სტუდენტური „ჩინური ენის ხიდის“ საერთაშორისო კონკურსი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 07 ივნისი 2019 13:37

12 ივნისს, 16 სთ-ზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი უმასპინძლებს სტუდენტური „ჩინური ენის ხიდის“ საერთაშორისო კონკურსის შესარჩევ ეტაპს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერისტეტის კონფუცის ინსტიტუტი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ჩინური ენითა და კულტურით დაინტერესებული სტუდენტები ჩინურ ენაზე გამოვლენ სიტყვით, წარადგენენ მხატვრულ ნომრებს და კითხვა-პასუხის რეჟიმში სტუმრებს გაუზიარებენ თავინთ ცოდნას ჩინეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ. მათ შორის ერთი საუკეთესო გაემგზავრება ჩინეთში „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსის ფინალურ ეტაპზე და საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება, გაემგზავროს ორკვირიან საზაფხულო სკოლაში.

კონკურსის ფარგლებში ასევე გაიმართება თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის იეროგლიფების კონკურსისა და სასკოლო ოლიმპიადის „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ დაჯილდოების ცერემონია, ასევე ისიამოვნებთ საინტერესო კულტურული ნომერებით.
გულითადად გელით ყველას, დასწრება თავისუფალია!

წაკითხულია 145 ჯერ

Related items

  • კონფუცის ინსტიტუტის სიტყვით გამოსვლის კონკურსი

    თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით კამპუსში გაიმართა ჩინურ ენაზე სიტყვით გამოსვლის კონკურსი თემაზე "მე და ჩინეთი". საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ჩინური ენით დაინტერესებულმა 15-მდე სტუდენტმა ჟიურისა და მაყურებელს გაუზიარა თავისი დამოკიდებულება ჩინეთისადმი. ძლიერი კონკურენციის პირობებში გამარჯვება მოიპოვა თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეორე კურსის სტუდენტმა რატი მდივანმა. მონაწილეები და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ორენოვანი სერტიფიკატებითა და პრიზებით. თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი ჩინეთითა და ჩინური ენით დაინტერესებულ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ხშირად აძლევს სხვადასხვა სახის კონკურსში მონაწილეობისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობას. მომავალშიც იგეგმება არაერთი საინტერესო ღონისძიების ჩატარება.

  • სტუდენტური კონკურსი “ჩემი რუსთაველი” - დაჯილდოების ცერემონია

    პარასკევს, 24 ივნისს, 16:00 საათზე, რუსთაველის თეატრში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სტუდენტური ნაშრომების ეროვნული კონკურსის „ჩემი რუსთაველი“ ერთობლივ დაჯილდოების ცერემონიას გამართავს.
    2016 წელს საქართველო, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, აღნიშნავს შოთა რუსთაველის 850-ე წლისთავს. სტუნდენტური ნაშრომების კონკურსის მიზანია კიდევ ერთხელ გააცოცხლოს რუსთაველის ჰუმანური, პროგრესული და თანამედროვე იდეები.

    კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს პრიზებს გადასცემენ გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში - ნილს სკოტი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - ლია გიგაური და საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი - ჰელენა სანჩო.

  • სტუდენტური კონკურსი “ჩემი რუსთაველი”

    ოთხშაბათს, 9 მარტს, 18:00 საათზე, რუსთაველის თეატრში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და  ძეგლთა დაცვის სამინისტრო ერთობლივად წარადგენენ სტუდენტური ნაშრომების ეროვნულ კონკურსსა და გენდერული თანასწორობის კამპანიას „ჩემი რუსთაველი“.
    პრეზენტაცის გახსნიან გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში - ნილს სკოტი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - თამარ სანიკიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე, და საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი - ჰელენა სანჩო.
    პრეზენტაციის მსვლელობისას გაიმართება მცირე თეატრალური წარმოდგენა. რუსთაველის თეატრის მსახიობები - ქეთი ხიტირი და ნიკა ქაცარიძე წაიკითხვენ ნაწყვეტებს „ვეფხისტყაოსნიდან“. ხოლო გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“ წარმომადგენელი - ქეთევან მახარაშვილი ისაუბრებს კონკურსის პირობებზე და გენდერული თანასწორობის გრძელვადიან კამპანიაზე, რომელიც 2016 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
    პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
    ღონისძიება ჩატარდება გენდერული თანასწორობის წლევანდელი კვირეულის ფარგლებში, რომელიც ტრადიციულად მარტის პირველ დღეებში იმართება.

  • თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბერს გაიხსნება

     30 ნოემბერს 19:30 საათზე კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი ლევან თუთბერიძის “მოირას” პრემიერით გაიხსნება. ფილმი ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებ ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. ციხიდან გამოსული მამუკა ცდილობს ოჯახის სიღარიბისგან დაიხსნას. მისი დედა საზღვარგარეთ მუშაობს. მამა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. უმუშევარ ძმას კი კრიმინალებთან აქვს კავშირები. მამუკა ნასესხები ფულით ყიდულობს პატარა სათევზაო გემს. თუმცა ბედი შეუბრალებელი აღმოჩნდება.
    ფესტივალის გახსნას, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია,პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და თბილისში კინოფესტივალზე მოწვეული უცხოელი კინემატოგრაფები დაესწრებიან.
    თბილისის მ-16 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარებას ეძღვნება. “ქალთახედვა “ სექციის ფარგლებში მოეწყობა ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება.  ქალი რეჟისორების ნამუშევრები ფესტივალის წლევანდელი გამოშვების სხვა სექციების ფოკუსშიც იქნება. ფესტივალის წლევანდელი რჩეული ფერიც იასამნისფერია, რაც ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო კამპანიის სიმბოლოა.კინოჩვენებების გარდა, მოეწყობა დისკუსიები ადგილობრივი და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან მოწვეული მომხსენებლების მონაწილეობით ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და ქალის, როგორც საზოგადოებრივად აქტიური ფიგურის საკითხის გარშემო.
    თბილისის კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობს ევროპელი კინორეჟისორების 9  სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ან მეორე მხატვრული ფილმი. ტრადიციულად საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისურა  ვერცხლის პრომეთეებით დაჯილდოვდებიან.
    საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს. ჟიურის თავმჯდომარე ბრიტანელი რეჟისორი მარტა ფაენსია. მხატვრული ფილმის “ონეგინის” რეჟისორი, რომელშიც მთავარ როლებს ლივ ტაილერი და რეჟისორის ძმა რალფ ფაინსი ასრულებენ.
    წელს მესამედ გაიმართება ეროვნულ კონკურსი, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება, და მასში წინა წლებისგან გნსხვავებით სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები მიიღებენ მონაწილეობს. შესაბამისად  გამარჯვებულები 3 ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ჟიურის წევრები: კინომცოდნე და კრიტიკოსი ულრიხ გრეგორი, კინომცოდნე ერიკა გრეგორი და კინოკრიტიკოსი ხოსეინ ეიდიზადე.
    თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალს 5 დეკემბერს დიტო ცინცაძის ფილმი “ბედნიერების ღმერთი” დახურავს.  ფესტივალის მხარდამჭერები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.ფესტივალის გენერალური სპონსორი - აჭარანეტი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური