საქართველოს პრეზიდენტმა ნორვეგიის პრემიერთან ურთიერთობების გააქტიურების საკითხი დააყენა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 11 ივნისი 2019 11:20

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნორვეგიასთან ურთიერთობების გააქტიურების საკითხი დააყენა ნორვეგიის პრემიერთან ერნა სოლბერგთან შეხვედრაზე, რომელიც ჟენევაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართა. ნორვეგიის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ერნა სოლბერგი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით და საქართველოს პრეზიდენტმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მას ბოლო პერიოდში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის, რუსიფიკაციისა და მასობრივი პასპორტიზაციის საკითხებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აფხაზეთში აფხაზური ენა საფრთხის ქვეშაა და მას დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და ნორვეგიის პრემიერმა საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს კანდიდატების მხარდჭერის საკითხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის პოსტზე და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის პოსტზე. ასევე აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიის თვალსაზრისით ნორვეგიის გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარება, როგორც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ასევე შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვისა და შავ ზღვაში თევზის რეწვის სფეროს რეგულირებაში. საუბარი შეეხო პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ნორვეგიის გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებასაც.
,,ყოველთვის სასიამოვნოა ახალ ქალ ლიდერებთან შევხედრა, რომლებიც საკმაოდ ცოტანი ვართ.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას"- აღნიშნა ერნა სოლბერგმა. 
ნორვეგიის პრემიერმა მნიშვნელოვანი უწოდა თბილისში ნორვეგიის ხსნის საელჩოს გახსნისბგადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს გაზრდის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.
,,ჩვენ მოუთმენლად ველით ამას", - აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა. 
მისი თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის  პროფესიული განათლების მიმართულებით. 
,,ვისაუბრეთ პროფესიულ მომზადება-გადამზადებაზე. ამ სფეროში ვფიქრობ, რომ შეგვიძლია უფრო მეტად ვიმუშაოთ ერთობლივად"- განაცხადა ერნა სოლბერგმა.

წაკითხულია 308 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან. 

    სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.  განსაკუთრებული  ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ გარემოზე.

    საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირის უმაღლეს  წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებების შესახებ, მათ შორის გორის რ-ნის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე.
     
    სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობა.
     
    საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში გახშირებული ინციდენტების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა აღნიშნული საკითხების განხილვის აუცილებლობას, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ფარგლებში. ამ კონტექსტში აღინიშნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის მნიშვნელობა.
     
    საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს წარმომადგენელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისთვის, რომელიც ადგილზე არსებული საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი მექანიზმია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვითარების დეესკალაციისა და უსაფრთხოების შემდგომი უზრუნველყოფისთვის.
     
    უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

  • მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019 დაიწყო

    „მრავალეროვნული სწავლება სრულიად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. Agile Spirit 2019 წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სწავლებას, რომელიც საქართველოში ტარდება. აღნიშნული სწავლება არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ნატოში მიმავალ გზაზე,“ – ამ სიტყვებით გახსნა სენაკში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019”.

    II ქვეითი ბრიგადის ბაზის სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის არმიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რანდელ სიმონსმა. „საქართველო აშშ-ის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და იმ ალიანსში შემავალი წევრია, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იბრძვის. Agile Spirit 2019 უფრო მეტია, ვიდრე აშშ-სა და საქართველოს ხელმძღვანელობით გამართული სწავლება. მასში 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ამ საერთაშორისო წვრთნაში მონაწილეობა კი, იმის ნათელი დასტურია, რომ მხარს უჭერ რეგიონისა და მსოფლიოს მშვიდობასა და სტაბილურობას,“ - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

    მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019” 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში მეცხრედ ტარდება. სწავლება სამ ლოკაციაზე - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე იმართება. წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

    სამხედრო წვრთნების სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში.

  • ევროკავშირის პრესმდივანი: „რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე“

    „რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლებელია უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე“, აღნიშნა ევროკავშირის პრესმდივანმა 3 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის გადაწყვეტილება 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით გაუმართლებელი და არაპროპორციულია“.
    პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ 27 ივნისიდან აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ორ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვები ძალზე უარყოფითად მოქმედებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე და დამატებით სირთულეებს უქმნის მას.
    დასკვნის სახით ევროკავშირის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მზაობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ „ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის“.

  • ლელა ჩიქოვანმა ნატოში ლატვიის თავდაცვის წარმომადგენელს მადლობის სერტიფიკატი გადასცა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატოსა და ევროკავშირში ლატვიის რესპუბლიკის  თავდაცვის წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ლელა ჩიქოვანმა აირის რიკვეილისს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP)  განხორციელების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ ლატვიელ სტუმარს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მადლობის სერტიფიკატი გადასცა.

    შეხვედრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

  • „ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველი ხდება“

    იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნეაპოლში, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში შეხვედრები გამართა. ქართულ დელეგაციას ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაურმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა ჯეიმს ფოგომ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს პარტნიორობის სტრატეგიული ასპექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებსა და საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებზე გამახვილდა.

    „განვიხილეთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში ნატოსთან ერთად შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. ჩვენ ვიწყებთ ამ ურთიერთობების უფრო მეტად გაძლიერებას, რაც ასახული იქნება ერთობლივ სწავლებებსა და უფრო მეტ სამხედრო ხომალდების ვიზიტებში, რაც უზრუნველყოფს ჩვენი რეგიონის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და იმ სტრატეგიული ამოცანის შესრულებას, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის უზრუნველყოფა და მასში სრულფასოვანი გაწევრიანება ჰქვია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში ვიზიტი თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს მიერ ერთობლივად შემუშავებული მნიშვნელოვანი თანამშრომლობის შემადგენელი ნაწილია. ადმირალი ფოგო საქართველოში ნატო-საქართველოს სწავლებაზე იმყოფებოდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი კი, ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში ვიზიტამდე შეხვედრებს ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობაში მართავდა. აღნიშნულ დისკუსიებს და შეხვედრებს მეთოდური და მიზანმიმართული ხასიათი აქვს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება. სტრატეგიული  მზადყოფნისა და ტოტალური თავდაცვის ამოცანების განხორციელებიდან გამომდინარე, ქართული მხარე ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში უწყებათაშორისი შერეული დელეგაციით იყო წარმოდგენილი: შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსი თემურ კვანტალიანი და მისი მოადგილე რამაზ პაპიძე. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური