პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 22 აპრილი 2019 10:03

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით დილის რვა საათიდან მობილიზებული იყო კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი.

ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციას, დაუშინა ჯოხები და ქვები, რის შემდეგაც მოხდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება. ადგილზე მყოფი მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს. დაზიანდა პოლიციის ტექნიკა, დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეები.

ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. 23 პოლიციელი თელავის საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება.

წაკითხულია 137 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მახათას მთაზე მდებარე ეკლესიის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, 12 მაისს, დილის 07:00 საათიდან, მახათას მთისკენ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და იქნება ცალმხრივად “წრიული” შემდეგი მიმართულებით: ყველა სახის ამსვლელი ტრანსპორტისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ ვაზისუბნის 2-მ/კ რაიონის მხრიდან, მახათის აღმართის გავლით, ხუდადოვის და ცაიშის ქუჩების მიმართულებით.

    ასევე ტრანსპორტს შეეძლება ცალმხრივად მხოლოდ ამსვლელი მიმართულებით იმოძრაონ შემდეგი ქუჩებით: ავლაბრის მოედანი, გუმბრის ქუჩა, საინგილოს ქუჩა, ნიაბის ქუჩის გავლით მახათის მთაზე.

    საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: მეტროსადგურ "ვარკეთილი", ვაზისუბნის 2-მ/რ, მახათას აღმართი, ხუდადოვის ქუჩა, თბილისის ზღვა, ჰუალინგის მიმართულებით. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - ავლაბრის მოედანი, ვარკეთილი, ვაზისუბანი 2-მ/რ, მახათას აღმართი, ცაიშის ქუჩის გავლით, საბჭოს მოედნის მიმართულებით.

    აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით საგზაო მოძრაობას საპატრულო პოლიცია დაარეგულირებს.

  • გიორგი გახარია საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს მასპინძლობს

    საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტოფ კასტანერს უმასპინძლა.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის შორის საპოლიციო და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. საფრანგეთთან საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერებას საფუძვლად დაედო, ერთი წლის წინ, გიორგი გახარიას შეხვედრა ქალაქ პარიზში, ფრანგ კოლეგასთან - ჟერარ კოლომბთან.

    აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთი მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს საქართველოს.

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ადმინისტრაციულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

    ასევე, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე საკითხების განსახილველად, თვეში ერთხელ, მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგება.

    შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ საპოლიციო თანამშრომლობაზე, რომელიც წარმატებით ხორციელდება ორივე მხარის პოლიციის ატაშეების ჩართულობით, ერთობლივი ოპერაციების განხორციელების, დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში გაცვლისა და სამუშაო ვიზიტების მეშვეობით.

    ასევე, მინისტრებმა განიხილეს საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

    გიორგი გახარიამ ფრანგ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. კრისტოფ კასტანერმა დადებითად შეაფასა ფრონტექსსა და ევროპოლთან არსებული თანამშრომლობა და საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება.

    მხარეებმა ორი ქვეყნის საპოლიციო სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამომავლო გეგმები დასახეს.

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოავლინა

    შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ ბრძოლას ნარკოდანაშაულთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის წინაშე მდგარ ისეთ გლობალურ გამოწვევასთან, როგორიც ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღებაა.

    2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე სამინისტრომ ნარკოდანაშაულისათვის პასუხისგებაში მისცა 676 პირი.

    პოლიციამ საქართველოში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის კიდევ ერთი მასშტაბური სქემა გამოავლინა. დაკავებულია 7 პირი.

    აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა შორის, 4 ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და 2 შვილი. 7-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. კერძოდ, ისინი ინტერნეტით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას.

    სამართალდამცველების მიერ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფისგან ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. შვიდივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

    აღნიშნული ორგანიზებული ჯგუფი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით დააკავეს.

    რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა ინტერნეტ-პლატფორმა ,"მატანგაზე" დაარეგისტრირეს მაღაზია, სახელით - "MEGASHOP", რომლის მეშვეობითაც ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. კერძოდ, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით ნარკოტიკული საშუალების შემძენ პირებს უგზავნიდნენ, თანხა ვებგვერდ ,,მატანგას’’ ანგარიშზე ერიცხებოდათ.

    სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. სულ ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება და აბები: „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „ამფეტამინი“ და "კოკაინი". გარდა ამისა, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ავტომანქანები, დიდი ოდენობით თანხა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც ისინინარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახდენდნენ. პოლიციამ, ბრალდებულების მითითებით, თბილისში სხვადასხვა ადგილიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

    გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

    აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ამოღებულია: 13 კილოგრამი "ჰეროინი", 1530 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 2400 აბი "ექსტაზი", 5 კილოგრამზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 400 გრამი კოკაინი და 350 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

    სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულისათვის პასუხისგებაში მიცემულ 676 პირს შორის - 55 ნარკორეალიზატორია.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ რიკოთის გვირაბში, მიმდინარე წლის 7-9 მაისს, გვირაბის სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმებისა და შესწავლის სამუშაოებთან დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

     კერძოდ: • 7 მაისის 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე;
     
    • 8 მაისის 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე;
     
    • 9 მაისს 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.
     
    რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე.
  • გიორგი გახარია პანკისის ხეობაში გაემგზავრა

    შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში გაემგზავრა, სადაც მორიგი დაპირისპირებაა.

    თელავის სამხარეო პოლიციაში მიმდინარე შეხვედრა აქციის მონაწილეებმა დატოვეს. სოფელ ბირკიანის მოსახლეობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებს სპეცდანიშნულების რაზმი დაუპირისპირდა.

    პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მორიგი დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები.

    აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმს ქვებს და ჯოხებს უშენენ, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენ გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

    წყარო: 1tv.ge

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური