გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019 10:28

2019 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 73-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად - საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

აღსანიშნავია, რომ წელს გაეროს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 44 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკვე 44 მეტი ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას. თანასპონსორობით აღნიშნული რეზოლუცია ერთგვარად  უფრო წონადი გახდა, რადგან იგი უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ 44 ქვეყნის სახელითაა, და მას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

რეზოლუციის წარდგენისას, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბატონმა კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ რეზოლუცია ეფუძნება იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს. ბატონმა იმნაძემ,   ხაზგასმით განაცხადა, რომ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკიდურესად შემაშფოთები რჩება. მოსახლეობას უწევს გატაცების, უკანონო დაპატიმრების, საკუთრების ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და ასევე, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მოთმენა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის უახლესი ანგარიშის ნახვა დიდ გულისტკივილს იწვევს, სადაც აღწერილია ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების „ტრაგიკული დაღუპვა“ საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებისას. ასეთი შემთხვევები ხშირია: ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია.

სხდომაზე აგრეთვე გაკეთდა შემდეგი მხარდამჭერი განცხადებები: სუამ-ის ქვეყნების სახელით ისაუბრა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა; ჩრდილო ევროპული და ბალტიის ქვეყნების სახელით განცხადება გააკეთა ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა, რომელსაც მიუერთდნენ ბულგარეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ნიდერლნდები, პოლონეთი და სლოვენია. მხარდამჭერი ეროვნული განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მუდმივმა წარმომადგემლებმა.

მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში.

საქართველოს დიპლომატიური სამსახური მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რადგან აღნიშნული საკითხი, მის საბოლოო გადაჭრამდე, რომელიც გულისხმობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრულ დეოკუპაციას და აღნიშნული რეგიონებიდან იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანდგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს.

წაკითხულია 221 ჯერ

Related items

  • არჩილ თალაკვაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

    პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა. 

    არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონს იმ დახმარებისთვის, რომელსაც UNDP საქართველოს პარლამენტს უწევს, მათ შორის ინსტიტუციური რეფორმის კუთხით. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ UNDP-მ, ასევე დიდი წვლილი შეიტანა პარლმენტის კვლევითი ცენტრის დაარსებაში.

    მხარეებმა ისაუბრეს ახალ პროექტზეც, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება და UNDP კვლავ გააგრძელებს საპარლამენტო რეფორმების მხარდაჭერას.

    პარლამენტის თავმჯდომარე სტუმარს სასამართლო რეფორმის მიმდინარეობაზე, ასევე საარჩევნო რეფორმაზე და იმ კანონმდებლობაზე ესაუბრა, რომელსაც პარლამენტის მიიღებს.

    შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო დეცენტრალიზაციის სტრატეგია და ამ სტრატეგიის მიღების აუცილებლობის საკითხი.

     

     

  • ევროკავშირის პრესმდივანი: „რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე“

    „რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლებელია უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე“, აღნიშნა ევროკავშირის პრესმდივანმა 3 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის გადაწყვეტილება 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით გაუმართლებელი და არაპროპორციულია“.
    პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ 27 ივნისიდან აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ორ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვები ძალზე უარყოფითად მოქმედებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე და დამატებით სირთულეებს უქმნის მას.
    დასკვნის სახით ევროკავშირის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მზაობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ „ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის“.

  • პრეზიდენტი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-სთანაკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
    საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-სთან ფინეთის, ეკვადორის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნძულების, ესვატინისსამეფოს და მიკრონეზიის ფედერალური შტატების მუდმივ წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკებების თაობაზე და გაერო-ში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს“ უკავშირდება.

    ელჩები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესით დაინტერესდნენ და შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს.

  • სამოქალაქო საზოგადოების 100-მდე ჯგუფი შეიკრიბა სოციალური არეულობების საპროტესტო დემონსტრაციაზე სეულში

    გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტთან დაკავშირებული, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსის მქონე სამხრეთ კორეის საერთაშორისო სამშვიდობო არასამთავრობო ორგანიზაცია HWPL-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ გაავრცელა პრეს-რელიზი, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ. "25 წლის გოგონა, სახელად გუ ძი-ინი მისი მშობლებისა და საეკლესიო ხელმძღვანელების მიერ ორგანიზებული სარწმუნოებაზე იძულებითი მოქცევის შედეგად გარდაიცვალა. განსვენებული გუ ძი-ინი - მისი ძვირფასი, ნათელი სული ძალიან ნაადრევად წავიდა ჩვენგან. რა აუნაზღაურებს ამ დანაკლისს მის ოჯახსა და მეგობრებს? ეს ინფორმაცია გავრცელდა გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში, New York Times-ის რეკლამაში. ამ დროისთვის ეს ამბავი მხოლოდ 51 ქვეყანაშია გავრცელებული.

    27 იანვარს, მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, 30 000 მოქალაქე და სამოქალაქო საზოგადოების 100-მდე ჯგუფი შეიკრიბა სოციალური არეულობების სერიების საპროტესტო დემონსტრაციაზე სეულში, კვანგვამუნის მოედანზე მდებარე კორეის ქრისტიანულ კომპლექსთან, სადაც იმართება ხოლმე სიმბოლური პოლიტიკური და სოციალური მოძრაობები, მათ შორის, ახლახან მომხდარი დემოკრატიული სანთლების რევოლუცია.

    სარწმუნოების თავისუფლება აბსოლუტური, ფუძემდებელი უფლებაა, რომელიც კორეის რესპუბლიკის კონსტიტუციით არის გამყარებული. გარდა ამისა, ადამიანის სიცოცხლის დაცვა და მისი პატივისცემა უდიდესი ფასეულობაა, რომელიც ასევე დაფიქსირებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში და მისი იგნორირება არ უნდა ხდებოდეს. საკუთარი რელიგიის უკანონო გზებით შეცვლის მცდელობა უკვე თავისთავად არაკონსტიტუციურია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი პატივისცემის პრინციპი არის არა მხოლოდ რელიგიის საფუძველი, არამედ სოციალური სტანდარტი და ადამიანის საბაზისო მახასიათებელი.

    მიუხედავად ამისა, კორეის ქრისტიანული საბჭო (CCK) სიმართლის დამალვას ცდილობს, არა მხოლოდ უგულებელყოფს კანონს და სხვა მხარეს იყურება, არამედ მხარს უჭერს თავისი პასტორების უკანონო საქმიანობას. როგორც „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იუწყებოდა, კორეის ქრისტიანული საბჭოს სარწმუნოებაზე იძულებითი მოქცევის მასწავლებელი პასტორები ცხვრის ქურქში გახვეული მგლები არიან, რომლებიც თავს არიდებენ სისხლის სამართლის სასჯელს, იყენებენ რა მსხვერპლის ოჯახის წევრებს და სარგებლობენ მათით, რათა ფული ამ გაუკუღმართებული ბიზნესით გამოიმუშავონ.

    კორეის ქრისტიანული საბჭო უნდა დაიშალოს, ვინაიდან მან კორეელი ხალხი, ასევე საერთაშორისო საზოგადოება ქაოსში გახვია. სარწმუნოებაზე იძულებით მოქცევაში მონაწილე პასტორებს კი შესაბამისი სასჯელი უნდა მიეზღათ თავიანთი ქმედებებისთვის.

    ჩვენ სიმართლისთვის ფარდის ახდაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა მკაფიო მსჯელობით, თანაც სხვებზე მეტად. თქვენი დახმარების იმედი მაქვს ადამიანის უფლებების დარღვევის ამ პრობლემის გავრცელების საქმეში, რათა მთელმა მსოფლიომ დაინახოს კორეის ქრისტიანული საბჭოს რეალური სახე და ყველამ რელიგიის თავისუფლების გაფართოებისკენ მოუწოდოს მას.

    ჩვენ სხვებზე აქტიურად უნდა მივიღოთ მონაწილეობა სიმართლის გამჟღავნებაში. გთხოვთ, იხილეთ თანდართული პრესრელიზი და ფოტოები. კითხვების გაჩენის შემთხვევაში, დამიკავშირდით ნებისმიერ დროს", - ნათქვამია პრეს-რელიზში.

    ხისუ კიმი, გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტთან დაკავშირებული, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსის მქონე საერთაშორისო სამშვიდობო არასამთავრობო ორგანიზაცია HWPL-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან.

  • საქართველოს პრეზიდენტი გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში პირველად, კანტის აკადემიის ორგანიზებით იმართება. კონფერენციის 200-მდე დელეგატს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა. 
    პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებული მდებარეობისა და ისტორიის მქონე სახელმწიფოა, რომელიც ნათელი მაგალითი გახდა იმის, თუ როგორ შეუძლია მცირე ზომის ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საერთაშორისო ურთიერთობებში, საერთაშორისო ვაჭრობაში, საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებაში და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის საქმეში. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ასევე აჩვენა მტკიცე ძალისხმევა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების კუთხით და ქვეყნის პოზიციებს ცივილიზებული სამყარო სრულად იზიარებს. 
    საერათშორისო კონფერენციის მონაწილეების კითხვები რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციას, საგარეო პოლიტიკას, რუსეთთან ურთიერთობებს, საქართველოში გატარებულ საკონსტიტუციო რეფორმას, პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, ქვეყნის დემოკრატიულ გამოწვევებსა და ეკონომიკურ განვითარებას ეხებოდა. მონაწილეებს პრეზიდენტმა ასევე გაუზიარა საკუთარი ხედვა, თუ რა შეიძლება გააკეთოს ახალმა პრეზიდენტმა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური