"ჩემთვის დიდი პატივია სტრასბურგში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მასპინძლობა" - ტორბიორნ იაგლანდი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019 14:30

ჩემთვის დიდი პატივია ევროპის საბჭოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მასპინძლობა. საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობების მაღალ ხარისხი სუფევს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ ევროსაბჭოში პრესასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც გენერალურმა მდივანმა დაამატა, შეხვედრაზე საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმაც განიხილეს. „მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველო ჩაიბარებს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას. როგორც ჩვენი შეხვედრის დროს მაცნობეს, საქართველო აქტიურად ემზადება ამ მოვლენისთვის. ასევე განვიხილეთ საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმა. ამჟამინდელი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო. მაგალითად, ამ სამუშაოს შედეგია ახალი კონსტიტუცია, რომლის ძალითაც საქართველო გადავიდა სრულ საპარლამენტო დემოკრატიის სისტემაზე. იყო გარკვეული სირთულეები საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მაგრამ ამ მხრივ პოლიტიკის გაუმჯობესება ჩვენს პრეროგატივაში არ შედის“, – აღნიშნა ტ. იაგლანდმა.

ამასთან, მისივე თქმით, ევროპის საბჭო წელიწადში ორჯერ აქვეყნებს კონსოლიდირებულ ანგარიშს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების შესახებ. „ასევე უნდა ავღნიშნო, რომ ამ თანამდებობაზე ჩემი ყოფნის 10 წლის განმავლობაში ჩვენ წელიწადში ორჯერ ვაქვეყნებთ კონსოლიდირებულ ანგარიშს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების შესახებ.  ამ ანგარიშების გამოქვეყნების გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩვენ დღეს განვიხილეთ ამ რეგიონების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზები. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ნდობის აღდგენისკენ გამიზნულ მისიებზე, რასაც, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა დიდად აფასებს“, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ, საქართველო ნაყოფიერი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების კარგი მაგალითია. „ჩვენთვის საქართველო წარმოადგენს ნაყოფიერი თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების ძალიან კარგ მაგალითს. აქედან გამომდინარე იმედის თვალით შევყურებთ ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას“, – დასძინა ტორბიორნ იაგლანდმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს  სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 12 აპრილს დაასრულებს მუშაობას.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

წაკითხულია 308 ჯერ

Related items

  • პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი ადასტურებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეობას

    „პრემიერ მინისტრსა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მრავალმხრივი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა  გვაკავშირებს, რომელიც  ღრმავდება ყოველდღიურად, ამერიკა კვლავაც განსაკუთრებულად უდგას ჩვენს ქვეყანას გვერდით.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შეფასებისას განაცხადა.

    საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება, მათ შორის   სახელმწიფო მდივანმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი და საქართველოს ხელისუფლების ეფექტიან მუშაობას პანდემიასთან ბრძოლის კუთხით.

    მისივე თქმით,  საუბრისას განხილული იქნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი და ადგილზე ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა, რა დროსაც მინისტრის განცხადებით მაიკლ პომპეომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. „პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, უსაფრთხოებას და პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავებას. ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას მთელი რიგი მიმართულებებით. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და შავი ზღვის უსაფრთხოების როლს რეგიონის და ზოგადად ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო წარმოადგენს აშშ-ს, ნატოსა და  ევროკავშირის საიმედო პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში.“- აღნიშნა მინისტრმა.

    ზალკალიანის თქმით, საუბრისას ყურადღება დაეთმო ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ წარმატებით განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებსა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. “არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, რომელსაც წარმატებით ჩავატარებთ. „- განაცხადა დავით ზალკალიანმა. მინისტრის ინფორმაცით, მართლმსაჯულების  რეფორმაზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა გააგრძელოს  ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მარლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლბის გასაძლიერებლად.
    მინისტრის ინფორმაციით სატელეფონო საუბრისას გიორგი გახარიამ და მაიკლ პომპეომ ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამერიკულ კომპანიებს მზარდ ინტერესი აქვთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისადმი, რომლითაც დღემდე უკვე 300-ზე მეტმა კომპანიამ ისარგებლა. ასევე საუბარი წარიმართა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე, რომლის პლენარული სესია, რომელიც გიორგი გახარიასა და მაიკლ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში უნდა გამართულიყო, სწორედ პანდემიის გამო გადაიდო,  დავით ზალკალიანის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება. საუბრისას  ასევე აღინიშნა,აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მნიშვნელოვანი წვლილი აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, რაც  მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესია საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის.

  • პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება საარჩევნო სისტემის ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით

    დღეს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება საარჩევნო სისტემის ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით. "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ ამ განცხადებას:

    "გულითადად ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდასა და უფრო ფართო წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში. ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ და მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების წარმატებით დასრულება. ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა [კენჭისყრაში].

    ამჯერად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში. ეს უაღრესად საჭირო რეფორმები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საარჩევნო ყუთებთან ხმის თავისუფლად მიცემას.

    8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში.

    დაბოლოს, გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას", - ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

    სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქ-ლაივში თავად განაცხადა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული არიან პრემიერის ოჯახის წევრებიც.

    ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მას ვირუსის არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნება. ”ოფიციანტმა, რომელმაც ჭიქები დააწყო მაგიდაზე, ეს გააკეთა ხელთათმანების გარეშე. მე ვთხოვე მას, რომ შეეცვალა ეს ჭიქები, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ოფიციანტი ამას ხელთათმანების გარეშე ადრეც აკეთებდა. გარკვეული დროის შემდეგ, ოფიციანტს ასევე დაადასტურა კოროვირუსი”, - აღნიშნა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

    ფაშინიანის თქმით, ვიდრე ამის შესაძლებლობა ექნება, იგი მუშაობას რეზიდენციიდან გააგრძელებს.

    ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 9282-ია. COVID-19– ით დაღუპული პაციენტების რიცხვი ვირუსის აღმოჩენის შემდეგ 131-მდე გაიზარდა. ამ დროის განმავლობაში, სხვა მიზეზით კიდევ 50 პაციენტი გარდაიცვალა.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის სენატორ ლინდსი გრემს ესაუბრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთან, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და სენატის საგარეო ურთიერთობათა და ასიგნებების კომიტეტის წევრ ლინდსი გრემთან სატელეფონო საუბარი შედგა.

    მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირის შემდგომი განვითარების გზები.

    პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სახელით ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის და მათ შორის ლუგარის ცენტრის გაძლიერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა ლუგარის ლაბორატორიის განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევის წარმატებაში. 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ ფრთხილ ნაბიჯებზე, რომლებიც იდგმება ქვეყნის გახსნისა და ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით. 

    მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთის მოქმედებები უკანონო „ბორდერიზაციის" პროცესის გაგრძელების მიმართულებით, რაც პანდემიის პარალელურად ხორციელდება.

    მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა მოკავშირეებს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირების შემდგომი გაღრმავების, ასევე საქართველოს დემოკრატიზაციის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმების მხარდაჭერის კუთხით. 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატორი ლინდსი გრემი თბილისში მოიწვია.

     

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური  
  • ევროსაბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ რეჟიმში სთავაზობს

    ახალი კორონავირუსის /COVID-19/ პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების ონლაინ-კვირეულს სთავაზობს. ამ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

    „2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგმა არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის იყო ქართული ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც მარტის თვეში კინოთეატრ „ოდისეში“ გაიმართა.

    ამჯერად, COVID-19-ის პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ რეჟიმში სთავაზობს“, – აცხადებენ ეროვნულ კინოცენტრში.

    მათივე ინფორმაციით, 15 მაისის ჩათვლით მოცემულ ვებგვერდზე კინომოყვარულები შემდეგი ქართული ფილმების ნახვას შესძლებენ:

    ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფი“
    ზაზა ხალვაშის „ნამე
    ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“
    ნინო ჟვანიას „აღლუმი“
    ლევან თუთბერიძის „მოირა
    ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“
    დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე
    სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობა“
    რატი ონელის „მზის ქალაქი“

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური