საქართველოს სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 აპრილი 2019 17:06

24-25 აპრილს საქართველოს სერბეთის  რესპუბლიკის  პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი, ივიცა დაჩიჩი ეწვევა. 

ვიზიტის ფარგლებში სერბ კოლეგასთან შეხვედრას გამართავს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი,  რა დროსაც  მინისტრები ხელს მოაწერენ ერთობლივ დეკლარაციას. ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოწერება  ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სერბეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსა შორის  ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.  

სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრებს გამართავს   საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან.

წაკითხულია 227 ჯერ

Related items

  • საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შვედეთის სამეფოში

    მინისტრი დავით ზალკალიანი შვედეთის სამეფოს ვიზიტით ეწვევა.  ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს  აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებულ სტოკჰოლმის მინისტერიალში, რომელიც შვედეთის მხარის ინიციატივით იმართება.
     
    მინისტერიალში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგრეო საქმეთა მინისტრები, ასევე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე, ევროპული კომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი კრისტიან დანიელსონი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარჩინ ფშიდაჩი იღებენ მონაწილეობას.
     
    შვედეთის სამეფოში ვიზიტის დროს, მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ენ ლინდესთან; ევროკავშირის საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივანთან პაულა კარვალო ოლოვსონთან; იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრთან მორგან იოჰანსონთან და თავდაცვის მინისტრთან, პიტერ ჰალთქვისტთან. ასევე დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან.

    აღსანიშნავია, რომ 8 წლიანი პაუზის შემდეგ, ეს არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი შვედეთის სამეფოში. 

  • ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი განცხადება

    2019 წლის 21 ოქტომბერს ლონდონში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ეგიდით, გაიმართა ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქრისტოფერ პინჩერისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა.

    მინისტრთა შეხვედრას წინ უძღოდა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. შეთანხმება ხაზს უსვამს ორმხრივი ურთიერთობების ღრმა და ყოვლისმომცველ ხასიათს. იგი ქმნის საფუძველს სამომავლოდ საგარეო, პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფართო თანამშრომლობის მეტად გაღრმავებისთვის. შეთანხმება, ასევე, უზრუნველყოფს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს მიერ ერთმანეთის ბაზრებზე ყოვლისმომცველ წვდომას და გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას.

    მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საერთო ისტორიის, მჭიდრო და დინამიური ორმხრივი კავშირების, ასევე საერთაშორისო საკითხებზე აქტიური პარტნიორობის მნიშვნელობას. გაერთიანებულმა სამეფომ, თავის მხრივ, აღიარა საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების, მათ შორის, ნატოს წევრობის კუთხით. მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნასა და საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

    გაერთიანებულმა სამეფომ, თავის მხრივ, დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების მტკიცე პოლიტიკის განხორციელების მიმართ პრინციპული მხარდაჭერა. ბრიტანულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობას, ასევე კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის აუცილებლობას.  

    მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, რისი ნათელი დადასტურებაც არის მიმდინარე წლის შემოდგომაზე,  გაერთიანებული სამეფოს სეზონის გამართვა საქართველოში. სეზონი ასახავს თანამედროვე, მრავალფეროვანი და გლობალური ბრიტანეთის საუკეთესო მიღწევებს, მათ შორის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ბიზნესის სფეროში. ორივე მხარე მიესალმა 2020 წელს, გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოს სეზონის გამართვას, რომელიც წარმოაჩენს ქვეყნის მდიდარ კულტურულ ტრადიციებსა და მის თანამედროვე შემოქმედებით პოტენციალს.

    მინისტრთა შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ უორდროპის სტრატეგიული დიალოგისა და მისი განგრძობადობის მნიშვნელობაზე, ვინაიდან აღნიშნული ფორუმი ემსახურება ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შემდგომ განვითარებას. მინისტრები მიესალმნენ უორდროპის დიალოგის მე-6 რაუნდის 2020 წელს, ლონდონში გამართვას.

  • საქართველოსა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო რივას პალასიოსმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და პარაგვაის ორდინალური პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ.

    როგორც მინისტრებმა აღნიშნეს შეთანხმება ხელს შეუწყობს როგორც ხალხთაშორისი კონტაქტების, ასევე ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას.  მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-პარაგვაის ორმხრივი ურთიერთობები და ასევე ქვეყნების თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა დაინტერესება,  კიდევ უფრო გაძლიერდეს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა იმ დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც ორივე ქვეყანას გააჩნია ამ მიმართულებით.

    მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას და ყველა მიმართულებით კომუნიკაციის გააქტიურებას.

  • საფრანგეთის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან დიეგო კოლასთან, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. 
    დავით ზალკალიანმა ფრანგ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებისა და „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალს.
    მინისტრმა ზოგადად მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების პროცესი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარება. მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.
    საფრანგეთის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა და გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ფრანგული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი, აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ფრანგმა დიპლომატმა აგრეთვე კმაყოფილება გამოხატა სექტორულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს ორი ქვეყნის უწყებებს შორის. ამის გარდა, ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გააქტიურდება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები.
    შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

  • ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია დავით ზალკალიანმა შემაჯამებელი სიტყვით დახურა

    საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად შემაჯამებელი სიტყვით დახურა.

    მან მადლობა გადაუხადა როგორც სესიების მომხსენებლებს და მოდერატორებს, ასევე კონფერენციის მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის. მინისტრის თქმით, ბოლო ორი დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო, განსაკუთრებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განვითარებასთან დაკავშირებით იდეების გაცვლის კუთხით. დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო შეიმუშავებს ხედვას იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 2020 წლის შემდეგ, რომელშიც მაქსიმალურად იქნება ასახული კონფერენციის ფარგლებში გაჟღერებული იდეები და ინიციატივები.
     
    ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ 11-12 ივლისს გაიმართა. წლევანდელი კონფერენცია უპრეცედენტო მასშტაბით გამოირჩეოდა, რადგან ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი და მაღალი დონის პირებმა, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური