ირაკლი კობახიძე - ევროსაბჭოს როლი ქართული დემოკრატიის გაძლიერებაში ფასდაუდებელია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 29 აპრილი 2019 19:55

ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ლილიან მორი პასკიე იმყოფება.

ასამბლეის პრეზიდენტმა ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრით დაიწყო. 

საუბრის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები იყო. ხაზგასმით აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ გასული 20 წლის განმავლობაში მიაღწია.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლისა და საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილეს.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასული 20 წლის განმავლობაში ევროპის საბჭოს როლი ქართული დემოკრატიის განვითარებაში ფასდაუდებელია.

„ევროპის საბჭოსთან, კონკრეტულად, საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ თანამშრომლობას შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციაში, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განმტკიცებაში და ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის როლი, რომელსაც ასრულებს ევროპის საბჭო და საპარლამენტო ასამბლეა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით. მინდა პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ევროპის საბჭოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, პრეზიდენტს წლების მანძილზე საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. ეს გვაძლევს მოტივაციას იმისა, რომ შემდგომშიც აქტიურად განვაგრძოთ იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც გააძლიერებს ჩვენს დემოკრატიას და გააძლიერებს ჩვენს სახელმწიფოს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებით, გასული 20 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით, მნიშნელოვანი პროგრესი განიცადა.

„განვლილი 20 წლის განმავლობაში საქართველომ მოახდინა ჭეშმარიტად ევროპული მისწრაფებების დემონსტრირება და დემოკრატიული რეფორმების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ეს რეფორმები არის ინსტიტუტების, ქართველი ექსპერტების და ევროპის საბჭოს კონტრიბუციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. ასამბლეა მზადაა გააგრძელოს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა როგორც შიდა რეფორმების მიმართულებით, ისევე, როგორც უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ამ კონტექსტში, ასამბლეა სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გააგრძელებს მუშაობას, რათა მოვძებნოთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში კონფლიქტების მოგვარებისა და ხალხთაშორის კონტაქტის გზები“, - განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

 

წაკითხულია 568 ჯერ

Related items

  • ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება განსაზღვრავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე რუსეთის პასუხისმგებლობას

    2021 წლის 12 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში მიღებულ იქნა მორიგი, მერვე გადაწყვეტილება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
    მათი მონაცემებით, მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე რუსეთის პასუხისმგებლობას, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე. წინა გადაწყვეტილებების მსგავსად, მიღებული დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს.
    აღსანიშნავია, რომ წლევანდელ გადაწყვეტილებაში ყურადღებაა გამახვილებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებაზე, რომელიც მიღებულ იქნა 2021 წლის 21 იანვარს საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. მინისტრთა კომიტეტი მიესალმება სასამართლოს განჩინებას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაადასტურა რუსეთის ფედერაციის, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე, კერძოდ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, წამებაში, არასათანადო მოპყრობასა და უკანონო დაკავებაში, ქართველების სახლების ძარცვასა და დაწვაში, ქართველების მიმართ ეთნიკური ნიშნით არაადამიანურ მოპყრობაში, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფაში.
    მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“.
    გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ყოფნა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელ რეგიონში, არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.
    დოკუმენტში მინისტრთა კომიტეტი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს იმ დაუსჯელობის გამო, რაც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებს ახლავს და მოუწოდებს რუსეთს, მოხსნას ყოველგვარი დაბრკოლება რათა დასრულდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველების მკვლელობის საქმეებზე დაუსჯელობა და დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში. ასევე, გადაწყვეტილება ხაზს უსვამს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას დააწესოს შემზღუდავი ზომები ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ.
    მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტში შეშფოთებაა გამოხატული საოკუპაციო ძალების მხრიდან ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების გადაწყვეტილების გამო, რომელიც დაჭრეს დაკავების დროს. მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს ზაზა გახელაძისა და სხვა უკანონო დაკავებულთა დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ.
    ასევე, გადაწყვეტილება მოუწოდებს რუსეთს უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ორგანოების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი შესვლა საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს ადამიანის უფლებათა კომისარს ყურადღებით დააკვირდეს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით და მადლობას უხდის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს ურყევი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.

    გადაწყვეტილების სრული ტექსტი იხილეთ: (დანართი 1.)

    ინგლისური ვერსია - CM Decision on the conflict in Georgia

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკუთარი სურვილით თანამდებობიდან გადადგა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკუთარი სურვილით თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება მან დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

    „მინდა, გაგაცნოთ სიახლე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მე პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებულ იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ როტაცია. ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე.

    ჩემთვის, დიდი პატივი იყო მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტებში თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობა. მადლობას ვუხდი გუნდს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს თანამოქალაქეებს მხარდაჭერისთვის, მოთმინებისთვის და გვედით დგომისთვის. ერთად განვაგრძობთ მუშაობას და ბრძოლას მომავალი წარმატებისთვის და ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ ახალ გამარჯვებებს და უზრუნველვყობთ ქვეყანაში პროგრესს“ , – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით საქართველოს პარლამენტის სპიკერის თანამდებობაზე მმართველი პარტია კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.

     

     

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში შეშფოთებას გამოთქვამენ თბილისში განვითარებული მოვლენების თაობაზე
    ევროსაბჭო - ს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) შეშფოთებას გამოთქვამენ თბილისში განვითარებული მოვლენების თაობაზე. ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
    ”მიუხედავად იმისა, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა, ნაციონალური მოძრაობის ოფისზე პოლიციის შტურმმა და ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებამ არაჯეროვნად გაამწვავა დაძაბულობა ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა”, - განაცხადეს მათ.
    ”საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი ესაჭიროება და არა ესკალაცია და დაპირისპირება”, დასძინა - ორმა თანამომხსენებელმა.
    მათ მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისაგან, რამაც შეიძლება მეტად გაამწვავოს დაძაბულობა. ამასთან, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, რათა მოძებნონ პოლიტიკური და ორმხრივად მისაღები გამოსავალი არსებული კრიზისის მოსაგვარებლად.
     
  • "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ მათთვის გასაგებია საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოს მიმართ გამოთქმული ნეგატიური მოლოდინები
    პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მათთვის გასაგებია საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოს მიმართ გამოთქმული ნეგატიური მოლოდინები. ამის შესახებ ი. კობახიძემ დღეს ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
    მისი თქმით, "დღეს მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორების მთელი რიგი განცხადებები ნიკანორ მელიას დაპატიმრების შესახებ.
    ჩვენთვის გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რამაც პოლიტიკური სისტემა ურთიერთობების დასავლურ სტანდარტებს შეიძლება დააშოროს.
    თუმცა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა სწორედ რომ სახელმწიფოს ღირსების განუხრელ დაცვაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის.
    პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ. პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში.
    ეს დაამტკიცა გასულმა წლებმა, როდესაც პოლიტიკაში კრიმინალის მიმართ სახელმწიფოს ჰუმანურმა და ლოიალურმა დამოკიდებულებამ არათუ შეამცირა, არამედ კიდევ უფრო მეტად გააღრმავა პოლიტიკური პროცესების პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, განაპირობა პოლიტიკური ობსტრუქცია და პარლამენტის საბოტაჟი, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების უამრავი მოწოდების მიუხედავად ახორციელებდა.
    ამ პერიოდში, რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღრმავებით ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ სწორედ ის ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც მხილებული ან ბრალდებული არიან სხვადასხვა მძიმე დანაშაულში - მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარიამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე, გიგი უგულავა და სხვები.
    ევროატლანტიკურ ოჯახში მოქმედებს მარტივი პრინციპი - პოლიტიკოსი, რომელიც ჩადის დანაშაულს - მაგალითად, იჭრება კონსტიტუციური ორგანოების შენობებში, აკოტრებს კერძო ბანკებს ან ტელევიზიებს, ბიუჯეტიდან იპარავს ათეულობით მილიონს და ა.შ. - არ რჩება პოლიტიკაში. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, საქართველოც იმსახურებს ამ სტანდარტს, რომლის დამკვიდრების გარეშე საქართველოში ევროატლანტიკური ხარისხის დემოკრატია ვერასოდეს ჩამოყალიბდება.
    თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკოსის მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიტიკიდან მისი გასვლის უპირობო მიზეზად არ მიიჩნევა. პირიქით, პოლიტიკა დამნაშავეებისთვის თავშესაფრად და ერთგვარ ინდულგენციადაც კი იქცა.
    დღეს საზოგადოების რეაქციიდან ნათლად დადასტურდა, რომ ქართველი ხალხი ევროატლანტიკური ღირებულებების მხარეს დგას და მისთვის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლის უზენაესობაა.
    ქართული საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ სახელმწიფოს ღირსების დაცვა, კანონის აღსრულება და პოლიტიკის დეკრიმინალიზაცია არათუ ხელს არ შეუშლის, არამედ, პირიქით, ხელს შეუწყობს პოლარიზაციის ხარისხის თვისებრივ შემცირებას ჩვენს ქვეყანაში.
    სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციას ვერაფერი შეაფერხებს", - აღნიშნა ი. კობახიძემ.
  • „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა

    „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

    როგორც პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ი. ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო.

    „დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების შესახებ. ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ეკავა, თავდაპირველად, შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო შემდეგ – პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ახლა კი მას ეკავა თავდაცვის მინისტრის პოზიცია. მისი მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები. ის არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია, წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. მინდა, წარმატებები ვუსურვო ირაკლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ გახარიამ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.

    ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდეც იკავებდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური