ვიცე-პრემიერი პეკინში „ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ზონალურ ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 26 აპრილი 2019 12:03

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და  „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში, ვიცე პრემიერი „ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის  თემატურ ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა. 

მაია ცქიტიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას, როგორც მისი მონაწილე ქვეყნებისთვის, ისე - საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ეს არის საუკეთესო ფორმატი აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენებისათვის. 

ვიცე-პრემიერმა ისაუბრა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის მნიშვნელობაზე აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაძლიერების და სამეწარმეო საქმიანობისთვის  ხელსაყრელი გარემოს შექმნის კუთხით. 

„საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივას და აქტიურადაა ჩართული მის განვითარებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც 2015 წლის მარტში პირველებმა მოაწერეს ხელი  „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარების თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ამ ინიციატივას ჩვენ განვიხილავთ ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერების და მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების უპრეცენდენტო მექანიზმად. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის იანვარში  ძალაში შევიდა ჩინეთსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის  შესახებ. მე ვამაყობ, რომ დღეს საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით სარგებლობს როგორც ევროკავშირთან (DCFTA), ისე ჩინეთთან,“-განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

მაია ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს მნიშვნელობაზე რეგიონში. მან აღნიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მდებარეობის, კარგად განვითარებული სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის, ძლიერი გარე სავაჭრო ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო მიისწრაფვის გახდეს უმოკლესი და უსაფრთხო მარშრუტი ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთების მიმოქცევისთვის.  

ვიცე-პრემიერმა მოუწოდა ფორუმის ყველა მონაწილეს 2019 წლის ოქტომბერში დაესწრონ აბრეშუმის დიდი გზის მესამე ფორუმს თბილისში. მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხარეს და განსაკუთრებით, სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს მოწვევისა და მასპინძლობისთის.

„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა.  მისი მიზანია ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ერთობლივ განვითარებას. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას სამი წლის მანძილზე 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი და ჩაერთო მასში. საქართველო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. 

წაკითხულია 184 ჯერ

Related items

  • აზიური ბაზარი არის უსაზღვრო პოტენციალის მქონე მზარდი ბაზარი - ქ. კიკილაშვილი

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი ქეთევან კიკილაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა ოცდღიან პროექტზე Belt and Road Science and Technology International Workshop

    “2019 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენად ვაღიარებ მაღალტექნოლოგიურ ჩინეთს. სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკები, ინოვაციების მდგრადი ეკოსისტემა, სახელმწიფოს მიმზიდველი საინკუბაციო პოლიტიკა, აქსელერატორების საერთაშორისო წარმატება, unicorn startups (მილიარდ დოლარად შეფასებული სტარტაპები) და ტექნოლოგიების ტრანსფერი არის ის მიმართულება, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების ჰაბისთვის. ჩვენს სტუდენტებს ელის აღმოჩენებით სავსე და საინტერესო სასწავლო 2019-2020 წელი, აზიური ბაზარი არის უსაზღვრო პოტენციალის მქონე მზარდი ბაზარი.
    ვიზიტის ფარგლებში, მივაღწიეთ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 90 აქსელერატორთან, პეკინის ტექნოპარკთან “Z Park”. ასევე, დაფინანსების წყაროებზე წვდომასა და აზიურ ბაზრებზე ქართული სტარტაპების კონკურენტუნარიან პოზიციების დამყარებისთვის საჭირო სხვადასხვა შეთანხმებებს: - ქეთევან კიკილაშვილი

  • თბილისში სტუმრად იმყოფებოდა ჩინეთის დელეგაცია შანსის პროვინციიდან

    2019 წლის 16 აგვისტოს ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ინიციატივის „ერთი გზა-ერთი სარტყელის“ ფარგლებში, თბილისს ესტუმრა ჩინეთის დელეგაცია შანსის პროვინციიდან.

    დელეგაციის წევრებმა, რომელთა შემადგენლობაში იყვნენ ჩინეთის ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები, „მშრალ ხიდზე“ ცოცხალი პერფორმარსი გამართა.

    მათ ქართველ დამთვალიერებელს აჩვენეს უნიკალური ჩინური ხელოვნების ნიმუშები და კულტურული მნიშვნელობის მქონე სხვადასხვა სახის ნითები და ნაკეთობები.

     

  • არჩილ თალაკვაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, ლი იანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

    მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

    აღინიშნა, რომ პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისო ურთიერთობები ის მიმართულებებია, რაზეც საქართველო და ჩინეთი შემდგომშიც აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას.

    საუბარი, ასევე, შეეხო აბრეშუმის გზის პროექტს - „ერთი გზა-ერთი სარტყელი“.

    არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციის და ინფრასტრუქტურის განახლების მხრივ საქართველო ამ მისიისთვის მზად არის.

    საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს სატრანზიტო და საინვესტიციო შესაძლებლობებს.

    შეხვედრისას ყურადღება საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას დაეთმო.

    ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჩინეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაუდასტურა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი განუხრელად სცემს პატივს ქართველი ერის მიერ არჩეულ განვითარების გზას. თავის მხრივ, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას.

    პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

    შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ დანელია ესწრებოდა.

  • სტუდენტური დასაქმების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროში

    შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტური დასაქმების მეორე ფორუმი გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა.

    ,,სიმბოლურია, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რადგან ჩვენი ახალი მიდგომით, სწორედ ეს არის კარი, რომელიც უნდა შეაღო, თუ გინდა, რომ სისტემაში მოხვდე. ჩვენ გათვლას ღია კონკურსზე ვაკეთებთ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა, მოტივირებული კადრები მოვიზიდოთ. ეს დასაქმების ფორუმიც გვინდა, რომ ტრადიციად იქცეს და თბილისის ფარგლებს გასცდეს. შემოდგომაზე უკვე დასავლეთ საქართველოს მოვიცავთ. გვინდა, მეტად მივაწოდოთ ახალგაზრდებს ხმა, თუ დასაქმების რა შესაძლებლობები არსებობს ჩვენთან. დღევანდელ ფორუმზე წარმოდგენილი გვაქვს როგორც საპოლიციო, ისე არასაპოლიციო პოზიციები, რეალური ვაკანსიები, სტაჟირებები და ეს სტაჟირებაც, რეალურად, არის გზა, რომ შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხვდეთ. იურისტებს, ალბათ, განსაკუთრებულად დააინტერესებთ გამომძიებლის სტაჟირების პროგრამა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დავნერგეთ და აღსანიშნავია, რომ ეს სტაჟირება ანაზღაურებადია. ასე რომ, ეს არის რეალური ვაკანსიები მათთვის, ვისაც ჩვენს სისტემაში უნდა მუშაობა", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ნინო ჯავახაძემ.

    ფორუმის მონაწილე სტუდენტებს სიტყვით ასევე მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგენიძემ.

    საქართველოს უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე ჩატარდა. სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ახალგაზრდებს 400-მდე აქტიური ვაკანსია და სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს. 
    ფორუმის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ 17 უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტთა მიერ სამუშაო პრაქტიკის გავლის საკითხებს მოიცავს.

    დასაქმების ფორუმზე სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა სამინისტროს საქმიანობის, სტუდენტთა სტაჟირების პოზიციების და მათ მიერ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. მოეწყო თემატური პავილიონიც, სადაც სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფმა თავისი საქმიანობისთვის დამახასიათებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გამოფინა.

    სტუდენტური დასაქმების ფორუმის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ახალგაზრდა, მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ფორუმი პირველად 2016 წელს ჩაატარა, რის შედეგადაც დასაქმებული სტუდენტები სამინისტროში დღესაც მუშაობენ.

  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

    საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ლი იანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

    რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, განხილულ იქნა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. ყურადღება გამახვილდა თანამშროლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. მხარეებმა იმსჯელეს „სარტყელისა და გზის“ ინიციატივაში (Belt and Road Initiative) საქართველოს ჩართულობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქმიანობის კოორდინაციას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ მამუკა ბახტაძის 2019 წლის 1 ივლისს გამართული ვიზიტი ჩინეთის ქალაქ დალიანში, სადაც, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) ფარგლებში, შედგა მისი ორმხრივი შეხვედრა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან, ბატონ ლი კეციანთან.

    მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთის სახელმწიფო მრჩევლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის მაისში გამართულ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და მის მნიშვნელობას.

    ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ არ დაიშურებს ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. მან ასევე დაადასტურა ჩინეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დავით ზალკალიანმა კი, თავის მხრივ, „ერთი ჩინეთის პრინციპისადმი“ (One China Principle) ჩვენი ქვეყნის ერთგულებას გაუსვა ხაზი.

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის ელჩს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური