ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პრემიერის გამოსვლის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019 13:22

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბახტაძის თქმით, საქართველო აღმავლობის გზაზეა. როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტრასბურგში გამოსვლისას ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

„მან ხაზი საკონსტიტუციო რეფორმას, ასევე სასამართლო სისტემის მეტ დამოუკიდებლობას და ადამიანის უფლებების დაცვას გაუსვა. მან მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს და სხვა ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოს ინსტიტუტებისა და საზოგადეობის რეფორმებში ეხმარებიან, ბახტაძის თქმით, გასაკეთებელი კიდევ ბევრია და მან განათლების სისტემაში მეტი რესურსების ჩადების პირობა დადო“, – ნათქვამია ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩემი ქვეყნის წარმატება, რომელსაც მან უკანასკნელ 20 წელიწადში მიაღწია, ეკუთვნის ორივეს საქართველოსა და ევროსაბჭოს. ჩვენ ორივეს შეგვიძლია ვიამაყოთ. საქართველომ შეძლო დრამატული ტრანსფორმაცია მოეხდინა და დღეს ქვეყანა აღმავლობის გზაზეა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ევროსაბჭოს ვებგვერდზეა აღნიშნული, მთავარ გამოწვევად ბახტაძემ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დაასახელა და ხაზი გაუსვა ამ ტერიტორიებზე არსებულ სერიოზულ ჰუმანიტარულ სიტუაციას.

„ამასთან, ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველო კონფლიქტებს მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 12 აპრილს დაასრულებს მუშაობას.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

 

წაკითხულია 65 ჯერ

Related items

  • აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების აქტიურად ჩართვა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვების დაცვის საკითხში

    ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ ცენტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის თავიდან აცილება და დაცვა, როგორც ვირტუალური, ისე რეალურად, იყო მთავარი თემები საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში 2019 წლის 8-9 აპრილს სტრასბურგში. საერთაშორისო კონფერენციის "სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა ლანსაროტის კონვენციის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში"  მონაწილეები გაეცნენ სტრატეგიულ პროგრამას და ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმას ბავშვთა უფლებათა დაცვის სფეროში. მათ შორის განიხილეს ლანსაროტის კონვენციის განხორციელების მონიტორინგი. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე გაანალიზეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გაძლიერების როლი კონვენციის განხორციელებაში და ეროვნულ დონეზე. ასევე მათ ისაუბრეს ურთიერთობების გაღრმავებაზე ლანსაროტის კომიტეტთან. გარდა ამისა, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ ცოდნა ამ სფეროში, გაეზიარებინათ თავისი გამოცდილება სხვა მონაწილეებისათვის და ეჩვენებინათ მაგალითები თავის ქვეყნების ცხოვრებიდან.

    საერთაშორისო კონფერენციაზე სტრასბურგში, განისაზღვრა ბავშვთა უფლებების ევროპული სტრატეგიის (2016-2021) განხორციელების ფარგლებში საქმიანობის პრიორიტეტული სფეროები. მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველანაირი ფორმის აღმოფხვრა, სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის სახით.

    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შევხვდით და ვესაუბრეთ კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს საქართველოდან, ანა არგანაშვილს - არასამთავრობო ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, აღმასრულებელი დირექტორს.

    „ნიუსდეი საქართველოსთან“ საუბარში ა. არგანაშვილმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მუშაობს ბავშვთა დაცვის, ქალთა დაცვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის საკითხებზე და ეს საკითხები გულისხმობს ბავშვთა ძალადობისგან დაცვასაც.

    ეს კონფერენცია ეძღვნებოდა ლანსაროტის ევროპის საბჭოს კონვენციას, კონვენცია არის ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის ერთ-ერთი უახლესი ინსტრუმენტი, ამ კონვენციას რამდენიმე წელია რაც საქართველო შეუერთდა, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ აქტიურად არ არის ამოქმედებული ეს კონვენცია ბევრი მიზეზის გამო. ერთ ერთი მიზეზი არის ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად ვერ იყენებს ამ კონვენციას, ცნობიერების ამაღლების კამპანია არის საკმაოდ სუსტი, როგორც მოგეხსენებათ ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე დღემდე სამოქალაქო საზოგადოებას არ გაუგზავნია ალტერნატიული ჩრდილოვანი ანგარიშები, რასაც სხვა კონვენციებზე ვაგზავნით და ამიტომ სწორედ ამ ხარვეზების გამოსასწორებლად იქ ვიყავით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები წარმომადგენლები, განაცხადა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, აღმასრულებელი დირექტორმა.

    რაც შეეხება კონვენციას, ა. არგანაშვილი ხაზს უსვავს, რომ ისინი კარგად გაეცნენ კონვენციის მოქმედებას და იგი ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ საქართველოში დღემდე ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე საკმაოდ მოძველებული ხედვები არსებობს: „მაგალითად, ისეთი უახლესი სფერო როგორიც არის სექსუალური კიბერ-ძალადობა ბავშვებზე არ არის საკმარისად გამოკვლეული და ძალიან ბევრი ბავშვი საქართველოში კიბერ-დანაშაულის მსხვერპლი ხდება. ჩვენ ვიცით ტრაგიკული შემთხვევები რომელიც მოხდა და ვფიქრობთ რომ არასამთავრობოებს საკმაოდ სერიოზული როლი უნდა ჰქონდეთ. ამ ყველაფრის შესახებ მოსახლეობას ცნობიერებას უნდა ვუმაღლებდეთ, თავად ბავშვებმა უნდა იცოდნენ როგორ დაიცვან თავი სექსუალური მოძალადისგან, სად გააკეთონ შეტყობინება, ამავე დროს საჭიროა რომ სახელმწიფო აქტიურად იძიებდეს სისხლის სამართლებლივად ამას, ძალიან აქტიურად ცვლიდეს კანონებს. სარეაბილიტაციო სერვისები უნდა შეიქმნას ამ ბავშვებისთვის და სხვა. ამ ყველაფერზე სწორედ ამაზე სასაუბროდ და ჩვენი განათლების ასამაღლებლად ვიმყოფებოდით სტრასბურგში. ჩვენთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც .

    საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, აღმასრულებელი დირექტორის აზრით, ეს  კონვენცია ევროპის საბჭოს სივრცეში  არის ახალი და საკმაოდ რთული კონვენცია. „ეს კონვენცია რამდენიმე წლის წინ მიიღეს და რთული კონვენციაა, რადგან ფაქტიურად ბავშთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის სფეროში განსხვავებულ მოწესრიგებას გვთავაზობენ, უფრო დეტალურს უფრო ზუსტს უფრო მკაცრს რაც ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამიტომაც ამ კონვენციას სჭირდება სწავლა რადგან ესეთი მარტივი არ არის“, - დასძინა მან.

    ა. არგანაშვილმა ასევე დაამატა, რომ მისთვის ძალიან საინტერესო იყო იმის აღმოჩენა, რომ ბევრ ქვეყანაში კრიმინალიზებულია ზრდასრული პირების მხრიდან ბავშვისთვის სოციალურ ქსელში ისეთი მესიჯების მიწერა რომლის მიზანიც არის მაგალითად პაემანის დანიშვნა შემდგომში სექსუალური ურთიერთობის დამყარების მიზნით. „ჩვენთან ეს ყველაფერი ამ ფორმით არ არის კრიმინალიზებული მაგრამ ჩვენ უნდა გავეცნოთ სხვა ქვეყნის გამოცდილებას“, - ამბობს ა. არგანაშვილი.

    მისივე თქმით, „ორი დღის განმავლობაში ჩვენც ვსწავლობდით როგორ დაგვეცვა ბავშვები სექსუალური ძალადობისგან, რა საინფორმაციო კამპანიები აქვთ სხვა ქვეყნებს, რომელი უწყებები უნდა თანამშრომლობდნენ, რა გარანტიები უნდა არსებობდეს, სკოლაში რა უნდა ისწავლებოდეს და ასე შემდეგ. მიგვაჩნია, რომ ეს საკითხები ძალიან აქტუალურია საქართველოსათვის და ჩვენი მონაწილეობა ამ კონფერენციაში ძალიან ნაყოფიერი იყო“, ხაზი გაუსვა ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, აღმასრულებელმა დირექტორმა.

    რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ა. არგანაშვილის თქმით, 20 ნოემბერი არის ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის დღე. „გვინდა რომ ეს დღე ავღნიშნოთ სათანადოდ. ავამაღლოთ ცნობიერება, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც მოხდება დანაშაული, ყველაფერი დაგვიანებულია. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ პრევენცია განხორციელდეს მანამ სანამ დამნაშავე ჩაიდენს დანაშაულს და ამითი დაზარალდება ბავშვი“, - ამბობს ანა არგანაშვილი.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

    თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

    თურქეთის თავდაცვის მინისტრს, რომელიც თბილისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტუმრობს, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

    შეხვედრის დასაწყისში ჰულუსი აქარმა მამუკა ბახტაძეს 26 მაისი მიულოცა.

    საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და აღინიშნა ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა.

    ხაზი გაესვა  თავდაცვის სფეროში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობას  საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში. აღინიშნა ამ კუთხით საქართველოსთვის თურქეთის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

    შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და თურქეთის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივას.

    პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

    პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

  • საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

    23 მაისს, საქართველოს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, ეწვევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი.

    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან.

    ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით; ასევე, ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის განვითარებაზე „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ- მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

  • პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის სენატის მარშალს უმასპინძლა

    პოლონეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და პოლონეთის სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკისს შეხვედრისას აღინიშნა.

    განხილული იყო როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები და პერსპექტივები, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები.

    შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის ვაჭრობასა და სექტორულ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა ვაჭრობის კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკას და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას და ამ პროცესში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომლის მორიგი სხდომა ივნისში გაიმართება. პოზიტიურად შეფასდა პოლონეთის ინვესტიციისა და ვაჭრობის სააგენტოს დაარსება საქართველოში.

    მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირებზე. აღინიშნა, რომ საქართველოში ცოტა ხნის წინ დაარსებული პოლონეთის ინსტიტუტი ხელს უწყობს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და სენატის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

  • პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტოფ კასტანერს უმასპინძლა.

    შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობაზე.

    მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ქართველი და ფრანგი ხალხის ურთიერთობის მრავალწლიან ისტორიას და აღნიშნა, რომ საფრანგეთი რთულ წლებში ყოველთვის გვერდით ედგა საქართველოს, რასაც ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს.

    საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას, ასევე, ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. მთავრობის მეთაურმა ფრანგულ მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო სამართალდაცვითი და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა მინისტრ კასტანერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.

    პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთთან ნაყოფიერი და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მეტი გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური