ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 მაისი 2019 13:18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. მისიას ხელმძღვანელობს მერსედეს ვერა-მარტინი. 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და აკაკი საღირაშვილი, აგრეთვე ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო. 

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე საქართველოს საგარეო გამოწვევები რეგიონში არსებული რეცესიის ფონზე. 

განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება 2019 წლის მარტში ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩვენებელზე, რომელმაც 6 პროცენტი შეადგინა. სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული მაჩვენებელი და იმედი გამოთქვეს, რომ მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმების კურსი უზრუნველყოფს ქვეყნის ინკლუზიურ ზრდას.  

შეხვედრაზე პოზიტიურად აღინიშნა საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები,  ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების რეფორმა, რომლის შედეგადაც აღნიშნულ სექტორში დამატებითი საბაზრო მექანიზმები დაინერგება.

წაკითხულია 172 ჯერ

Related items

  • ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა

    შეხვედრაზე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ლიდერს თბილი მიღებისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აზერბაიჯანი იჩენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების კუთხით. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საიმედო მეზობელია, ამდენად, საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს ორმხრივი ურთიერთობების შემდეგომ განვითარებას. 

    შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, რომელიც აუცილებელია ქვეყნების სრულფასოვანი განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო - ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციისთვის. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობას, ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის პოპულარიზებას საერთაშორისო დონეზე და ამ მხრივ, ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებას. 

    შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალ ხარისხზე. კერძოდ, აზერბაიჯანი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილზეა 9%-იანი წილით, ასევე 2018 წლის მონაცემებით, უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა 19%-იანი წილით. ასევე ხაზი გაესვა წარმატებულ თანამშრომლობას ტურიზმის სექტორში. შარშან საქართველოში აზერბაიჯანიდან ვიზიტორების ზრდამ 9 პროცენტი შეადგინა და ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი ლიდერია. 

    ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს დაგეგმილ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც წელს მესამედ ჩატარდება და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი მაღალი დონით იქნება წარმოდგენილი აღნიშნულ ღონისძიებაზე. 

  • ნათია თურნავამ და შეიხმა მოჰამედ ბინ ხალიფა ალ ხალიფამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია RPM W.L.L. ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და შეიხმა მოჰამედ ბინ ხალიფა ალ ხალიფამ მოაწერეს.  

    მემორანდუმის თანახმად, კომპანია RPM W.L.L. დაინტერესებულია საქართველოში განახორციელოს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტები ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის ენერგეტიკაში, მრეწველობაში, ნავთობისა და გაზის გადამუშავებასა და სხვ. კომპანიამ ასევე გამოხატა  ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და ოპერირების ინტერესი.  

    მემორანდუმის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების შესასრულებლად.

  • საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 285 მლნ დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა

    საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი, 285 მლნ დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა - ახალი პროგრამის მნიშვნელობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სავალუტო ფონდის პროგრამა სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას. მთავრობის მეთაურმა გაწეული სამუშაოსთვის ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა.

    „ეს არის ძალიან მძიმე, ინტენსიური მუშაობის შედეგი, რომელიც ფინანსთა მინისტრმა გასწია ეკონომიკურ გუნდთან ერთად. ფინანსთა სამინისტრომ ბევრი იმუშავა ამ მიმართულებით. ეს პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი ყველა იმ რეფორმის განსახორციელებლად, რომლებსაც ჩვენ ვაანონსებთ და ვახორციელებთ 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, განსაკუთრებით, სივრცითი მოწყობის მიმართულებით. პროგრამის დამტკიცება უკვე ნიშნავს, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში ყველა დაანონსებული გეგმის განსახორციელებლად, საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციების მხრიდან ანთებული გვაქვს მწვანე შუქი. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი განხორციელდება და იქცევა რეალობად. ეს გულისხმობს იმასაც, რომ ფისკალური დისციპლინა და ქვეყნის ფინანსების მართვა უნდა იყოს სათანადო დონეზე. ასევე მინდა აღვნიშნო ეროვნული ბანკის კარგი, კოორდინირებული მუშაობა ამ მიმართულებით. ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა სახეზეა, როგორც მაკროეკონომიკურ, ისე მიკრო დონეზეც. ჩვენი ვალია, რომ ეს დინამიკა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავააქტიუროთ. სავალუტო ფონდის პროგრამის დამტკიცება არის ძალიან პოზიტიური სიგნალი ყველა იმ ინვესტორისთვის, რომელიც საქართველოს მიმართულებით მუშაობს," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

  • ​საერთაშორისო სავალუტო ფონდის მზაობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის
    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ, სამწლიან გეგმას, საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას, ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, საპენსიო რეფორმას და კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებს. „ვისაუბრეთ ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის საქართველოს ფისკალური პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა. სოფლის მეურნეობის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი, რასაც მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს. იგეგმება მიწის რეგისტრაციის უფრო გააქტიურება, თუმცა მივიჩნევთ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ამ ქვეყანაში უფრო სწრაფი და დინამიური რომ იყოს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკანონმდებლო ინიციატივების უფრო აქტიურ იმპლემენტაციას. ასევე ვისაუბრეთ საპენსიო რეფორმაზე, კაპიტალის ბაზრის შექმნაზე. მივიჩნევთ, რომ ბიზნესს კომერციული ბანკებიდან სესხის აღების გარდა, უნდა ჰქონდეს წვდომა ასევე, კაპიტალის ბაზართან, დამატებითი რესურსის მოსაძიებლად. მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები. რადგან ქვეყნის პრეზიდენტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უმუშევრობის დონის შემცირებას და დასაქმების ზრდას, მიიჩნევს რომ მცირე და საშუალო ბიზნესი საჭიროებს ხელშეწყობას. ეს საკითხი იყო კრიტიკულად განხილვის თემა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოთქვამს მზადყოფნას, იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის ქვეყნის ეკონომიკის ზრდის გეგმა, სავალუტო ფონდის მიხედვით, დაახლოებით 3-3,5 %-ია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს რეალურია, თუმცა მნიშვნელოვანია ამ ყველაფერთან თანხვედრაში იყოს როგორც ფისკალური, ისე მონეტარული პოლიტიკა“, - განაცხადა მაია მელიქიძემ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე.
  • დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

    პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს რიჩარდ დორნბოშს შეხვდა, რომელიც საქართველოს აღნიშნულ რანგში პირველად ეწვია. 

    შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, აგრეთვე განხორციელებულ და მიმდინარე ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე. 

    მხარეები შეთანხმდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული რეფორმების იმპლემენტაცია იმისათვის, რომ ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. 

    საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ დორნბოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური