საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 23 მაისი 2019 10:18

23 მაისს, საქართველოს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, ეწვევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან.

ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით; ასევე, ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის განვითარებაზე „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ- მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

წაკითხულია 295 ჯერ

Related items

  • "საჭიროა დიალოგი საზოგადოებაში, დიალოგი პოლიტიკურ ძალებს შორის და დიალოგი კონფლიქტში მონაწილე ყველა შესაბამის მხარეს შორის"

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე ყოველწლიურ სესიაზე, რომელიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხზე მსჯელობს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევის გზებსა და საზოგადოების პოლარიზაციის დაძლევის მიმართულებებზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა. "ვთხოვ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას შემოგვიერთდეს ჩვენს მიმართვაში, რათა 1 თვის წინ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. რუსეთის ოკუპაციის დასაძლევად უნდა შევიმუშავოთ ეფექტური გზები”, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
     

    საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციის საბოლოო მიზანს მივაღწიოთ, ახლებური გზები უნდა გამოვნახოთ და ამისათვის ახალი ინსტრუმენტები გვჭირდება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავს აღნიშნავს, რომელიც თანამშრომლობის ძალიან წარმატებულ ფორმატს წარმოადგენს.

    "პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლონელ და შვედ პარტნიორებს ამ ინიციატივისათვის, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროკავშირთან. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ინსტიტუციურ სიახლოვეს, აქ საუბარია კულტურისა და საზოგადოების სიახლოვეზე. ამან განამტკიცა ჩვენი დემოკრატიული განვითარება. დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავიზო რეჟიმი, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება, საშუალება გვაქვს ევროკავშირთან ერთად მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები და უფრო დიდი საზოგადოებისა და დიდი ოჯახის წევრად ვგრძნობთ თავს. ჩვენ გვესმის, რომ გვაქვს ერთნაირი მისწრაფებები, საზიარო ღირებულებები და სოლიდარობა, ამასთან, ვგრძნობთ სრულ პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა, ვპასუხობთ უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით არსებულ სირთულეებს. მეტი დემოკრატიის, მეტი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის კონსოლიდაცია. უფრო საიმედო და ნათელი მომავალის მისაღწევად, ეს ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს და განმტკიცდეს, რათა გადავლახოთ უფრო პრობლემური ეტაპები, სხვადასხვა იურიდიულ, თუ ეკონომიკურ სფეროებში. 
     
    ჩვენ არ უნდა ვიცადოთ კიდევ შემდეგი ათი წელი. მე ასე არ ვფიქრობ, ასეთია ჩემი პირადი რწმენა და ინტუიცია. ევროკავშირში ინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად, კრეატიულად უნდა ვიაზროვნოთ, რაღაც ახლებური, არაორდინალური გზები გამოვნახოთ, ამისათვის ახალი ინსტრუმენტები და ახალი ტიპის ძალისხმევა გვჭირდება. სხვა ალტერნატივა საქართველოს, მის ხელისუფლებასა და მის მოქალაქეებს არ გააჩნიათ. ჩვენი მიზანი ახალი კონსტიტუციისთვის ახალი პირობების და ახალი ჩარჩოს შექმნაა. მე ამ დოკუმენტის - კონსტიტუციის გარანტორი და დამცველი ვარ. ჩვენი კონსტიტუცია ევროსკეპტიკური ტალღის მიმართ მდგრადია და იმედი მაქვს, მომავალშიც ასეთად დარჩება. საქართველო აღიარებს ევროკავშირთან საზიარო ღირებულებებს - კულტურულ ფასეულობებსა და მომავალის ხედვებს. რა თქმა უნდა, ევროკავშირთან დაკავშირებით არსებობს სირთულეები და გამოწვევები, რომლებიც შიდა და გარე ფაქტორებითაა განპირობებული. ევროკავშირსაც თავისი სირთულეები აქვს - შიდა და გარე კრიზისები. რაღა თქმა უნდა, ჩვენ ვიზიარებთ ამ სირთულეებს, მათ შორის პოლარიზაცია, რომლებიც ბევრი ქვეყნისათვის საერთოა და არც საქართველოა აქ გამონაკლისი. 
     
    ქვეყანაში პოლარიზებულია საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და მედია. მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გავხდი ვცდილობ ეს პოლარიზაცია დავძლიოთ და გადავლახოთ. პოლარიზებული საზოგადოება ვერ გადალახავს სირთულეებს. გაყოფილი საზოგადოება ვერ დაძლევს ეგზისტენციალურ პრობლემებს, მით უმეტეს, როდესაც იგი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ის ვერ დაძლევს ამ ოკუპაციის პრობლემას და ვერ მიიღებს პარტნიორების სრულ მხარდაჭერას. გაყოფილი საზოგადოება ვერ იპოვის პოლიტიკურ გამოსავალს; ვერ ჩაერთვება პოლიტიკურ დიალოგში, დიალოგი კი აუცილებელია: პოლიტიკურ ძალებს, ყველა შესაბამის აქტორსა და დაინტერესებულ პირს შორის; არსებული მოლაპარაკებების ფორმატები სხვა პოლიტიკურ დონეზე უნდა ავიდეს, ამას ალტერნატივა არ აქვს. ჰუმანიტარულ საქმეებზეც კი, პროფესიული ვალდებულების შესრულებისას, 1 თვის წინ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მაგალითზე ვხედავთ, რომ ვერც ჟენევის და ვერც სხვა ფორმატები გამოსავალს ვერ პოულობს და თავს ვერ ართმევს ამ პრობლემას ბიუროკრატიულ დონეზე. ექიმები პოლიტიკური საზღვრების გარეშე უნდა იყვნენ. პარტნიორობა ევროკავშირის პოლიტიკური მოთამაშეების ჩართულობით პოლიტიკური გამოსავლის მოძებნას გულისხმობს. არ უნდა მოხდეს არსებული პრობლემების ესკალაცია. 
     
    სტაბილურობა აუცილებელია როგორც საქართველოსათვის, ასევე რეგიონისა და ევროპისთვისაც. არავის ინტერესებში შედის ესკალაცია, განსაცდელით სავსე სამყაროში. რუსეთის ოკუპაციის დასაძლევად ყველამ ერთად უნდა შევიმუშავოთ უფრო ეფექტიანი გზები და საშუალებები. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისათვისაც უნდა ვუზრუნველვყოთ ოთხი ძირითადი უფლების განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის. ვერ დავასრულებ ამ სიტყვას იმის გარეშე, რომ არ გთხოვოთ თქვენც, რადგან ეს არის თხოვნა, რომლითაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართავ. დღეს, 9 დეკემბერს, ერთი თვე გავიდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შემდეგ. მინდა თხოვნით მოგმართოთ ასამბლეას, რომ შემოგვიერთდეთ ამ ჩვენს მიმართვაში, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. იმედი მაქვს, აქ ყველა შეუერთდება და გაიზიარებს ამ მიმართვას. დღეს ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება ამ ადამიანის გათავისუფლებაა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • დავით ზალკალიანმა ლევილის ქართველთა სასაფლაო და ლევილის ქართველთა მამული მოინახულა

    საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა მოინახულა ლევილის ქართველთა სასაფლაო და ლევილის ქართველთა მამული.

    მინისტრმა პატივი მიაგო ემიგრაციაში წასული პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების ხსოვნას და გვირგვინით შეამკო პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტის ნოე ჟორდანიას და საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის საფლავები.

    დავით ზალკალიანმა ასევე მოინახულა ლევილის ქართველთა მამული, სადაც შეხვედრა გამართა საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელთან, პირველი პრეზიდენტის ნოე ჟორდანიას შვილიშვილთან ირენ ციციშვილთან.

    მინისტრის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ  საფრანგეთში ვიზიტი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობაში მნიშვნელოვან საკითხს - სტრატეგიული დიალოგის ფორმატის დაფუძნებას ეხება, სწორედ ლევილის მამულის მონაწილეობით იწყება, რადგან სწორედ ლევილის მამული არის გამოხატულება ქართულ-ფრანგული ისტორიულად გამორჩეული ურთიერთობის.

  • ლაშა დარსალია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

    2019 წლის 27 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ლი იანთან.
    შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თანამშრომლობის საკითხები. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დადებითი ასპექტების მნიშვნელობას, რომელიც ჩინეთსა და საქართველოს გააჩნიათ მარავალხრივი ფორუმების ფარგლებში და სამომავლო პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქა.
    გარდა აღნიშნულისა, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები, ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთოებების გაღრმავებას და მნიშვნელოვან მიღწევებს.
    ქალბატონმა ლი იანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
    ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჩინეთის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.
    შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავების იმედი როგორც საერთაშორისო და რეგიონულ, ასევე ორმხრივ დონზე.

  • "საქართველო განსაკუთრებულად აფასებს საფრანგეთთან პარტნიორულ ურთიერთობებს"

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში საფრანგეთის ეროვნულ სამხედრო-საპატრულო ხომალდს, "კომანდან ბირო" ეწვია, რომელიც ბათუმს თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ესტუმრა.

    საქართველოს პრეზიდენტმა ხომალდი დაათვალიერა და საზეიმო მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა: ,,ბათუმში საფრანგეთის ხომალდის შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და მიანიშნებს იმაზე, თუ რა დანიშნულებას იღებს შავი ზღვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის. ბათუმში შემოდიან ასევე, ნატოს წევრი ქვეყნების ხომალდები, მათ შორის თურქული, იტალიური, ჰოლანდიური და ამერიკული. შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსა და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროზე არიან განლაგებულნი, არამედ აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გლობალური საკითხი ნატოში ერთ-ერთი პრიორიტეტია.

    საქართველოსა და საფრანგეთს მჭიდრო ურთიერთობები აქვთ. ამის ერთ-ერთი ნიშანი იყო ამ წლის დასაწყისში ჩემი ვიზიტი საფრანგეთში. ფრანგული გემის შემოსვლით ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. საფრანგეთსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა სრულყოფილია და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება ყველა მიმართულებით.

    საფრანგეთი მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ ვაფასებთ საფრანგეთთან პარტნიორულ ურთიერთობებს, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბევრი გამოწვევაა. დღეს მთელი სახელმწიფო ზრუნავს, ჩვენი ექიმის გათავისუფლებისა და სახლში დაბრუნებისათვის, და ეს უნდა აღვნიშნო აქ. უნდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ურთიერთობები საფრანგეთთან მხოლოდ პოლიტიკურ თუ სამხედრო სფეროებში თანამშრომლობით არ შემოიფარგლება.

    ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ურთიერთობები. კულტურული მიმართულებით საფრანგეთი ჩვენი მოსახლეობისათვის ერთ-ერთი მთავარი და ბუნებრივი პარტნიორია. აღარ ვახსენებ ღვინოს, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი გამაერთიანებელი ფაქტორია. ვისურვებ, რომ ჩვენი ურთიერთობები ასე გაგრძელდეს და გაძლიერდეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • მიღწეული წარმატებები ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირის შედეგია

    „ჩვენს მიერ მიღწეული წარმატებები ევროპის საბჭოსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.
    მინისტრის თქმით, 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად მომზადდა და აღნიშნულ წლებში საქართველოს მიერ ევროპის საბჭოსთან ერთად განსახორციელებელ პროექტებს მოიცავს. ამასთან, სამოქმედო გეგმის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით რეფორმების განხორციელებაში.
    როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ პარტნიორების მხრიდან წარმატებულად შეფასდა წინა ორი გეგმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, რომლებმაც უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები, კერძოდ, მნიშვნელოვნად გაძლიერდა სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლებლობები ადამიანის უფლებათა დაცვის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერების, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, პენიტენციალური სისტემის რეფორმირებისა და თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფის მიმართულებით. წინა გეგმებზე საუბრისას, მინისტრმა განსაკუთრებულად გამოყო სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია და ზოგადად, გენდერული თანასწორობისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით გაწეული ძალისხმევა. ზალკალიანის თქმით, აღნიშნული გეგმების ფარგლებში, საქართველომ ნათლად გამოავლინა ევროპული ფასეულობებისადმი სწრაფვის სულისკვეთება. როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერებაში.
    მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, ევროპის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს წინა სამოქმედო გეგმის განხორცილებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო ნამდვილად ეფექტიანად ახორციელებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ნაკისრი აქვს ევროპის საბჭოს ფარგლებში.
    ზალკალიანის თქმით, საქართველო მომავალშიც განაგრძობს ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებას ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოების ანგარიშებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამასთან, პრიორიტეტები საქართველოსთვის კვლავ უცვლელია: საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს სრულყოფა და მოქალაქეებისთვის პრაქტიკული სარგებლის მოტანა. თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაცია აფერხებს საქართველოს ხელისუფლების დაუღალავ ძალისხმევას ეს სარგებელი ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვისაც გახადოს მისაწვდომი. ზალკალიანის თქმით, ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის ღონისძიებებს, რომელთა მიზანი ომისგან დაცალკევებული მოსახლეობის გაერთიანებაა.
    2019 წლის 11 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას უმასპინძლა. სამოქმედო გეგმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩთან ერთად წარადგინა, რომელიც საქართველოს ვიზიტით 1 ნოემბერს ეწვია.
    როგორც წინა შემთხვევებში, აღნიშნული სამოქმედო გეგმის მიზანია საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების გზით, ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობის და დემოკრატიის სფეროში ქვეყნის კანონმდებლობის, ინსტიტუტებისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება. ახალი სამოქმედო გეგმის ბიუჯეტი შეადგენს 17.5 მილიონ ევროს. უკვე მობილიზებულია დაახლოებით 5 მილიონი ევრო (24 %), რომელიც კონკრეტული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
    ახალი სამოქმედო გეგმა მოიცავს შემდეგ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს: ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა და ხელშეწყობა; სოციალური უფლებების უზრუნველყოფა; მართლმსაჯულების უზრუნველყოფა; სამართლის უზენაესობის განმტკიცება და ამ სფეროში არსებულ საფრთხეებთან ბრძოლა; დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და ინოვაციის წახალისება; ჩართულობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობა; ნდობის აღდგენის მექანიზმები.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური