თავდაცვის მინისტრი ASDA 2019-ზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 12 აპრილი 2019 14:56

ხორვატიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქალაქ სპლიტში ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის მე-5 გამოფენას - ASDA 2019 დაესწრო. ლევან იზორიამ პირველ მოადგილესთან ლელა ჩიქოვანთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის კომპანიების მიერ წარმოებული სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო თავდაცვითი, უსაფრთხოებისა და  კიბერუსაფრთხოების საშუალებები დაათვალიერა და მათ შესაძლებლობებს კომპანიის წარმომადგენლებისგან უშუალოდ გაეცნო. 

ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის მე-5 გამოფენა ქალაქ სპლიტში, ლორას საზღვაო ბაზასთან მდებარე სივრცემ - Spaladium Arena უმაპისპინძლა. წელს გამოფენაზე მსოფლიოს 25 ქვეყნის 159 კომპანია იყო წარმოდგენილი. ASDA 2019-ზე დასასწრებად ქალაქ სპლიტს სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის მინისტრები, საჰაერო და საზღვაო ძალების სამხედრო მაღალჩინოსნები, პოლიციის, ჯანდაცვისა და სამაშველო ქვედანაყოფების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

წაკითხულია 68 ჯერ

Related items

  • თავდაცვის მინისტრის შეხვედრა შვეიცარიის ელჩთან

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ლევან იზორიამ პატრიკ ფრანცენს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

    მინისტრმა შვეიცარიელ დიპლომატს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო. შეხვედრაზე სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობისა და კურსების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელსაც შვეიცარია ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალო პერსონალს სთავაზობს. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასთან (dibs) შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (dcaf) მჭიდრო თანამშრომლობაც ხაზგასმით აღნიშნეს.

  • ლევან იზორიამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

    1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 9 აპრილს დაცემულ მამულიშვილთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

    ლევან იზორიას განცხადებით 9 აპრილი ჩვენი ერის ერთსულოვნებისა და თავისუფლების იდეის გარშემო კონსოლიდაციის სანიმუშო მაგალითია. „9 აპრილი საქართველოს ისტორიის მთავარი იდეისთვის თავისუფლებისა და თვითმყოფადობისთვი თავგანწირული ბრძოლის გამოვლენაა. ამ ბრძოლის შედეგად დაიშალა საბჭოთა იმპერია და მოვიპოვეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. მინდა ქედი მოვიხარო 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე“, - განაცხადა ლევან იზორიამ. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლება, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა და სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა.

    30 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ.

  • 169 ნუშის ნერგი დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად

    ქალაქ გორში კვერნაქის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამების ეკლესიასთან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. 11-17 წლის ბავშვებმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, მებრძოლების სახელზე სიმბოლურად 169 ნუშის ნერგი დარგეს. 

    ნუშის ნერგების დარგვის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და გმირების შვილებმა გორის სამების ეკლესიაში გადაინაცვლეს. მოზარდებმა პატივი მიაგეს მამებისა და მათი თანამებრძოლების ხსოვნას და მათ სახელზე სანთლები დაანთეს. 


    თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, ტერიტორიაზე მემორიალი განთავსდა, სამომავლოდ კი, რეგიონულ მმართველობასთან თანამშრომლობით, მცირე მასშტაბის სკვერის მოწყობაც იგეგმება.


    გამწვანების აქციაში პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმაც მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის სამების ეკლესიის მოძღვარი მამა ლუკა და ფერმერი გიორგი მჭედლიძე დაესწრნენ. 


    გამწვანების აქცია თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. ფერმერმა, სოფელ ზემო ნიქოზიდან, გიორგი მჭედლიძემ გამწვანების აქციისთვის 169 ცალი ნუშის ნერგი გმირების ოჯახის წევრებს უსასყიდლოდ გადასცა.

  • თავდაცვის მინისტრმა პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა

    პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, ლევან იზორიამ დეპუტატებს იმ ძირითად მიმართულებებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი მიღწევები განხორციელდა და რომელთა გაძლიერება თავდაცვის უწყების პრიორიტეტად რჩება. მინისტრმა ყურადღება აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობაში, ეროვნულ გვარდიასა და სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე პროცესებზე გაამახვილა. 

    ლოჯისტიკასა და აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრისას, მან აქცენტი ავტონომიურობის ხარისხის გაზრდაზე, საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებაზე, კონკრეტულად ამოცანით მართვის კონცეფციაზე გააკეთა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ცალკეული დანაყოფებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭებას, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობას, ცენტრალიზებული მართვის პირობებში დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას გულისხმობს: „ჩვენ ამოცანით მართვის კონცეფცია გასული წლის მიწურულს გამოვაქვეყნეთ. კრიზისულ სიტუაციებში მეთაურებს გადაწყვეტილების მიღება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება უნდა შეეძლოთ. ეს ყველაფერი არამხოლოდ ერთჯერადი მოხმარებისთვის არის გათვალისწინებული, არამედ, გრძელვადიან განვითარებას ისახავს მიზნად. სიმბოლურად ჩვენ ამ პროცესს ცენტრალური მმართველობის პირობებში დეცენტრალიზებული აღსრულების მაღალ ხარისხს ვუწოდებთ“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.
    სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ის ძირითადი სიახლე გააცნო, რაც თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესში, სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელდა: „თუ აქამდე სპეციალური ოპერაციების ძალების ლოკაცია განსაზღვრული იყო ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, დღეს უკვე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით, 2 ბატალიონი არის წარმოდგენილი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში“.
    ლევან იზორიამ საქართველოს ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე მნიშვნელოვან სიახლეებსა და მომავლის გეგმებზეც ისაუბრა: „ეროვნულ გვარდიაში აქტიური რეზერვის პროგრამის ფარგლებში, ტერიტორიული რეზერვის სისტემის საფუძველზე ახალი ქვედანაყოფები ჩამოყალიბდა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი აღიარება გვაქვს, გვსურს, ეროვნულმა გვარდიამ ტრნასფორმაცია განიცადოს და მომავალში მისი ორგანიზება სწორედ ტერიტორიული რეზერვის პრინციპის საფუძველზე მოხდეს“, - აღნიშნა მინისტრმა.
    ლევან იზორიამ საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერების კუთხით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წამყვანი როლი გამოყო. სამხედრო წვრთნების მნიშვნელობის გარდა, მინისტრი კარიერული პერსპექტივებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების საკითხსაც შეეხო და ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სერჟანტთა აკადემიის მაღალი ხარისხი ხაზგასმით აღნიშნა. 
    ლევან იზორიამ ერთ-ერთ პრიორიტეტად ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის განვითარება დაასახელა და დეპუტატებს შვეულმფრენების მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი თანხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა: „ ამ რესურსით ჩვენ შევძლებთ არამხოლოდ სამხედრო ამოცანების განხორციელებას, არამედ, კრიზისების მართვის დროს მოქმედებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და გაწეული ფინანსური კონტრიბუციისთვის აშშ-ს მადლობა გადაუხადა.
    პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციისა და კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებაც დაასახელა. ლევან იზორიას ინფორმაციით, ნატოს მრავალეროვნული ბატალიონის სამხედრო პოლიციის წარმომადგენლების ვიზიტი იგეგმება: „ ბოლო წელია მათთან ერთად ვამზადებთ ოცეულს, რომელიც მზად იქნება, ჩაერთოს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა საერთაშორისო მისიასა და ერთობლივ სწავლებებში“.
    კიბერუსაფრთხოების სფეროს გაძლიერებასთან დაკავშირებით კი, ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019 წელი თავდაცვის სამინისტრომ სიმბოლურად კიბერუსაფრთხოების წლად გამოაცხადა, რაც ნიშნავს უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას სამხედრო ოპერაციებში და მეტ კიბერმოქმედებას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე.

     

  • პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს თავდაცვის მინისტრს მოუსმენს

    პარლამენტის ბიურომ 2-5 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილა. 

    საქართველოს პარლამენტი, 4 აპრილს, პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმენს. 5 აპრილს კი, პლენარულ სხდომაზე, დაგეგმილია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა სს თიბისი ბანკთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ.

    ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონის პროექტს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

    კანონის პროექტი ითვალისწინებს, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას, შესაბამისად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაიცემა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ. პროექტის თანახმად, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, აგრეთვე, პირებზე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება, გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - ატესტატი.

    პლენარული სხდომების დღის წესრიგის თანახმად, დაგეგმილია კანონპროექტის „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განხილვა.

    კანონპროექტის თანახმად, ბიზნესომბუდსმენს ენიჭება უფლებამოსილება ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტი გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. კანონის პროექტით აგრეთვე, ფართოვდება ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება „სასამართლო მეგობრის“ ფუნქციის შესრულების ნაწილში. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად, ბიზნესომბუდსმენს ექნება საერთო სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სასამართლოს მეგობრის (amicus curiae) ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა.

    ბიურომ განსახილველ საკითხებს დაამატა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“.

    დადგენილების პროექტის შესაბამისად, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით იქმნება საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 16 წევრით.

    2-5 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგში 140-მდე განსახილველი საკითხია შეტანილი.

    მიმდინარე სასესიო კვირის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება ხვალ, 2 აპრილს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური