მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი საგაკვეთილო პროცესის ყოველდღიურ ნაწილად იქცეს - მიხეილ ბატიაშვილი

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 10 მაისი 2019 14:53

 სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ევროპის დღეების ფარგლებში კონფერენცია „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფელიქს ჰეტი, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე უძღვებოდნენ.

„ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ყველა დიდი და მნიშვნელოვანი მიზნისკენ მიმავალი გზა განათლებაზე გადის. დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაც სწორედ განათლებაზეა დამოკიდებული. სწორედ სკოლა - სასკოლო საზოგადოება და, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელი აყალიბებს მოსწავლეში იმ ორიენტირს, რომელმაც შემდეგ მისი მომავალი უნდა განსაზღვროს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, საგნის სწავლების პარალელურად, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი საგაკვეთილო პროცესის ყოველდღიურ ნაწილად იქცეს. ჩვენმა ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები და ფასეულობები, უნდა აანალიზებდნენ, რატომ აირჩია ჩვენმა ქვეყანამ გზა ევროპისკენ” - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კონფერენცია „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“, “ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ტარდება. მასში მონაწილეობს გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 150 პედაგოგი თბილისიდან და რეგიონებიდან. მათ შორის, მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან.

ორდღიანი კონფერენციის მიზანია მასწავლებლებმა მიიღონ ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპულ ღირებულებებზე, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროპული პროექტები სთავაზობს მათ. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სემინარები და ვორკშოფები პედაგოგებისთვის.

კონფერენციის მონაწილე პედაგოგებმა ევროკავშირის თემატიკის დანერგვისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო პროექტები წარმოდგინეს. სემინარის გახსნაზე, საუკეთესო პროექტების ავტორი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა - გამოვლინდა 10 გამარჯვებული პედაგოგი, რომელიც ესტონეთში სასწავლო კურსს გაივლის. კურსს ესტონეთის საელჩო დააფინანსებს.
პროექტი „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ 2014 წელს შეიქმნა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დანერგვის მიზნით სემინარებსა და კონკურსებს ახორციელებს

წაკითხულია 137 ჯერ

Related items

  • ევროპის დღეების ფარგლებში, სემინარი "მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ" გაიხსნა

    „ჩვენს პედაგოგებს, ჩვენი განათლების სფეროს წარმომადგენლებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზნის, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევაში. ჩვენი ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული მიზანი, რაც საქართველოს კონსტიტუციაში, პარლამენტის შესაბამის რეზოლუციაში და მთავრობის პროგრამაშია ასახული, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციაა და მთელი საზოგადოება ამ მიზნის გარშემოა კონსოლიდირებული.“ - მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სემინარის „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ მონაწილეებს.
     
    „სიმბოლურია, რომ ეს სემინარი ემთხვევა საქართველოსთვის ორ მნიშვნელოვან თარიღს: წელს სრულდება ხუთი წელი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან და ათი წელი საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში გაწევრიანების შემდეგ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. საქართველო ლიდერი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის და ეს ის შეფასებაა, რომელსაც ხშირად ვისმენთ ევროპელი პარტნიორების მხრიდან და რაც ასახულია ევროკავშირისა და ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა დეკლარაციაში და გადაწყვეტილებაში. საგანგებოდ საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან ინიცირებულია უპრეცედენტო ფორმატები, მათ შორის, უმაღლესი დონის დიალოგი. აღსანიშნავია ჩვენი ამბიციური გეგმა, რაც ასახულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიცირებულ პროექტში, „საგზაო რუკა ევროპისკენ“, რომეილც ითვალისწი­­­­ნებს ქვეყნის ფუნქციონალურ მომზადებას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამის რეალიზაცია უკვე ხდება, რისი დასტურიცაა საქართველოს განათლების ხარისხის ევროპულ ცენტრში გაერთიანება, საქართველოს დიპლომების აღიარება. გადავდგამთ ნაბიჯებს იმისკენ, რომ საქართველო ყველა მიმართულებით აქტიურად იყოს წარმოდგენილი ევროკავშირის ყველა პროგრამასა და სააგენტოში, რაც თანდათანობით გვაახლოებს საბოლოო მიზანთან“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

    სემინარის გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში გაიმართა, საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ფელიქს ჰეტმა, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და    სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა და  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ. ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.

    სემინარის გახსნაზე, საუკეთესო პროექტების ავტორი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

    სემინარის მუშაობაში მონაწილობას მიიღებს   150-მდე მასწავლებელი დედაქალაქიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების, მათ შორის მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპულ ღირებულებებზე მიიღებენ ინფორმაციას.
     
    პროექტი სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და„აღმოსავლეთ პარტნიორობის  ესტონური ცენტრის“  ფინანსური მხარდაჭერით მეექვსე წელია ხორციელდება. პროექტი პედაგოგების მიერ, მთელი წლის განმავლობაში, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას ითვალისწინებს.
     
    „ევროპის დღეები 2019“  5 მაისს დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორგანიზებით, წელს მეშვიდედ იმართება.   ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

  • „კერძო სექტორის ჩართულობით ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება“

    რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით განსახორცილებელი პროექტების წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კერძო სექტორის ჩართულობაზე და მათთან აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

    „პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნერლოვანი კომპონენტია. ჩვენი ხედვით, მათ გარეშე შეუძლებელია ისეთი პროფესიული პროგრამების შემუშავება, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნასა და სწრაფ დასაქმებაზეა ორიენტირებული. კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობის რამდენიმე კარგი მაგალითი უკვე გვაქვს, კერძოდ, ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება, რაც ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშია,“ - განაცხადა მინისტრმა, რომლის თქმით, სამინისტროს მხრიდან კომპანიებთან თანამშრომლობა გრძელდება, როგორც დასაქმების, ასევე ახალი პროგრამებისა და სასწავლებლების დაფუძნების კუთხით.

    როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ კვლავ გაგრძელდება კერძო სექტორის ხელშეწყობა, რადგან სამინისტროს მიზანია, რაც შეიძლება ბევრ კომპანიას გაუჩნდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს პროფესიულ განათლებაში.

     

  • "ჩვენი რეფორმების განხორციელება თანამედროვე დასავლური სტანდარტების წარმატებით დანერგვას ნიშნავს"

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის - „ელჩების კონფერენციის“ ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობის პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრა და უმნიშვნელოვანესი უწოდა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების განათლების სისტემებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რასაც სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას აჭებს.

    მიხეილ ბატიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ერთობლივ პროექტებზე და ხაზი გაუსვა სისტემის რეფორმირების პროცესს, რომელიც სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების არსებით განახლებას და ეფექტიან განვითარებას გულისხმობს.

    მინისტრის თქმით, 2019 წლიდან სამინისტრო იწყებს კულტურის სფეროს საჯარო დაფინანსების ევროპული ტიპის მოდელზე ეტაპობრივ გადასვლას, რომლის მიზანს სამართლიანი, გამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული სისტემის ფორმირება წარმოადგენს. რაც შეეხება სპორტს, მინისტრის თქმით, სპორტული მიღწევები ღირსეულად წარმოაჩენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ სპორტის განვითარებაზე ზრუნვა ხელისუფლებისა და უწყების ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება.

    „ამ რეფორმათა წარმატება გულისხმობს თანამედროვე დასავლური სტანდარტების დანერგვას. ამიტომ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების განათლების სისტემებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, მათი გამოცდილების გაზიარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა და ყურადღება გაამახვილა ნოემბერში პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტზე, სადაც ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებულ ფინანსურ შეთანხმებას. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ხაზი გაუსვა არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, მათ შორის, ქართველი ახალგაზრდებისთვის ევროპაში იმავე საფასურით სწავლის მექანიზმის შექმნას, რაც ევროკავშირის ქვეყნებშია.

    მიხეილ ბატიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის პროგრამა ERASMUS პლიუსზე, რომელშიც საქართველოს სერიოზული მიღწევები აქვს; გარდა ამისა, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ზე, რომელიც ქართველ მეცნიერებს, მკვლევრებს, მცირე და საშუალო საწარმოებსა თუ მსხვილ კომპანიებს ევროპული დონის მეცნიერების, კვლევითი/ინოვაციური პროდუქტისა თუ სერვისების შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

    მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალზე, რომელსაც საქართველომ წარმატებით უმასპინძლა; ამათან, საერთაშორისო ასპარეზზე სამინისტროს კიდევ ერთი წარმატებას, რომლის თანახმად, UNESCO-მ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. მინისტრის აზრით, განუზომელია კულტურის მნიშვნელობაც, რომლის საუკეთესო მაგალითს ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობა წარმოადგენს.

    „სწორედ ამ მიზნით ჩვენი სამინისტრო 2019 წლის გაზაფხულზე გეგმავს საქართველოში ევროპის კულტურის დღეების განხორციელებას და ვიმედოვნებთ თქვენს ჩართულობას ამ პროექტში, რაც ევროპის ქვეყნების კულტურათა სრულფასოვნად წარმოდგენის გარანტი იქნება,“ - განაცხადა მინისტრმა.

  • „მარნეულში ქართულენოვანი განათლების კერას სახელმწიფო მნიშვნელობა აქვს“
  • მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში სისტემური ცვლილებები დაიწყო

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგი გამართა.

    მიხეილ ბატიაშვილის თქმით, თანამდებობები დატოვეს: მინისტრის მოადგილეებმა - თემურ მურღულიამ და ლია გიგაურმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა მიქაბერიძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.

    მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ გაწეული სამუშაოსათვის და აღნიშნა, რომ კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნისა და მისი თანამედროვე მოთხოვნებზე მორგების მიზნით, იგი არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას გეგმავს, რასაც ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა ესაჭიროება.

    მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ მისი მოადგილეების რაოდენობა შემცირდება და 7-ის ნაცვლად, დარჩება 5. ცვლილებები კი გაგრძელდება და უახლოეს მომავალში საზოგადოება განათლების სისტემის ახალ, თამამ გადაწყვეტილებებზე ორიენტირებულ კადრებს გაიცნობს, რომელთა დანიშვნაც შესაბამისი პროცედურების გავლით მოხდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური