ევროკავშირი ბუქარესტის შეხვედრის დროს შავი ზღვისთვის ერთობლივ საზღვაო დღის წესრიგს შეიმუშავებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 მაისი 2019 15:30

21 მაისს შავი ზღვის შვიდი ქვეყნის - ბულგარეთის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთის და უკრაინის მინისტრები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იკრიბებიან შავი ზღვისთვის ერთობლივი საზღვაო დღის წესრიგის დასამტკიცებლად.

ამით შავი ზღვის რეგიონი უერთდება ევროკავშირის მოსაზღვრე დანარჩენი ზღვების აუზებს საყოველთაო-საზღვაო ინიციატივის შესამუშავებლად უფრო მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. ქვეყნებს ექნებათ სამი მიზანი: ჯანმრთელი საზღვაო და სანაპირო ეკოსისტემები, კონკურენტუნარიანი, ინოვაციური და მდგრადი ლურჯი ეკონომიკა და ინვესტირება ლურჯ ეკონომიკაში.

მინისტრების შეხვედრა იქნება ევროკომისიის მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილი პროცესის შედეგი. რეგიონის ლურჯი ეკონომიკის მხარდაჭერამ ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ 2015-2018 წლებში 13 მილიონ ევროს გადააჭარბა. დამტკიცების შემდეგ ქვეყნებს სთხოვენ შეადგინონ იმ პროექტების სია, რომელთა კვალიფიცირება შესაძლებელია სახელმწიფო ან კერძო დაფინანსების მისაღებად.

მრავალი სხვა საკითხების გარდა, ეს პროექტები შეიძლება მოიცავდეს მეთევზეობას და აკვაკულტურის კვლევას, ზღვის ნარჩენების შეგროვებას და გადამუშავებას, ტურიზმს, ცნობიერების ამაღლებას საზღვაო ეკოლოგიის საკითხებზე, (მცირემასშტაბიანი) მეთევზეობის სექტორის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გაზრდას, ინოვაციური საზღვაო ტექნოლოგიების და მონიტორინგის საინფორმაციო ტექნოლოგიების შემოღებას თევზსაჭერი გემებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია შეხვედრის შესახებ ხელმისაწვდომი იქნება ევროკომისიის საზღვაო საქმეთა და თევზრეწვის მთავარი დირექტორატის (DG MARE) Twitter-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://twitter.com/EU_MARE

იხილეთ მეტი:

 

შავი ზღვის მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ - ინფოგრაფიკა (ინგლისური)

შავი ზღვის მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ - ინფოგრაფიკა (რუსული)

ზოგადი ინფორმაცია ევროკავშირის შავი ზღვის სინერგიის ინიციატივის შესახებ

წაკითხულია 190 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან. 

    სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.  განსაკუთრებული  ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ გარემოზე.

    საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირის უმაღლეს  წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებების შესახებ, მათ შორის გორის რ-ნის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე.
     
    სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობა.
     
    საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში გახშირებული ინციდენტების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა აღნიშნული საკითხების განხილვის აუცილებლობას, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ფარგლებში. ამ კონტექსტში აღინიშნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის მნიშვნელობა.
     
    საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს წარმომადგენელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისთვის, რომელიც ადგილზე არსებული საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი მექანიზმია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვითარების დეესკალაციისა და უსაფრთხოების შემდგომი უზრუნველყოფისთვის.
     
    უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

  • ევროკავშირის პრესმდივანი: „რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე“

    „რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლებელია უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე“, აღნიშნა ევროკავშირის პრესმდივანმა 3 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის გადაწყვეტილება 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით გაუმართლებელი და არაპროპორციულია“.
    პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ 27 ივნისიდან აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ორ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვები ძალზე უარყოფითად მოქმედებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე და დამატებით სირთულეებს უქმნის მას.
    დასკვნის სახით ევროკავშირის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მზაობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ „ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის“.

  • ევროკავშირის რეაქცია საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე

    21 ივნისს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და აშშ-ს საელჩომ თბილისში შემდეგი განცხადება გააკეთეს ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე:
    „ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს საქართველოს პარლამენტთან თბილისში ამ საღამოს“, ნათქვამია განცხადებაში. „ჩვენ ვაცნობიერებთ იმ ტკივილს, რომელსაც დღეს გრძნობს უამრავი ადამიანი“.
    „მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოავლინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში“, აღნიშნულია განცხადებაში დასკვნის სახით.

  • შილდის ღვინის ქარხანა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდა

    18 ივნისს ევროკავშირმა გამოაცხადა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვების ცერემონიაზე ბრიუსელში. კონკურსის პირველი სერიის გამარჯვებულია შილდის ენერგოეფექტური მეღვინეობა საქართველოდან.

    2014 წელს დაარსებული შილდის მეღვინეობა კახეთში, საქართველოს მეღვინეობის წამყვან რეგიონში მდებარეობს. ევროკავშირის და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ მხარდაჭერილ კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამაში (ენერგოკრედიტი საქართველო) მონაწილეობით, კომპანიამ დაიწყო ღვინის წარმოების ენერგოეფექტური ეკოლოგიური პროცესი, რამაც ის რეგიონში პირველ ეკოლოგიურ ღვინის მწარმოებლად აქცია. დღეს, ღვინის ქარხანა 60%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ხოლო მისი ყოველწლიური დანაზოგი ელექტროენერგიის ხარჯზე 60,000 ევროზე მეტს შეადგენს.

    აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ჩატარებული ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობდა 50-ზე მეტი განაცხადი 6 ქვეყნიდან, რაც მოიცავდა ძალზე მრავალფეროვან შემოქმედებით, მაღალეფექტურ გადაწყვეტილებებს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის გამოყენების კუთხით საზოგადოებისა და ბიზნესის სასარგებლოდ. ჟიურიმ 6 ფინალისტი შეარჩია, მათ შორის: ბიომასით გათბობის გადაწყვეტილებები სასოფლო განვითარებისთვის (სომხეთი), განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება ნოვოგრუდოკის რაიონში (ბელარუსი), ბიომასა და ენერგოეფექტურობა „პრიჩინდელის“ საბავშვო ბაღში ბუსილაში (მოლდოვის  რესპუბლიკა), შპს ქართული ღვინო და ღვინის მწარმოებელი კომპანია - მეღვინეობა შილდა (საქართველო), ენერგიის მოხმარების და CO2-ის ემისიის შემცირება დოლინაში (უკრაინა), ტრენინგი უმაღლეს ინჟინერიაში ეკოლოგიურად მდგრადი სამრეწველო განვითარებისთვის (უკრაინა).

    შერჩეული 6 ფინალისტი მონაწილეობდა საჯარო კენჭისყრაში, რომელიც ონლაინ რეჟიმში, ორი კვირის განმავლობაში, 2019 წლის 28 აპრილიდან 9 მაისამდე მიმდინარეობდა. ყველა ხმა იქნა დათვლილი და დადასტურებული. მოქმედი ხმები დაემატა ჟიურის ხმებს საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად.

    ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ტარდება ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2019-ის (EUSEW) ფარგლებში და მონაწილეობის მისაღებად პირველად იყო მიწვეული აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). კონკურსის მიზანია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წარმატებული პროექტების გამოვლენა ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის სფეროში, რომლებიც უშუალოდ ეხმარება მოქალაქეებს და საზოგადოებას ენერგიის დაზოგვაში ან ენერგიის მდგრად წყაროებზე გადასვლაში.

    დამატებითი ინფორმაციისთვის: http://bit.ly/2KYV25C 

    ***

    ინიციატივა EU4Energy მოიცავს ევროკავშირის მთლიან მხარდაჭერას, რომლის მიზანია ენერგომომარაგების, ენერგეტიკული უსაფრთხოების და კავშირის გაუმჯობესება, ასევე ენერგოეფექტურობის მხარდაჭერა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. აღნიშნულს ინიციატივა ახორციელებს პროექტების და პროგრამების დაფინანსებით, რომლებიც ხელს უწყობს ენერგეტიკის ბაზრების რეფორმირებას, ქვეყნების ენერგოდამოკიდებულების და ენერგიის მოხმარების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგომომარაგება გახდება უფრო საიმედო, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი, რაც შეამცირებს ენერგეტიკულ დეფიციტს და ენერგიაზე ხარჯებს როგორც მოქალაქეების, ისე კერძო სექტორისთვის.

    დამატებითი ინფორმაცია: www.EU4Energy.eu

  • საქართველოს პრეზიდენტმა ნორვეგიის პრემიერთან ურთიერთობების გააქტიურების საკითხი დააყენა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნორვეგიასთან ურთიერთობების გააქტიურების საკითხი დააყენა ნორვეგიის პრემიერთან ერნა სოლბერგთან შეხვედრაზე, რომელიც ჟენევაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართა. ნორვეგიის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

    ერნა სოლბერგი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით და საქართველოს პრეზიდენტმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მას ბოლო პერიოდში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის, რუსიფიკაციისა და მასობრივი პასპორტიზაციის საკითხებზე.

    საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აფხაზეთში აფხაზური ენა საფრთხის ქვეშაა და მას დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და ნორვეგიის პრემიერმა საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს კანდიდატების მხარდჭერის საკითხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის პოსტზე და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის პოსტზე. ასევე აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიის თვალსაზრისით ნორვეგიის გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარება, როგორც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ასევე შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვისა და შავ ზღვაში თევზის რეწვის სფეროს რეგულირებაში. საუბარი შეეხო პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ნორვეგიის გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებასაც.
    ,,ყოველთვის სასიამოვნოა ახალ ქალ ლიდერებთან შევხედრა, რომლებიც საკმაოდ ცოტანი ვართ.
    საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას"- აღნიშნა ერნა სოლბერგმა. 
    ნორვეგიის პრემიერმა მნიშვნელოვანი უწოდა თბილისში ნორვეგიის ხსნის საელჩოს გახსნისბგადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს გაზრდის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.
    ,,ჩვენ მოუთმენლად ველით ამას", - აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა. 
    მისი თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის  პროფესიული განათლების მიმართულებით. 
    ,,ვისაუბრეთ პროფესიულ მომზადება-გადამზადებაზე. ამ სფეროში ვფიქრობ, რომ შეგვიძლია უფრო მეტად ვიმუშაოთ ერთობლივად"- განაცხადა ერნა სოლბერგმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური