პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019 13:11

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის დელეგაციამ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ყურადღება გამახვილდა ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც, პრემიერის შეფასებით, ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ის მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობას. ამ კონტექსტში განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები და ამ კუთხით მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობა, რაც ამერიკულ კომპანიების ინტერესის ზრდას და ორმხრივი ვაჭრობის წახალისებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომლის შედეგადაც საქართველო საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავიდა და პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულება გაიზარდა. ხაზი გაესვა ასევე საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით მიღწეულ პროგრესს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის საუბარი შეეხო მართლმსაჯულებისა და განათლების სისტემის რეფორმას.  

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და გამოწვევები. პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს გააცნო მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები  მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დელეგაცია დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტიდან კონგრესმენ დევიდ პრაისის ხელმძღვანელობით, თბილისს 15 აპრილს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან - თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ვერნ ბიუქენანი, კონგრესის წევრი დინა ტიტუსი, კონგრესმენი მაიკლ კონევეი, კონგრესმენი ჯერი კონოლი, კონგრესმენი ადრიან სმიტი, კონგრესის წევრი ბარბარა ლი და კონგრესის წევრი ტერი სიუელი.

წაკითხულია 123 ჯერ

Related items

  • "2022 წლისთვის საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა"

    რეგიონული განვითარების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოში სიღარიბის დაძლევა, აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ უფრო ამბიციური ამოცანები უნდა დავსახოთ ამ მიმართულებაში და დარწმუნებული ვარ, წლის მეორე ნახევარი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, 2019 წლისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 20 პროცენტით გაიზარდა, რაც 2019 ყველაზე დიდი მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

    „ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს და შესაბამისად, რეგიონული განვითარება არის ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. 6 თვის წინ, ჩვენ, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, წარმოგიდგინეთ ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც გვაქვს 2019 წლისთვის.  კარგად გვესმოდა, რომ ამ მიზნის მიღწევა დაკავშირებული იქნებოდა ბევრ გამოწვევასთან. გასული წლის ზაფხულში, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარმადგინეს, რამდენიმე მიმართულებას გავუსვით ხაზი, სადაც მნიშვნელოვან ცვლილებებს ვგეგმავდით. პირველი იყო რეგიონული მმართველობის სტრუქტურა, რომელშიც გვქონდა ხარვეზები. იყო პრობლემები, რომელიც აისახებოდა განხორციელებული და გამოყოფილი ინვესტიციების აუთვისებლობაში. ჩვენ ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ. შევცვალეთ რეგიონული მართვის სტრუქტურა, ბევრი პროცედურა და დღეს უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის ინფრასტრუქტურაში 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიცია განახორციელა.

    „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20 პროცენტით მეტი ბიუჯეტი მივეცით და 6 თვის მონაცემებით, ის 100 პროცენტით ასრულებს ამ დავალებას. რეგიონული განვითარება ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიმართულებაა. ჩვენთვის აუცილებელია, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ამის გაკეთება კი შესაძლებელია მხოლოდ რეგიონების თანაბარი განვითარებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს და მის გუნდს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

    „ეროვნული მნიშვნელობის პროექტების გარდა რეგიონებში ჯერ კიდევ განსახორციელებელია ისეთი ტიპის პროექტები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ეს არის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ინფრასტრუქტურული პროგრამები, რომელიც უკავშირდება წყლის მიწოდების სისტემებს, სპორტული და განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. 2022 წლის ჩათვლით, საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და როგორც შედეგი, ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის წარადგინა მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა.

    ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

  • დავით ზალკალიანი ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლების საკითხებში მინისტერიალის მონაწილეებს მიმართავს

    ვაშინგტონი-  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეს მიწვევით ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მონაწილეობს. 

    საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს, როგორც   სხვადასხვა კულტურათა და რელიგიის  ისტორიულ დამაკავშირებელზე და შემწყნარებლობის ტრადიციაზე. 
     
    დავით ზალკალიანი საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ვითარებაზე, მათ შორის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის, რელიგიური ხასიათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებისა და ხელყოფის ფაქტებზე. 
     
    მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვერებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ფილიპ რიკერთან, რა დროსაც განხილული იქნება საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, მათ შორის უსაფრთხობის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.    

  • მამუკა ბახტაძე - საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების განვითარების სტრატეგია ახალ დონეზე აიყვანს მთის განვითარებას საქართველოში

    საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების განვითარების სტრატეგია ახალ დონეზე აიყვანს მთის განვითარებას საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    პრემიერის თქმით, 5 წლის წინ ხელისუფლებამ საქართველოს მთის განვითარება პრიორიტეტად დაისახა და მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ". მთავრობის მეთაურმა ისაუბრა აღნიშნული კანონის მიღების შედეგად მიღწეულ შედეგებზე.

    „შეიქმნა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი, რომლის ბიუჯეტმა 2016-2019 წლებში 86 მილიონი ლარი შეადგინა. ეს თანხა 4 წლის განმავლობაში მოხმარდა ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობის  და სხვადასხვა სოციალური პროექტების დაფინანსებას. კანონის ამოქმედებიდან დღემდე სოციალური პროგრამების ფარგლებში, გაიცა დაახლოებით 185 მილიონი ლარი. აქედან, შვილის დაბადებისას ფულადი დახმარების სახით 15 ათასამდე ბენეფიციარზე გაიცა 23 მილიონ ლარზე მეტი, საპენსიო დანამატები გაიცა 82 მილიონი ლარის ოდენობით. სოციალური პაკეტზე დანამატის სახით გაიცა 11 მილიონ ლარამდე, სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის სახით გაიცა 12 მილიონ ლარზე მეტი, ელექტრო ენერგია დაახლოებით 20 მილიონი ლარით აუნაზღაურდა 90 ათასამდე ბენეფიციარს, მასწავლებლებზე და მწვრთნელებზე დანამატის სახით გაიცა 34 მილიონ ლარი. კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით უკვე ისარგებლა 300-ზე მეტმა საწარმომ და 20,000-ზე მეტმა ფიზიკურმა პირმა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს იყო პირველი ნაბიჯი და შემდგომი ეტაპისთვის მთავრობამ  პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა მთის განვითარების ახალი სტრატეგია 2019-2023 წლებისთვის, რომელიც კიდევ უფრო ამბიციურია.

    „ეს არის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც ახალ დონეზე აიყვანს მთის განვითარებას საქართველოში. ამ ხედვის მისაღწევად აუცილებელია მაღალმთიანი რეგიონებში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სამეწარმეო საქმიანობის განვითარება, დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა, კიდევ უფრო მასშტაბური პროექტებით. ჯანდაცვის და სხვა ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება, ინოვაციური სისტემების დანერგვა, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და სხვა. ეს გახლავთ გაცხადებული მიზნები, თითოეული ამ მიზნის უკან არის სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს გაზრდილ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, კერძოდ, კერძოდ, სასწრაფო დახმარების შენობების, ამბულატორიების, საბავშვო ბაღების, სკოლების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა, ინტერნეტიზაცია და სხვა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტრატეგიის შექმნაში აქტიური როლი ითამაშა გაეროს განვითარების პროგრამამ  (UNDP).

    „დღეს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1,700-ზე მეტ დასახლებას და თითქმის 250 000 პირი სარგებლობს მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მთის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის  განხორციელების შემდეგ 300 ათასზე მეტი მთის მცხოვრებისთვის შეიცვლება რეალობა უკეთესობისკენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ყველას კარგ შედეგებს მოგვიტანს და  ჩვენ ყველა ერთად შევაფასებთ ერთად გაწეულ სამუშაოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • პრემიერ-მინისტრის განცხადება

    ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა რუსთავი 2-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.

    დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად.

    ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან, აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

  • ნოდარ თათვიძე ახალგაზრდულ საკითხებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს ეხმაურება

    საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელი ნოდარ თათვიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართავს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ახალგაზრდული საბჭოს შექმნას. ის მიესალმება მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას ახალგაზრდულ საბჭოსთან დაკავშირებით და ღიად უცხადებს მხადაჭერას აღნიშნულ საკითხში. საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელი აღნიშნავს იმასაც, რომ პრემიერმა ახალგაზრდული საბჭოს შექმნის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის საკითხები, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი და აქტიური ახალგაზრდაა, რომლებსაც დროთა განმავლობაში არ მიეცათ პოლიტიკური განვითარების საშუალება და აუცილებელია ამ ახალგაზრდების გაერთიანება იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც დღეს პოლიტიკურად წარმატებულები არიან. ნოდარ თათვიძე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგას 2011 წლიდან ხელმძღვანელობს. ორგანიზაციამ 4000-ზე მეტი წევრი გააერთიანა და 700-ზე მეტი საპატიო მეგობარი (მსახიობები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ახალგაზრდები და სხვა). საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგას ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდასთან ერთად სხვადასხვა ახალგაზრდულ საკითხებზე, არაერთი კარგი პროექტი აქვს განხორციელებული. შესაბამისად საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელმა, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა აღმოაჩინა მთელი ამ დროის განმავლობაში და სწორედ ამ მიზეზის გამო საუბრობს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რომ ხელი არ შეეწყო ნიჭიერ ახალგაზრდებს. ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ დღეს ახალგაზრდულ ცხოვრებას სჭირდება უფრო მეტად განვითარება და გაჯანსაღება. ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ახალგაზრდული ცხოვრების განვითარება უნდა იყოს მთავარი მიზანი. ნოდარ თათვიძე სწორედ ამის გამო მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და უცხადებს სრულ თანადგომას.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა 2011 წელს ჩამოაყალიბა ნოდარ თათვიძემ და მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად ხელმძღვანელობს. მისი პრეზიდენტობის პერიოდში არაერთი სასიკეთო პროექტი განხორციელებულა. ნოდარი დღეს საჯარო მმართველობის დოქტორანტია და დღესაც აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდებთან ურთიერთობას. საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა დღეს-დღეობით მთელი საქართველოს მაშტაბით აერთიანებს 4000-ზე მეტ წევრს და 700-ზე მეტ საპატიო მეგობარს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური