საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019 13:49

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ გაბალაში მიმდინარე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის გაიმართა. 

შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.  ლევან იზორიამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში როგორც ორმხრივ, ისე სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტიური დინამიკაა. 

ლევან იზორიამ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2019 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. 

ჰეიდარ ალიევის კონგრესის ცენტრში გამგზავრებამდე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა ჰეიდარ ალიევის პარკში ჰეიდარ ალიევის მონუმენტი გვირგვინით შეამკეს.

წაკითხულია 237 ჯერ

Related items

  • თურქეთში საქართველოს ელჩი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

    თურქეთის შავიზღვისპირეთში მივლინების ფარგლებში, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა უნიესა და ფაცას ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან.

    შეხვედრებზე საუბარი შეეხო დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს სახელწიფო პოლიტიკას. საქართველოს ელჩმა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წევრებს გააცნო დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია და ის ინიციატივები და სიახლეები, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ინერგება დიასპორასთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით.

    ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების წარმატებაში ქართული დიასპორის დიდ როლს და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა არის საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.
    ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საქართველოს ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების თაობაზე. ასევე აღინიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დიასპორასთან რეგულარულ კონტაქტებსა და შეხვედრებს.

    შეხვედრის დასასრულს, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს საელჩოს გამოჩენილი ყურადღებისთვის და გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.

  • "2022 წლისთვის საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა"

    რეგიონული განვითარების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოში სიღარიბის დაძლევა, აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ უფრო ამბიციური ამოცანები უნდა დავსახოთ ამ მიმართულებაში და დარწმუნებული ვარ, წლის მეორე ნახევარი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, 2019 წლისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 20 პროცენტით გაიზარდა, რაც 2019 ყველაზე დიდი მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

    „ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს და შესაბამისად, რეგიონული განვითარება არის ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. 6 თვის წინ, ჩვენ, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, წარმოგიდგინეთ ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც გვაქვს 2019 წლისთვის.  კარგად გვესმოდა, რომ ამ მიზნის მიღწევა დაკავშირებული იქნებოდა ბევრ გამოწვევასთან. გასული წლის ზაფხულში, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარმადგინეს, რამდენიმე მიმართულებას გავუსვით ხაზი, სადაც მნიშვნელოვან ცვლილებებს ვგეგმავდით. პირველი იყო რეგიონული მმართველობის სტრუქტურა, რომელშიც გვქონდა ხარვეზები. იყო პრობლემები, რომელიც აისახებოდა განხორციელებული და გამოყოფილი ინვესტიციების აუთვისებლობაში. ჩვენ ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ. შევცვალეთ რეგიონული მართვის სტრუქტურა, ბევრი პროცედურა და დღეს უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის ინფრასტრუქტურაში 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიცია განახორციელა.

    „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20 პროცენტით მეტი ბიუჯეტი მივეცით და 6 თვის მონაცემებით, ის 100 პროცენტით ასრულებს ამ დავალებას. რეგიონული განვითარება ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიმართულებაა. ჩვენთვის აუცილებელია, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ამის გაკეთება კი შესაძლებელია მხოლოდ რეგიონების თანაბარი განვითარებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს და მის გუნდს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

    „ეროვნული მნიშვნელობის პროექტების გარდა რეგიონებში ჯერ კიდევ განსახორციელებელია ისეთი ტიპის პროექტები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ეს არის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ინფრასტრუქტურული პროგრამები, რომელიც უკავშირდება წყლის მიწოდების სისტემებს, სპორტული და განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. 2022 წლის ჩათვლით, საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და როგორც შედეგი, ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის წარადგინა მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა.

    ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

  • „ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველი ხდება“

    იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნეაპოლში, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში შეხვედრები გამართა. ქართულ დელეგაციას ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაურმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა ჯეიმს ფოგომ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს პარტნიორობის სტრატეგიული ასპექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებსა და საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებზე გამახვილდა.

    „განვიხილეთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში ნატოსთან ერთად შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. ჩვენ ვიწყებთ ამ ურთიერთობების უფრო მეტად გაძლიერებას, რაც ასახული იქნება ერთობლივ სწავლებებსა და უფრო მეტ სამხედრო ხომალდების ვიზიტებში, რაც უზრუნველყოფს ჩვენი რეგიონის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და იმ სტრატეგიული ამოცანის შესრულებას, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის უზრუნველყოფა და მასში სრულფასოვანი გაწევრიანება ჰქვია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში ვიზიტი თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს მიერ ერთობლივად შემუშავებული მნიშვნელოვანი თანამშრომლობის შემადგენელი ნაწილია. ადმირალი ფოგო საქართველოში ნატო-საქართველოს სწავლებაზე იმყოფებოდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი კი, ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში ვიზიტამდე შეხვედრებს ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობაში მართავდა. აღნიშნულ დისკუსიებს და შეხვედრებს მეთოდური და მიზანმიმართული ხასიათი აქვს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება. სტრატეგიული  მზადყოფნისა და ტოტალური თავდაცვის ამოცანების განხორციელებიდან გამომდინარე, ქართული მხარე ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში უწყებათაშორისი შერეული დელეგაციით იყო წარმოდგენილი: შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსი თემურ კვანტალიანი და მისი მოადგილე რამაზ პაპიძე. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა.

  • 2022 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე - „ევროპალია“ საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება

    შეთანხმებას ბრიუსელში, ეგმონტის სასახლეში ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და "ევროპალიას" თავმჯდომარემ ქაუნთ ჟორჟ ჟაკობ დე ჰახენმა.

    "ევროპალია საქართველოს" ფესტივალის ფარგლებში, ბელგიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში გაიმართება გამოფენები, კონცერტები, წარმოდგენები, ლიტერატურული ღონისძიებები, კონფერენციები და კინოჩვენებები, სადაც სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი აქტივობის სახით, საქართველოს ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნება სრული მრავალფეროვნებით იქნება წარმოდგენილი.

    „ევროპალია“ 1969 წლიდან ბელგიის სამეფოში ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მაღალი დონის შემოქმედებითი და კულტურული ღონისძიებებით გამოირჩევა. ფესტივალების ციკლი 1,5 მილიონამდე დამთვალიერებელს იზიდავს.

  • ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად 20-22  ივნისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

    ირაკლი კობახიძე შეხვედრებს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, ოგტაი ასადოვთან, ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერმინისტრ ნოვრუზ მამადოვთანგამართავს.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალური ასამბლეის 53-ე პლენარულ სესიას დაესწრება.

    პლენარული სესიის მუშაობაში, ასევე, მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, რომელსაც ოთარ დანელია ხელმძღვანელობს.

    ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავს და „მარადიული ცეცხლის“ კომპლექსს გვირგვინით შეამკობს.

    დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: ზვიად ძიძიგური, მახირ დარზიევი, რუსლან გაჯიევი, სავალან მირზოევი, აზერ სულეიმანოვი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური