტნიორობა ჩამოყალიბდა, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ურთიერთპატივისცემა და სოლიდარობა, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ ფორმატს, ჩვენს რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას უზრუნველყოფს", - ხაზი გაუსვა ფაიგ გულიევმა.
    ღონისძიების ოფიციალური განყოფილების დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი, სადაც ქართველმა და აზერბაიჯანელმა მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა.
    აზერბაიჯანის საელჩოში გამართული მიღება საზეიმო ფეირვერკით დასრულდა, რომელმაც მოწვეული სტუმრები აღფრთოვანებაში მოიყვანა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში

    ერიკა ოლსონი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის ახლადდანიშნული მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, გაემგზავრება სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ორმხრივი საკითხების განსახილველად. ერევანში ყოფნისას, 2-4 ნოემბერს სომხეთში აშშ-ის ელჩ ლინ ტრეისისთან, საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან, აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩ ლი ლიცენბერგერთან, კავკასიის მოლაპარაკებებში უფროს მრჩეველ ენდრიუ შოფერთან და USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ალექსანდერ სოკოლოვსკისთან ერთად თანაშემწის მოადგილე ოლსონი მონაწილეობას მიიღებს მისიის ხელმძღვანელთა რეგიონულ შეხვედრაში.

    ჩვენ მოხარული ვართ, რომ აღვადგინოთ ეს დიდი ხნის ტრადიცია და შევიკრიბოთ ჩვენს კოლეგებთან რეგიონიდან და ვაშინგტონიდან, რათა გავცვალოთ იდეები და ინფორმაცია, სამივე ქვეყნის მიმართ რეგიონში ჩვენი პოლიტიკის გასაუმჯობესებლად.

    მონაწილეები ჩაერთვებიან შიდა დისკუსიებში, ასევე საინფორმაციო შეხვედრებში სომხეთის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ბოლოს, აშშ-ის საელჩომ ბაქოში და აშშ-ის საელჩომ თბილისში უმასპინძლა მისიის ხელმძღვანელთა რეგიონულ შეხვედრებს 2019 და 2018 წლებში.

    აშშ-ის საელჩო საქართველოში 

  • აშშ-ის საელჩოს განცხადება საქართველოს მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით

    ხანგრძლივი და განხეთქილების გამომწვევი კამპანიის შემდეგ ქართველმა ხალხმა 30 ოქტომბერს ხმა მისცა მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში. ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ამომრჩევლებისა და საქმისადმი ერთგული საარჩევნო მუშაკების, საქართველოს პროფესიონალი ადგილობრივი საარჩევნო სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ, რომელთაც კოვიდ პანდემიისა და დაძაბული საარჩევნო გარემოს მიუხედავად [ამ პროცესში] მონაწილეობა მიიღეს.

    ჩვენ ვიზიარებთ ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა. ოდირმა ასევე გამოთქვა წუხილი იმ განგრძობად პრაქტიკასთან დაკავშირებით, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოქმედებდნენ, როგორც პარტიის მხარდამჭერები და დროდადრო ხელს უშლიდნენ პროცესს, ასევე ცალკეული ადამიანების ჯგუფები ზოგიერთი საარჩევნო უბნების გარეთ, სავარაუდოდ, ზეგავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე. მიუხედავად ოდირის დადგენილებისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტური პროფესიონალურად და გამჭვირვალედ წარმართა, კვლავ გამოითქვა შეშფოთება ქვედა დონის საარჩევნო კომისიების მიკერძოებასთან დაკავშირებით. აშშ-ის საელჩოს სადამკვირვებლო ჯგუფები შეესწრო მსგავსი მიკერძოებისა და ჩარევის ფაქტებს რამდენიმე უბანზე.

    როგორც ამ არჩევნებმა გვიჩვენა დემოკრატია მუდმივი ძალისხმევის პროცესია, რომელიც მოითხოვს ერთგულებას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიმართ და სიფხიზლეს მოქალაქეების დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ზოგიერთმა რეფორმამ, რომელიც ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესის შედეგად წლის დასაწყისში მიიღეს, როგორიც არის ავტომატური გადათვლის პროცესი და ელექტრონული ხმის მიცემა, მნიშვნელოვნად გაზარდა ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობა.

    სამწუხაროდ, ეს პოზიტიური ნაბიჯები შეასუსტა წინა საარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე. იმის ნაცვლად, რომ გარემო გაუმჯობესებულიყო იმ პრობლემების გადაჭრით, რომელიც საარჩევნო დამკვირვებლებმა არჩევნების პირველი ტურის დროს გამოავლინეს: დაშინება, შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, ხმების აშკარად მოსყიდვის შესახებ ცნობები და სხვა დარღვევები გაგრძელდა, პოლიტიზებული მედია კი კიდევ უფრო ამწვავებდა პოლარიზებულ გარემოს. 

    ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სარწმუნო ცნობები საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ, როგორც პირველი ასევე მეორე ტურის განმავლობაში. ეს ჯგუფები ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და თავდასხმები მედიისა და საარჩევნო დამკვირვებლების მიმართ უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული კანონის სრული სიმკაცრით. მათი ცნობები უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება შეუძლია. 

    ამჟამად საარჩევნო პროცესი გრძელდება სულ მცირე 140 უბანზე შემთხვევითი გადათვლებით და ასობით საჩივრის განხილვით. ეს ფაზა არის ტესტიცა და შესაძლებლობაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოებისთვის. ამ ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, თავიანთი მოვალეობა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეასრულონ. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად. საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით.

    თითოეული არჩევნები, ხარვეზიანიც კი, გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლისა და რეაგირების შესაძლებლობაა განმეორებად დარღვევებზე, რომელმაც დააზიანა ეს არჩევნები და თანდათანობით შეარყია ხალხის ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს ყველა იმ დანარჩენი რეფორმის მიღებისა და განხორციელებისკენ, რომელიც რეკომენდებულია ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ექსპერტების მიერ. აღნიშნული რეკომენდაციები პარლამენტის მოთხოვნის შედეგადაა წარმოდგენილი და წინა არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მომავალი არჩევნების გაუმჯობესებისკენ.

    ამერიკელი ხალხი მხარს უჭერდა და უჭერს ქართველი ხალხის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიონალი პლურალისტური მედიისა და ხალხის მიმართ გულისხმიერი მთავრობის ჩამოყალიბების ხანგრძლივ და გამოწვევებით აღსავსე პროცესში. ამ ბოლო არჩევნებმა და საქართველოს განხეთქილების გამომწვევმა ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა ცხადყო, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა სასწრაფოდ შესასრულებელი. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სთავაზობს მეგობრობასა და მხარდაჭერას როგორც გულწრფელი პარტნიორი, რადგანაც გვჯერა საქართველოსი, როგორც სტაბილური და წარმატებული დემოკრატიისა, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ჩვენ კვლავ ერთგული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ მიზნების მიღწევაში. 

    აშშ-ის საელჩო საქართველოში

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური