საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019 13:14

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს დელეგაციის ფორმირებისკენ და ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევრო შენატანის გადახდისკენ მოუწოდა. შესაბამისი რეზოლუცია 10 აპრილს პლენარულ სესიაზე მიიღეს.

დოკუმენტში ასამბლეის წევრები მოუწოდებენ რუსეთს, „თავიდან აიცილოს სიტუაცია, როდესაც ამ ორგანიზაციის ყველაზე დიდ წევრ ქვეყანას ევროსაბჭოს დატოვებას შესთავაზებენ, ან ამის გაკეთება მოსკოვს საკუთარი ნებით მოუწევს, რასაც გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის.“

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ხმის მიცემის უფლება 2014 წელს, ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ჩამოართვა. მოსკოვს არ აქვს უფლება ასამბლეის მმართველ ორგანოში იმუშაოს და ასამბლეის სახელით არჩევნებზე დამკვირვებლები გაგზავნოს. 2017 წლის ივნისში რუსეთმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოში საწევრო შენატანს არ გადაიხდის, ვიდრე მისი დელეგაციის წევრებს ყველა უფლება არ აღუდგება. რუსეთის ყოველწლიურ შენატანი 33 მილიონი ევროა, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მთლიანი ბიუჯეტის 10%-ია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, რომ მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში.

„რაც შეეხება რუსეთის საწევროს გადაუხდელობის საკითხს, მტკიცედ გვწამს, რომ წევრ სახელმწიფოებს არ უნდა შეეძლოთ ევროსაბჭოს სტანდარტების დაწევა ან საერთო ღირებულებების დაკნინება იმისთვის, რომ დაძლეული იქნეს გამოწვევები, მათ შორის ფინანსური კრიზისი. საქართველო მხარს უჭერს არსებული ფინანსური სირთულეების გადაჭრისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა საქართველოს პოზიცია უცვლელია რუსეთის მიერ საწევროს გადაუხდელობასთან დაკავშირებით – ეს არ უნდა გახდეს საპარლამენტო ასამბლეის პროცედურული წესების ან ევროსაბჭოს წესდების ცვლილების გამომწვევი ფაქტორი ან პირობა. საქართველო ბოლო 20 წელია, სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით და მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში 500 000 ევროს ოდენობით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

წაკითხულია 116 ჯერ

Related items

  • ირაკლი კობახიძე - ევროსაბჭოს როლი ქართული დემოკრატიის გაძლიერებაში ფასდაუდებელია

    ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ლილიან მორი პასკიე იმყოფება.

    ასამბლეის პრეზიდენტმა ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრით დაიწყო. 

    საუბრის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები იყო. ხაზგასმით აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ გასული 20 წლის განმავლობაში მიაღწია.

    მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლისა და საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.

    შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილეს.

    ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასული 20 წლის განმავლობაში ევროპის საბჭოს როლი ქართული დემოკრატიის განვითარებაში ფასდაუდებელია.

    „ევროპის საბჭოსთან, კონკრეტულად, საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ თანამშრომლობას შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციაში, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განმტკიცებაში და ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის როლი, რომელსაც ასრულებს ევროპის საბჭო და საპარლამენტო ასამბლეა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით. მინდა პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ევროპის საბჭოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, პრეზიდენტს წლების მანძილზე საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. ეს გვაძლევს მოტივაციას იმისა, რომ შემდგომშიც აქტიურად განვაგრძოთ იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც გააძლიერებს ჩვენს დემოკრატიას და გააძლიერებს ჩვენს სახელმწიფოს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებით, გასული 20 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით, მნიშნელოვანი პროგრესი განიცადა.

    „განვლილი 20 წლის განმავლობაში საქართველომ მოახდინა ჭეშმარიტად ევროპული მისწრაფებების დემონსტრირება და დემოკრატიული რეფორმების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ეს რეფორმები არის ინსტიტუტების, ქართველი ექსპერტების და ევროპის საბჭოს კონტრიბუციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. ასამბლეა მზადაა გააგრძელოს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა როგორც შიდა რეფორმების მიმართულებით, ისევე, როგორც უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ამ კონტექსტში, ასამბლეა სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გააგრძელებს მუშაობას, რათა მოვძებნოთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში კონფლიქტების მოგვარებისა და ხალხთაშორის კონტაქტის გზები“, - განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.

    შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

     

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

    აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საკმაოდ პირდაპირი, გულწრფელი და კონსტრუქციული საუბარი მქონდა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

    „სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს საერთო ხედვა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მექანიზმებთან დაკავშირებით. მაგრამ ის ფაქტი, რომ შევქმენით დისკუსიისთვის საკმაოდ გულწრფელი ატმოსფერო, უკვე ძალიან კარგია“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

    8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს.

    სესია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მორი პასკემ გახსნა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც 12 აპრილამდე გაგრძელდება, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

    მამუკა ბახტაძის გამოსვლა 10 აპრილს შედგა, ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა კი 11 აპრილს გაიმართა. ევროსაბჭოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ლილიენ მორი პასკიესთან.

    სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე. საუბრის მთავარი თემა ყველა ის აქტუალური საკითხები იყო, რომელიც სომხეთის წინაშე დგას ამ ეტაპზე.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

  • საქართველოს პრემიერმა 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ევროსაბჭოში საზეიმო მიღება გამართა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, მაღალი რანგის სტუმრებსა და საქართველოს მეგობრებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.

    თავის გამოსვლაში საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა ევროპელ მეგობრებთან ერთად, ევროპული დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის სიმბოლოს - ევროსაბჭოს - გარემოში საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    „20 წლის წინ, როდესაც საქართველო ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა, ვიცოდით რამდენად რთული და გრძელი გზა გველოდა წინ. მაგრამ დღეს ნათელი ხდება, რომ ჩვენს ევროპულ ოჯახთან ურთიერთობის, საერთო ღირებულებების და კულტურის საშუალებით, საქართველო გარდაიქმნა თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიკურ სახელმწიფოდ. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაგიხადოთ. დიდად ვაფასებთ ჩვენს ერთობას და გულწრფელად გვწამს, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. მადლობას გიხდით საქართველოს მეგობრობისთვის”, – მიმართა პრემიერმა მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს.

    საქართველოს მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიენ მორი პასკიემ და პრემიერ-მინისტრს საიუბილეო თარიღი მიულოცა.

    „დღეს ყველანი შევიკრიბეთ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ამ 20 წლის განმავლობაში ვიხილეთ, როგორ უმკლავდებოდა ქვეყანა ბევრ გამოწვევას და ვითარდებოდა ჩვენთან ერთად ბევრი მიმართულებით მუშაობის კვალობაზე. საქართველო ჩვენი ოჯახის 41-ე წევრი ქვეყანა გახდა 1999 წელს – ახალი ათასწლეულის გარიჟრაჟზე. მას შემდეგ ბევრჯერ გვინახავს, როგორ იღწვის ქვეყანა დემოკრატიის გაძლიერების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას და ხელშეწყობას მომავალში ერთად დაწინაურების მიზნით. გვიხარია და ვამაყობთ, რომ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი ხართ“, – განაცხადა ლილიენ მორი პასკიემ.

    სამაგალითოდ შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა.

    „ჩემთვის ძალიან სასიხარულოა დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა. საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ევროპის საბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს. გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ძალიან სასიხარულოა, რომ გვქონდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებაში თანამშრომლობის შესაძლებლობა. შედეგად, დღეს საქართველო არის სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიის მქონე ქვეყანა. ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის საუკეთესო გზა მდგომარეობს ძლიერი ინსტიტუტების და ბალანსისა და კონტროლის მექანიზმების უზრუნველყოფაში, რომელთაც მოსახლეობა ენდობა. თქვენ ამ გზაზე წარმატებას მიაღწიეთ. ჩვენ მომავალშიც დაგიჭერთ მხარს ამ მხრივ”, – აღნიშნა ტორბიორნ იაგლანდმა.

    საზეიმო მიღებაზე გამოფენილი იყო საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ექსპონატები და ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ამსახველი ფოტოები. პრემიერმა სტუმრებს ასევე წარუდგინა ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წლის იუბილესა და ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა, რომელიც საქართველოში წელს გამოვა. სტუმრებისთვის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა ანსამბლმა „რუსთავმა”.

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პრემიერის გამოსვლის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბახტაძის თქმით, საქართველო აღმავლობის გზაზეა. როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტრასბურგში გამოსვლისას ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

    „მან ხაზი საკონსტიტუციო რეფორმას, ასევე სასამართლო სისტემის მეტ დამოუკიდებლობას და ადამიანის უფლებების დაცვას გაუსვა. მან მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს და სხვა ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოს ინსტიტუტებისა და საზოგადეობის რეფორმებში ეხმარებიან, ბახტაძის თქმით, გასაკეთებელი კიდევ ბევრია და მან განათლების სისტემაში მეტი რესურსების ჩადების პირობა დადო“, – ნათქვამია ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    „ჩემი ქვეყნის წარმატება, რომელსაც მან უკანასკნელ 20 წელიწადში მიაღწია, ეკუთვნის ორივეს საქართველოსა და ევროსაბჭოს. ჩვენ ორივეს შეგვიძლია ვიამაყოთ. საქართველომ შეძლო დრამატული ტრანსფორმაცია მოეხდინა და დღეს ქვეყანა აღმავლობის გზაზეა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    როგორც ევროსაბჭოს ვებგვერდზეა აღნიშნული, მთავარ გამოწვევად ბახტაძემ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დაასახელა და ხაზი გაუსვა ამ ტერიტორიებზე არსებულ სერიოზულ ჰუმანიტარულ სიტუაციას.

    „ამასთან, ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველო კონფლიქტებს მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის“ – ნათქვამია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 12 აპრილს დაასრულებს მუშაობას.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

     

  • პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ლილიენ მორი პასკიესთან შეხვედრით დაიწყო.

    მამუკა ბახტაძემ და ლილიენ მორი პასკიემ საქართველოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლას დემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

    მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტში საქართველოს მომავალი პრეზიდენტობა და ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევები.

    ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს.

    შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

    "მოგეხსენებათ, რომ 2019 საიუბილეო წელია, რადგან ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის, ხოლო ამ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილე აღინიშნება. ამდენად, განსაკუთრებით მადლობელი ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ლილიან მორი პასკიესი, რომლის მოწვევით ვიმყოფები სტრასბურგში და მეძლევა შესაძლებლობა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პატივსაცემ დელეგატებსა და სტუმრებს მივმართო. ორმხრივი შეხვედრის დროს განვიხილეთ საქართველოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი წინსვლა და ხაზი გაესვა დემოკრატიული კონსოლიდაციისა და რეფორმების პროცესს, რაც კიდევ უფრო მყარ ფუნდამენტს შეუქმნის  ჩვენს სამომავლო მიღწევებს. საუბარი ასევე შეეხო ევროსაბჭოს წინაშე ამჟამად არსებულ გამოწვევებს  და მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ პრეზიდენტობას. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრე საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და მასთან ერთად განვიხილე ბოლოდროინდელი მოვლენები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები. ჩემის მხრივ ხაზი გავუსვი, რომ საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზად არის. მადლიერება გამოვხატე საქართველოს რეფორმირების პროცესში ევროსაბჭოს ჩართულობისთვის, განსაკუთრებით საპარლამენტო ასამბლეის აქტიურობისთვის და აღვნიშნე, რომ ეს რეკომენდაციები მნიშვნელოვანია ევროპულ სტანდარტებთან ეროვნული პრაქტიკისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში. შევთანხმდით მაღალი დონის თანამშრომლობის მომავალში გაგრძელებაზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ამის კიდევ ერთი დადასტურებაა მისი ვიზიტი თბილისში, რომელიც 29-30 აპრილს შედგება. ლილიენ მორი პასკიე საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

    საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.

    შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს. 

    საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური