მამუკა ბახტაძე - დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 06 მაისი 2019 13:59

დარწმუნებული ვარ, ერთსულოვნებითა და ერთად დგომით, გაუტეხავი ქართული სულითა და ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ერთიანი, ძლიერი და მშვიდობიანი საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპა ქართველი ერის ცივილიზაციური არჩევანია და საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს.

"ჩვენს ერს აქვს თავისი წვლილი შეტანილი იმ ფასეულობების ფორმირებაში, რომელსაც ევროპული იდეა ეფუძნება. სწორედ ამიტომ,  საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ამის თქმის უფლება, რომ ეს არის ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ, მაგრამ დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რომელიც ყველას ეკუთვნის. ეს არის ჩვენი საზოგადოების დამსახურება და ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარების შედეგი, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა, რომლის საშუალებითაც საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და ქვეყნის ტრანსფორმაცია დაიწყო.

„ვფიქრობ, დღევანდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ვდგავართ მყარად და ერთად ერთ სწორ გზაზე, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს წარმატებასთან. აუცილებელია, ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად გრძნობდნენ იმ სიკეთესა და წარმატებას, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზას მოაქვს.  ჩვენ ახლახან კიდევ ერთი გამარჯვება ვიზეიმეთ, როდესაც ევროკავშირმა ოფიციალურად მოგვცა საშუალება გავწევრიანდეთ ევროპის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში (ENQA) და ქართული დიპლომები აღიარებული იყოს ევროპაში. ჩვენ ასეთი გამარჯვებები გვჭირდება ყოველდღე", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ევროპის დღეების ფარგლებში რიყის პარკში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართეს.

პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირის ელჩსა და თბილისის მერთან ერთად რიყის პარკში ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოში განხორციელებულ აქტივობებსა და პროექტებს წარადგენენ.

ევროპის დღეები, რომელიც საქართველოში წელს მეშვიდედ აღინიშნება, მაისის ბოლომდე გაგრძელდება და როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ჯამში 80-მდე ღონისძიებას მოიცავს.

წაკითხულია 103 ჯერ

Related items

  • პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტოფ კასტანერს უმასპინძლა.

    შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობაზე.

    მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ქართველი და ფრანგი ხალხის ურთიერთობის მრავალწლიან ისტორიას და აღნიშნა, რომ საფრანგეთი რთულ წლებში ყოველთვის გვერდით ედგა საქართველოს, რასაც ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს.

    საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას, ასევე, ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. მთავრობის მეთაურმა ფრანგულ მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო სამართალდაცვითი და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა მინისტრ კასტანერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.

    პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთთან ნაყოფიერი და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მეტი გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.

  • კახა კალაძემ ახალი, მწვანე ფერის მუნიციპალური ავტობუსები წარადგინა

    დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ახალი, „მანის“ (MAN) მარკის 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა. ახალი ავტობუსების პრეზენტაცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხდა, სადაც კახა კალაძე ერთ-ერთი ავტობუსის საჭესთან თავად დაჯდა. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრება.

    დედაქალაქის მერიის ცნობით, წელს ავტოპარკს 90 ახალი ავტობუსი დაემატა, რომელიც დიზელის ძრავზე მომუშავე „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა.

    ავტობუსები გათვლილია სულ 82 მგზავრზე, აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27. ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე, გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალება.

    თბილისის მერიამ განსაზღვრა 10 მარშრუტი, რომლებზეც ახალი ავტობუსები გადანაწილდება. უახლოეს დღეებში ისინი N85 და N95 მარშრუტებზე გავლენ. მომდევნო ეტაპზე, მაისის ბოლომდე ახალი მწვანე ავტობუსები N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავ ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ამავდროულად, გათვალისწინებულია ამ მარშრუტების მცირედით შეცვლა. ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე და ბარათაშვილის ქუჩას თავისუფლების მოედნის გავლით დაუკავშირდებიან. ამასთანავე, კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება.

    თბილისის მერიის ცნობით, N50, N55 და N71 მარშრუტების ცვლილება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ პირველი ივლისიდან აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.

    მუნიციპალიტეტისთვის ოთხმოცდაათივე მწვანე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, ისინი ასევე გადანაწილდებიან N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე.

    თბილისის მერიის ცნობით, 8 თვეში დედაქალაქს 220 ერთეული, „ისუზუს“ (ISUZU) მარკის 8-მეტრიანი ავტობუსიც დაემატება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. აღნიშნული ავტობუსები ასევე დიზელის ძრავზე მომუშავეა და „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა. 8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის. „მანის“ ავტობუსების მსგავსად, ამ ავტობუსებშიც უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi.

    წყარო: 1tv.ge

  • CCTV7“ საქართველოზე ფილმების სერიას გადაიღებს

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის კინოსტუდიის და ტელეცენტრის დირექტორის მოადგილეს ვენ ჩენგუის, და ტელეკომპანია „CCTV7“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

    აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტელევიზია „CCTV7“ საქართველოზე, როგორც აგრარულ ქვეყანაზე ფილმების სერიას გადაიღებს და ეთერში გაშვებას უზრუნველყოფს.

    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფილმების სერიის მიზანს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.
    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

  • საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა განახლდება

    “ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ უახლოს პერიოდში განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის სხდომა და გადაადგილება სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ ნაწილებზე განხორციელდება შეუფერხებლად, არსებული პრაქტიკის გთვალისწინებით” - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას განაცხადა.
    დავით ზალკალიანის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრს ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა აზერბაიჯანელ კოლეგასთან.
    მინისტრის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ უახლოეს დღეებში დასრულდება სადელიმიტაციო კომისიის განახლებული შემადგენლობის დაკომპლექტება და განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა.
    “მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრემიერის დავალებით ვიყავი და ვარ მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჩვენ, რა თქმა უნდა ვხელმძღვანელობთ ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, საქართველო და აზერბაიჯანი გახლავთ სტრატეგიული პარტნიორები, ბუნებრივია საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით ამ თემას, ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ უახლოს პერიოდში განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის სხდომა, კომისიის შემადგენლობაში იყო განახლება საჭირო, რის შემდეგეგაც და უახლოეს პერიოდში კომისია განაახლებს საქმიანობას იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით.“-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
    ამასთან, მინისტრის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ რომ გადაადგილება სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ ნაწილებზე განხორციელდება შეუფერხებლად და დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად.
    „გადაადგილება დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება არსებული პრაქტიკის შესაბამისად და მინდა ყველას ვთხოვო, რომ გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და დელიკატურობა, განსაკუთრებული გულისყურით მოვეკიდოთ ამ თემას. დარწმუნებული ვარ, რომ საკითხი პოზიტიურად გადაწყდება, ბუნებრივია ჩვენ ვთანმხდებით აზრებაიჯანულ მხარესთან, რომ ჩვენი ურთიერთობიდან, სტრატეგიული პარტნიორობიდან და მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ყველა ამ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი პოზიტიური გადაწყვეტილება იყოს მიღებული.“-აღნიშნა ზალკალიანმა.
    როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის აღნიშნულ თემაზე კომუნიკაციამიმდინარეობდა კონსტრუქციულ, პარტნიორულ რეჟიმში და როგორც ამ საკითხზე, ასევე სხვა თემებზე მიიღება ისეთი გადაწყვტილებები, რომელიც შეეფერება ორი ერის მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას.

  • პრემიერ-მინისტრმა გარემოსდაცვით ომბუდსმენად დევიდ მორისონი წარადგინა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გარემოსდაცვით ომბუდსმენად დევიდ მორისონი წარადგინა.

    როგორც მთავრობის მეთაურმა გარემოსდაცვითი ომბუდსმენის წარდგენისას განაცხადა, საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად ხელშესახები პროგრესის მიღწევაში დევიდ მორისონს დიდი წვლილი აქვს შეტანილი და უკვე 10 წელზე მეტია ამ მიმართულებით მუშაობს.

    მამუკა ბახტაძის განცხადებით, დევიდ მორისონი გარემოსდაცვით საზოგადოებაში ძალიან ცნობილი ადამიანია, რომელიც წლების განმავლობაში კავკასიის ბუნების ფონდს ხელმძღვანელობდა.

    „ამასთან ერთად, დევიდ მორისონი არის საკმაოდ ცნობადი სახე გარემოსდაცვითი საქმიანობით დაკავებული საერთაშორისო საზოგადოებისთვის. დევიდი ითანამშრომლებს ყველასთან - სამთავრობო უწყებებთან, საქართველოს პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც დაკავებული არიან გარემოსდაცვითი საქმიანობით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ახალი ინსტიტუტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გარემოსდაცვითი მიმართულებით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გარემოს დაცვის პრინციპულ მნიშვნელობას ქვეყნისა და მომავალი თაობებისთვის და საზოგადოებას მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა.

    „მწვანე ეკონომიკას და მდგრად განვითარებას საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს და ეს არის გზა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზაციისკენ, სიღარიბესთან ეფექტური ბრძოლისა და  ბუნების მომავალი თაობებისთვის გადაცემისკენ. აუცილებელია, ჩვენ გადავდგათ პრინციპული და გაბედული ნაბიჯები, რათა კიდევ უფრო ავამაღლოთ საქართველოში გარემოსდაცვითი სტანდარტები და ევროპულ სტანდარტებს მივუახლოვოთ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა განვითარებისთვის. ჯერ კიდევ შარშან, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განვაცხადე, რომ გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტი მოგვცემდა საშუალებას, მიგვეღწია მეტი ინკლუზიურობისთვის, მეტი ჩართულობისთვის. ეს ინსტიტუტი იქნება უმნიშვნელოვანესი, რათა დავძლიოთ საქართველოში არსებული ეკოლოგიური გამოწვევები. ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას - ბოლო ათწლეულების განმავლობაში  წარმოებულმა სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, გარემოსდაცვითი პრინციპების დაინტერესების იგნორირებამ ძალიან მძიმე შედეგები მოგვცა და ჩვენ ამ შედეგებს ვებრძვით. საჭიროა ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება,რაშიც ჩართული იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქე, სამოქალაქო საზოგადოება და ამ საქმიანობით დაკავებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა და დევიდ მორისონს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

    ახალი ინსტიტუტი მამუკა ბახტაძის ინიციატივით, გარემოსდაცვითი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად შეიქმნა. ომბუდსმენი გარემოსდაცვით საკითხებში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა იქნება, რომელსაც საკითხების განმხილველი სამდივნო ეყოლება. ომბუდსმენი რეკომენდაციებს მოამზადებს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათშორის, კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე; ასევე მონაწილეობას მიიღებს საჯარო განხილვებში და დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს გაუწევს.

    გარემოსდაცვითი ომბუდსმენის წარდგენას ბოტანიკურ ბაღში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და გარემოს დაცვის სფეროს ექსპერტები დაესწრნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური