საქართველოში ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 28 მაისი 2019 10:40

საქართველოში ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება, - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს კომპანია „აი გრუპისა" და ჩინური კომპანია „ჩანგანის" წარმომადგენლებს შეხვდა.

პროექტის თანახმად, კომპანია „აი გრუპი" ქუთაისში 100 ჰექტარ ტერიტორიაზე 24 თვეში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება, საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვეში კი არანაკლებ 5 000 ელექტრომობილისა დამზადდება. 

პრემიერ-მინისტრისა და კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრისას მნიშვნელოვნად შეფასდა ის ფაქტი, რომ საწარმო მთავრობის ხელშეწყობით აშენდება და იქნება რეგიონში პირველი ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით.

მთავრობის მეთაურმა საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთის განსაკუთრებულ  ურთიერთობებს და განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობის ნაწილი იყოს ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა „ჩანგანი". როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც  ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. გარდა ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი პირველი, ვინც მონაწილეობა მიიღო „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივაში.

პრემიერ-მინისტრის, „აი გრუპისა" და „ჩანგანის" წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმები გაფორმდა. დოკუმენტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი დუგლაძემ, ქართულმა კომპანია „აი გრუპისა" და ჩინური კომპანია „ჩანგანის" წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.

რეგიონში პირველი ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. სამშენებლო სამუშოები ქუთაისში უახლოეს თვეებში დაიწყება.

წაკითხულია 182 ჯერ

Related items

  • პრემიერ-მინისტრის განცხადება

    ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა რუსთავი 2-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.

    დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად.

    ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან, აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

  • ამერიკის დამოუკიდებლობის დღე

    ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები დღეს ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე განსაკუთრებულია ყველა ერისთვის, ვისთვისაც თავისუფლება, დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა მთავარია. 

    "ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ქართველი ერისთვის თავისუფლება ყოველთვის იყო მთავარი ფასეულობა, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები სწორედ ამ მთავარი და დღეს ჩვენი თავისუფლება გადის ძლიერი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაზე", - განაცხადამამუკა ბახტაძემ.

    პრემიერმა აშშ-ს მადლობა გადაუხადა საქართველოს გვერდით დგომისთვის ყველაზე რთულ წუთებში დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და აღნიშნა, რომ ქართველი ერი ამას არასოდეს დაივიწყებს. 

    "ჩვენი გმირი სამხედროები მხარდამხარ ებრძვიან ყველაზე დიდ მტერს 21-ე საუკუნეში - საერთაშორისო ტერორიზმს. ჩვენ წელს ვაშინგტონში აღვნიშნეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილე. ეს იყო ძალიან დიდი წარმატების 10 წელი - პერიოდი, როდესაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ხდებოდა უფრო და უფრო ნაყოფიერი და სტრატეგიული", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

    მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ერთობლივ დეკლარაციაზე, რომელიც მოიცავს იმ აქცენტებსა და პრიორიტეტებს, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება დაეფუძნება. 

    "დარწმუნებული ვარ, ეს პრიორიტეტები ჩვენს ურთიერთობას აიყვანს ხარისხობრივად კიდევ უფრო ახალ დონეზე და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებაა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა. ამასთანავე, ჩვენ ფოკუსირებული ვართ იმაზე, რომ განვითარდეს ორმხრივი ურთიერთობები როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკის დარგში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი ბოლო ვიზიტისას, ბიზნესწრეებთან შეხვედრებზე  კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რა მასშტაბის პოტენციალი აქვს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ მეტი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში და მეტი ამერიკული კომპანია, რომელიც გამოიყენებს საქართველოს, როგორც პლატფორმას, რათა აწარმოოს ბიზნესი ჩვენს რეგიონში",- აღნიშნა პრემიერმა. 

    მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი აშშ-ის მნიშვნელოვან  მხარდაჭერას განათლების სექტორში და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას მადლობა გადაუხადა. 

    მთავრობის მეთაურის შეფასებით, განათლება არის ეროვნული იდეა და ამ სფეროში  აშშ-თან წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 

    "ამასთან ერთად, ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ის ფასეულობები, რომელიც თავისუფლების მოყვარულ ერებს აერთიანებს, ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშეა. შესაბამისად, დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭიროა  კონსოლიდაცია და ერთობლივი ძალისხმევით პრინციპული და გაბედული ნაბიჯების გადადგმა და საქართველო ამისთვის მზადაა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიღებაზე სტუმრებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა უმასპინძლა. აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. 

    ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადება

    ის რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში ხდებოდა, რასაკვირველია, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს და ეს პროცესი ორ ნაწილადაა დაყოფილი.

    ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომების შედეგად, რაც სამართლიანად გახდა ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი პროტესტის მიზეზი, ჩვენმა გუნდმა დღის პირველ ნახევარში პრაქტიკულად სრულად აღკვეთა. შეწყდა ფორუმი, რუსეთის დელეგაციამ დატოვა თბილისი, ჩვენი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს შესაბამისი უმკაცრესი განცხადებები და აღუთქვეს მოსახლეობას, რომ დეტალურად შეისწავლიდნენ ყველაფერს და სათანადო პასუხს მოსთხოვდნენ გუნდის წევრებს.

    იმავდროულად, 19:00 საათის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე ხალხის მიერ გამოხატული გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს.

    რევანშისტული ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მათ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და მთელმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, როგორ იძალადეს ჩვენს პოლიციელებზე.
    შედეგად შეიქმნა ვითარება, რომელიც გასცდა დღის პირველ ნახევარში განვითარებული მოვლენებით გამოწვეულ სრულიად სამართლიან რეაქციას და მივიღეთ რევანშს მოწყურებული, დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების მიერ ორგანიზებული ძალადობა. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები.
    პარლამენტზე და პოლიციის ძალებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ისარგებლეს ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი ემოციით.

    ბოლო მომენტამდე პოლიცია არ გასცდენია პარლამენტის შენობის პერიმეტრს. პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, დაიცვა სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული.

    ახლა უმთავრესია ყველა დაშავებულის ჯანმრთელობა და ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი.

    ხვალ, რასაკვირველია, პროცესები გაგრძელდება - ჩვენ სიტყვას არ გადავალთ, არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა ეს კრიზისული ვითარება. მათ მოუწევთ პასუხის გაცემა გუნდის და საზოგადოების წინაშე. იმავდროულად, ჩვენ ყოველი მიზეზის გარეშე უზრუნველვყოფთ, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერებს, ვინც ხელყო კანონი და კონსტიტუცია.

    ჩვენი ამოცანაა სიტუაციის დეესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი სრულად ინფორმირებულია, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები დღეს.
    ვპირდებით საზოგადოებას, რომ ამ პირებს სრულად მოუწევთ პასუხისმგებლობის გაზიარება მათ მიერ ორგანიზებულ მასობრივ არეულობასა და დესტაბილიზაციის მცდელობაზე.

    გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ სიმშვიდისკენ. ხელისუფლება დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს.

    პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

  • მამუკა ბახტაძე - დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ

    დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდ USS Ross-ზე სტუმრობისას განაცხადა, რომელიც ბათუმის ნავსადგურში იმყოფება. 
    მთავრობის მეთაურს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა და საზღვაო ხომალდის მეთაურმა, კაპიტანმა დევიდ კოულსმა უმასპინძლეს. პრემიერმა ხომალდი დაათვალიერა და მისი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიიღო. 

    მამუკა ბახტაძის განცხადებით, USS Ross-ის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოსადმი, რასაც ქართველი ხალხი აფასებს. 
    "საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ-ი ყოველთვის იდგა ჩვენს გვერდით ყველაზე მძიმე წუთებში და ქართველი ხალხი ამას არასოდეს დაივიწყებს. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება. ჩვენი გზავნილი ჩვენი მეგობრებისთვის ყოველთვის იყო ძალიან მკაფიო - შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე ტრანსატლანტიკური სახელმწიფოების მდგრადი უსაფრთხოება წარმოუდგენელია. თქვენი სტუმრობა არის კიდევ ერთი ძლიერი და მეგობრული გზავნილი და ამ მხარდაჭერისთვის მადლობას გიხდით", - მიმართა პრემიერმა საზღვაო ხომალდის მეთაურსა და ეკიპაჟის წევრებს. 

    ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Ross-ი ბათუმის ნავსადგურში 21 აპრილს შემოვიდა. 

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • პრემიერ-მინისტრი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუს შეხვდა.

    საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, მიმდინარე რეფორმებსა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.

    ხაზი გაესვა საქართველო-რუმინეთის მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და ეკონომიკური კავშირების მასთან შესაბამისობაში მოყვანის მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები.

    პრემიერ-მინისტრი მიესალმა რუმინეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის დღის წესრიგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობაზე.

    რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

    შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დეპუტატი ისკო დასენი დაესწრნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური