საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 24 მაისი 2019 10:29

საქართველოს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ეწვია.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ძი იენჩიმ.

„ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს. საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ურთიერთობები, განსაკუთრებით, ეკონომიკური კუთხით, დინამიურად ვითარდება და შესაბამისად, ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს“ - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, არჩილ კალანდიას თქმით, აღნიშნული ვიზიტი ადასტურებს ჩინეთის ხელისუფლების დიდ ინტერესს საქართველოსა და ზოგადად, რეგიონის მიმართ. „ჩინეთი საქართველოს ერთ--ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. გაფორმებული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ორ ქვეყანას შორის არსებობს მყარი სახელშეკრულებო ბაზა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამომავლოდ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას“ - აღნიშნა არჩილ კალანდიამ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

წაკითხულია 283 ჯერ

Related items

  • ქართველი სინოლოგების კომენტარები კორონავირუსთან დაკავშირებით

    საქართველოში დაიწყო ჩინეთის მხარდამჭერი აქცია, რომლის ფარგლებშიც ქართველი სინოლოგები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ კორონავირუს COVID-19-ის ეპიდემიას ეხმაურებიან.

    ქვემოთ გთავაზობთ ქართველი სინოლოგის, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორის ელისო ელისაშვილის მოსაზრებას:

    მინდა გამოვეხმაურო ბოლო ხანებში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას - კორონა ვირუსის გავრცელებას და თანმდევ პროცესებს. პირველ რიგში კი მინდა თანაგრძნობა გამოვხატო უხანისა და სრულიად ჩინეთისადმი, იმის გამო რისი გადატანაც ახლა უწევთ. ამ ვირუსის გამოვლენაც ისეთივე შემთხვევითობაა, როგორც სხვადასხვა დროს ბევრი სხვა უბედურება, მათ შორის მწვავე დაავადებები, დასტყდომია მსოფლიოს. მთვარია ხალხმა სწორად გავიაზროთ რა რეაქცია შეიძლება გვქონდეს, რა როლი შეიძლება შევასრულოთ პრობლების გადაჭრის პროცესში, რა უნდა, ან რა არ უნდა გავაკეთოთ.
    მსოფლიოს უდიდესი ნაწილი დიდი ყურადღებით მოეკიდა საკითხს და აქტიურად ჩაერთო შველის პროცესში. ახლა რაც შეეხება უშუალოდ ჩინეთს: წარმოუდგენელია და ენითაუწერელია ის ერთსულოვნება, თავგამოდება, გმირობა და სიძლიერე, რაც ამ სახელმწიფომ და ხალხმა ამ დღეეში დაგვანახა. ჩინეთისთვის, როგორც ერთერთი ყველაზე მჭიდროდდასახლებული ქვეყნისთვის, ალბათ ასმაგად დიდი გამოწვევაა მსგავსი დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ამის მიუხედავად, შედეგი გასაოცარია. სულ მეფიქრება, თუ სამყაროს ეს ვირუსი უნდა მოვლენოდა, ალბათ ჩინეთში იმიტომ მოხდა, რომ ეს ქვეყანა მას ყველაზე დიდი შეგნებით და მზაობით დახვდებოდა და პირველ დარტყმას გმირულად მიიღებდა თავის თავზეთქო. წარმოდგენაც არ მინდა რა სავალალო შედეგი შეიძლება მოყოლოდა ამ ვირუსის გავრცელებას საქართველოში, სადაც არც ტექნოლოგიურად ვართ სათანადოდ მზად და მსგავს პრობლემებზე პირველი რეაქცია, როგორც წესი, პანიკა და ქაოსია, არ გვიყვარს წესების დაცვა, არ გვჯერა, რომ ნიღბის ტარებამ შეიძლება დაგვიცვას და ასე შემდეგ.
    ჩემი დასკვნები არ ეფუძნება მხოლოდ ჩინურ მედიას ან ჩემს პირად დამოკიდებულებას ჩინეთისა და ჩინელი ხალხის მიმართ: ვეცნობი უცხოური მედიის უამრავ სიახლეებს, ასევე ყოველდღიურად პირადი კომუნიკაცია მაქვს ჩინეთში მცხოვრებ ბევრ უბრალო ხალხთან, იქ მყოფ ქართველებთან, რომელთა შორის დიდი ნაწილი ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიით დაჯილდოებული ქართველი სტუდენტია. საოცარია ის, რომ მათგან არ მიგვრძნია იმ შიშისა და პანიკის ნახევარიც კი, რაც საქართველოში და ქართულ სოციალურ მედიაში გავრცელდა. შიშს კიდევ რა უშავს, აი ჩინელების და აღმოსავლეთაზიელების მიმართ გამოვლენილი დიდი აგრესია და ცინიზმი კი საერთოდ არ ჯდება საღი აზროვნების ფარგლებში. რას ვერჩით, რატომ ვერჩით, რა დაგვიშავა ამ ქვეყანამ და ხალხმა? პირიქით, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩინეთი საქართველოსთვის პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით სერიოზული სტრატეგიული პარტნიორია, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ახორციელებს სერიოზულ ინვესტიციებს, საქართველოსთან აამოქმედა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და კიდევ უამრავი დამსახურება აქვს, რომელთა ჩამოთვლამ შეიძლება შორს წაგვიყვანოს. ვფიქრობ, კორონა ვირუსზე უფრო საგანგაშო საქართველოსთვის არის ქსენოფობიისადმი დიდი მიდრეკილება და პირველ რიგში მას უნდა გამოვუცხადოთ ბრძოლა. ეს ის დაავადებაა, რომელიც საზიანოა პიროვნულ და სახელმწიფოებრივ დონეზე და ხელს შეუშლის ჩვენი ქვეყნის პროგრესსა და განვითარებას. საქართველოს ბევრი რამ შეუძლია ისწავლოს ჩინეთისგან და მასთან მეგობრობით, იმედი მაქვს ამ შანსს გამოიყენებს. ეს ის ქვეყანაა, რომელიც მყარად დგას თავის დიდებულ ისტორიულ წარსულზე და თანამედროვე განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია. მსოფლიომ ჯერ ის საოცრება ვერ ამოხსნა, ათასწლეულების წინ თუ როგორ ააგო ჩინეთმა მთის მწვერვალზე გიგანტური დამცავი ნაგებობა - ჩინეთის კედელი, რომ ახლა მეორე საოცრება მიიღო: 10 დღეში აშენებული და სრულად აღჭურვილი 1000 კაცზე გათვლილი ჰოსპიტალი. შექმნილი ვითარების მიუხედავად, ჩინეთი ყველა ღონეს მიმართავს რომ სწავლა-განათლება არ შეფერხდეს. მართალია სასწავლებლები დაკეტილია, მაგრამ უსწრაფესად აამუშავეს ონლაინ სასწავლო პლატფორმები და მოსწავლეებსა და სტუდენტებს დისტანციურად სახლის პირობებში შეუძლიათ გააგრძელონ მეცადიოება, ეს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უფრო მეტიც, ჩინეთს არც უცხოელ სტუდენტებზე ზრუნვა დავიწყებია: 6 თებერვლიდან ჩინური ენის დონის გამოცდის ოფიციალურმა საიტმა ხელმისაწვდომი გახადა დიდი რაოდენობით სავარჯიშო ტესტები, რეგისტრაციის გავლის შემდეგ ნებისიერ მსურველს შეუძლია გაიაროს შესაბამისი დონის ტესტირება, ნახოს შეფასება და ასევე შეცდომების ანალიზი, რაც მათ დაეხმარებათ ოფიციალური გამოცდისთვის მზადებაში. ასეთია ჩინეთი, მუდამ მზრუნველი, აქტიური და მომავლისკენ მიმართული, ქედს არ უხრის დროებით კრიზისებს. იმედი მაქვს საზოგადოება მაქსიმალურად გაამხნევებს და მორალურ მხარდაჭერას გამოუცხადებს ვირუსით დაზარალებულებს, ხოლო ჩინეთის მთავრობის და სამედიცინო პერსონალის გმირული ბრძოლა სულ მალე წარმატებით დასრულდება!

  • გაუგზავნე მხარდაჭერის წერილი ჩინელ ხალხს!

    დღეს, სრულიად ჩინეთი კორონავირუსს ებრძვის, ჩინელ ექიმებს, მედდებს, მუშებს და სხვებს უწევთ ურთულეს პირობებში მუშაობა, ისინი თავიანთ სიცოცხლეს სასწორზე დებენ, რათა სხვები გადაარჩინონ, ვირუსს შეებრძოლონ, საფრთხე ააცილონ ქვეყანას და მსოფლიოს.
    მოსახლეობის ნაწილი იმყოფება კარანტინში სახლებში გამოკეტილი, რომლებიც მოუთმენლად ელიან ცხოვრების ჩვეული რიტმის დადგომას.
    ბოლო პერიოდში ვირუსის გამო ჩინელი ხალხი გახდა ქსენოფობიისა და რასიზმის მსხვერპლი, მათ სჭირდებათ ჩვენი მხარში დგომა და გამხნევება.
    გაუგზავნე "ნიუსდეი საქართველოს" დახმარებით ჩინელ ხალხს შენი მხარდაჭერის წერილი. 

    წერილი შეგიძლიათ დაწეროთ ქართულ, ინგლისურ ან ჩინურ ენებზე.

  • გვინდა ჩინეთმა იცოდეს, რომ საქართველო თქვენ გვერდით დგას-დავით ზალკალიანი

    კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად გვინდა ჩინეთმა იცოდეს, რომ საქართველო თქვენ გვერდით დგას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

    „გვინდა იცოდეთ, რომ საქართველო თქვენთან ერთად დგას და გამოვთქვამთ მზაობას ერთად ვიმუშაოთ მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ახლა მხარდაჭერისა და სოლიდარობის დროა“,-წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

    შეგახსენებთ, ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 259 ადამიანამდე გაიზარდა.

  • ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან,  ლი იენთან.

    შეხვედრაზე ელჩმა მინისტრის მოადგილეს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე და ჩინეთის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან.

    ლი იენმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების გამო. აღინიშნა, რომ ასეთ მძიმე წუთებში მხარდაჭერის გამოხატვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

    ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველომ პარტნიორების დახმარებით, ჩინეთიდან რამდენიმე მოქალაქის ევაკუირება მოახდინა და მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს ამ პროცესში თანამშრომლობისთვის.
    ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისთვის, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი საკითხის არასწორი ინტერპრეტირება და თავიდან იქნას აცილებული ზედმეტი მღელვარება.
    მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი უმოკლეს ვადებში შეძლებს ვირუსის გავრცელების შეჩერებას და აღნიშნულ პროცესში ჩინეთის სამთავრობო წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

    შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხს.
     

  • ევროსაბჭოში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიხსნა

    ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter) გახსნა. 

    საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჰენრიკ დაემსი, ასევე საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია.

    დავით ზალკალიანმა მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საქართველოში ზამთრის ტურიზმის მზარდ პოტენციალზე.

    „ზამთარი საქართველოში ვიზიტორებს დასვენების მრავალ სპექტრს სთავაზობს, იქნება ეს ულამაზესი ლანდშაფტები, ველური ბუნება, მაღალი მთები, განვითარებული სათხილამურო ინფრასტრუქტურა, ქართული სტუმართმოყვარეობა თუ სხვა”,- განაცხადა მინისტრმა.

    გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ, ევროპის საბჭოს შენობაში რამდენიმე თვეს გასტანს.

    გარდა ამისა, დღეს გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

    როგორც ცნობილია  სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციაც მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას სწორედ ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

    შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და მოითხოვენ ევროპის ქვეყნების მთავრობებისაგან ინიციატივასა და გამოხმაურებას. ეს პარლამენტარები თავიანთი ამომრჩევლის - 800 მილიონი ევროპელის - სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ამრიგად ევროპული ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის სახით არიან წარმოდგენილები, ვალდებულნი არიან, გამოეხმაურონ ასამბლეას.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური