მ. ბახტაძემ ევროპელი დეპუტატების ყველა კითხვას ზუსტი პასუხები გასცა - დ. ზალკალიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019 13:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ გაექცა არც ერთ კითხვას და ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მამუკა ბახტაძის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„იმ საკითხებზე, რომელიც დასმული იყო, ყველაზე ზუსტი პასუხი გაიცა“, – განაცხადა დ. ზალკალიანმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა პრობლემა ის, რომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან ოცი წლისთავზე, ევროპელი დეპუტატების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით ისევ ისმის შეკითხვები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი ფორმატი ჩვეულებრივი, პოლიტიკური დებატების ფორმატია და მთავარი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება მსგავს დებატებს არ გაურბის.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი ფორმატი არის ჩვეულებრივი ფორმატი, რომელიც ევროპის საბჭოს ნებისმიერი წევრი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიზიტის დროს მიღებული პრაქტიკაა. ეს არის პოლიტიკური დებატების ფორმატი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ევროპის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წევრები. მათ თავიანთი ინტერესი და მიდგომა აქვთ ევროპის საბჭოს თუ ევროკავშირის ამა თუ იმ წევრ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით. მთავარი ის არის, რომ ჩვენ მსგავს დებატებს არ გავურბივართ“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, მსგავსი სახის შეკითხვები, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუსვეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართაც გაისმის, რადგან ეს არის ორგანიზაცია და მისი ეს ფორმატი, რომელიც პოლიტიკურ დებატებს ითვალისწინებს, სწორედ მსგავსი სახის ურთიერთობების ფორმატია. 

„აქ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ეს ჩვეულებრივი დებატებია და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს ყველა კითხვაზე ძალიან მკაფიო, ზუსტი პასუხები ჰქონდა“, – დასძინა დ. ზალკალიანმა.

წაკითხულია 432 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას ესაუბრა

    საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნიევ რაუსთან. საუბრისას, დიპლომატებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობა და პარტნიორობა.
    საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე პროცესების კონსტრუქციულ ჩარჩოებში გადასვლისა და მხარეებს შორის დიალოგის მნიშვნელობას, რათა არსებული კრიზისი დროულად იქნას დაძლეული.
    ამასთან, დავით ზალკალიანმა პოლონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის როგორც საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების, ისე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
    საქართველოსა და პოლონეთის პირველმა დიპლომატებმა მიმოიხილეს გლობალური პანდემიის მხრივ ორივე ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ვაქცინაციის პროცესი. აღინიშნა ვაქცინების თანაბარი გადანაწილების აუცილებლობა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა ამ კუთხით პოლონეთის მიერ გამოხატული მყარი პოზიციისა და ძალისხმევის მიმართ.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია

  • ჩვენ მნიშვნელოვანი დახმარება უნდა გავუწიოთ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას - ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე

    “საქართველო ეუთოს ძლიერი პარტნიორია კონფლიქტების მოგვარების საკითხში, ასევე უსაფრთხოების დაცვის კუთხით ეუთოს 3 განზომილების ფარგლებში. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა დღეს შევხვდე სხვადასხვა წამყვან ფიგურებს, მათ შორის ჩემს კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრს“ - ამის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, როგორც შვედმა დიპლომატმა აღნიშნა, საქართველომ და ეუთომ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ჩამოყალიბებაში. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ მნიშვნელოვან ძალისხმევაში საქართველოს მუდმივი და კონსტრუქციული მონაწილეობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა.

    როგორც ან ლინდემ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა,  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობა  შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, გზები, რითიც ორგანიზაციას შეუძლია დაეხმაროს საქართველოს, ასევე იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს ეუთოს ჩართულობა კონფლიქტის მოგვარების საკითხში. ეს გახლავთ ეუთოს ძირითადი პრიორიტეტი, ჩემთვის როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისთვის.“- განაცხადა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

    მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებებისადმი ერთგულების, ასევე დიალოგისა და ჩართულობის გზით უნდა მოგვარდეს. „ეუთო დიდი ხანია მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში. ეუთო აქტიურადაა  ჩართული ჟენევის მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში. ვიმედოვნებთ, რომ შეგვიძლია მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიოთ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, წარვადგინოთ დიალოგისა და კონფლიქტის დეესკალაციისთვის საჭირო ინსტრუმენტი და გავაძლიეროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები.“- აღნიშნა ან ლინდემ.

    შვედი დიპლომატის შეფასებით, აღნიშნულ სამუშაოში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, ანიკა სოდერი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის პირველი დიპლომატი შეხვედრებს  ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან.
     
    ვიზიტის ფარგლებში, ან ლინდე  ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს.

  • დავით ზალკალიანი უენდი მორტონს შეხვდა

    15 თებერვალს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრის უენდი მორტონის და საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა გაიმართა.

    შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დინამიკის შესახებ, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ კონტექსტში აღინიშნა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  2021 წლის 1 იანვარს ძალაში შესულ „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას, რაც  ახალ შესაძლებლობებს ქმნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

    მხარეების მიერ ასევე აღინიშნა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კიბერუსაფრთხოების მიმართულებაზე.

    ასევე, ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოებას და აღნიშნულ თემაზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას.

    შეხვედრაზე მხარეებმა  ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ეკონომიკურ და დარგობრივ თანამშრომლობაზეც. ხაზი გაესვა პანდემიის შემდგომი ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხს და ამ პროცესში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს ჩართულობას.

    დავით ზალკალიანისა და უენდი მორტონის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  ბრიტანულ მხარეს  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

    შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა დიდი ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

    შეხვედრის ფარგლებში, ქართული მხარის მიერ კმაყოფილებით აღინიშნა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში. ასევე ხაზი გაესვა პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობების და ხალხთა შორის კავშირების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების მნიშვნელობას.

    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უენდი მორტონი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,პ არლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან,  საქართველოს პრემიერთან გიორგი გახარიასთან, განათლების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან. მინისტრი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს.

     

  • ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

    აქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა.

    შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

    საუბარი ასევე, შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე, თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას.

    მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. შეხვედრაში  ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი და კონგრესის ვიცე პრეზიდენტი, თამარ ტალიაშვილი და დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი  მონაწილეობდნენ.

    „საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ძალიან აქტიური თავმჯდომარე იყო და სხვადასხვა აქტორებთან თანამშრომლობა იყო შესანიშნავი. გასულ წელს კონგრესის პრეზიდენტმა საქართველოში ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი განახორციელა. ჩვენ გავმართეთ მაღალი დონის შეხვედრები, სადაც გაგვაცნეს დეცენტრალიზაციის რეფორმის შედეგები და შემდგომი ნაბიჯები. კონგრესი დაინტერესებულია დიალოგის გაგრძელებით და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან რას ნიშნავს ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია. კონგრესსა და საქართველოს პარლამენტს შორის დამაკავშირებელი ხიდი იქნება კონგრესის ვიცე პრეზიდენტი, თამარ ტალიაშვილი. ჩვენ მოველით თანამშრომლობას მომავალ წელსაც“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანდრეას კიფერმა.

    თამარ ტალიაშვილის განცხადებით, კონგრესის გენერალური მდივანი მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს.

    „ევროპის საბჭოს კონგრესი ევროპის კონტინენტზე ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომელიც იკვლევს და მუშაობს იმ საკითხებზე, რომელიც ეხება თვითმმართველობებში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებს. აქედან გამომდინარე, ამ ორგანიზაციის მდივნის სრული მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. წელს საქართველოში იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მზაობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციისა, რომ იყოს ამ პროცესების თანამონაწილე, არის ჩვენი ქვეყნის ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

    საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი კონგრესთან კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებს.

    „მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი თანამდებობის პირის, როგორიც არის ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტის მხარდაჭერა. გვქონდა ძალიან საქმიანი შეხვედრა, ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის დეცენტრალიზაცია, თვითმმართველობის კიდევ უფრო გაძლიერება, რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება და მხარდაჭერა, ამიტომ ჩვენ აქტიურად ვაპირებთ შემდგომ პერიოდში კონგრესთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა. 

  • ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.

    შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

    საუბარი ასევე შეეხო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმებს. მხარეებმა განიხილეს განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებიც.

    „ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მიულოცა ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარეობა. ის კარგად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო სესიაზე, ჩვენ ვიხილავთ უკვე დელეგაციის სრულ შემადგენლობას და ოპოზიცია წარმოდგენილი იქნება, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ასევე საქართველოს პარლამენტშიც. ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რასაც გეგმავს ჩვენი ქვეყანა და გვაქვს დიდი მხარდაჭერა უშუალოდ მისი მხრიდანაც. ქალბატონმა ბურიჩმა ძალიან კარგად იცის ჩვენი გეგმები, მათ შორის, 2024 წელს ევროკავშირის სრულ წევრობაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით. ასევე, კარგად არის ინფორმირებული იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ზაფხულში განვახორციელეთ და რასაც ძალიან მიესალმებიან. გენერალური მდივანი მიესალმება დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა და მოხდეს შეთანხმების მიღწევა ამ კუთხითაც“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური